Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მისი (ანუ ქალის) და ჩვენი (ანუ კაცის) წარსული და მომავალი - ნაწილი მეორე

20 ნოემბერი 2014

(ქართული მართლმადიდებლობის “შავბნელი სექტანტური ფრთა”, რომელიც ენის, ცნების და კონცეფციის წვდომას უარყოფს, მატრიარქალურ/მაგიური ცნობიერების მახინჯი და შეზღუდული ფორმაა. ასეთი ფაქტის არსებობით ჩვენ ყოვლადწარმოუდგენელი ნონსენსის მომსწრე ვართ: სრულიად დამახინჯებული და უსუსური სახით მოტანილი ყველაზე არქაული მატრიარქალური სულისკვეთების ფორმა, ყველაზე პროგრესული, გადახსნილი, არატერიტორიალური დისკურსის სახელით /ქრისტეს მოძვრება/ ამ დისკურსის შიგნით იმკვიდრებს თავს როგორც მისი ადეკვატური მოვლენა!? ჰუჰ, დამცხა(!!) – წარმოუდგენლად ჩახვეული სიტუაციაა ჩვენს, ქართულ “სულიერ რეალობაში” – სწორედ რომ “ჯადოს დონის”!)

მატრიარქატის ცნობიერებაში სიცოცხლის და სიკვდილის გამიჯვნა არ ხდებოდა, იმ დროს ცნობიერებას ტრანზიტულობის უნარი გააჩნდა, და ამიტომ “ცოდნა” ადამიანისთვის ორივე ტერიტორიიდან მისაწვდომი იყო (რასაკვირველია, ცოდნა არა იმ გაგებით, როგორც ეს ჩვენ დღეს გვესმის –აქ ინსტინქტურ/ინტუიციურ წყაროებიდან შემოზიდულ ცოდნას ვგულისხმობ). ეგვიპტეში მიღმიერ სამყაროს ისე სრულფასოვნად ხედავდნენ და აღიქვამდნენ, როგორც საკუთარს, გარშემო არსებულს. სწორედ ამიტომ მატრიარქალური ცნობიერება სამყაროს მთელ ერთიან სისავსესთან განუყოფლად მჭიდრო კავშირში იყო და მის (სამყაროს) შიგნითა აგრეგატების მექანიზმებს ფლობდა და იყენებდა.

დღევანდელი (პატრიარქალური) ინტელექტუალური ცნობიერების ფასეულობა ის გახლავთ, რომ მას უმაღლეს მიზნად ყოველგვარი “არსებობის” ფორმის მიღმა გარღვევა (ტრანსგრესია) მიაჩნია. რასაკვირველია, პატრიარქალურ ცნობიერებას ეს უნდა დაუფასდეს! მაგრამ თავად ეს მუხტი, დღეს შესუსტებას განიცდის და დიგიტალური (ანუ რიცომული) ინფორმაციის ველების გაჩენით ჩვენ კომუნალურ სივრცეში “ფსოიდო-მატრიარქალური” სტრუქტურების შემოტანასთან გვაქვს საქმე.

ვნახოთ კიდევ რა გლობალურ ცვლილებებს გვიმზადებს “ეგზისტენციის ბედი” და ეგებ ჩვენს მეხსიერებაში ყოფილი კულტურული (მატრიარქალური) ცნობიერების რეანიმაციით, მისი გახსენება ანალიზით და ამ რეანიმირებულ მასალაზე ზოგადი დაკვირვებებით, ჩვენ ბოლოსდაბოლოს მივუხვდეთ ყოფიერებას მის ჟინს და სურვილს – რას ითხოვს ჩვენგან და რისკენ გვიბიძგებს, რა გლობალური განხორციელებებისკენ მივყავართ, თანაც უმთავრესად ჩვენი ცნობიერებისათვის მოუხელთებელი გზებით!

სამყაროს რაციონალიზაცია (კაცის მისია) და სამყაროს მისტერიული სხეულის უშუალო მოხმარების (ქალური მისიის რეინსტალაცია) სინთეზის შექმნა (ან სხვა ვარიანტი: მათი ორივეს გადაძლევა) დღეს უცნაურად, მაგრამ მყარად დადგა დღის წესრიგში. ამის დასტურია ის ბრძოლა აღმნიშვნელების კოსმოსთან, რომელიც ჩვენს ინტელექტუალურ სამყაროში უკვე ფაქტად იქცა. მაგია (ეგვიპტური ცივილიზაციის საყრდენი) ტექნოლოგია და მეთოდოლოგია არ არის. ის კარგის და ცუდის (ბინარულობის) მიღმა მდგომი რეალობაა და ეს ნამდვილად ქალის ტერიტორიაა, რომელიც დღეს პრაქტიკულად წაშლილია. ამიტომ არის ქალისათვის მორალური კატეგორიები ყოველთვის უცხო. მისი ინტუიცია მათ მიღმა გრძნობს და ხედავს, თუ კაცის მიერ თავსმოხვეული ცნობიერების ფორმით არ არის დათრგუნული (სიყვარულს, ანუ მდედრის მოტივაციის წყაროს, მორალი არ სჭირდება. სიყვარულმა მორალი არ იცის რა არის. ვნების, ანუ მამრის მოტივაციის წყაროს მთავარი აუცილებლობა კი, პირიქით, მორალზე დაყრდნობა და მორალით ხელმძღვანელობაა).

ქალთა მოდგმის სიყვარულს, მათივე წარსულ დიად ძალებს – მარჩიელობა, ჯადო, ყოველგვარი არაგონისმიერი მანქანები – კაცი დღეს ყოველთვის ერთი შეძახილით პასუხობს მხოლოდ:

“კ ა ც ი არ ვიყო, თუ ჭკუაზე არ მოგიყვანო”… ასეთი იყო და არის პატრიარქალურ/მორალური დამოკიდებულება ქალის ირაციონალურ უნარებთან, მის ასე ვთქვათ მისნობა/ჯადოქრობასთან.

კაცს მდედრობითი სქესის დაკაბალება “კაცის მზერით”, ცხადია, ცნობიერად არ ჩაუდენია(!) ის ისტორიულად გაფორმდა და ყოფიერების ბედისწერის ერთ–ერთი ვირაჟია. მაგრამ, როდესაც პატრიარქალურმა ცივილიზაციამ ადამიანის გადარჩენისათვის ბრძოლა შეამსუბუქა, ანუ ჩვენმა, ტექნოლოგიებზე მიმართულმა ცივილიზაციამ ბოსლის მოვლა გაამარტივა, ქალმა თავისი ამ ფუნქციის დაკარგვა დაიწყო. ამიტომ უფუნქციოდ დარჩენილმა ქალმა კაცის ტერიტორიებში დაიწყო შეჭრა. სწორედ ამ მომენტში კაცმა მისდა უნებურად გაცნობიერებულად მჩაგვრელის სტატუსში გადაინაცვლა – პრობლემამ პირი დააღო: არაბოსლის მიღმიერ საქმეებში (კაცურ ტერიტორიებზე) შეღწეულმა ქალებმა (იქ, სადაც ქალებს ისტორიულად არ შეესვლებოდათ და იქ ქმედების არანაირი გამოცდილება და პრაქტიკა არ გააჩნდათ) მხოლოდ “სუსტი, უნიჭო და უნიათო კაცების” სტატუსი მიიღეს. ქალის წამგებიანი როლი და მისი დამონების ფაქტი (მისი “არარსებობა” – ქალის ენის/დისკურსის არარსებობის გამო ლაკანი ასე იხსენიებს ამ ფაქტს) როგორც იქნა აქ სრულიად გაცნობიერდა(!). სიტუაცია აირია და ჩასწორება მოითხოვა ზოგადი (არაგენდერული) კეთილშობილურ-ადამიანური პოზიციებიდან. დღეს ეს საკითხი და ეს ვალდებულება უმძაფრესად დადგა (ამ თვალსაზრისით საქართველოს ჩამორჩენილობაზე ხომ აღარ არის ლაპარაკი!).

მაგრამ სოციალურ რეალობას რომ მოვწყდეთ და მეტაამოცანას დავუბრუნდეთ, შეიძლება ითქვას – დღევანდელი ფილოსოფია (მისი ნაწილია მესამე ტალღის ფემინიზმი) ბინარულობის მიღმა მდგომ ცნობიერებაზე ფიქრობს და იაზრებს და სწორედ ასეთი დიდი საჩუქრის ჩუქებას ცდილობს ჩვენთვის. არადუალური ცნობიერების (none-judgmental) ძიებაში, სადაც „ინი“ და „იანი“ სრულიად ბალანსდებიან, ფემინიზმის მოძრაობა უზარმაზარ როლს ასრულებს.

ჟაკ დერიდას აზრით, მის მიერ დამუშავებულ მეთოდში ჩვენ ამ გზაზე ჯერ ჩვენთვის სრულიად “დაუჯერებელი” უნდა დავიჯეროთ და ეს დაუჯერებელი რეალურად დავამკვიდროთ ჩვენს ცნობიერებაში, ანუ ბინარულ ფრთებში ურყევად დადგენილი პრიორიტეტები უნდა გადმოვატრიალოთ(!) – ყველა წყვილში ირაციონალური რაციონალურზე მაღლა დავაყენოთ: სიკვდილი სიცოცხლეზე, ომი მშვიდობაზე, უბედურება ბედნიერებაზე, ჰორიზონტალური ვერტიკალურზე და ა.შ. (მაომ კი თქვა – «чем хуже тем лучше»). ასეთი პირველადი ოპერაციის განხორციელების, ესე იგი, “დაუჯერებლის” დაჯერების შემდეგ, რაც პრიორიტეტების პირობითი ბუნების შეცნობას ემსახურება, დერიდას რწმენით შესაძლებელი ხდება ზოგადად ბინარულობის მიღმა გასვლის მცდელობაც, ანუ "ადამიანის" კონსტიტუციის გადაბიჯება (“ადამიანი”, ანუ ადამიანური ცნობიერება, ხომ ბინარულობის შვილია) – „იანის“ და „ინის“ სრული გაბალანსება.

აი, ასეთ უცნაურ რამეებზეა ლაპარაკი ფილოსოფიურ ფემინიზმში და არა – ვინ ვის სჯობია, ვის რამდენი კუნთი აქვს მაგარი, მეტი და სხეულის რა ადგილზე, და კიდევ – იქ არც ხელფასებზეა საუბარი.

მაგრამ ეს სამომავლო გეგმებია. და გვინდა, არ გვინდა სამყარო აქეთკენ მიდის თავისი ნელი, მძიმე, მაგრამ დამაჯერებელი ნაბიჯით ისე, რომ ღმერთის ნებას ვერაფერს უზამს ვერც აითოლა ჰომეინი და ვერც ქართული მართლმადიდებლობა.

დღეს, მოაზროვნე სამყაროს მხრიდან პატრიარქალური ცივილიზაციის მიმართ დიდი უკმაყოფილების სიტუაციაში, ქალის ცნობიერების (ენის) შემოტანის (ან რესტავრაციის) დიდი მოლოდინი და იმედი დაიბადა. დღეს კითხვა/იმედმა – “ეგებ?!” ქალზე გადაინაცვლა! სერიოზულად დგას საკითხი “ქალის მზერის” საჭიროებაზე.

ამ უსასრულოდ ღრმა და მრავალშრიან თემაზე უამრავი მოაზროვნე (კაცი და ქალი) მუშაობს, აწარმოებს კვლევას, იწერება ტექსტები! მათ შორის არიან ბუმბერაზი მოაზროვნე ქალები, ისეთები როგორიცაა იულია კრისტევა, ჰელენ სისუ და იუდით ბათლერი. სწორედ მათ მიუძღვით ღვაწლი ამ საკითხის უღრმესი შრეების გაცნობიერებაში. კარგი იქნებოდა ქალების უდიდესი უმრავლესობა იშვიათად რომ აცნობიერებდეს ზემოთ აღწერილი პრობლემების საწყისებსაც კი. მაგრამ მათ კაცების მოქსოვილ ბუდეში “ტკბილ-მწარედ” ძილი ურჩევნიათ და თუ კი გააღვიძე ხშირად ბუდის დამცველების როლშიც კი შედიან გაცხარებით! ბუდე ყოველთვის ბუდეა და მონობით დაცულობას შეჩვეულ ჩიტუნას ფრენის დაუცველობა დიდად ეხამუშება.

გენდერული კონდიცირების ბოლო, ყველაზე მახინჯი ფორმები "განმანათლებლობის" პერიოდის მოტანილი და შემდგომ “ვიქტორიანულ” პერიოდში საბოლოოდ გაფორმებული მორალურ/ეთიკური ნორმებია. მათი გადმონაშთები დღეს სრულ ატავიზმად და ადამიანის ცნობიერების მარაზმატიკულ შედეგში გაკვეტება/ჩახერგვად და გადაგრეხვა/ჩარჩენად იკითხება.

მიხაელ ხანეკეს ფილმი "თეთრი ბაფთა" ამ ეპოქების ადამიანის მორალურ/ეთიკური წყობის უმძაფრესი კრიტიკაა, თანაც ისე ნაზ/მკვახედ მოტანილი, რომ მანამდე ასეთი ფორმით კაცს არ გადმოუცია. ფუკოს გამოთქმა "ადამიანი მოკვდა", მისივე განმარტებით, სწორედ ადამიანის მიერ საკუთარი არსის და მისიის ამ დროს გაფორმებულ წარმოსახვით მოდელ/იდეალს ეხება – თავისი მიზნებით, მისწრაფებებით, ნორმებით, რეგულაციებით. ამ ეპოქამ, რომელმაც  ქალის არსებობის ისტორიაში მისი ყველაზე ამაზრზენად უსუსური მოდელი გააფორმა,  დროში თავისი ორნამენტი შექმნა და დღეს მკვდარია (60-იანებმა ის სრულად და არაუკუქცევადად გამოდევნეს). უბადრუკმა– კაცის მიერ ნებით გარშემო ყველაფრის დაპყრობა/დამონების – პრინციპმა დროის ამ პერიოდში სრულ ზენიტს მიაღწია. თანაც ეს ყველაფერი ბნელი და მხდალი (კულტურული, ანუ არაჰეროიკული) კუთხიდან ხდებოდა, ხოლო მომყოლი “ვიქტორიანული” პერიოდი კი თვალებდათხრილობის მწვერვალია რახან ეროსთან, ანუ ადამიანის თვალებთან ბრძოლაა გამოცხადებული! ქალი ამ დროს ფალიკურ დისკურსში (“კაცის მზერაში”) სრულიად იდენტიფიცირებულია თავის როლთან და თავისი ცხოვრების წესით და სამყაროსთან დამოკიდებულებით პერაქტიკულად ამ დისკურსის შემოტანილ მის როლს ერთგულად ავრცობს. 

 რასაც ფილოსოფოსები იმედოვნებენ ფემინიზმთან კავშირში, ეს მომავალში ადამიანის ცნობიერების წესის მთლიან შეცვლას უკავშირდება, რომ ზემოთ აღწერილმა "კაცის მზერამ" პრინციპულად დაასრულოს სამყაროს სურათის განსაზღვრა და ახალი შესაძლებლობა დაიბადოს ადამიანის (პირობითი სამყაროს) მიღმა.

 ასეთი იყო ქალის უახლოესი წარსული, სანამ მან  მოდერნულ დროში შეაბიჯა და გააცნობიერა რომ… არ არსებობს, სხვის ცხოვრებას ცხოვრობს, სხვის ნება-სურვილს მორგებული. თანაც იმდენად, რომ ამ არაჩვეულებრივ არსებაზე ჩვენ ჯერ–ჯერობით მხოლოდ ინტუიციური შეგრძნება გაგვაჩნია!!!

ჩვენს ქართულ სიტუაციასთან კავშირში შემიძლია ერთი ვთქვა: ვიცოდი, რომ ქართველ ქალებს კაცის გაწყობილ ლოგინში "ტკბილ-ტკივილ ნარევად" სძინავთ, მაგრამ ასე თუ ხვრინავდა მათი უდიდესი უმრავლესობა ეს ნაღდად არ მეგონა! ვისაც ფემინისტური დისკურსისთვის პრაქტიკულად ყური არ მოუკრავს, გასაგებია საკუთარი ციხის საკანს, რომ საკნად ვერ აღიქვამდნენ. მაგრამ ისინი, ვინც მეტად აზრზეა მოსული და საკუთარ ციხეს კიდევ იცავენ და ტუსაღის საკუთარი სტატუსი ეამაყებათ, ეს უკვე ნამეტანია და სრული ინტელექტუალური უძლურების ფორმაა!

 “კაცის მზერის” შეთვისება და პატრიარქალური წეს–წყობისადმი მორჩილების მიღება ქალს ჩვილობიდან თავსმოხვეულ/დაძალებითი წესით უხდება! მაგრამ ამ როლს ის სიღრმისეულად ვერანაირად ვერ ეგუება. სწორედ სიღრმისეული მიზეზის გამო რეაგირებენ ისინი ხშირად, რასაც ჩვენ (კაცები)არაადეკვატურს ვეძახით; ამით არის განპირობებბული ქალური სისუსტეები, მათი ისტერიკები, გაღიზიანებები, კაპრიზები და ა.შ. მათ ხომ თავიანთი მსოფლმხედველობის გაფორმების საშუალება არავინ მისცა და თავისი ცხოვრებით არ უცხოვრიათ. ვნების, მორალის და პატივმოყვარეობის კატეგორიები, რაზეც ჩვენი ცივილიზაცია დგას, მათთვის (სიყვარულის აგენტებისთვის) უცხოა. სწორედ ამიტომ, როდესაც უწევთ კაცთან თანაბარ მდგომარეობაში ყოფნა, ყველა ეს მომენტი მათში ხელოვნურად ეგზალტირებულია: ქალი უფრო ამაყია, ვიდრე სიამაყე ამას ითხოვს; ქალს მორალი სიჯიუტეში ადვილად გადასდის, თუ გარემო მორალურ კოდექსს ამკვიდრებს; ვნების ვულგარულ-გამომწვევი ფორმაა ქალის იარაღი, თუ გარემოში კაცთან ჭიდილი უწევს. მოკლედ, უცხო გარემოში გადარჩენის საკუთარ გზებს ეძებს! ერთადერთი კუნძული, სადაც ქალები საკუთარი დამოკიდებულების  რეალიზაციას ახერხებენ (აქაც მხოლოდ ნაწილობრივ), ეს საკუთარ ჩვილთან ურთიერთობაა. იქ, სადაც "უპირობო სიყვარულს” ჩანასახები იჩენენ – სამყაროსთან ასეთი ხარისხის მიმოცვლა კაცს ულამაზეს სიზმრებშიც კი არ მოლანდებია.

ფემინიზმი დასავლეთში სრულიად გათავისებული მოვლენაა. ის თავისი გააზრებული და მიზანდასახული გზით მიდის და ვითარდება, ანუ ეს ნიშნავს, რომ სოციალური და ფილოსოფიური მოტივები არ ირევა ისინი იკვეთება და ერთმანეთს ავსებენ. ეგებ ჩვენც დროული გონიერება გამოვიჩინოთ და იმის შესწავლა დავიწყოთ, რაც ასეთი მდიდარი ფორმით არის დაგროვილი და ამ რთულ საკითხთან სიბნელეში ხელის ცეცებით (რაც ყოველთვის ისტერიულია) არ დავიწყოთ ურთიერთობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^