Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სწორხაზოვნების აუტანელი სიმსუბუქე

02 ოქტომბერი 2014

In Memoriam Kabiria et Sonia Marmeladova

სწორხაზოვნება აზროვნების ერთგვარი მდგომარეობაა, რომელიც, შესაძლოა გვეგონოს, რომ სჯობს კიდეც სრულიად უაზროვნობას და აზრთან შორს დგომას, მაგრამ ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ამის ერთადერთი და მართებული მიზეზი ის არის, რომ თავად აზრი, როგორც ფენომენი, როგორც მოვლენა, იმდენად "არასწორი" და არასწორხაზოვანია, რომ მისი დაშტამპვა რომელიმე "გეომეტრიული ფიგურით" (ამ შემთხვევაში "სწორი ხაზით") მისი შეურაცხყოფაა. აზრი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ამორფული, ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ღვთაებრივი რამ არის ადამიანში და რაც უფრო ფართოვდება ის, მით მეტად უახლოვდება თავის პირველსაწყისს, თავის ბოლომდე შეუცნობელ მდგომარეობას. ამავე დროს, აზრი ადამიანის საკუთრებაც არის, ინდივიდის საკუთრება, რომელსაც მისი ინდივიდუალური ცოდნა და სულიერი გამოცდილება უდევს საფუძვლად.

ხშირად გავიგონებთ, “ეგ სხვისი აზრია და ეს იმეორებს”, ანუ სხვის აზრს იტაცებს. რამდენადმე დაუზუსტებელი, უფრო სწორად კი, ძნელად დასაზუსტებელია აღნიშნული შენიშვნა, რადგან, შესაძლოა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტული აზრი რომელიმე პირმა მეორეს "მოპარა". მაგრამ თავად ის აზრი, რომელიც ვინმეს მიეწერება, ხშირად არავინ იცის, "საიდან" წამოვიდა და როგორ მოაღწია მის წარმომთქმელამდე. ასე რომ, აზრების მისაკუთრება რამდენადმე უხერხულია, თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, დიდი აზრები, რომელნიც მხოლოდ რჩეულებს "ეძლევათ" საიდანღაც (არ აქვს მნიშვნელობა იმ "ადგილისა" თუ "არსების" დაკონკრეტებას) და კაცობრიობა მას ამ კაცის სახელით იმახსოვრებს. როგორც წესი, ეს ან ბრძნული აზრებია ან სულაც, სამეცნიერო თეორიები. ბუნებრივია, მიწაზე ასეთი წესებია და ასე ვცხოვრობთ.

ეს აზრის წარმოშობისა თუ განვითარების ნორმალური მდგომარეობაა, ისეთი, როგორსაც აზრი იმსახურებს - ვიღაცამ გამოთქვა, დანარჩენებმა მივიღეთ ან არ მივიღეთ, თუმცა ამ კაცის სახელთან ერთად დავიმახსოვრეთ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, იქნება ეს რომელიმე მიმდინარეობა, სკოლა თუ ა.შ. ავითარებს, ე.წ, სწორხაზოვან აზრებს და დანარჩენებიც იმეორებენ და იმეორებენ და იმეორებენ. რა ხდება და, ამ სწორხაზოვანი აზრით თავგამოტენილი ადამიანები, არც მეტი, არც ნაკლები, ნელ-ნელა იქცევიან თუთიყუშისდარ არსებებად, რომელნიც იმას ამოგძახებენ, რასაც ჩასძახებ; იქცევიან ადამიანებად, რომელთაც ნელ-ნელა დაკარგეს თავიანთი ინდივიდუალური აზრები და შეხედულებები და მთლიანად, მთელი არსებით მიეცნენ და დაემონნენ სხვებს. რამდენად მართალი და პატიოსანია ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს ასეთი განაჩენი გამოუტანა და რამდენად პატიოსანია ის ადამიანი, რომელმაც თავს უფლება მისცა, ასეთი სწორხაზოვანი, ლამის უმაღლეს იმპერატივამდე აყვანილი საკუთარი, უფრო სწორად, თავისი "სკოლის"  აზრი სხვათათვის მოეხვია თავს?! ეს ძალზე სავალალო და სერიოზული პრობლემაა, რომელსაც ორგვარი შედეგი მოსდევს - იმ ადამიანთა ზომბირება, რომელნიც ასე ცალსახად, უყოყმანოდ, გაუაზრებლად, ბრმა მორჩილებით იღებენ ასეთ სწავლებას, მომავალში კი თავადაც ქმნიან თავიანთ "ქვეკლასებს" და პატარ-პატარა "სკოლებს", სადაც თავიანთ მსგავს პატარა თუთიყუშებს ზრდიან. ამგვარი იდეოლოგიური მანქანების შედეგები კაცობრიობას აპრობირებული აქვს, ლიტერატურამაც სათანადოდ გააშუქა, (ორი დიდი სახელიც იკმარებს - ჰაქსლი და ორუელი). მაგრამ ამის მიუხედავად და ეპოქის მიუხედავად, მაინც გრძელდება ასეთი იდეოლოგიური დივერსიები და სად მიიყვანს კაცობრიობას, მით უფრო, დღევანდელი ტექნოლოგიური სიმდიდრის პირობებში, არავინ იცის. წარმოსადგენად კი ძნელი არ უნდა იყოს - თანამედროვე ზომბირებულ თუთიყუშს ათასჯერ მეტი შესაძლებლობა აქვს თავისი "წმინდა მისიის" აღსასრულებლად. მთავარია, ამ მისიამ თავსა და ტანში გაუჭაჭანოს. ასეთი "მაღალი მისიების" დასტურად ჩვენს დროში გახშირებული ტერაქტების გახსენებაც კმარა.

ამ სწორხაზოვანი, უფრო ზუსტად კი, აზრთან შორს მდგომი და მხოლოდ აზროვნების სუროგატი მდგომარეობებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მაინც რელიგიური, ანუ "სულიერებით დაღდასმული" ქადაგებებია, რომელთა ერთადერთ მიზანს იმ მოძღვრების ერთადერთობის და უპირატესობის წარმოჩენა აქვს მიზნად დასახული, რომელსაც მისი მქადაგებელი ემსახურება. ერთი შეხედვით, ეგებ, არც იმდენად სახიფათოდ მოეჩვენოს ადამიანს, რომელიც ნაკლებს ფიქრობს, ანდა ნაკლებად არის გათვითცნობიერებული, რა შეუძლია დამართოს ადამიანს იდეოლოგიურმა წნეხმა. მაგრამ ყოველი წერილი თუ მოსაზრება მხოლოდ იმისათვის იწერება და გამოითქმის, რომ ისინიც ჩააფიქროს, ვინც აქამდე ასე არ უღრმავდებოდა, არადა, ჩასაღრმავებელი, დასაფიქრებელი და გასასიგრძეგანებელია.

აბა, რა სიავე უნდა მოჰქონდეს სწავლებას, რომელიც, უბრალოდ, წმინდად ცხოვრებას, პატიოსნებას, წესრიგს, ზრდილობას, სიყვარულს გიქადაგებს! რა არის ამაზე კარგი?! ზემოჩამოთვლილთაგან რომელ მათგანზე იტყვის გონიერი კაცი უარს, რომელი არ მოეწონება და რომელს გააპროტესტებს? არც ერთს და ვერც ერთს! კეთილი და პატიოსანი, მაგრამ როგორ გიქადაგებენ თითოეული მათგანის დაცვას, ანდა რას დებენ თითოეულში, ეს არის მთავარი. მაგალითად, რას ნიშნავს "წმინდად ცხოვრება" და "სიყვარული" ასეთ მქადაგებელთათვის?

ბიძგი ერთმა "უვნებელმა" ქადაგებამ მომცა, კერძოდ, ერთ-ერთ ქრისტიან მოძღვარს, რომელიც ნაკითხობით და, ერთი შეხედვით, აზროვნებითაც გამოირჩევა იმ მრავალ სასულიერო პირს შორის, ამჟამინდელ საქართველოს უხვად რომ მოჰმადლებია, შემოუსხამს ახალგაზრდები და ქრისტიანობას ასწავლის, უფრო კონკრეტულად კი - სიყვარულსა და ერთგულებას და ნიმუშად მოჰყავს კონკიას ტრანსფორმირებული ისტორია - "დავუშვათ, კონკიას მოუკვდა ქმარი, პრინცი, გავიდა ხანი და სხვა შეუყვარდა და მასზე გათხოვდა. რა გამოდის, მას თავისი ქმარი კი არ ჰყვარებია, არამედ მისი ქონება და მდგომარეობა, ხოლო თუ ნამდვილად ეყვარებოდა, დაურიგებდა ამ ქონებას ღატაკებს, თავად კი მონაზვნად აღიკვეცებოდაო". ერთი შეხედვით, რა უნდა ჰქონდეს ადამიანს სადავო ასე ნაივურად და "ლაღად" ინტერპრეტირებული სიყვარულის ისტორიასთან, ბოლოს და ბოლოს, რომეო და ჯულიეტა წაგვიკითხავს, ანდა, - ჩვენი ვეფხისტყაოსანი, ერთშიც და მეორეშიც მიჯნურის გამო სიცოცხლეს სწირავენ ან მზად არიან მის გასაწირად. ორფეოსის მითიც შეიძლება გავიხსენოთ, ორფეოსის ჩასვლა ჰადესში და ევრიდიკეს ძიება სიცოცხლის მიღმა. სხვა უამრავი მითი თუ სინამდვილეც გაგვახსენდება, სადაც ერთგულების დასტურად ადამიანები ან სიცოცხლეს ეთხოვებიან, ან სამუდამო მარტოობას გამოუტანენ განაჩენად საკუთარ თავს, მაგრამ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ადამიანის თავისუფალ არჩევანს უკავშირდება, მის სულიერ მდგომარეობას, რაც მას სხვაგვარი ნაბიჯის გადადგმის უნარს ართმევს. სიყვარული ადამიანის აბსოლუტური საკუთრებაა, ვერც შეცვლი, ვერც მოიშორებ, ვისაც როგორ და რა ხარისხით შეუძლია, ისე უყვარს და ისე გამოხატავს. მაგრამ რეცეპტებით განსაზღვრო, რომელია ნამდვილი სიყვარული, რომ მაინცა და მაინც ასეთი უნდა იყოს და არა - სხვაგვარი, ეს შეუძლებელია, რადგან რეცეპტებით აქ ფონს ვერ გავალთ. არავინ იცის, ამა თუ იმ ადამიანის ამა თუ იმ არჩევანს როგორი "სულიერი არქიტექტურა" აშენებს; არავინ იცის, ადამიანის ამა თუ იმ ნაბიჯის მიღმა ზუსტად რა იმალება. მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაშია მისი ამოხსნა შესაძლებელი, თუ თავად ეს ადამიანი ხელოვანია და თავისი ნიჭის წყალობით დაუხატავს ადამიანებს თავისი სულიერი მდგომარეობის სურათ-ხატებს. ყველა სხვა შემთხვევაში გარშემომყოფნი თავიანთი "გარყვნილებისა" თუ სიწმინდის შესაბამის ვარაუდებს ააგებენ. ხოლო, როდესაც ერთ ისეთ ნაბიჯს, რომელსაც ქვრივის გათხოვება ჰქვია, პირველი ქმრის უსიყვარულობით და მხოლოდ მერკანტილური მიზნით ახსნი, მხოლოდ იმიტომ, რომ გათხოვდა, უცებ, ერთი ხელის დაკვრით განაჩენი გამოგაქვს სიყვარულისთვის და შენზე მონდობილ მოწაფეებს მოძღვრავ, რომ ამგვარ შემთხვევაში, არც მეტი, არც ნაკლები, თუ ნამდვილად გიყვართ და ნამდვილი ქრისტიანები ხართ, უნდა დაუტეოთ თქვენი ქონება და მონასტერს შეეფაროთ. სხვაგვარი ნაბიჯი, თუნდაც გათხოვება, სიყალბე და სიცრუე იქნება. სიყვარულისთვის ასეთი განაჩენის გამოტანა, ანუ მოწაფეთათვის ამგვარად "სიყვარულის ახსნა", სიყვარულსაც ამცრობს და მონასტერსაც. ერთი მარტივზე მარტივი მიზეზი აქვს ამას - შესაძლოა, არ გათხოვდე, ბოლომდე "ერთგული" დარჩე პირველი ქმრისა თუ პირველი სიყვარულისა, მაგრამ მაინც სიყვარულის ბაიბურში არ იყო და, მეორე - შესაძლოა, ქონება გლახაკებს დაურიგო, თავად მონასტერში წახვიდე, მაგრამ არც ქრისტიანობისა და ნამდვილი მოსაგრეობის ბაიბურში იყო. რათა?! იმათა, ჩემო კეთილო, რომ ეს ნაბიჯები იდეოლოგიამ კი არა, საკუთარმა მოსიყვარულე სინდისმა უნდა გიკარნახოს. შესაძლოა, ე.წ. ეკლესიურ მკითხველს პროტესტი გაუჩნდეს, აბა, თუ ვინმემ არ გასწავლა, რა არის ნამდვილი სიყვარული და ერთგულება, როგორ გაიგებ, როგორ მოიქცე, საიდან მოსული საით წახვიდეო. მაგრამ საქმეც ეგ არის, რომ სწავლება დირექტივა კი არ უნდა იყოს, არამედ - თავისუფალი არჩევანის მიცემა თავისუფალი სულებისთვის. ისეთი გზა, თავად მაცხოვარმა რომ აირჩია - არაფერს, ან, თითქმის არაფერს, იგი იმპერატიულობით არ "დაღავდა", სწავლებებსაც იგავებით აწვდიდა მრევლს, რომ ცალსახა და სწორხაზოვანი აზროვნებისთვის არ გაეწირა "ახლადფეხადგმული" მორწმუნენი – დაე, ყველას "თავისი სჯულისაებრ" გაეგო და ჩაწვდომოდა. ისეთი კლასიფიკაციებისა და ნორმებისაგან კი, როგორსაც, სამწუხაროდ, ჩვენი ეკლესია მისდევს, არათუ თავისუფალი იყო, სწორედ ამგვარი დაშტამპული ნორმების დასანგრევად და ახალი, ნამდვილი ეკლესიის, ნამდვილი სულიერების ასაშენებლად მოვიდა. შაბათის იგავი გინდა, ქანაანელი დედაკაცის ქრისტიანობისა, მეზვერის სარწმუნოებისა თუ, სად ჩამოვთვალოთ?!.. თავად ქრისტიანობა აუმხედრდა ასეთ მზა რეცეპტებს, ასეთ უგულო სიყვარულებს და ქედმაღალ ფარისევლობას, ამიტომ მოუწოდა თავის მიმდევრებს თვით მშობელთა დათმობისკენაც კი – თუ მშობელი "ცოცხალ ღმერთს" მოსწყდებოდა, ასეთ დროს შეეძლოთ, ისიც კი მიეტოვებინათ და უფალს შესდგომოდნენ. უფალს, ანუ ახალ სიტყვას, კაცობრიობას დასახსნელად და გადასარჩენად რომ მიეცათ.

ახლა კი რა ხდება?! სიტყვა, რომელსაც მაგიდის ქვეშ ვერ შედგამ, როგორც ლამპარს, ისე დაუმცრიათ და დაუპატარავებიათ, მხოლოდ თავიანთი საკუთრება ჰგონიათ, ქრისტე, რომელსაც ვერაფერში მოაქცევ, რადგან ვერაფერი, ვერავითარი ჩაკეტილობა ვერ დაიტევს, რადგან უზარმაზარი და უკიდეგანო ღიაობაა, პრივატიზებული ჰყავთ, ჭეშმარიტება, რომელიც თავად უფალია, მხოლოდ "საკუთარი კედლების" წიაღში მოუმწყვდევიათ, უფრო ზუსტად, სურთ მომწყვდევა, მაგრამ, ეგ ის "ჩიტი" არ არის, ვინმეს დაეჭერინოს და ჩაეკეტინოს?!

მოკლედ, ისეთი რამეებისა თუ ვინმეების დატყვევება განუზრახავთ სქოლასტიკური ქრისტიანობის მოშურნეებს, რომელთაც ვერც ჩაკეტავ, ვერც დააპატიმრებ, არ არსებობს კედელი, კარი და საკლიტური, რომელნიც მას შეაჩერებენ და დააბამენ. ამიტომ განიხვნა ყველა კარი და საკლიტური ქრისტეს ჯვარცმისას; ამიტომ დადგა უეცრად, იმ ერთი წამით,  მთელი სამყარო ერთ ჰორიზონტზე, მხოლოდ მორწმუნეთათვის კი არა, ყველასთვის, საყოველთაოდ, აბა, ასე რომ არ იყოს, ქრისტე ერთი პაწია, მხოლოდ მის ხილულ მიმდევართა საკუთრება იქნებოდა, და არა ზეციური ნობათი მთელი კაცობრიობისათვის, ვისაც სიყვარული შეუძლია, ვისაც ერთგულება შეუძლია და არ აქვს მნიშვნელობა ფერს, ზომას, წონას, გეოგრაფიას და რელიგიურ კუთვნილებას – საყოველთაობა და კათოლიკობა ამას მოიაზრებს. ამ რელიგიას მისდევდნენ რუსთაველი, ილია და ვაჟა. ჩაკეტილ, მხოლოდ საეკლესიო რელიგიურობას კი არა, კლერიკალთა პრივატიზებულ სარწმუნოებას კი არა, საყოველთაო სიყვარულის რელიგიას, რომელსაც სივრცისა და დროის განრღვევა ძალუძს, ტაძართა კრეტსაბმელების განხვნა, როდესაც თავის მაღალ ჰიპოსტასს უკანასკნელი ხმით შეჰბღავლებს მიწაზე ნაწამები, ჯვარცმული ძე. ასეთი რელიგია არასოდეს იკადრებს მზა რეცეპტების გამოწერას, ერთადერთი, ყველაზე მზა და იმპერატიული მხოლოდ ასეთია - იყვარებოდეთ ურთიერთას და გიყვარდეთ მტერიცა თქვენი, რაც იმპერატივად არც გამოდგება, ალბათ, ამიტომაც, ყველაზე ნაკლებად განუხვნეს გულის კარი ჩვენისთანა "ჭკვიანმა" ადამიანებმა.

"იყვარებოდეთ ურთიერთას!" და "გიყვარდეთ მტერიცა თქუენი!" ამ ორი იმპერატივის მიხედვით გვაცხოვრა და ორჯერ გათხოვება კი არა, მეძავობაც  ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან ზოგჯერ ამ "ძველ საქმესაც" მოყვასის სიყვარულისთვის მიმართავენ საბრალო, თავგანწირული დედები თუ დები...

ამჯერად აქ შევჩერდები, ამ "დიდ ქალებთან", რომელთაც დიდი ხელოვანები ძეგლებს უდგამდნენ და უკვალოდ არც დაკარგულან - თვალზე მოკიაფე ცრემლის დიდოსტატის, კაბირიას და წმინდა-მეძავის, სონჲა მარმელადოვას "კარიბჭეებთან"!

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^