Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გილოცავთ გარემოს დაცვის დღეს

06 ივნისი 2013

რამდენიმე დღის წინ ვანდალური ფაქტის მოწმე გავხდით: გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გზაგამტარ გვირაბზე მიმდინარე სამუშაოების დროს, მშენებლებმა მძიმე ტექნიკით დააზიანეს ისტორიული ხევის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი – ტრავერტინები. სამწუხაროდ, ამ ფაქტზე ვერ ვიტყვით „უპრეცენდენტოს“ - პრაქტიკულად ჩვევად ექცათ საქართველოს ხელისუფლებას და ბიზნესმენებს ბუნების  -  ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების ხელყოფა.  

სასიამოვნოდ გამაკვირვა საზოგადოების მკვეთრმა და მყისიერმა უარყოფითმა რეაქციამ: სამწუხაროდ, საზოგადოების შედარებით განათლებულ ნაწილშიც კი გარემოსდაცვითი უფლებები არ აღიქმება ადამიანის ისეთივე  უფლებად, როგორიცაა პოლიტიკური არჩევანის უფლება, გამოხატვის უფლება და სხვა.  არ გამაკვირვა ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის თუ მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა, რომ ნებართვას არ საჭიროებდა, რომ ყველა მშენებლობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა წარმოუდგენელია, რომ ეს ტრავერტინები არ იყო კანონით დაცული, ამიტომ შეიძლებოდა გადათხრა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური გამოძიებისა და სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ამ საქმეზე არაერთი ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგებოდა. ვნახოთ ჩვენთან რა მოხდება. მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო.

ალბერტ აინშტაინი ამბობდა: „პრობლემების მოგვარება შეუძლებელია იმ აზროვნებით, რომელმაც ეს პრობლემა შექმნა“ (ციტატის სიზუსტეზე არ დავდებ თავს). სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილებების მიმღებებიცა და შემსრულებლებიც ამჯერადაც „ძველებური“ აზროვნების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. იყო თუ არა ტრავერტინების გაოხრება გადაუდებელი აუცილებლობა, ამის მტკიცება მხოლოდ მაშინ შეეძლებათ დამკვეთსაც და შემსრულებელსაც, თუ ამ კითხვებზე თანამიმდევრულად გასცემენ პასუხს:

რა იყო ამ პროექტის მიზანი? გზაგამტარი გვირაბის რეაბილიტაცია? თუ ასეა, რამდენად სწორი იყო ეს მიზანი? ხომ არ უნდა ყოფილიყო მიზანი უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობის უზრუნველყოფა, ხოლო გზაგამტარი გვირაბის რეაბილიტაცია - ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი შესაძლო გზა?

მიზნის  - უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობის უზრუნველყოფის  - მისაღწევად, სხვა საშუალება განიხილა ვინმემ? მაგალითად, გვირაბის ერთი სექციის საერთოდ გაუქმება, ან დამცავი კედლის აშენება, ან გვირაბის ამ ნაწილის გადატანა საავტომობილო გზაზე, ისე, რომ  ტრავერტინების გასწვრივ მონაკვეთზე მოძრაობა ზამთარ-ზაფხულ გვირაბის გავლით ყოფილიყო შესაძლებელი? ან შემოვლითი გზა? ან ხიდი?

უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობის უზრუნველყოფასთან ერთად, იყო თუ არა მიზნად დასახული ტრავერტინების არდაზიანება? თუ არ იყო, რატომ?

თუ საბჭოთა პერიოდში, საუკუნის წინანდელი ტექნოლოგიებით მოახერხეს ჯვრის უღელტეხილზე გზაგამტარი გვირაბის ისე გაყვანა, რომ არ დააზიანეს ტრავერტინები, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების პირობებში რატომ იყო ეს შეუძლებელი?

შეიძლებოდა თუ არა, რომ უფრო მცირე მონაკვეთზე დაზიანებულიყო ტრავერტინები ?

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კითხვები არავის არ დაუსვამს. შესაბამისად, არ მჯერა, რომ ყაზბეგის ტრავენტინების დაზიანება გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული. ასევე მჯერა, რომ ვინც ამ კითხვებს არ სვამს ის „ძველებურად“ აზროვნებს: შეიძლება უნებურად - სხვანაირად არ შეუძლია; შეიძლება ნებსით - არ აწყობს - ფინანსური თვალსაზრისით, ან ჩადენილზე პასუხისმგებლობის ასარიდებდად; ან შეიძლება ცოდნა და გამოცდილება არ ყოფნის. ამ უკანასკნელს კი ეშველება, მაგრამ დანარჩენის რა გითხრათ...

ყველას გილოცავთ  გარემოს დაცვის დღეს.

კანონი "გარემოს დაცვის შესახებ“:საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით... "რისკის შემცირების პრინციპი" - საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად; "პრიორიტეტულობის პრინციპი" - ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურების ხარჯებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^