Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოპატიჟება ტოტალურ ინსტალაციაში

06 ოქტომბერი 2014

არსებობს ერთი ამბავი, იქნებ ჭორი, რომელიც მოხერხებულმა ვლადიმირ პაპერნიმ ჩაინიშნა: 60-ან წლებში  ევგენი ევტუშენკო პარიზში შეხვდა სალვადორ დალის. ჩემი აზრით - თქვა დალიმ, ყველაზე დიდი სიურეალისტი მხატვარი ადოლფ ჰიტლერი გახლდათ. ევტუშენკომ გააპროტესტა -  წამოხტა და მიახალა: როგორ შეგიძლიათ ამის თქმა, თქვენ არ გამოგივლიათ ომისა და ტოტალიტარიზმის საშინელებები, ჩვენ კი გამოგვივლია. თქვენთან ერთად არაფერი მესაქმებაო - თქვა და წავიდა. ამბავი ამით არ დამთავრებულა - ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე, რომელიც ასევე უჯდა მაგიდას, ევტუშენკოსადმი სოლიდარობის ნიშნად წამოდგა და დალის ყავაში ჩაუფურთხა. მაშინ დალიმ საზეიმოდ ასწია ყავის ჭიქა და თქვა: მე დამილევია ყავა ნაღებით, კონიაკით, ლიქიორით, მაგრამ გამოჩენილი ხელოვნებათმცოდნის ფურთხით პირველად ვსვამ. და დალია.

ევტუშენკოს ტოტალიტარიზმის საშინელებები რომ გამოუცდია, ამაზე შეიძლება გაღიმება. მაგრამ, აქ სხვა რამ უფრო მთავარია- პაპერნისთვის დალის ეს ნათქვამი, მთლიანად ესტეტიკურ სიბრტყეზე დევს. მას არაფერი აქვს საერთო ნადვილი ომის საშინელებებთან. ხოლო ევტუშენკო იქცევა ბავშვივით, რომელიც წითელქუდას ყურებისას, სცენაზე არბის და მგელს თავს ესხმის. პაპერნი წერს, რომ დალიმ სავარაუდოდ,  სცენაზე ავარდნილი ბავშვის ცქერითაც მიიღო სიამოვნება.

დალის ბრუტალური პოლიტიკური მოქმედებები გადააქვს ესთეტიკის სიბრტყეზე, რაც  ნიშნავს ამ მოქმედებების ესთეტიკური კანონების შუქზე დანახვას. რატომ იქცევა ასე დალი, ძალიან ძნელი სათქმელია, ეს  დამოკიდებულია  შემოქმედებით მოკლევადიან ან გრძელვადიან სტრატეგიაზე, იმჟამინდელ მხატვრულ ამოცანაზე და სხვ. ოდესმე ამაზე ღირს თავის მტვრევა.

მეჩვენება, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, სწორედ, ესთეტიკურით უფრო აიხსნება, ვიდრე სხვა კანონებით. ერთი შეხედვით ულოგიკო, დამაბნეველი, ან სულაც შემზარავი  მოვლენები მაშინვე გასაგები და მკაფიო ხდება, როგორც კი გარკვეული ესთეტიკური კანონების შუქზე მოვინდომებთ მათ დანახვას. ალბათ, ჩემი გაუბედავობის გამოც, მაგალითების მოყვანას არ შევუდგები - ისინი სავარაუდოდ, უხამსი მოეჩვენება მკითხველს, და შეურაცხმყოფელიც.

თითქოს ჩვენი ცხოვრების ძირითადი მოვლენები თავად წარმოადგენენ მხატვრულ ივენთებს. ადამიანები ცხოვრობენ,  აგებენ, იგებენ, ჰყავთ მტრები და მეგობრები, მაგრამ ამ ყველაფრის ნამდვილობა ბოლომდე სარწმუნო არ არის. სადღაც იელვებს (მაყურებლის?) მზერა თუ მზერის ნათელი და უცბად ეჭვი გეპარება - ხომ არ მონაწილეობ სპექტაკლში და ხომ არ ზის აქ, შენს წინ მაყურებელი? - როგორც იმ პიესაშია.

მეჩვენება, რომ ის რაშიც ვმონაწილეობთ, მაინც უფრო ტოტალური ინსტალაციაა, ვიდრე სხვა რამ. ტოტალური ინსტალაცია კი ისეთი მხატვრული კონცეპტია, რომელშიც სივრცე არ ექვემდებარება მაყურებლის ვიზუალურ კონტროლს, მეტიც, მაყურებელი თუ მნახველი თავად ხდება ინსტალაციის ნაწილი, ობიექტი, ინსტალაციის სხვა ობიექტებს შორის. ტოტალური ინსტალაცია არ ტოვებს „ნეიტრალურ„  სივრცეს. ამდენად, ის, ვისაც გონია, რომ აკვირდება, თავადაც ობიექტია, რომელსაც სხვები აკვირდებიან და ამ დამკვირვებლებსაც სხვები აკვირდებიან და ა.შ. ხოლო ყველა მათგანი ერთად აღებული, ტოტალური ინსტალაციის კანონის შესაბამისად, ამ ინსტალაციაში ეწერება.

ტოტალურ ინსტალაციას ჰყავს ავტორი. ჩვენს შემთხვევაში ავტორთა ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ავტორობას მონდომებით მალავენ ციტატების დახვავებით, აპროპიაციით, ხანაც საკუთარი გამონაგონის სხვებისთვის მიწერით და შემდეგ ამ გამონაგონის ციტირებით. ეს ავტორები, ერთმანეთთან მუდმივი დაძაბულობის მიუხედავად, ქმნიან ტოტალობას, რომელშიც ნებისმიერი ჟესტი, ბუნტარული თუ კონფორმისტული, ამავე ინსტალაციის ნაწილი ხდება. თავად ავტორებიც, რომლებსაც თავი მაყურებლად ეიმედებათ, ხშირად აღმოჩნდებიან დაკვირვების ობიექტები, როგორც ეს უკვე არაერთხელ მოხდა. ხოლო მათ შორის დაძაბულობა გამოწვეულია ავტორის ერთადერთობისთვის ბრძოლით. მაგრამ ეს ბრძოლა არ გამორიცხავს მათ შორის კონსენსუსს, არსებული წესრიგის ძირითადი საფუძვლების შენარჩუნებისთვის.

შეუძლებელია, მონიშნო მომენტი, როცა ტოტალური ინსტალაციიდან გაღწევა შესაძლებელია. ეს ხდება თითქმის მოულოდნელად, მაგრამ როცა მოხდება, ასეთი გაღწევა საფრთხის შემცველია მთლიანად ინსტალაციისთვის, იწვევს რა მის სრულ ჩამოშლას. ამის მაგალითად გამოდგება ნაბოკოვის ერთი რომანის ფინალი - სიკვდილმისჯილი  ცინცინატი, თავის მოკვეთამდე რამდენიმე წამით ადრე, დასვამს ერთი შეხედვით, უწყინარ შეკითხვებს: რატომ ვარ აქ? და რატომ ვწევარ ასე? შემდეგ ის ადგება და მიმოიხედავს - ირგვლივ ყველა და ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი დეკორაციაა, ცაც კი და ეს ყველაფერი მის თვალწინ იფშვნება და ირღვევა. ვარდება და იშლება. ცინცინატი კი  ამ  მტვრისა და კორიანტელის გამჭოლ იქითკენ გაემართება, სადაც მოღწეული ხმების მიხედვით, მისი მსგავსი არსებები უნდა იდგნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^