Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩევნები არჩევანის გარეშე

30 სექტემბერი 2013

საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა განსაკუთრებული მონდომებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო ბრძოლებს. ზოგიერთი მათგანი კონკრეტული საარჩევნო კამპანიის მონაწილეა და ყველა შესაძლებლობას იყენებს საკუთარი ფავორიტის პოპულარიზებისათვის. თუმცა, მაინც ყოველდღიურად იმატებს დაბნეული, გაბრაზებული და იმედგაცრუებული ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებიც უფლებებშეკვეცილი პრეზიდენტის არჩევნებზე გამოცხადებას აღარ აპირებენ. მგონი, თავადაც სკეპტიკოსთა შორის დამკვიდრებაზე ვფიქრობ.

უპირველეს ყოვლისა, ჩემს აბსენტისტურ (აბსენტიზმი - უარის თქმა სხვადასხვა დონის არჩევნებში თუ რეფერენდუმში მონაწილეობაზე) განწყობებს საარჩევნო დღის წესრიგში აღმოჩენილი საკითხები აძლიერებს. გამუდმებით საუბრობენ „კოაბიტაციის“ დასრულების დიად მიზანზე, სამართლიანობის აღდგენის გაურკვეველ, წარმოუდგენელ მეთოდებზე, პოლიტიკოსთა გაუფორმებელ ქორწინებაზე, გაუპარსავ წვერსა და მათ წინაპართა ნამოქმედარზე.

ყველა ოსტატურად არიდებს თავს ან არალოგიკურ, უტოპიურ პასუხებს უპირისპირებს ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებს: რა როლს შეასრულებს მომავალი პრეზიდენტი სიღარიბის დაძლევის სტრატეგიაში? როგორ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ევროპული საგარეო პოლიტიკისა და საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობისათვის? რა გზით შეეცდება სახელმწიფოს ახალი ლიდერი განათლებისა და მეცნიერების საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდას? რას მოიმოქმედებს მაღალმთიანი რეგიონების დატბორვისა და ეკოსისტემების განადგურების საწინააღმდეგოდ?

გარდა არსებითი საკითხების იგნორირებისა, ჩემს დემოტივირებას პრივილეგირებულთა რამდენიმეკაციანი ჯგუფების მიერ ნომინირებული უნიათო და არაადეკვატური კანდიდატების შემაწუხებელი სიმრავლე იწვევს.

ვის ესინჯება მაჯისცემა 27 ოქტომბერს დაგეგმილი კენჭისყრისათვის ?

გამოკითხვების ლიდერი პრემიერ-მინისტრის უალტერნატივო რჩეული გახლავთ, რომელსაც სახელმწიფო მოღვაწეობის ნულოვანი გამოცდილება და პოლიტიკურ აქტორებზე უმცირესი, ფაქტობრივად უმნიშვნელო გავლენა აქვს. მისი პოლიტიკური წონისა და გამარჯვების მაღალი შანსების  განმაპირობებელი ერთადერთი ფაქტორი პროფესიონალური უპირატესობებისა თუ პრიორიტეტული ღირებულებების ნაცვლად, მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის სენტიმენტალური დამოკიდებულება გახლავთ. აღნიშნულ კანდიდატს თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკური მნიშვნელობა, ჯერჯერობით, არ გააჩნია. ამასთანავე, ის წარმოადგენს გუნდს, რომელიც ერთპიროვნულად აკონტროლებს მინისტრთა კაბინეტსაც და პარლამენტსაც. მაშასადამე, მისი არჩევის შემთხვევაში გაგრძელდება უძველესი ქართული ტრადიცია, რომელიც ყველა ტიპის ძალაუფლების ერთი ეკლექტური, უშინაარსო და მყიფე გაერთიანების ხელში თავმოყრას გულისხმობს. შესაბამისად, მთავრობისადმი ლოიალურობის გამო, მან შეიძლება სრულყოფილად ვერ გამოიყენოს სხვა ლიდერების გასაწონასწორებლად შექმნილი საპრეზიდენტო ბერკეტები.

„პოლიტიკურ დოღში“ საკუთარი მოასპარეზე ჰყავს მეორე, ერთხელ უკვე დამარცხებულ აზარტულ მოთამაშესაც. მიუხედავად წინასწარი არჩევნების („პრაიმერიზის“) უნიჭოდ კალკირებული წესებით სარგებლობისა, არავის ეპარება ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატიც ექსკლუზიურმა პარტიულმა ელიტამ გამოარჩია და არა საზოგადოების ფართო ფენებმა. კონკურენტთან შედარებით, საპარლამენტო უმცირესობის ხელმძღვანელს პოლიტიკური საქმიანობის სოლიდური გამოცდილება აქვს. თუმცა, მთელი კარიერის განმავლობაში, ის საკუთარი მბრძანებლის მარიონეტის შთაბეჭდილებას ტოვებდა, უსიტყვო მორჩილებით ასრულებდა პარტიის თავმჯდომარის მითითებებს და შეშინებული, წინააღმდეგობას ვერ უწევდა ანტიდემოკრატიული კანონპროექტების დამტკიცების პროცესს. ამასთანავე, ის გახლდათ იმ საკანონმდებლო ორგანოს მეთაური, რომელიც ყურს არ უგდებდა სახალხო დამცველის საგანგაშო მოხსენებებს და არაფერს ცდილობდა უსამართლო საარჩევნო კოდექსის რეფორმირების დასაჩქარებლად. მოკლედ, მოქმედი პრეზიდენტის იმედს, გასულ წლებში ჩადენილ ყველა პოლიტიკურ დანაშაულზე, თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება.

იღბლიან ქვეყანაში მოახლოვებულ არჩევნებზე ალტერნატიული კომპეტენტური ძალა უნდა გამოკვეთილიყო, რომელსაც საზოგადოება დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის გამოიყენებდა. მაგრამ ჩვენ ხომ ბედი არაფერში გვწყალობს.

ძირითად, კანდიდატებთან შედეგიანი პაექრობის შანსს მხოლოდ კომუნისტური ნომენკლატურის ღირსეული შთამომავალი ინარჩუნებს, რომელიც ნამდვილად უნდა უჩიოდეს მეხსიერების პრობლემებს. ისიც პარლამენტიც ექს-სპიკერი გახლავთ, რომელმაც 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით საფუძველი ჩაუყარა სუპერსაპრეზიდენტო სახელმწიფო მმართველობას, 2005 წელს კი ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებისა და ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მხარდამჭერი გახდა. ბუნებრივია, პოლიტიკოსი ქალბატონი ვერ იხსენებს 2006 წელს მისი მონაწილეობით დამტკიცებულ  შრომის მონურ კანონმდებლობასა და 2007 წელს მომზადებულ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის აღდგენის აქტს. აღარაფერს ვამბობ, მის ჰუმანურ დამოკიდებულებაზე 7 ნოემბრის დემონსტრაციებისა და თავისუფალი ტელევიზიის დარბევის მიმართ. უპასუხისმგებლობა იქნებოდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საქმეში მისი ფუნქციის დაუფასებლობაც.

ბევრისთვის ცხადია, რომ ჩვენ წინ გველის არჩევნები არჩევანის გარეშე.

თუმცა, წინასაარჩევნო განლაგების ამგვარად ჩამოყალიბება პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტებისთვისაც კი მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო. დღევანდელი ვითარება სრულად შეესაბამება მოქმედი მმართველი კოალიციის ინტერესებსა და მის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სცენარს. მოსახლეობა მშვენივრად ამჩნევს „ქართული ოცნების“ კანდიდატის პოლიტიკურ ნაკლოვანებებსა და მის მოუმზადებლობას, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს ჭარბი ამბიციების მქონე რევანშისტისა და უძლური მორჩილის არჩევას, ისევ „საყვარელი ფილოსოფოსისათვის“ ხმის მიცემა ურჩევნიათ. რაც მთავარია, სანამ ჩვენ ყოფილი თუ მოქმედი „ნაციონალების“ რესტავრაციის საფრთხეზე ვდარდობთ, ამასობაში კვლავ ერთი პირი გამოავლენს ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერის, მომავალი პრემიერის ვინაობას.

რაღა დამრჩენია მე - სტუდენტს, რომელმაც, ალბათ, ყველა კანდიდატის შტაბი გადავიკიდე? 27 ოქტომბერს, გულზე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიის ბარათს ჩამოვიკიდებ და ჩემთვის უცნობ გლდანსა და ნაძალადევში კენჭისყრის დასაკვირვებლად გავემართები; ან მივალ საარჩევნო უბანზე და კუთვნილ ბიულეტინს „ჰამლეტის ქნარის“ უკანასკნელ სტრიქონს მივაჯღაბნი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^