Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უბრალო ქრისტიანობა და ნამდვილი ლიბერალიზმი

29 აპრილი 2014

მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირობა არსებობს იმედგაცრუებისა და ნიჰილიზმის აყვავებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კარგი ჭაობი უფრო გვეთქმის, ვიდრე თანამედროვე ქვეყანა თავისი სახელმწიფო ატრიბუტებით, მაინც უნდა ვწეროთ და ვილაპარაკოთ, თორემ ჭაობი დაგვახრჩობს და ახიც იქნება ჩვენზე.

სახელმწიფოსა და ხალხისათვის ფარისევლობაზე დიდი მტერი არ არსებობს. ამ სენით დაღდასმულ საზოგადოებას ნელ-ნელა სახიფათო ნეკროზული კერები უჩნდება, რომლის "მიხუთშაბათებას" ლეტალური შედეგი მოსდევს. ნეკროზული კერები სასწრაფოდ გამოსავლენი და მოსაშორებელია.

1. ფარისევლური რელიგიურობა

ჩვენი კულტურისა და ისტორიისთვის იმაზე უფრო ორგანული და ბუნებრივი მახასიათებელი, ვიდრე ქრისტიანობაა, მთელი მისი ეგზოთერული გამოვლინებით (მხედველობაში მაქვს ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ძეგლები) და მისი შინაარსის თუ სულიერი ფასეულობების ღრმა ცოდნით, რაც მოფენილია, თითქმის აბსოლუტურად, ქართულ ხელოვნებასა და ყოფით ცხოვრებაში, არ არსებობს და ბუნებრივიც არის, - საქართველო ოცსაუკუნოვანს თუ არა, თხუთმეტსაუკუნოვანი ქრისტიანობის ისტორიას მაინც ითვლის. ამ კულტურამ თავისი განსაკუთრებული, ჭეშმარიტად განსულიერებული მატერიალური კულტურა დაგვიტოვა, რომლის ხასიათმა - სისადავემ და დახვეწილმა უბრალოებამ - თავისი კვალი დააჩნია ჩვენს სულიერებასაც.

ქრისტიანობას გულით ვატარებდით და საქმით ვამტკიცებდით. ეს აძლიერებდა და აცოცხლებდა ქართველს, ეს იყო მისი ხელშეუვალი და უხილავი საუნჯე. ხოლო როდესაც ქრისტიანობის ჭეშმარიტ გაგებას, მის შინაგან განცდას საფრთხე შეექმნა, ილიამ თავის ნაწერებში ერს უქადაგა ახალი ქრისტიანობა, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი დევიზი ასე ჩამოაყალიბა - "სიტყვა საქმიანი უნდა იყოს და საქმე -სიტყვიანი". ამ დევიზის გაშლა მთელი ქრისტიანული სწავლების მასშტაბებს სწვდება, ამ დევიზის ფარგლებში ფარისევლობა ადგილს ვერ დაიმკვიდრებს და - ვერცერთი ის მანკიერება, რის წინააღმდეგაც ქრისტეს სწავლება ილაშქრებდა. მთავარი ეს იყო - სიტყვით ნაქადაგებ ქრისტიანობას საქმე მოჰყოლოდა, ხოლო საქმე მართალი სიტყვით ყოფილიყო განმარტებულ-განათლებული. დღეს კი, იმ დროს, როდესაც ამ სიტყვების მთქმელი ილია წმინდა ილია მართლად გვყავს შერაცხული, ყველაფერი გვაქვს ამ დევიზის შინაარსის გარდა - ცრუ სიტყვა, ცრუ-რწმენა, პომპეზური სახალხო სვლები იმ ტაძარში, რომელშიც პოლიტიკაში დაწინაურებამდე ზოგიერთ პოლიტიკოსს ფეხი არ შეუდგამს, მაგრამ გაპოლიტიკოსებას გაეკლესიურება მოჰყვა ეტიკეტად, არა – მოყვასის სიყვარულით სავსე ტაძარი, არამედ სასწაულის მომლოდინე (მრევლი კი არა) მასა, რომელსაც ეს სასწაული მხოლოდ "თავისთვის უნდა", თავისი პატარა ჭკუა-გონებისთვის. ეგზოთერული, ანუ ხილული ქრისტიანობის ასეთ ნებაყოფლობით ეპატაჟს, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, არც კი ვიცი, სხვაგან ვიპოვით თუ არა, თვით ლიბერალიზმზე უაღრესად მწყრალად მყოფ ქვეყნებშიც კი.

რაღაც უცნაური, ქართული შემართების ფარისევლობა გვჭირს ყველაფერში - საეროშიც და სასულიეროშიც. ერთი მეორეს სულს უბერავს და ამხნევებს, ერთს გაუჭირდება, მეორე წაახმარს თავის ავტორიტეტს და ვართ ასეთ ფსევდო-ლიბერალურ, ფსევდო-ქრისტიანულ, ფსევდო-ეროვნულ ტაშფანდურში. იმდენად ფსევდო და ყალბია მთელი ეს მოძრაობები, რომ იმ ადამიანთათვისაც აღარ რჩება ადგილი, ვისაც ნამდვილად უნდა ტაძარი, ანდა, ნამდვილად შეუძლია პოლიტიკის "კეთება" თუ ქვეყნის დაცვა. უბრალო, არაზეპური მრევლი წმინდანის გადმოსვენებას შორიდან შესცქერის, პოლიტიკოსები "მთხვევისგან" იმთხვევიან, ჯარისკაცები წმინდანს იცავენ (ნეტა, ვისგან?! ალბათ - გულანთებული მორწმუნეებისგან). სრული ფასეულობითი თუ ფუნქციური აჯაბსანდალი ბოგინობს ქვეყანაში. ვინმეს არ ეგონოს, ეს "მოდა" ახალი ხელისუფლების შემოტანილი იყოს, არა, მემკვიდრეობით მიიღო წინა ხელისუფლებისგან, წინამ - თავის წინამორბედისგან. მაშინაც ასე იჩაგრებოდა მრევლი, როდესაც მაღალი პოლიტიკური ელიტა სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ესწრებოდა და ამით პოსტსაბჭოთა საქართველოში უხილავი ხელის მიერ დადგენილ ეტიკეტს ასრულებდა. ქრისტეს ეკლესია კი ზეპურთათვის არ ყოფილა უპირატესი, "ტვირთმძიმეთა და მაშვრალთ მხსნელი" იყო ოდითგან, (ზეპურნი ადრე თავიანთ კარის ეკლესიებში ლოცულობდნენ და "დაბალ" მრევლსაც ნაკლებად ჩაგრავდნენ). მაგრამ მხოლოდ მაღალი პოლიტიკური ელიტა რომ ფარისევლობდეს, რაღა გვიჭირდა, არჩევნების შემდეგ გადავირჩევდით და ამით დავამთავრებდით. ჩვენი უბედურება საზოგადო ჭირშია - ჩვენს მასობრივ წამხედურობაში, ურწმუნობასა და სასწაულის მოლოდინში, ქრისტიანობის უკიდურეს მატერიალიზაციაში, ყველა სიკეთის აქ, მიწაზე დამკვიდრების მოლოდინში, არადა, ამ უკანასკნელს ანტიქრისტიანული ბოლშევიზმი გვიქადაგებდა - მიწიერი სამოთხის, კომუნიზმის შექმნის დაპირებით. არც იქ იყო ღმერთის ადგილი, ამიტომ ლენინი ჩაანაცვლეს და აღარც აქ რჩება ჯვარცმული და მართალი ქრისტეს თავის მისადრეკი - აქაც კერპი ბატონობს, შუშისთვალება, ფულისთვალება, ოქროს კერპი. ჯვარცმული ქრისტე და მისი ჭეშმარიტი მოყვარულნი კვლავაც სადღაც, განზე რჩებიან და კვლავაც თავის მისადრეკს ეძიებენ. ძალიან დაშორდა პომპეზურობით და ბრჭყვიალებით დაღდასმული სარწმუნოება თავის თავს და კარგი იქნება, თუ გავააქტიურებთ პატიოსან განცდას ერთი ჩვენი ძვირფასი აგიოგრაფიული ტექსტიდან - "მსოფლიოთა დიდთა მათ ეკლესიათა არასადა უმრწემეს არიან წმიდანი იგი უდაბნოთა ეკლესიანი". მართალია, სხვა კონტექსტშია ეს სიტყვები ნათქვამი, მაგრამ მაინც, ზოგად და საყოველთაო მნიშვნელობას ატარებენ.

ყველაზე სავალალო ამ ფარისევლური ტაშ-ფანდურის შედეგებიდან კი ის არის, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს, რომელიც გარედან უმზერს და გულგრილია და მასთან ერთად, საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც ათეისტებისა და სხვა კონფესიების მიმდევართაგან შედგება, უჩნდებათ რწმენა და სიხარულიანი მოლოდინი, რომ ქართული ეკლესიის დრო წავიდა, რომ მას სრული კრახი ემუქრება. თუ ასე გაგრძელდა და გარეგანმა, მატერიალურმა ჰიპოსტასმა იმძლავრა, ეს განწყობა ეგებ წინასწარმეტყველურიც იყოს, მაგრამ იმ ადამიანებმა, ვისთვისაც ძვირფასია ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ვისთვისაც იგი უფრო მეტია, ვიდრე "სამ დღეში დასანგრევი ტაძარი", თავად უნდა გამონახონ რესურსი ამ ეკლესიის "პირვანდელი ხატის" აღდგენისთვის. როგორ, რა ფორმით? - ჭეშმარიტი ქრისტიანული ფასეულობების გაცნობიერებით და არა - ცრურწმენად ქცეული, გაკერპებული ქრისტიანობით. ფაქტობრივად, ქმედით, ცოცხალ ქრისტიანობაზე, ანუ იმ ქრისტიანობაზე, რაც ილიამ შეგვახსენა – "სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი" – დაყრდნობით არის შემუშავებული თანამედროვე ლიბერალური ღირებულებები, რომლის სათავეში ადამიანი დგას თავისი შემწყნარებლური ბუნებით. ასე რომ, არც ისე ძნელია ტრადიციულის მორიგება თანამედროვეობასთან. ხოლო როდესაც საზოგადოება ამგვარ ქრისტიანობას წამოსწევს წინა პლანზე, ამ საზოგადოების შემადგენელი სხვადასხვა შტოებიც თავ-თავიანთ "ლეგიტიმურ შენობებში" დამკვიდრდებიან.

2. აგრესიული რიტორიკა

თუ რამე ანგრევს და შეურაცხყოფს თანამედროვე, დემოკრატიულ სამყაროს, ფარისევლობის გვერდით, საზოგადოების მიერ დამკვიდრებული აგრესიული რიტორიკა და აგრესიული განწყობებია, რომელთაც ხშირად ფობიები ასაზრდოებენ. ჩვენი საზოგადოების მთავარი მახასიათებელი ფარისევლურ რელიგიურობასთან ერთად, სავსებით ლოგიკურად, მისი აგრესიულ-ავტორიტარული სულისკვეთებაა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ხელისუფლება გვყავს - ავტორიტარული გვყავდა, აგრესია გვეწერა დროშაზე, შედარებით ლიბერალური (ვაითუ, ფასეულობების ნიველირების ხარჯზე გალიბერალურებული!) ხელისუფლება გვყავს და აგრესია კვლავაც მყარად ზის ტახტზე. არადა ჩვენი საზოგადოების ერთ დიდ ნაწილს ავტორიტარიზმის შეცვლა კი უნდოდა, მაგრამ არა - ფსევდო-ლიბერალური პოლიტიკით. როდესაც ფასეულობები და პრიორიტეტები იცვლება, საზოგადოებრივი განწყობაც მას უნდა მიჰყვეს, მასთან ერთად უნდა შეიცვალოს. ახლა კი რა ხდება? - წარჩინებულთა სახელები იცვლება, ნამდვილი ლიბერალიზმის ნაცვლად ვიღებთ, არც მეტი, არც ნაკლები, ე.წ. "ზასტოის", საზოგადოების აქტიური ნაწილი კი კვლავაც რჩება აგრესიული და ნეგატივზე ორიენტირებული. ასეთი განწყობისა და რიტორიკის ვადების გახანგრძლივებას, საეჭვოა, რაიმე პოზიტიური შედეგი მოჰყვეს. თუ უკეთესი მომავალი გვინდა, სწორედ გაწონასწორებულმა, ანალიტიკურმა, განსჯის უნარის მქონე საზოგადოებრივმა აზრმა უნდა გადმოინაცვლოს ავანგარდში. მიზანთროპიას და ჰომოფობიას როგორმე უნდა გამოვტაცოთ "ეთნიკურად ქართველის" და "კონფესიურად მართლმადიდებლის" სტატუსი, მხოლოდ ასე გადარჩება ქართველობაც და მართლმადიდებლობაც.

ვინმემ არ იფიქროს, ზემოხსენებული სენით მხოლოდ სხვაა შეპყრობილი, თავად კი თავისუფალია მისგან და შეუძლია, მენტორის ან მოძღვრის მანტია მოისხას. თითოეული ჩვენგანი (რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ხარისხით) ატარებს ამ მანკიერებებს, თუნდაც უშუალოდ არ მონაწილეობდეს რომელიმე მასშტაბურ (ფარისევლურ ანდა აგრესიულ) აქციაში, რაკიღა ითმენს და ეგუება. და ვიდრე ვეგუებით, ვერც დავძლევთ. მხოლოდ შეუგუებლობას, მხოლოდ ქმედით და შეუპოვარ ნაბიჯებს შეუძლია საზოგადო ჭირის მოშორება, რომელიც ნელ ცეცხლზე გვწვავს და არ გვაძლიერებს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივნისი
19 ივნისი

იგი წავა და სხვა მოვა...

ბავშვობაში თუ ვინმე ფერს კარგავდა, სუნთქვა უჭირდა და სიკვდილის ჩაბღაუჭებულ კლანჭებს გრძნობდა, აუცილებლად რუსეთში გააქანე ...
17 ივნისი
17 ივნისი

რატომ გვეხება ღირსების მარში ყველას?

ფოტო: ვახო ქარელი 14 ივნისს სამსახურიდან გამოსვლის წინ ფეისბუქზე ინფორმაცია ვნახე, ფრაიდის გუნდი აქციას მართავდა კ ...
14 ივნისი
14 ივნისი

ინტერნეტში მკვლელი დადის და მას კიბერბულ ...

შარშან ზაფხულს ჩვენი სმარტფონების ეკრანებს 16 წლის გოგონას ფოტო მიეხატა.    გოგონამ თავი მოიკლა მის მიმა ...

მეტი

^