ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველო ხელს აწერს ასოცირების ხელშეკრულებას. დავა იმის შესახებ, ვინ უნდა მოაწეროს ამ შეთანხმებას ხელი, ჯერ კიდევ აქტუალურია. თუმცა, პრემიერ-მინისტრის აზრით, ამაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საზოგადოებაში ჭარბობს ამ საკითხისადმი ნიჰილისტური განწყობა: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას? მთავარია მას ხელი მოეწეროს“... ვფიქრობ, არსებობს ორი მიზეზი იმისა, რომ ზუსტად ვიცოდეთ კონკრეტულად ვინ, უფრო სწორად კი რომელი კონსტიტუციური ინსტიტუცია არის უფლებამოსილი ასოცირების შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ამ საკითხის დადგენა მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: პირველია ფორმალური მხარე, მეორე – მატერიალური.
თუ რამდენიმე წლის შემდეგ სხვა, ახალი ხელისუფლების ან რომელიმე საგარეო „მოთამაშის“ მიერ დღის წესრიგში დადგა ასოცირების ხელშეკრულების ანულირების, ან მისი დენონსაციის საკითხი, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ფორმალური გარემოება: ფორმალურ-სამართლებრივად, რამდენად იყო ხელისმომწერი პირი ან ინსტიტუცია უფლებამოსილი? ჰქონდა მას ლეგიტიმაცია იმისა, რომ ხელი მოეწერა ასეთი შეთანხმებისათვის? თუ ასეთი შემოწმების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, თვით ასოცირების შეთანხმების ლეგიტიმაცია დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
მეორე ფაქტორს კონსტიტუციური ნორმების შინაარსობრივი მხარე ქმნის. თუ ეს უკანასკნელი უმნიშვნელოა, მაშინ შინაარსგამოცლილი რჩება კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპი. თუ ჩვენ გვსურს ამ პრინციპის უგულებელყოფით შევაბიჯოთ ევროკავშირში, მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა, რამდენად ვართ ჩვენ მზად ევროკავშირის წევრობისათვის?
ამ საკითხზე დისკუსია დასრულებულად ჩაითვლებოდა, დავა კომპეტენციათა თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს რომ გადაეწყვიტა და არა მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი საკითხს დახურულად გამოაცხადებდა. კონსტიტუციური დავა კომპეტენციათა შესახებ სასამართლოში პრეზიდენტმა უნდა წამოიწყოს. თუ სამართლებრივ სახელმწიფოში პრეზიდენტის ასეთი ქმედება სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის გამოვლინებად შეფასდება, საქართველოში მისი ამგვარი ნაბიჯი „პოლიტიკურ განხეთქილებად“ ან „პრეზიდენტის ამბიციების ზრდად“ იქნება განხილული.
რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, მაინც ვინ არის უფლებამოსილი, ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას? კონსტიტუციონალისტებს არ აქვთ ცალსახა პასუხი, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ამასთან დაკავშირებით ერთგვაროვან მითითებას არ აკეთებს, იგი სისტემურად, ნორმათა ერთობლივი განმარტებითა და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს.
საინტერსოა, თუ რა არგუმენტებით ასაბუთებენ მხარეები (ამ შემთხვევაში აქტიურობს მთავრობა) თავიანთ პოზიციებს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის დასახელებული არგუმენტაცია – "ვინც აწარმოებს მოლაპარაკებას, ის აწერს ხელს" - ვერ ჩაითვლება დამაჯერებლად. ერთი მხრივ, ამ მოლაპარაკებებს საქართველო ჯერ კიდევ 2007 წლიდან აწარმოებს (2007 წლის სამეზობლო პოლიტიკის საქართველო- ევროკავშირის სამოქმედო გეგმის თანახმად). ამ დროიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ძირითადად პრეზიდენტი და მთავრობაც. ახალმა მთავრობამ წარმატებით გააგრძელა მოლაპარაკებების პროცესი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ადრე ან ახლა ხელისუფლების რომელიმე შტო დამოუკიდებლად აწარმოებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას, რადგან ისინი საგარეო ურთიერთობებში ყოველთვის მოქმედებდნენ და მოქმედებენ საქართველოს სახელით. მეორე მხრივ, პრეზიდენტს მოქმედი კონსტიტუციით ენიჭება "არბიტრისა" და "წარმომადგენლის" როლი. მაგალითად, იგი მხოლოდ "ფორმალურად" წარადგენს და შემდეგ ნიშნავს პრემიერ-მინისტრს. რა თქმა უნდა, იგი ვერ გადაწყვეტს, ვინ იქნება პრემიერ- მინისტრის კანდიდატურა, არამედ იგი თავისი სურვილისაგან დამოუკიდებლად (პარლამენტის საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებით) წარუდგენს პარლამენტს პრემიერ- მინისტრის კანდიდატურას, მაგრამ ფორმალურად სწორედ პრეზიდენტი აწერს ხელს მისი დანიშვნის აქტს. არა იმიტომ, რომ ამ საკითხზე იგი იღებს გადაწყვეტილებას, ან იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს საპარლამენტო ფრაქციებს შორის, არამედ იმიტომ, რომ მას „წარმომადგენლობითი“ და „არბიტრის“ ფუნქცია აქვს. ამ მექანიზმში გამოიხატება საპარლამენტო მმართველობის ფორმა. იგივე მექანიზმი მოქმედებს საგარეო მოლაპარაკებების შემთხვევაშიც. პრეზიდენტი მართალია არ არის გადაწყვეტილების მიღების უნარიანი (ამიტომ სჭირდება მას მთავრობის თანხმობა), მაგრამ იგი საქართველოს სახელით ხელს აწერს – მოლაპარაკების შედეგს – ხელშეკრულებას. ისევე როგორც ეს ხდება, მაგალითად, საკანონმდებლო პროცესში: იგი ხელს აწერს კანონს, მიუხედავად იმისა, რომ მას იოტისოდენა წვლილიც კი არ მიუძღვის ამ პროცესში (იმ შემთხვევების გარდა, როცა მან ვეტოს უფლება გამოიყენა). შესაბამისად, ვინც ხელს აწერს, სავალდებულო არ არის იყოს სამუშაო პროცესის მონაწილე. ამიტომაც მთავრობის არგუმენტი, რომ "პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულება იურიდიულ ძალას ვერ შეიძენს", არ არის მართებული და არ შეესაბამება საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკის ფორმას.
მთავრობის არგუმენტაციისგან დამოუკიდებლად, პასუხს კითხვაზე, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, კონსტიტუცია ორი ჩანაწერით პასუხობს. ერთი მხრივ, საერთაშორისო მოლაპარაკებებს მართავს და ხელშეკრულებებს ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით (საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 73, პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი); მეორე მხრივ კი, კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები საქართველოს წარმოადგენენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. აქ საყურადღებოა, თუ რა მოიაზრება „მთავრობის კომპეტენციაში“: მთავრობა უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობას, რომელიც გამოიხატება ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის უზრუნველყოფაში. ხოლო იმის დადგენა, თუ რამდენად ჯდება ასოცირების შეთანხმება მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ფარგლებში, მარტივად არის შესაძლებელი. რადგან ასოცირების ხელშეკრულება არის ყოვლისმომცველი შეთანხმება, იგი პირველ რიგში საკანონმდებლო რეგულირებათა ჰარმონიზაციას, მართლმსაჯულების საკითხებს და მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების „კომპეტენციების“ სფეროსაც მოიცავს.
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ლეგიტიმაციით „პირველი პირი“, მთავრობასთან შეთანხმებით აწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას.
პასუხი სტატიის თავში დასმულ კითხვაზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა, ვინ მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ცალსახაა: შეთანხმების ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია სამართლებრივად – საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ – განისაზღვროს თუ ვინ, რომელი კონსტიტუციური ორგანო არის უფლებამოსილი, ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას. რათა მისი ფორმალური მხარე არასოდეს გახდეს მისი ლეგიტიმურობის ეჭვის საბაბი. შინაარსობრივი, მატერიალური მხარე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირამდე, რომელიც იდეურად ევროპულ ღირებულებებს (სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს) ნიშნავს, ვერ მიგვიყვანს მცდარი, შემთხვევით და შეუგნებლად არჩეული გზა, რომელსაც დღეს ჩვენი ნიჰილიზმის წყალობით ვადგავართ.