Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი კონსტიტუცია და ახალი შესაძლებლობები

13 მარტი 2014

რამდენიმე დღის წინ თბილისში საქართველოს მორიგი საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბა. უკვე მერამდენედ შევუდექით ნაცნობ აღმართს... დამოუკიდებლობის 23 წლის განმავლობაში მეოთხედ თუ მეხუთედ უნდა გადავხედოთ ქვეყნის ძირითად კანონონს. კიდევ ერთხელ უნდა გადავსინჯოთ საზოგადოების პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურის, სოციალური სტაბილურობის განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტი. ბუნებრივია, ადამიანებს ებადებათ კითხვები: რატომ ვერ მოვახერხეთ უმაღლესი საკანონმდებლო აქტის საფუძვლებზე შეთანხმება? ხელისუფლებათა მონაცვლეობის პარალელურად, რატომ ხდება აუცილებელი ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმის გატარება?

უპირველეს ყოვლისა, ღიად უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავარი დამნაშავენი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები არიან. ისინი ყოველთვის საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებაზე ფიქრობდნენ და საერთოდ არ აინტერესებდათ სახელმწიფოს მომავალი განვითარების პერსპექტივები. მუდმივ უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა კონსტიტუციის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის დაბალი ხარისხი. ნელ-ნელა მყარად დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომელიც ძირითადი კანონის ფორმირებას პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ექსკლუზიურ პრივილეგიად აცხადებდა. ფაქტობრივად გამოირიცხა კონსტიტუციის უმთავრესი მიმართულებების განსაზღვრის საქმეში თავისუფალი საინიციატივო ჯგუფების ჩართვის რეალური შესაძლებლობა. ამ ყველაფერს კი ყოველთვის ემატებოდა რამდენიმე „ოლიმპოელი“ იურისტის აუტანელი ქედმაღლობა. რაც მთავარია, ჩვენი კანონშემოქმედნი ყოველთვის უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ საერთაშორისო გამოცდილებას და არაფრად აგდებდნენ გასული საუკუნის დასაწყისში, ბათუმის ერთ მიყრუებულ სტამბაში ნაჩქარევად დაბეჭდილ და დღემდე პროგრესულ დოკუმენტს.

საბოლოოდ, ყველა საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ერთი რომელიმე მცირერიცხვოვანი პოლიტიკური დაჯგუფების სასარგებლოდ ასრულებდა. ყოველთვის გაუთვალისწინებელი რჩებოდა ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. სრულად ვერავინ ვერასდროს აცნობიერებდა საყოველთაო თანხმობის, კონსესუსის განუსაზღვრელად დიდ მნიშვნელობას.

მიუხედავად ამგვარი წარსულისა, მიმდინარე ეტაპზე მაინც გამიჩნდა უმცირესი იმედი იმისა, რომ ახლადშეკრებილი ჯგუფი მუშაობის განსხვავებული სტანდარტების სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ჩემს ოპტიმისტურ განწყობას, ალბათ, გულუბრყვილობა და კომისიის თავმჯდომარისადმი ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა განაპირობებს. ამასთანავე, პირველსავე სხდომაზე პოლიტიკოსებმა ხაზგასმით განაცხადეს, რომ ძირითადი კანონის რეფორმირების პროცესი რიგითი მოქალაქეებისათვისაც ღია იქნება. აქედან გამომდინარე, გავბედე და გადავწყვიტე, რომ რამდენიმე მოკრძალებული მოსაზრება გაგიზიაროთ თითოეული ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესახებ.

რა არის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? აღნიშნულ ნახევრადრიტორიკულ კითხვაზე ჩემი პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ჩვენი ქვეყნის მთავარი უბედურება გაუსაძლისი სიღარიბე და სოციალური უსამართლობაა, რასაც ხშირად მოქალაქეთა ეკონომიკური უფლებების მუდმივი და მიზანმიმართული დარღვევა განაპირობებს ხოლმე. დავაკვირდეთ, უკანასკნელ პერიოდში ჩვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს. რამდენიმე კვირაა ელემენტარული სამუშაო პირობებისა და ადეკვატური გასამრჯელოსათვის ყოველდღიურად იბრძვიან კაზრეთის ოქროს მომპოვებელი საწარმოს თანამშრომლები, ათწლეულებია ღირსეულ ანაზღაურებასა და შრომის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვენ ჭიათურელი მაღაროელები თუ ტყიბულელი მეშახტეები. რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო? ქვეყნის ხელისუფლება დუმს და შორიდან აკვირდება მოქალაქეთა დისკრიმინაციის წარმატებულ მცდელობებს, ვერც კანონმდებლობა გვთავაზობს მუშათა უფლებების დაცვის ქმედით ბერკეტებს.  არადა, 93 წლის წინ მიღებული საქართველოს პირველი კონსტიტუცია სრულიად რეალისტურად წარმოგვიჩენს სოციალური სამართლიანობის დამყარების შესაძლებლობებს.

1921 წლის 21 თებერვალს, საომარი მომქმედებების დროს დამტკიცებული საქართველოს ძირითადი კანონის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებად შეგვიძლია მივიჩნიოთ მისი მეცამეტე თავი, რომელიც მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ჩამონათვალს აერთიანებს. მაგალითისათვის შემიძლია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მუხლი შემოგთავაზოთ:

მუხლი 113:

რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის

მუხლი 119:

უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით.

მუხლი 125:

რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალური პირობანი წარმოებაში.

არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს დამქირავლებისაგან.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თავი რომ არ მოგაბეზროთ პირდაპირ გეტყვით - ვფიქრობ, აუცილებელია სამოქალაქო ინიციატივის ჩამოყალიბება, რომელიც ახლადშექმნილ კომისიას მომავალ კონსტიტუციაში სოციალური და ეკონომიკური უფლებების მკაფიოდ წარმოჩენას მოთხოვს.

ვინ უნდა იყვნენ ამგვარი მოძრაობის ინიციატორები?

ცხადია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ყველაზე სერიოზული ზეწოლის განხორციელების შანსი სოციალური სამართლიანობის დაცვაზე ორიენტირებულ თავისუფალ სტუდენტებს გვაქვს. გარდა ამისა,  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებაში ძალას იკრეფენ ახალგაზრდული მემარცხენე გაერთიანებები და თან წინ 1 მაისი გველის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^