Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პერანგი თუ პიჟამა? ვინ ამოწმებს რელიგიურ გრძნობებს?

24 ნოემბერი 2014

შვიდი  წლის ბიჭუნა კამერის წინ  ყვება, რომ მას და სხვა ბავშვებს იაღოველები შეხვდნენ, ტკბილად ელაპარაკნენ. ბავშვები თავიდან ვერ მიხვდნენ, ვინ იყვნენ ისინი. საღამოს კი, როცა ბიჭს სახე სულ გაუბრუვდა და თან გამოაყარა, დაასკვნა, რომ ღმერთმა მათთან საუბრის გამო დასაჯა.

შვიდი წლის ბიჭუნას, რომელსაც განსხვავებული კონფესიის ადამიანებთან ურთიერთობის გამო თვითგვემა აქვს, ჰგონია, ღმერთმა ამის გამო სასჯელად სახის გაბრუება მოუვლინა. ფონად კი ადამიანთა ჯგუფი დგას, რომელთაგან ერთ-ერთი მეგაფონში აღტყინებული ხმით გაჰყვირის: ”ესენი არიან მავნებლები, ესენი არიან ბოროტმოქმედები”. მე არ  ვიცი რას აპროტესტებენ ისინი, მაგრამ საკმარისია ამ ორწუთიანი ვიდეოს ნახვა, რომ რელიგიური ტოლერანტობის ხიბლიდან გამოხვიდეთ, ან ისევ კიდევ უფრო გაგიმყარდეთ შეხედულება, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, განსხვავებული რწმენის გამო, ადამიანთა დევნის ფაქტები და თუ კი ასეთი რამ ნამდვილად ხდება, ესეც იმიტომ, რომ ჩვენ ქართველობას და მართლმადიდებლობას ვიცავთ.

თუ ამ პატარა ორწუთიან ვიდეოს ნახავთ, იმასაც მიხვდებით, როგორ იქმნება მტრის ხატი განსხვავებული რწმენის მატარებელი ადამიანის სახით ჩვენი საზოგადოების ყველაზე უმცროს წარმომადგენლებში. ამ პატარა ადამიანებისთვის კი მტერი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც განსხვავებული ინტერესები, მრწამსი და  ღირებულებები აქვს. ის თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს მათი მეზობელი, სკოლის ამხანაგი ან უბრალოდ  მეგობარი, რომელსაც ალბათ უარყოფენ მას შემდეგ, რაც საკუთარი ირაციონალური შიშების ტყვეობაში მოექცევიან.

ვინ დაელაპარაკება შვიდი წლის ბიჭს იმაზე, რომ ჩვენი პრობლემა არა განსხვავებული რწმენის ადამიანების არსებობა, არამედ ისაა, რომ კეთილგანწყობისა და სხვისი მიმღებლობის დეფიციტი გვაქვს: სწორედ ქრისტიანული კაცთმოყვარეობის დეფიციტი, რომელიც არ ეხება სხვის თავისუფლებას, არ ავიწროებს და არ ზღუდავს მას. არ უმტვრევს კარს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი არიან; რომ საკუთარი რელიგიური იდენტობის გააზრების შემდეგ, ისეთი თვითკმარი განცდა უნდა გვიჩნდებოდეს, რომ არ გვეშინოდეს სხვა ადამიანების, მათი რწმენის და მათი შეხედულებების.

ვინ დაელაპარაკება მას იმაზე, რომ ღმერთი არ არის მკაცრი ინსპექტორი, რომელიც ცოდვებისთვის და დაშვებული შეცდომების გამო ჯარიმას გამოგვიწერს ან თავისუფლების აღკვეთას მოგვისჯის. ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც მსგავსი შეხედულებებით პატარა ბიჭებს და გოგონებს ფსიქიკას არ დაუმახინჯებს.

ამ ამბავთან დაკავშირებით, ერთი სკოლისდროინდელი შემთხვევა გამახსენდა. ახალ სკოლაში რამდენიმე თვის გადასული ვიყავი, ახალ გარემოსთან და ახალ წესებთან (სკოლას ეკლესიური პროფილი ჰქონდა) შეგუება ცოტა მიჭირდა. მგონი, გამონაკლისი არ ვიყავი, ვინც იქაური გარემოთი ითრგუნებოდა და თავს ზედმეტად შეზღუდულად გრძნობდა. მართალია, ეს დისკომფორტი მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა, მაგრამ განსაკუთრებით ერთი გაკვეთილი დამამახსოვრდა. რელიგიის გაკვეთილებს მკაცრსახიანი მოძღვარი გვიტარებდა, რომელიც ჩემი უმეტესობა თანაკლასელების მოძღვარიც იყო. ერთ-ერთ გაკვეთილზე ასეთი შეკითხვა დაისვა გოგონების მისამართით: რელიგიის მასწავლებელი გვეკითხებოდა, პერანგით ვიძინებდით თუ პიჟამათი. საჯარო აღსარებას ჰგავდა ის გაკვეთილი. რელიგიის მასწავლებელი კი მკაცრად გვიხსნიდა რაში მდგომარეობდა პიჟამათი დაძინების ცოდვა.

მართალია, იმ გაკვეთილის შემდეგაც, სკოლიდან გამოსულმა გოგონებმა ისევ ჩანთაში ჩატენეს სკოლისთვის წამოღებული სათადარიგო კაბები და არც ის ვიცი, რამდენმა დაიჯერა, რომ პიჟამათი დაძინება ჩვენს რელიგიურ გრძნობებზე გავლენას ახდენდა ან ღმერთთან რეპუტაციას გვიკარგავდა ასე გამოწყობილი ძილი, მაგრამ ფაქტია ეს ამბავი აღარ დამვიწყებია, როგორც ყველაზე პირადულ სივრცეში შემოჭრის ფაქტი, რაღაც არასწორი საქციელი, რომელიც, სამწუხაროდ, არავის გაგვიპროტესტებია.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^