Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი (ნაწილი მეორე - ნაციონალური მოძრაობა)

25 დეკემბერი 2013

2001 წელს, საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოჩნდა. ორგანიზაციის ბირთვს მმართველი ძალის, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ რეფორმატორული, ყოფილ კომუნისტურ ნომენკლატურასთან დაპირისპირებული ფრთა წარმოადგენდა. ახალი თაობის პოლიტიკოსთა გარდა, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მყოფთა შორის აღმოჩნდნენ განვითარების დაწყებით ეტაპზე მდგომი არასამთავრობო სექტორის აქტიური ლიდერები. ისინი ძირითადად არაფორმალურად უმაგრებდნენ ზურგს მოულოდნელად დაწინაურებულ ახალ პოლიტიკურ ფიგურას. თავდაპირველად, პარტიამ ძირითადი იდეოლოგიური დებულებების, პოლიტიკური ღირებულებების გამოკვეთაზე უარი განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ რადიკალური ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა და საზოგადოებაში თავს ერთადერთ, უალტერნატივო დასავლურ ძალად წარმოაჩენდა. პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართულმა ინტენსიურმა პოპულისტურმა პოლიტიკამ შედეგი მალევე გამოიღო. გაერთიანების დაარსებიდან ორ წლის შემდეგ იუსტიციის ექსმინისტრი ქვეყნის პირველი პირი გახდა, მისმა პარტიამ კი ხელისუფლების ყველა ძირითად შტოზე საყოველთაო, ტოტალური ძალაუფლება მოიპოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხანგრძლივმა მმართველობამ ორგანიზაციის პოლიტიკური ფასეულობები უფრო თვალნათელი გახადა. განვლილი გზიდან გამომდინარე, პარტია თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნეოლიბერალური ავტორიტარიზმის მხარდამჭერ პოლიტიკურ დაჯგუფებად.

რაში გამომჟღავნდა სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის მიერ დაფუძნებული ძალის რადიკალური ლიბერალური პოზიცია?

2004 წელს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური სტრატეგიის ძირითადი კონტურების გასაჯაროვება დაიწყეს. მათ უარი თქვეს საქართველოში კლასიკური ევროპული სქემების განხორციელებაზე და არჩევანი ახალ ინდუსტრიულ სახელმწიფოთა მაგალითების დამკვიდრებაზე შეაჩერეს. „აზიის ვეფხვების“  მოდელი ინდუსტრიის განვითარების ერთადერთ გზად უცხოური ინვესტიციების მოზიდვას განიხილავს. საერთაშორისო კაპიტალის ეროვნულ წარმოებაში დაბანდების აუცილებელ წინაპირობად კი იაფი, უუფლებო მუშახელის ჩამოყალიბებას მიიჩნევს. ამასთანავე, ამგვარი ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს მტრად სახელმწიფო რეგულაციები და სახელისუფლებო კონტროლის სხვა მექანიზმები ცხადდება.

გასულ წლებში საჯარო სექტორში განხორციელებული აგრესიული პრივატიზაცია, შრომის კოდექსის ახალი რედაქციის დამტკიცება და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფაქტობრივი გაუქმება ცალსახად მიანიშნებს პარტიის ნეოლიბერალურ ორიენტირებზე.  თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ უკიდურესი მემარჯვენე დამოკიდებულებების საუკეთესო დემონსტრირება მაინც „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ხელმოწერა გახლდათ. დოკუმენტის საშუალებით მოხდა მინიმალური საშემოსავლო გადასახადის ხანგრძლივი პერიოდით დაკანონება, სახელმწიფოს კი მსხვილ ბიზნესზე ბეგარის გასაზრდელად რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულება დაეკისრა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის ფასეულობები მაინც შორს დგას ნეოლიბერალიზმის მსოფლიო ტრადიციისგან. „ნაციონალთა“ მიერ შექმნილმა წესრიგმა ხელი ვერ შეუწყო სერიოზული, მრავალმილიონიანი ინვესიტიციების მოზიდვასა და თანმიმდევრულ, სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას. მან მხოლოდ ერთმანეთთან შეზრდილი ფინანსური და პოლიტიკური ელიტების ძალაუფლება გააფართოვა.

განვიხილოთ ევროპის სახალხო პარტიის წევრი ქართული ორგანიზაციის ავტორიტარული ტენდენციებიც.

ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახერხა პოლიტიკური პლურალიზმის, პარტიული მრავალფეროვნების შენარჩუნება. თუმცა ოპოზიციური ჯგუფები სრულყოფილად ვერ მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, მათ არ ჰქონდათ პოლიტიკურ მოვლენებზე ზემოქმედების ქმედითი, დემოკრატიული ბერკეტები. მოქალაქეთა ინტერესების გამოხატვა, პოლიტიკურ შედეგთა მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ საპროტესტო დემონსტრაციების გზით იყო შესაძლებელი. ერთი დომინანტური, უკონკურენტო ძალაუფლების მქონე პარტიის არსებობა კი უდავოდ მიუთითებს ქვეყანაში ავტორიტარიზმის არსებობაზე.

პარტიული ლანდშაფტის მსგავსი სიტუაცია იყო შექმნილი მედია სივრცეშიც. საქართველოში უამრავი ტელევიზია და გაზეთი ფუნქციონირებდა, მაგრამ მათ ხელოვნურად ეზღუდებოდათ მოსახლეობის ფართო მასებზე მუშაობის შესაძლებლობა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარული ტენდენციების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მაინც ძალოვანი უწყებების მუშაობა გახლდათ. უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა, პოლიციელთა მიერ გამოყენებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ სტრატეგია და პოლიტიკურ პირთა ღია ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებათა დაგეგვმაში ქვეყანაში არაორდინარული სიტუაციის შექმნის საფუძველი გახდა. 40 ათასამდე პატიმრის არსებობა და ყოვლისმომცველი, უდიდესი ძალაუფლების მქონე, პოლიტიკურად ანგაჟირებული შინაგან საქმეთა სამინისტრო არადემოკრატიული რეჟიმის შენარჩუნებისა და სიცოცხლისუნარიანობის ძირითად წყაროდ იქცა.

მაშასადამე, თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სათავეში ეკლექტური, ხელოვნურად გაერთიანებული და ნაკლებად ეფექტური ძალაა მოქცეული, მის საპირისპირო ფლანგზე პოლიტიკურ ველს კარგად ორგანიზებული და დისციპლინირებული, რევანშისტული მისწრაფებების მქონე ავტორიტარული პარტია ავსებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

იცოდე! აკეთო! იყო! იცხოვრო სხვებთან ერთა ...

ლიზა ,,ლამაზია, თუმცა არც ისე, როგორც ჟურნალზე მიხატული გოგონები’’. მიუხედავად ამისა, მისი ფოტოები და ი ...
22 მაისი
22 მაისი

ნუ გვეშინია ვიყოთ ამუნდსენები!

არჩევნები, არჩევნები, არჩევნები... მოდით, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ არჩევნებზე ლაპარაკი და სხვა მხრიდან შევხედოთ ჩვენს ...
22 მაისი
22 მაისი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს ს ...

როგორც იცით, მიმდინარეობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უ ...

მეტი

^