Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაშუში ფოტოგრაფები, სოლიდარობა და მე

17 ივლისი 2014

„ურჩხულებზე ნადირობით“ ხელისუფლებაში მოსული „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ რომ „გაურჩხულდა“, 2011 წლის ივლისში ვაღიარე. მანამდე სულ ხავსს ვეჭიდებოდი და სამი სხვადასხვა ხმით ერთნაირი ამბების მოყოლისთვის რაიმე ლოგიკური და პროზაული ახსნის მოძებნას ვცდილობდი: რომ ქვეყანამ სულ ახალახანს ომი გადაიტანა, რომ დემოკრატიის გასაძლიერებლად ინსტიტუტების მოდერნიზება გვჭირდება და ა.შ. 2007 წელს „იმედის“ დარბევის შემდეგ ასეთი არგუმენტების მოძიება სულ უფრო რთულდებოდა, მაგრამ ბოლომდე ხელი არ ჩამიქნევია.

მაგრამ იმისთვის, რაც 2011 წლის 7 ივლისს მოხდა, ჭკუასთან ახლოს მყოფი ახსნის მოფიქრება შეუძლებელი იყო. იმ დღეს, გამთენიისას, ოთხი ფოტოგრაფი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. “დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება” - აცხადებდა მაშინ შსს.

ეს აურზაური ჩემთვის განსაკუთრებით ახლობელი მას შემდეგ გახდა, რაც აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი დაკავებული ფოტოგრაფი, ზურა ქურციკიძე ჩემი თანამშრომელი ყოფილა. ზურას ფოტოსააგენტოს მესაკუთრე ის გერმანული საინფორმაციო სააგენტოა, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ.

ვითარების აბსურდულობის აღქმაში ჩემი რედაქტორი დამეხმარა. დამირეკა და მითხრა, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში ჩემი არსებობის შესახებ გაფრთხილებულია და საათში ერთხელ მაინც უნდა გავიდე მოსკოვის ბიუროსთან კონტაქტზე, რომ საჭიროების შემთხვევაში ზომები დროულად მიიღონ. სააგენტოს მოსკოვის ბიურო მთელს ყოფილ საბჭოეთს ფარავს. ამაზე ცოტა ქვემოთ მოგიყვებით.

მაშინ ფოთში ვცხოვრობდი. სწორედ იქ მომაკითხეს ღამის 2 საათზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში “სასაუბროდ” წასაყვანად. შენობაში დარაჯის გარდა არავინ იყო, მაგრამ დიდ განათებულ ოთახში 3 ადამიანი დამხვდა. ერთი უფროსი იყო, 2 - ხელქვეითი. ხელქვეითთაგან ერთ-ერთი მომიახლოვდა და მკითხა:

-       ვი ჰაიზთ დუ?

-       იჰ ჰაიზე ირაკლი, - ვუპასუხე მეც ინსტიქტურად.

ცოტა ხანში გაირკვა, რომ ეს ადამიანი ზუგდიდიდან საგანგებოდ ჩემთვის გერმანულში გამოსაცდელად ჩამოუყვანიათ. კიდევ მკითხა რაღაცეები, მეც ვუპასუხე და ბოლოს შევთანხმდით, რომ გერმანული ვიცი. თვითონ წაიწუწუნა კიდეც - ენა ზუგდიდში სკოლაში ვისწავლე და პრაქტიკა მაკლიაო. მოკლედ, ასე დაიწყო ჩემთვის „ახსნა-განმარტების ჩამორთმევა“, როგორც ეს პროცესი მასპინძლებმა მოიხსენიეს.

ისეთი გულადიც არ ვარ, შუაღამისას კონტრმზვერავებთან მოულოდნელი გაბაასების რომ არ შემშინებოდა. უბრალოდ, წამოსვლამდე სააგენტოს გაფრთხილება მოვასწარი. იმათმა კი მითხრეს, რომ საელჩოს შეატყობინებდნენ და ნებისმიერ დროს უნდა დამერეკა, რომ ადვოკატი გამოეგზავნათ.

ამიტომ საკმაოდ რიხიანად ვუთხარი უარი, როცა საუბრის ვიდეო-ჩაწერა დააპირეს. „თუ უნდა გადაიღოთ, სანამ არ დავრეკავ, არც ერთ სიტყვას არ გეტყვით-მეთქი“, - მოვუჭერი, როგორც ფილმებში მინახავს.

 

მერე რაღაც ფურცელი მომაწოდეს ხელმოსაწერად. მანდ ეწერა, რომ საიდუმლო ინფორმაციას არაფრით გავამჟღავნებდი. ამაზეც მტკიცე უარი განვაცხადე - ინფორმაცია თუ ჩემამდე მოვიდა, ეგ საიდუმლო აღარ იქნება-მეთქი, ვუმტკიცებდი. დიდი იწილო-ბიწილოს შემდეგ თავად დავწერე ტექსტი - რომ, თუ დღეს სახელმწიფო საიდუმლოებას შევიტყობდი, არ გავამჟღავნებდი - და ხელიც მოვაწერე.

ის, რომ ფოტოგრაფები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაიჭირეს, საიდუმლო არც მაშინ იყო და ახლა მით უმეტეს არაა. კონტრდაზვერვის ფოთის განყოფილებაშიც ეს მიამბეს პირველ რიგში. მერე შუახანს გადაცილებულმა ჩაფსკვნილმა მამაკაცმა, რომელიც დანარჩენების უფროსი იყო, მითხრა, რომ ჩემთან პირდაპირ თბილისიდან მოდიან. რომ გადაწყვეტილი იყო მეც სპეცნაზითა და ნიღბიანებით ავეყვანეთ, როგორც დანარჩენი ჯაშუშები, მაგრამ ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ჩემმა ძველმა ნაცნობმა, თავი მოიკლა და ყველა გადაარწმუნა, რომ ეს საჭირო არ იყო. მოკლედ, აქაც ყველა დეტექტივში გათამაშებული სქემა - კეთილი პოლიციელი, ბოროტი პოლიციელი.

დაახლოებით ნახევარსაათიანი შემზადების შემდეგ საქმეზეც გადავედით. კითხვებს ძირითადად უფროსი მისვამდა. ჩემი თანამშრომლობის და ანაზღაურების შესახებ რომ მოვყევი, სერიოზულად დაინტერესდა, რატომ არ მიჩნდებოდა კითხვები - ვისგან და როგორ ფინანსდებოდა სააგენტო და რაში მიხდიდნენ ფულს მე.

სხვა რა გაეწყობოდა, მოკლედ აღვწერე პროცესი ნიუსის მოპოვებიდან მის გაყიდვამდე.

მომდევნო ჩამჭრელი კითხვა მოსკოვის ბიუროს შეეხებოდა. რომ იქ პუტინის გარეშე ჩიტიც ვერ გადაფრინდება და ა.შ. ამაზე ნაწილობრივ შევთანხმდით კიდეც. მით უმეტეს, რომ მოსკოვში მომუშავე რამდენიმე კოლეგისგან გამიგია, როგორ აშკარად უთვალთვალებენ ხოლმე და ლამის შიზოფრენიამდე მიდიან ირგვლივ აგენტების თვალებით ძებნით.

ამასობაში თავდაპირველი დაძაბულობა განიმუხტა. როცა უფროსმა თანამშრომელს ხმამაღლა გადაულაპარაკა თვალით ჩემზე მინიშნებით, საშუალება რომ გვქონდეს, მოსკოვის ბიუროში ორმაგ აგენტად ჩავნერგავდით და როგორი სასარგებლო იქნებოდაო, ხმამაღლა გამეცინა კიდეც.

შემდეგ უკვე საქმის არსზე გადავედით - რა ინფორმაციას ვაწვდი რედაქციას და რა გზებით. რადგან ფოთიდან გაკეთებულ რეპორტინგში რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არ მეგულებოდა, პირდაპირ შევთავაზე - გადმოგიწერთ მთელს სკაიპ-მიმოწერას და თავად გაერკვიეთ-მეთქი. იდეა მოეწონათ, მაგრამ შესრულება ცოტათი გაგვირთულდა. აღმოჩნდა, რომ კონტრდაზვერვის ფოთის განყოფილებაში ინტერნეტთან არც ერთი კომპიუტერი არ იყო მიერთებული. რას ვიზამდით, სადღეღამისო ინტერნეტკაფე ახლომახლო არ მეგულებოდა, ამიტომ ჩემთან სახლში დავბრუნდით, ნოუთბუქი მაგთის სტაფილოსფერმოდემიანად წამოვიღეთ და ბოლო 3 თვის მიმოწერა ამოვბეჭდეთ. ბევრი იყო, ყველას ვერ ვთარგმნიდი - მათგან შემთხვევით შერჩეული მონაკვეთები ვთარგმნე, ორიგინალთან კი ზუგდიდელმა გერმანისტმა შეადარა.

ამასობაში დაგვათენდა კიდეც. მზვერავებსაც შემოელიათ შეკითხვები. კონტრმზვერავების უფროსმა ხაშზე დამპატიჟა, მაგრამ თავაზიანი უარი ვუთხარი - ძალიან მეძინება და თან სახლში ჩემი წუხანდელი გაუჩინარება რომ შეამჩნიონ, ინერვიულებენ-მეთქი. ასე დასრულდა ჩემი ჯაშუშური თავგადასავალი.

თბილისელი ფოტოგრაფების ამბავი კი 22 ივლისამდე გაგრძელდა, სანამ ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათთვის ბრალი არ მოუხსნიათ. ზურა ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე სახელმწიფომ ჯაშუშებად გამოაცხადა, მაგრამ მათი შეხვედრა სულ ორიოდე კვირაში სამთავრობო ღონისძიებებსა და მიღებებზე შეგეძლოთ. ასე დადიოდნენ ფოტოაპარატგადაკიდებული ჯაშუშები ხელისუფლების შეცვლამდე, როგორც ძალაუფლებისაგან გარყვნილების თვალსაჩინოებები. 

3 წლის წინ, 7-დან 22 ივლისამდე ჟურნალისტები ამ აბსურდს ხან თვალახვეულები, ხან საყვირებით, ხანაც გაზეთების ცარიელი თავფურცლებიდან აპროტესტებდნენ. დღესაც, როცა სოლიდარობაზე საუბრობენ სულ ის 2 კვირა მახსენდება. მაშინ დავრწმუნდი, რომ გულწრფელ და უანგარო სოლიდარობას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მით უმეტეს, თუ ზუსტად იცი, რას აპროტესტებ და ვის მიმართ ხარ სოლიდარული.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^