Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლიბერალიზმის თაობაზედ - ღია წერილი სალომე ასათიანს და ზაალ ანდრონიკაშვილს

04 ნოემბერი 2013

სალომე და ზაალ,

ვადასტურებ თქვენდამი პატივისცემას და რადგან “ფეისბუქისთვის” ცოტა ვრცელი გამოვიდოდა ჩემი პასუხი, გწერთ ამ წერილს. ვეცდები, ვუპასუხო თქვენს კომენტარებს და დავასაბუთო, რატომ არ მგონია ჩემი შეფასება (“ვგონებ, თანამედროვე "ქართული ლიბერალიზმიც" ტოტალიტარული მემკვიდრეობის პირმშოა, სამაგალითოა თავის ტოტალიტარული პარადიგმებით, კარჩაკეტილობით, სრულიად ფსევდო-პროგრესულობით, შეუწყნარებლობით, აგრესიით…”) გადაჭარბებული ან უსამართლო. ხისტი შესაძლოა არის, მაგრამ გადაჭარბებული - არა მგონია.

აქვე ვიშველიებ თქვენს კომენტარებსაც:

სალომე ასათიანი: “შორენა, ჩემი აზრით პრინციპულად არასწორად სვამ საკითხს. ლიბერალიზმი, თუნდაცთანამედროვე ქართული“, ვერანაირად ვერ იქნებატოტალიტარული“, რადგან ლიბერალიზმი თავისი არსით სწორედ ტოტალიტარულ კონფიგურაციებს გამორიცხავს. ამაშია მთავარი სხვაობა ლიბერალებს და ფუნდამენტალისტებს შორის. და ამიტომაა დიდი შეცდომა მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმა და განცხადებები, რომორივე მხარე ერთნაირია“. განსხვავებული აზრის გაქრობას, აკრძალვას, უმცირესობების შეზღუდვას სწორედ ფუნდამენტალისტები და რელიგიური კონსერვატორები მოითხოვენ (მაგალითად თქვენი ახალი მღვდელი-ბლოგერი). ლიბერალი, თუნდაც სწორხაზოვანი და რადიკალი კი სწორედ ფუნდამენტალიზმს უპირისპირდება და მხარს უჭერს ჩარჩოს, რომელიც ყველა მოქალაქის (მათ შორის ძალიან განსხვავებულის) თანაცხოვრებას გახდის შესაძლებელს. ეს სხვაობა განმსაზღვრელია და ათვლა-შეფასებაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ.

…"ლიბერალებზე" ქილიკი და "ორივე მხარე ერთნაირიას" ძახილი კიდე ვის წისქვილზე ასხამს წყალს და რომელ შეხედულებებს აძლიერებს, ამაზეც ღირს დაფიქრება. გასაგებია, რომ უმცირესობებს, განსაკუთრებით სექსუალურ უმცირესობებს, სირთულეები აქვთ კომუნიკაციის მხრივ. ვერც "ლიბერალები" ახერხებენ თავიანთი შეხედულებების პოპულარიზაციას. ეს დიდი პრობლემებია, და ამაზე ვთანხმდებით. მაგრამ განზე გადგომით და ლიბერალებზე ასეთი თავდასხმით - რომ ესენიც "ზუსტად ისეთები არიან" - სწორედ ფუნდამენტალიზმი და ქსენოფობია ძლიერდება.

…კიდევ ვიმეორებ - დიალოგი და პატივისცემა ყველა მოსაზრების შეიძლება, ფაშისტოიდურის გარდა. ხოლო პოზიცია, რომ "უმცირესობა საჯარო სფეროში არ უნდა გამოჩნდეს, რადგან ამით თავს გვახვევს თავის ინტერესებს და უმრავლესობის უფლებას ზღუდავს" სწორედ ასეთად გვევლინება. ეს პოზიცია თავად გამორიცხავს "დიალოგს".

ზაალ ანდრონიკაშვილი: მგონია, რომ პრობლემის არსი არის ისეთ განზოგადოებები, როგორსაც შენ აკეთებ. თუ ვინმეს პოზიცია არ მოგეწონა, უნდა გააკრიტიკო ის და არა განაზოგადო ყველაზერაც შენ დაწერე, უბრალოდ გაუგონარი გადაჭარბებაა, ისიც ძალიან რბილად რომ ვთქვა. გამოდის, რომ შენ ლიბერალების (ქართველების) ან ლიბერალიზმის კრიტიკის მაგივრად კარგად ნაცნობ და გაცვეთილ, მაგრამ საკმაოდ პოპულარულ მტრის ხატს ამკვიდრებ.”

დავიწყებ ცოტა შორიდან და მცირედი შეხსენიბით, იმისათვის, რომ გასაგები იყოს “ლიბერალის” სარედაქციო პოლიტიკა.

ვისაც არ გახსოვთ, 17 მაისის მოვლენებს “ლიბერალმა” სპეციალური გამოშვება მიუძღვნა, ამ დღის ქრონიკებით და ძალიან კრიტიკული, არაორაზროვანი შეფასებებით, მათ შორის იყო ზაალის კომენტარიც - “დღეს ეკლესია ანტისახემწიფოებრივი ძალა გახდა”  - http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114875/.

ასევე, 17-ში და 18-ში, რედაქცია ინტერნეტ-პლატფორმაზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა და იმის გამო, რომ ჩვენი ოფისი იმხანად ალექსანდრეს ბაღში, ლამის მოვლენების ეპიცენტრში იყო და ჩვენს თვალწინ დასდევდნენ ადამიანებს წიოკით, 17-ში, დიდწილად “ლიბერალმა” მოამარაგა საინფორმაციო სივრცე ყველაზე მძიმე კადრებით, ფოტო თუ ვიდეო მასალით. გიორგი გოგუამ გადაიღო “ტაბურეტკიანი მღვდელიც” და თვალებჩასისხლიანებული კაცებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონის გარღვევა უნდათ და ყვითელ ავტობუსს მისდევენ: http://www.liberali.ge/ge/liberali/multimedia/114856/.htm.

გადავიღეთ ლგბტ აქტივისტის დევნა - http://www.liberali.ge/ge/liberali/multimedia/114846/ და აქციის დარბევა: http://www.liberali.ge/ge/liberali/multimedia/114837/ გვქონდა დღის შემაჯამებელი ვიდეოც: http://www.liberali.ge/ge/liberali/multimedia/114867/.

17 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ ინტერვიუ დავით ისაკაძესთან - http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114801/.

ამ ინტერვიუში კარგად ჩანდა როგორც ეკლესიის ყველაზე რადიკალურად განწყობილი ფრთის დამოკიდებულება 17 მაისის დაგეგმილ აქციაზე, ასევე მათი განზრახვები. სოციალურ ქსელებშიც ჩანდა, როგორ ირაზმებოდა მრევლის ნაწილი. ეს ინტერვიუც სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნეთ და არა იმიტომ, რომ მოხიბლულები ვიყავით დავით ისაკაძის “შეგონებებით”. ამის აღქმა, არახირებული წამკითხველისათვის, არც თუ ისე რთული უნდა ყოფილიყო.

17 მაისის მოვლენების შემდეგ, ცალკეულ სასულიერო პირებს თუ არ ჩავთვლით (მათ შორის, ერთ-ერთი “ლიბერალზეც” გამოქვეყნდა - ნინო ბექიშვილის ინტერვიუ დეკანოზ იაკობ მახნიაშვილთან - http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114885/), არ მოგვისმენია საპატრიარქოს ან ეკლესიის იერარქებისგან 17 მაისის მოვლენების თვითკრიტიკული შეფასება, ან წუხილი, ან სინანული მომხდარზე, ან ბოდიში ან რაიმე ამის მსგავსი.

იყო დიალოგის ერთადერთი მცდელობა, დახურულ შეხვედრაზე, რომელიც საპატრიაქროს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა და სადაც “საზოგადოების წარმომადგენლები” მიგვიწვიეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა ეკა აღდგომელაშვილიც, რომლისკენაც ხშირად იშვერდნენ ხოლმე თითს, როგორც აქციის ორგანიზატორისკენ.

შეხვედრამ უმძიმესი შთაბედჭილება დატოვა. აუდიტორია ბევრად უფრო ადეკვატური იყო, თავის წუხილით, სიმშვიდითა და თავმდაბლობით, ვიდრე ის სასულიერო პირები, რომლებიც ჩვენს წინ ისხდნენ. შეხვედრაზე, ძირითადად, თავისმართლებას ვისმენდით: ორ აგრესიულ მღვდელს ნუ აიგივებთ ეკლესიასთან, ჩვენ რომ იქ არ ვყოფილიყავით, ხალხი უჩვენოდ დაირაზმებოდა და უარესი მოხდებოდა, კი ნუ გვაკრიტიკებთ, მადლობა გვითხარით, რომ უფრო დიდი უბედურებისგან დაგიფარეთო. არადა, გვახსოვს, ბევრი სასულიერო პირი მოუძღვებოდა კონტ-აქციას (ეს ვიდეო ჩემს ტელეფონშიც არსებობს) და მათაც, როგორც თანამონაწილეებსა და ორგანიზატორებს, აქვთ თავის წილი პასუხისმგებლობა. ამიტომ, ყველაზე მძიმე სწორედ ეს იყო - შეხვედრაზე არ იგრძნობოდა არანაირი პასუხისმგებლობა ან სინანული მომხდარზე. ტყუილ-მართლის გარჩევის მიღმა, შეკრებილი სამღვდელოებისგან ველოდით ცოტაოდენ ქრისტიანობას, მაგრამ “დიალოგში” ამის ნიშანწყალიც კი არ გამოჩნდა.

ბევრიც რომ არ გავაგრძელო, მღვდელი დავით ოძელაშვილის ბლოგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ - “გამორიცხულია, ვინმე გიყვარდეს, თუ ერთი ადამიანიც კი გძულს” - http://blogs.liberali.ge/ge/blog/1836/116833/, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც სასულიერო პირი კრიტიკულად აფასებს ეკლესიისა და მართლმადიდებელთა სახელით 17 მაისს დარაზმულთა ქცევას (და არა მარტო ამ ქცევას). ციტატებით სახარებიდან და წმინდა მამების ქადაგებებიდან, ავტორი წერს, რომ ქრისტიანები იცნობიან სიყვარულით, გონიერებით და სიმშვიდით და აგრესია მიუღებელია და გაუმართლებელია, ყველა შემთხვევაში. თუ ვინმეს ამხელს, ამხელს ჩვენს ფარისევლურ, “მაიმუნურ” ქრისტიანობას, სასულიერო პირების გაკულტებას და სახარების არცოდნას, რაც უსიყვარულობა და სახარებისეული მცნებების არშესრულებაა.

საკამათო გახდა ეს პასაჟი: საქართველოში, სადაც სოცილაურ-ეკონომიკური პრობლემების მრავალფეროვნება გვაქვს, რა საჭიროა ნებისმიერი უმცირესობა ცდილობდეს საკუთარი ინტერესების თავზე მოხვევას, მითუმეტეს თუ ეს მათ თანამოქალაქეებს შეურაცხყოფას მიაყენებს, რის შედეგადაც სიძულვილი, ძალადობა და უწესრიგობა იშვება.”  

ეს არის ავტორის მოსაზრება, რომელიც ეფუძნება მის მრწამს, რომელიც ჰომოსექსუალობას ცოდვად მიიჩნევს (რაც, წესით, აღმოჩენა არ უნდა ყოფილიყო მკითხველისათვის) და საჯარო სივრცეში მის აფიშირებას – ქადაგებად. ცოდვის საჯაროდ “დაცვა” კი, ანუ მისი საჯარო შემწყნარებლობა, ავტორის აზრით, შეურაცხყოფს თანამოქალაქეების მრწამსს და ამას კარგი არაფერი მოაქვს. ავტორი თვლის, რომ პროგნოზირებადი იყო ის აგრესია, რისი მოწმენიც გავხდით და ფიქრობს, რომ ყველა მხარე ყველანაირად უნდა მოვრიდებოდით სიტუაციის გამწვავებას. თუმცა, ავტორი განმარტავს, რომ ადამიანი და ცოდვა ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ, რომ დაუშვებელია აგრესია, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ადამიანის ცხოვრების წესი ვინმესთვის.

არსად, არც ერთ ადგილას ის არ ამართლებს იმას, რაც 17 მაისს მოხდა, პირიქით, მთელი ტექსტი ამის დაგმობაა. არსად ამბობს, რომ ამ აქციაზე პასუხი, კონტრაქცია და რბევა უნდა ყოფილიყო, არ ამბობს, რომ ვინმეს ამის უფლებას ჰქონდა! ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ანბანური ფასეულობაა "არავის განკითხვა, საკუთარი თავის გარდა".

დასასრულს ავტორი წერს: “ქრისტიანული მრწამსის მიმართ გულგრილობით, უცოდინრობით, სიზარმაცით თანამონაწილე ვხდებით ყოველგვარი უზნეობისა. დროა, გამოვფხიზლდეთ დაპიროვნების კულტისხიბლიდან გამოვიდეთ. ვერც ერთი პოლიტიკური თუ სასულიერო მოღვაწე ვერ გვიშველის თუ საკუთარი "მე"- განკითხვით, გამოსწორებით არ შევუდგებით საზოგადიებაში არსებული მანკიერებების მკურნალობას.”

მღვდელი რომ უფლებების ენას არ მოიშველიებდა თავის წერილში, ეს ალბათ ბუნებრივია, არა? ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, რომ ღიად გამოხატოს საკუთარი აზრი და დამოკიდებულება და მოაწყოს აქცია, საპროტესტო თუ მდუმარე, სადაც ამას საჭიროდ ჩათვლის - “ლიბერალის” მკითხველისათვის და მისი კონტრიბუტორებისათვის გასაგები ჭეშმარიტებაა. ამ უფლებებს ვიცავთ "ლიბერალის" ფურცლებიდანაც უკვე მეოთხე წელია. არა მგონია, მათი განმარტება თუ მტკიცება აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს ყველასათვის, განსაკუთრებით სასულიერო პირისათვის.

თუმცა, არც მღვდელი დავითი წერს სადმე, რომ აქციის ჩატარების უფლება (!) ვინმეს არ ჰქონდა, ან არ შეეძლო. ის საერთოდ არ ეხება საკანონმდებლო სივრცეს. სხვათა შორის, განსხვავებით საპატრიარქოს 16 მაისის საჯარო მოწოდებისაგან, როცა ის მერიას თხოვდა, არ გაეცა აქციის ჩატარების ნებართვა. ალბათ, პატრიარქისთვისაც ცხადი იყო მოსალოდნელი დაპირისპირება და მისი თავიდან აცილება უნდოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოთხოვნა არაკანონიერი იყო და რა თქმა უნდა, მერია ვერ აკრძალავდა აქციას. განცხადებამ კი ძალიან სამწუხარო უკუშედეგი გამოიღო და ცეცხლზე ნავთი დაასხა, უფრო წააქეზა მრევლი - თითქოს მათი “პასუხი” 17 მაისზე პატრიარქისაგან წინასწარ სანქცირებული იყო.

აქვე ვიტყვი, რომ ზოგადად, სასულიერო პირები, მით უფრო იერარქები, არ უნდა მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ან მოქალაქეებს, უკანონო ქცევისაკენ. თუ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს არ ვეცით პატივი, ვერც სამართლებრივი სახელმწიფო გვექნება. ასეთ დროს მეტად ფრთხილები უნდა ვიყოთ ყველა და ხაზგასმით მშვიდობისაკენ უნდა იყოს ყველანაირი მოწოდება.

მღვდელმა დავითმა კი გამოხატა მოსაზრება, რა საჭირი იყო აქციის ჩატარება, როცა ვიცოდით, რომ ეს ჩვენს შორის დაპირისპირებას უფრო გაზრდიდაო.

ამ აზრს შეიძლება დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ მის გამოქვეყნებაზე ლიბერალების პასუხი არ იყო შეხების წერტილების ძიება, ან უბრალოდ “არდათანხმება”, ან უბრალოდ კრიტიკა. პასუხი იყო მორიგი, შეურაცხმყოფელი გამოხმაურებები როგორც ავტორის, ისე “ლიბერალის” მისამართით, როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ისე “ფეისბუქზე”. “სიბნელის ტირაჟირება”, “სიბნელის პროპაგანდა”, “ფაშიზმის ქადაგება”, “ლიბერალის ასავალ-დასავალიზაცია”, “ლიბერალის ნაციონალისტურ-სოციალისტური რიტორიკა”, “საერთოდ, რატომ აძლევს ეს ჟურნალი უფლებას თავს, ერქვას ლიბერალი?”, “იღუმენია შორენა” - ეს მხოლოდ მცირედია იმ “კრიტიკული” გამოხმაურებებისაგან, რომელიც ამოვკრიბე.

რატომ ვანზოგადებ და არ ვაკონკრეტებ გამოხმაურების “ერთეულ ავტორებს”, რატომ ვანზოგადებ ჩემს წარმოდგენებს ლიბერალებზე და როგორც თქვენ ამბობთ, რატომ ვამძიმებ ამით პრობლემებს?

სამწუხაროდ, ეს ერთეული გამოხმაურებები არ არის და საკმაოდ წარმომადგენლობითია. მიუხედავად იმისა, რომ პერსონიფიცირებას მინდოდა მოვრიდებოდი, ახლა უკვე დავაკონკრეტებ. როდესაც “ლიბერალის” დიდი ხნის გულშემატკივარი და პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ლიბერალური ფონდის დირექტორი, ნინო ლეჟავა ბლოგის გამოქვეყნებისათვის “სიბნელის ტირაჟირებაში” გდებს ბრალს; როცა მსგავს ეპითეტებს იშველიებს ომბუდმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის უსტაბაში, ბექა მინდიაშვილი, რომელიც, წესით, აღმსარებლობის თავისუფლებას და ტოლერანტობას გვიქადაგებს და "ცხელ შოკოლადს" და "ლიბერალს" არაერთხელ გამოუქვეყნებია მისი კრიტიკული შეფასებები; როცა გოგი გვახარია, რომელიც, წესით, დიდი ხანია და კარგად მიცნობს, წერს, რომ თურმე “უმრავლესობას ვუგორებ კოჭებს” (ნეტა, რატომ?) და საერთოდ, დაიკარგა ლიბერალი, რადგან მის ფურცლებზე ღმერთი და ეკლესია ახსენეს - რა უნდა ვიფიქრო? ანალოგიურია ხოლმე “ლიბერალური მედიის” წარმომადგენლების და “სამოქალაქო სექტორის” ლიბერალების რეაქციები. აქ უკვე ლიბერალები სრულიად ერთ ხმაში იწყებენ ხოლმე ქილიკს. ქილიკს ვინ ჩივის, შეურაცხყოფას და უკაცრავად პასუხია, უზრდელობას. გიორგი კიკონიშვილის კომენტარები, რომელიც ასევე ჩვენი ბლოგერია (არც მისი ბლოგები გაგვირედატქირებია ოდესმე) და არასოდეს დამავიწყდება მისი გაფითრებული სახე ყვითელი ავტობუსის ფანჯარაში (და მეც დამნაშავე მგონია თავი), არანაირ ადამიანურ ეთიკაში არ ჯდება. ასე ვერანაირი იდეისა თუ უფლების პატივისცემას ვერ მოვიპოვებთ. ვერც ადამიანის პატივისცემას, მისი კონკრეტული იდენტობების მიუხედავად. ეს აქსიომაა.

შემიძლია გავიხსენო, რა გამოხმაურებები მოჰყვა ჩემს ბლოგ-პოსტსაც, სადაც ვწერდი ჩემთვის ძვირფასს ნიქოზისა და ფოკის მონასტრებზე, ალავერდზე და ლიახვის ხეობაზე და სადაც ლიბერალებს გავკარი კბილი, სრულიად ზერელე სტერეოტიპების გამო, რასაც ვ-ამკვიდრებთ. გამოხმაურებები იყო, მათ შორის, ასეცე პატივსაცემი, ამერიკული “რადიო თავისუფლების” ბლოგოსფეროდან. ჩემდა გასაკვირად, არაერთი გამოხმაურება მიეძღვნა ამ წერილს, სეკულარიზმის საჭიროებასა და რელიგიის დიქტატზე, ფუნდამენტალიზმსა და ჩემს “უკუქცევაზე”. ოღონდ ვერ მივხვდი, რატომ გავხდი ამ ყველაფრის ადრესატი? ან “ლიბერალი” რა შუაში იყო? იმიტომ, რომ ღმერთი ვახსენე და ლიბერალებზე ვთქვი, სრულიად არაერთგვაროვან ეკლესიას მტრის ხატად წარმოაჩენენ, ისეთივე რადიკალიზმითა და შეუვალობით, როგორც ფუნდამენტალისტები ლიბერალებს და ამით ძალიან დაემსგავსნენ ერთმანეთს-მეთქი?

ამ რადიკალიზმში ხედავთ სადმე “დიალოგის” შესაძლებლობებს? და ამას რომ ავღნიშნავ, მე ვხურავ დიალოგისათვის ფართოდ გამოღებულ კარს?

ზაალ, რომელი ერთი დავაკონკრეტო ხოლმე, როდესაც ლიბერალებზე ვწერ ჩემს უკვე ხანგრძლივ დაკვირვებებს? ჩემი მიზანი სწორედ ლიბერალური ფასეულობების გამიჯვნაა ჩვენში დამკვიდრებული სტერეოტიპული და ზერელი ლიბერალიზმისაგან… მტრის ხატებს მგონი ყველა ვამკვიდრებთ ამ საზოგადოებაში, ამიტომაც ვართ პოსტ-საბჭოთა, მაგრამ ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მაკვირვებს ხოლმე ლიბერალებისაგან, რომლებიც უკვე დახელოვდნენ “მტრის ხატ-ების” დამკვიდრებაში, “უმრავლესობის” და “უმცირესობის” გამიჯვნაში, “ლიბერალური დისკურსის” მხოლოდ "სეკულარული დისკურსით" ჩანაცვლებაში, საპირისპირო აზრისა თუ გასნხვავებული გემოვნების “სიბნელედ” და “ფაშიზმად” მონათვლაში, “ღმერთი არა და ბლა, ბლა, ბლას” - ძახილში, კრიტიკის არმიღებაში და აქეთ თავდასხმაში? გააკრიტიკებ და გეტყვიან… მოკლედ, მეტყვით იმას, რასაც მეუბნებით ხოლმე.

და აქვე მინდა ვიკითხო, სიძულვილის ენის მკვლევარები მხოლოდ “უმრავლესობის” სიძულვილს რატომ იკვლევენ? სიძულვილი მოდის ყველა მხრიდან, ესეც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

მოკლედ, ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, ბოდიშს ვიხდი. მაგრამ იმედია, ცოტათი მაინც ცხადი იქნება მკითხველისათვის, რას ვჩივი.

“ლიბერალი” კი, ვიდრე მე ვარ გამომცემელი, დარჩება ღია სივრცედ, სადაც არასოდეს იქადაგება ფუნდამენტალიზმი და შეუწყნარებლობა, სადაც არ წავალთ კომპრომისზე სხვადასხვა გავლენიან თუ ნაკლებგავლენიან ინტერესთა ჯგუფებთან, ბიზნესთან თუ პოლიტიკოსებთან, სადაც მთავარია ადამიანი, და არა პოლიტიკური სისტემა, კონკრეტული იდეოლოგია თუ კონიუნქტურა, სადაც ვეცდებით, ყოველთვის გამოვაქვეყნოთ ერთმანეთისგან განსხვავებული, საკამათო და საინტერესო მოსაზრებები. ასევე, ყოველთვის ჩავეჭიდებით ყველა ძაფს, რომელმაც შეიძლება რეალური დიალოგისა და პრობლემების სახელდებისა და გადაჭრისკენ წაგვიყვანოს.

იმედია, მღვდელი დავითიც  გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას და ჰაინრიხ ბიოლის ფონდიც.

პატივისცემით,

შორენა

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^