Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეინსტრიმფემინიზმის კრიტიკა

27 ოქტომბერი 2014

როდესაც მარქსი და ენგელსი წერდნენ ქალთა ჩაგვრის შესახებ, აკრიტიკებდნენ მონოგამიურ ქორწინებას და ბურჟუაზიულ პატრიარქალურ ოჯახს, როგორც ეკონომიკურ ინსტიტუტს - ისინი ხელმძღვანელობდნენ იმდროინდელი მოცემულობებით. ასე მაგალითად;  შრომის გადანაწილება გენდერულად განსაზღვრულ „კერძო“ (საოჯახო) და „საზოგადოებრივ“ (საჯარო ანუ ოჯახს გარეთ) სფეროებში ანუ პროდუქციისა და რეპროდუქციის სფეროებში.

პირველი სერიოზული შრომა ოჯახზე, ენგელსის “ოჯახის კერძო საკუთრების და სახელმწიფოს შექმნაა”, რომელსაც საფუძვლად უილიამ ჰენრი მორგანის „ძველი ცივილიზაცია“ უდევს. მანამდე არსებობდა ბახოფენის ნაშრომი „დედის უფლებები“,  მაგრამ ის რელიგიური რწმენით იყო ნაკვები და არა ისტორიულ-მატერიალისტური.

ქალის შრომა ნაკლებად ფასობს, ვიდრე მამაკაცის, ენგელსის მიხედვით, ზედმეტი ქონების დაგროვებამ, რამაც კერძო საკუთრების გაჩენა განაპირობა, გამოიწვია ასევე ქალის სექსუალობის კონტროლი, რადგან მემკვიდრეობა არ გადასულიყო სხვის ხელში. ამან ქალი მიაჯაჭვა ოჯახს. შრომის ამდაგვარი გადანაწილება კარგად ემსახურება ინდუსტრიულ კაპიტალიზმს, რადგან კერძო ანუ ოჯახის სფეროში ქალის აუნაზღაურებელი შრომის ხარჯზე ხდება კაპიტალის დაზოგვა, მუშახელის შენახვა და გამრავლება.

მარქსი და ენგელსი აღწერდნენ ისტორიის ობიექტურ აუცილებლობებს და შრომითი პირობების მიხედვით შექმნილ სექსუალობას, გენდერულ როლებს და ა.შ.

მაგალითად, პრეისტორიულ ხანაში იყო შეუზღუდავი და გახსნილი სექსუალური კავშირები იმიტომ, რომ ისინი სარგებლობდნენ შრომის და თავდაცვის პრიმიტიული იარაღებით. ანუ ინდივიდს აკლდა თავდაცვის უნარი და ამიტომაც გარემოსთან ადაპტაციისათვის სარგებლობდნენ ჯოგური ინსტინქტებით. როცა ადამიანმა მოიგონა გრძელი იარაღი, რამდენიმე მეტრის სიგრძის, შემდეგ კვლავ მოყვა შრომის იარაღების გაუმჯობესება, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, როცა ტექნოლოგიები განვითარდა, დრო და სივრცე შეიკუმშა, შეიქმნა ახალი მასკულინური ჰეგემონია. ის ქმნის დოვლათს ამიტომაც დომინირებს ქალზე და როგორც ენგელსი აღნიშნავს, ზუსტად ეს იყო მდედრობითი სქესის მსოფლიო ისტორიული დამარცხება. ანდაც ნეოლითური წარმოების რევოლუცია, რამაც გამოიწვია მუდმივი დასახლებები, ახალი პროფესიების გაჩენა და კერძო საკუთრება, ხოლო ეს ყველაფერი იმიტომ რომ შეიქმნა ჭარბი პროდუქტი, რომელიც ბრუნვაში გაუშვეს, ამ ყველაფერმა კი მოიტანა მონოგამიური ოჯახის ფორმა რაც ემთხვევა კერძო საკუთრების გაჩენას და ცივილიზებულ ეპოქაში გადასვლას რასაც განსაზღვრავს საწარმოო საშუალებები. მონოგამიური ოჯახი კლასიკური ფორმით ძველ საბერძნეთში გხვდებოდა, ეს იყო პირველი პრაქტიკა სადაც ეკონომიკურ პირობებზე აშენდა ოჯახი, კონკრეტულად კერძო საკუთრებაზე და განდევნა საერთო საკუთრება. ესენი ძალიან კარგი მაგალითია იმისათვის, თუ როგორაა სექსუალობა საზოგადოებრივ-წარმოებითი მოცემულობა  და ცოდნა.  ზემოთ აღწერილი მაგალითები ნათლად აღწერს რა განაპირობებდა ადამიანის სექსუალურ ქცევას.

ხოლო რაც შეეხება ლიბერალური დემოკრატიის მიერ შემოთავაზებულ ქალთა ემანსიპაციას ეს ის შემთხვევა როცა ქალიც და კაციც ერთნაირად ეწევა შრომის პროდუქტის მისტიფიკაციას და ისინი თანასწორები ხდებიან, ოღონდ კაპიტალის წინაშე, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალურ ემანსიპაციასთან. დღეს მარქსი შეცვლიდა თავის ნააზრევს და კრიტიკას სხვა მხრივ წარმართავდა. ბურჟუაზიული პატრიარქალური ოჯახი შეიძლება ითქვას რომ დაინგრა კიდეც, ქალი აღარ ზის სახლში, აღარ ეხმარება კაცს კაპიტალის შენახვაში, დაზოგვაში და ა.შ. ისინი გათანასწორდნენ მჩაგვრელ სისტემაში.

ფემინიზმი, რომელსაც მხოლოდ ინსტიტუციური რეფორმების გატარება სურს და არ მიისწრაფის ფუნდამენტური ცვლილებებისკენ კავშირში არაა ფემინიზმთან, რადგანაც ეს უკანასკნელი ემანსიპაციური ნარატივია - ანუ შეუქმნა სუბიექტს ახალი სივრცეები ასათვისებლად, შეუქმნა არარსებული და არა გაშინაურდე სტატუს კვოში, არსებულ მჩაგვრელ სისტემაში. მარტივი მაგალითისთვის - როცა ვინმე რამეს აფუჭებს და შენც გიჩნდება სურვილი გაფუჭების უფლება მოიპოვო და არა იმის რომ აღარ გააფუჭებინო. უფრო ცხადი მაგალითისთვის როცა კაცის სოციალური ქცევა მიიჩნევა ნორმად და ენჯეო ფემინიზმს განკაცება სურს, ითხოვენ, მაგალითად ომში წასვლას და ა.შ. იმის მაგივრად რომ გააკრიტიკონ ომი. (აქ არაა საუბარი მაინცდამაინც ომზე, მეტი სიცხადისთვისაა მაგალითი) არარსებულის შექმნა, საგნების გარდაქმნა და წარმოება ესაა პირველი ისტორიული აქტი და ის თვისებები რაც მაღალ ორგანიზებულ ადამიანს განასხვავებს დაბალ ორგანიზებული ცხოველისაგან. მატერიალური წარმოება ადამიანების ფუნდამენტური საქმიანობაა, ისინი ცხოველებისგან თავს განასხვავებენ მაშინ როდესაც მათთვის მნიშვნელოვანი საარსებო საშუალებების წარმოებას მიჰყოფენ ხელს. ცხოველების აქტივობა და ადამიანური აქტივობა განსხვავდება ერთმანეთისგან იმით რომ, ცხოველები ცხოვრობენ ბუნებრივ გარემოში, ადამიანები კი მათ მიერ შექმნილ გარემოში. გარემოში რომელიც შეგნებულად შრომითი ურთიერთობების შედეგია. აქედან გამომდინარე ცხოველები არიან მხოლოდ მომხმარებლები და არასოდეს არ ცილდებიან ამ ელემენტარულ ურთიერთობას, ეს ურთიერთობა მოკლებულია შექმნის პროცესს. ე.ი. ის უფრო ანგრევს და მოცემულს, არსებულს ვიდრე მისგან ქმნის ახალს. ვინაიდან და რადგანაც ბუნებაში არანაირი ენერგია არ იკარგება, მოსპობა შეიძლება არ იყოს ვალიდური სიტყვა, მაგრამ თუ გავიაზრებთ რომ ეს ტენდენცია ქმნის ბუნებრივ-ბიოლოგიურ წრეს და არასოდეს არ გამოდის ამ ბუნებრივ-ბიოლოგიური წრიდან მივხვდებით რაშიცაა საქმე - ბუნებრივ გარემოსთან ცხოველის ურთიერთობა მხოლოდ იმეორებს თვისობრივად ერთსა და იმავე პროცესს და კვლავწარმოება მხოლოდ მოხმარების ტოლია.

ფემინიზმი რომლისთვისაც მნიშვნელოვანი მხოლოდ ქალთა და კაცთა თანაბარი წარმოდგენაა პოლიტიკურ ასპარეზზე, იგივე კვოტირების მეთოდი, აგრეთვე არათანმიმდევრული პოზიციაა და მოწყვეტილია რეალურ ფემინიზმს. ის ქმნის სოციალურ ინჟინერიას და მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის ის ადგილი, იგი მაინც მოითხოვს ნახევარი ქალს შეუნახონ, რომლის "დამსახურებაც" მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობაა და არაფერი სხვა.

ფემინიზმი რომელიც სატელევიზიო რეკლამებში სექსიზმზე მძაფრად რეაგირებს, ხოლო ივიწყებს იმას რომ თვითონ რეკლამირების სფეროა საკრიტიკო, ის, რომ პრობლემა კომერციალიზაციაშია და არა გენდერულ უთანასწორობაში  - მსგავსი გამოხატულებაც დაშორებულია ავთენტური, პოლიტიკური ფემინიზმის იდეასაგან.

ფემინიზმი რომელიც მხოლოდ დისკრიმინაციას აკრიტიკებს და ივიწყებს ექპლუატაციას, მხოლოდ კულტურას აკომენტირებს, ხოლო ეკონომიკურ მახასიათებელს ბოლომდე ივიწყებს. აუცილებელია გაიაზროს, რომ სექსიზმი თანასწორობის ნაკლებობაა, თანასწორობა კი ყველასია. თანასწორობის ნაკლებობა ყველასთანაა, ვინც პოლიტიკის კეთებისგანაა გათიშული, ამიტომაც საჭიროა გაერთიანება ყველანაირი ჩაგვრის წინააღმდეგ.

ფემინიზმი არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს სიმულაკრი, ფაქტები დაცლილი სუბსტანციებისგან.  მან არ უნდა დაივიწყოს საკუთარი ფილოსოფია და შემდეგ ინერციით არ უნდა მიყვეს ტენდენციებს, სადაც უბრალოდ სექსიზმის კრიტიკით კმაყოფილდებიან. ფემინიზმი ძალაუფლების ვერტიკალს აკრიტიკებს ამიტომაც მასში ხვდება პატრიარქალური კულტურა, რა თქმა უნდა კაცის ძალაუფლების კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კლასობრივ ჭრილში,  ის უფრო დიდ, საერთო სიმრავლეში უნდა მოთავსდეს და შეუერთდეს პოლიტიკის კეთებისგან გათიშული ხალხის ძიებას.

მეინსტრიმული, ლიბერალ-ენჯეო ფემინიზმი, ეს მხოლოდ ცარიელი აღმნიშვნელია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
05 აგვისტო
05 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^