ბოლო თვეების მანძილზე ევროპის სახალხო პარტიისა და მისი პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის განცხადებები საქართველოს შესახებ, ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. წინასაარჩევნო პერიოდის მსგავსად, ახლაც ევროპის სახალხო პარტიის პოზიცია შეიძლება დახასიათდეს, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უპირობოდ მხარდამჭერი და კოალიცია “ქართული ოცნების” მიმართ უსაფუძვლოდ კრიტიკული.
ევროპის სახალხო პარტიის პოზიცია შეიძლება შეფასდეს, როგორც არადაბალანსებული, არადიპლომატიური და ხშირად საკმაოდ არაკორექტული საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ანუ იმ ადამიანების მიმართ, ვინც 1 ოქტომბრის არჩევნებში ხმა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ან/და გამარჯვებული ძალის კოალიცია “ქართულ ოცნების” სასარგებლოდ მისცა.
“ნაციონალური მოძრაობა” ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებელი წევრია. ამდენად მათი ლოიალური განწყობა ნაციონალების მიმართ გასაგები და ლოგიკურია. უხერხულობა მაშინ იქმნება როდესაც მედია და თავად “ნაციონალური მოძრაობა” მანიპულაციურად ცდილობს სახალხო პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები მთლიანად ევროპის და დასავლეთის პოზიციასთან გააიგივოს. მაშინ როდესაც საქმე გვაქვს საკუთარი წევრისა და პარტნიორის მხარდაჭერასთან, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირის და მით უფრო, მთლიანად დასავლეთის ოფიციალურ პოზიციასთან.
ამ ორგანიზაციული კავშირიდან იკვეთება მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური დაპირისპირების ნიშნები ევროპის სახალხო პარტიასა და კოალიცია “ქართულ ოცნებას” შორის. ამას თავად ევროპის სახალხო პარტიაც აღიარებს, თუმცა სპეკულატიურად და არაკეთილსინდისიერად ცდილობს რომ ეს იდეოლოგიური განსხვავება იმ მიმართულებით წარმოაჩინოს, რასაც სიმართლესთან საერთო არაფერი არ აქვს.
რეალურად ევროპის სახალხო პარტიის მემარჯვენე კონსერვატიული პარტიები, რომელთა უმრავლესობა საბაზრო ფუნდამენტალიზმით გამოირჩევა, ყოველთვის დიდი სიმპატიით იყვნენ განწყობილი აღმოსავლეთ ევროპული და პოსტ-საბჭოთა სივრცის იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც მკაცრად ნეოლიბერალურ პოლიტიკას ატარებდნენ. აღიქვამენ რა მათ საკუთარი მომაკვდავი იდეოლოგიის,ნეოლიბერალიზმის უკანასკნელ ბასტიონებად, მზად არიან ბოლომდე მხარი დაუჭირონ მათ დამოუკიდებლად იმისა, რამდენად დემოკრატიულები არიან ეს რეჟიმები, რადგან ისინი მათში ერთგვარად იმ განუხორციელებელი და უტოპიური ცვლილებების შესაძლებლობებს ხედავენ, რაც თავიანთ ქვეყნებში არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგიდან გამომდინარე შეუძლებელია.
ამგვარად მოახდინა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” იმის დეკლარირება, რომ უარს ამბობს ნეოლიბერალურ საბაზრო ფუნდამენტალიზმის პოლიტიკაზე ევროპის სახალხო პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი მის წინააღმდეგ წავიდა. რადგან ის იდეოლოგიური მიმართულება რაც “ქართულმა ოცნებამ” აირჩია მის უმთავრეს იდეოლოგიურ კონკურენტს და ალტერნატივას წარმოადგენს. ევროპულ დონეზე ამ იდეოლოგიას მემარცხენე-ცენტრისტული ევროპელი სოციალისტების პარტია(PES) წარმოადგენს.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი რადიკალურ ნეოლიბერალურ და ნეოკონსერვატორულ იდეოლოგიურ ფრთას წარმოადგენს და პრეზიდენტ სააკაშვილის და სენატორ მაკკეინის პირადი მეგობარი და მხარდამჭერია. საყოველთაოდ ცნობილია ევროპელი პოლიტიკოსების, მათ შორის მემარჯვენეების ანტიპათია ამ იდეოლოგიური მიმართულებების მიმართ. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სახალხო პარტიაშიც არიან შედარებით ზომიერი ძალები, რომლებიც სრულად ან საერთოდ არ იზიარებენ პრეზიდენტ მარტენსის ოდიოზურ განცხადებებს საქართველოს შესახებ. რეალურად, ჩვენ არც გვსმენია მარტენსზე გაცილებით დიდი გავლენის მქონე სახალხო პარტიის წევრი სხვა პოლიტიკოსებისგან მაგალითად: ბაროზოსგან ან მერკელისგან ქართული ოცნების მიმართ მკვეთრი კრიტიკა.
ევროპის სახალხო პარტიაზე საუბრისას, მისი პოზიციის მეტი ლეგიტიმაციისათვის ხშირად ხდება აპელირება მის პოლიტიკურ წონაზე და დიდ გავლენაზე. შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სახალხო პარტია მართლაც წარმოადგენს ორი უმსხვილესი ევროპარტიიდან ერთ-ერთს. ევროპის სახალხო პარტია პოლიტიკური პარტიის სპეციფიკურ ტიპს ე.წ. ევროპარტიას წარმოადგენს, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირისათვის და ტრანსნაციონალურად მოქმედებს მთლიანად ევროპაში და ევროკავშირის ინსტიტუტებში. მათ შორის - ევროპარლამენტში, ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიაში. თუმცა ევროპარტიებს უფრო წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვთ ვიდრე უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღების, ამიტომ მათ განსაკუთრებულ გავლენაზე საუბარი მართებული არაა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სახალხო პარტიის პოზიცია არ გამოხატავს მთლიანად ევროკავშირის ან დასავლეთის პოზიციას. თუმცა სამომავლოდ კარგი იქნება “ქართულმა ოცნებამაც” იპოვოს საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური პოზიციის შესაფერისი საერთაშორისო აფილაციისთვის ადეკვატური ორგანიზაცია რაც მათ საერთაშორისო ლეგიტიმაციას გაზრდის და ასეთ უხერხულ სიტუაციებს თავიდან ააცილებს. ამგვარი ძალის, გავლენისა და ევროპის სახალხო პარტიის საპირწონე ევროპარტია კი დღეს მხოლოდ ერთია და მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიათა ერთიანობას ე.წ. ევროპელ სოციალისტთა პარტიას(PES) წარმოადგენს.