Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რედაქტორი სვეტი

01 ოქტომბერი 2013

შარშან, ზამთარში, მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, დამესრულებინა ჩემი აქტივისტური საქმიანობა, გამოვსულიყავი სხვადასხვა სამოქალაქო კოალიციებიდან, შემემცირებინა საჯარო გამოსვლები, თუ ისინი უშუალოდ ჩვენს საქმიანობას არ შეეხებოდა და მიმეხედა ჩვენი საქმისათვის, ანუ "ლიბერალის" გამოცემისა და მისი რედაქტორობისათვის. სხვა რამდენიმე პროექტის იდეაც მქონდა, მედიის მიღმა.

ეს გადაწყვეტილება მივიღე არა იმიტომ, რომ ჩავთვალე, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ იზეიმა, დამყარდა სამართალსა და სამართლიანობაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა, პერსონალიებიდან გადავედით ინსტიტუციების გაძლიერებაზე და სხვაც ბევრი სიკეთეები, რომელიც მარად ჩვენს წარმოსახვით რეალობაში რჩება. არა, უბრალოდ, ერთი მხრივ, დავიღალე და ჩავთვალე, რომ დაღლილს ხეირიანად არაფერი გამომივიდოდა; მეორე მხრივ, დრო მჭირდებოდა ახალ პოლიტიკურ რეალობაში გამორკვევისათვის დაბოლოს, რადგან დაგვიბრუნდა პოლიტიკური წნეხისაგან თავისუფალი სარეკლამო ბაზარი, ვფიქრობდი, რომ ჩემი დრო უფრო მეტად “ლიბერალის” ბიზნესად ქცევისათვის დამეთმო.

მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი გამოცემისათვის, ამ პატარა ბაზარზე, ეს არც თუ ისე იოლი ამოცანაა. თუმცა, დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით შევუდექით ამ მიზნის განხორციელებას.

მაგრამ ამასობაში და სულ რამდენიმე თვეში, წამოგვეწია ზოგადი ეკონომიკური კრიზისი, კლებადი სარეკლამო ბაზარი, ჩვენი პარტნიორი დონორი-ფონდების ზურგშექცევა და მორიგი ფინანსური პრობლემები. დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მედიისათვის ფინანსური კრიზისი არასოდეს არის მოულოდნელი, პირიქით, მეოთხე წელია ჩვენი არსებობა უფრო მაკვირვებს, ვიდრე სრულიად არასტაბილური გარემო… და მარადიული კითხვა, როდის და რით გახდება “ლიბერალი” სტაბილური? ეს კითხვა დაახლოებით ამ კითხვას ჰგავს: “როდის გაბრწყინდება იბერია?” არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ის კი არა, ხშირად ვფიქრობ, რამდენად საჭიროა “ლიბერალის” არსებობა და მისთვის ამდენი გარჯა, გარჯა კი არადა, დაუსრულებელი ბრძოლა არსებობისათვის. 

თუმცა, ვიცი ის, რომ დამოუკიდებელი და კარგი მედია საჭიროა ყველგან, მით უფრო ამ ძალიან მძიმე გარემოში, სადაც კვლავ მიდის ბრძოლა მედიის კონტროლისათვის, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მიჯნაზე, ისევ უმძიმესი არჩევანის წინაშე ვდგავართ, სადაც ისევ დიდი კითხვის ქვეშ დგას ის სამოქალაქო ღირებულებები (და არა სტერეოტიპები), რომელიც ჩემთვის პრინციპულია.

ამიტომ, ჩემი არჩევანი უცვლელია. ისევ უნდა გადმოვიღო ხმალი, რომელიც თაროზე შემოვდე და ისევ მოვიქნიოთ, უკომპრომისოდ, იმისათვის, რომ გავაგრძელოთ "ლიბერალის" გამოცემა.

პ.ს. "ლიბერალის" ბეჭდური გამოცემა ამიერიდან ყოველთვიურად გამოვა, ყოველი თვის 1 რიცხვში.

"ლიბერალის" რედაქცია კი ყოველდღიურად www.liberali.ge-ზე აგრძელებს მუშაობას.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს,

შორენა შავერდაშვილი,

მთავარი რედაქტორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^