Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვების აღზევება და დაცემა

27 დეკემბერი 2014

ბავშვების, ისევე როგორც ტოტალური გენოციდის მსხვერპლი სხვა ტომებისა და ერების ისტორია - არაა კარგად შესწავლილი. აქაც, როგორც სხვა შემთხვევებში, ანთროპოლოგებს უწევთ დაუსტრუქტურირებელი მასალების ზღვაში ცურვა, მათ არსებობაზე მხოლოდ აქა-იქ შემორჩენილი უნიკალური ურბანული არტეფაქტები, ხალხურ ლიტერატურაში შემორჩენილი სკაბრეზული ლექსები, ურბანული მღვიმის მხატვრობა, უკვე გაზრდილი ადამიანების დაბინდული მოგონებები, სასაცილო ისტორიები და დაუდგენელი ლეგენდები მოწმობენ.  მხოლოდ ეს დარჩა მათგან.

იმისთვის, რომ უფრო ცხადი გავხადო, რაზეა საუბარი, გეტყვით რომ გვიანი ეპოქის ვზროსლებისთვის  ბავშვები, რომლებზეც ვსაუბრობ, ცნობილები არიან  ძირითადად “განდონა ბავშვების”, “მეზობლის ბავშვების”, “ნაბოზარი ბავშვების”, “ლაწირაკების” და სხვა დასახელებებით.

ვისაც ერთი დღე მაინც გაგიტარებიათ ბავშვებთან, ან თავად ყოფილხართ პატარა განდონი, გეცოდინებათ, რომ, ვზროსლებსა და ბავშვებს შორის დადებული “თავდაუსხმელობის პაქტის” მიუხედავად - ბავშვები მუდმივი ტერორის ქვეშ იმყოფებოდნენ და შესაბამისად მუდმივი პარტიზანული ომის პირობებში უწევდათ ოპერირება.

მე მყავდა რამდენიმე ასეთი მეგობარი: გამვლელი მანქანების დაბომბვა კენჭებით დატენილი თოვლის გუნდებით, სკოლის და ხანდახან უბრალო მაცხოვრებლების ფანჯრების ლეწვა გასართობად, რენდომ გამვლელების ყინულიანი წყლით დასველება ცხელ ზაფხულში, წებო მასწავლებლის სკამზე, სკოლის ჟურნალის გატაცება, გაურკვეველი ჟურნალებიდან ამოჭრილი ძუძუები, მეზობლის მანქანებზე მიწერილი: “გამრეცხე”, “გამრეცხე ბინძური ვარ”, “მზე”, მეგობრის რუკზაკში ან ჯიბეში შეცურებული ხლაპუშკები, მეზობლის წვალება მანქანის სიგნალიზაციით... ერთი ჩემი მეგობარი განდონა ისეთი განდონი იყო და ისე არ უყვარდა როცა ვზროსლები მეზობელი ტერიტორიების ბავშვებთან არიგებდნენ, რომ ხელზე იჟღვინტავდა ან იფურთხებდა, სანამ ხელს ჩამოართმევდა...

აწიოკებული გამვლელები, განრისხებული მეზობლები, შოკში ჩავარდნილი მასწავლებლები და ოჯახური სასამართლო, სადაც თავისი დროის გმირებს ინკვიზიციას უწყობდნენ... ესენი იყვნენ ბავშვები. საზოგადოებრივი ზოოპარკის მოუთვინიერებელი მაიმუნები. მათი მოთვინიერება უფრო გვიანდელ ასაკში ხდებოდა, როცა ისინი ამა თუ იმ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ექცეოდნენ, მაგრამ მანამდე... მანამდე იყო რაღაც ასაკი, ტრანზიცია ბავშვობიდან სიდიდეში, სადაც ბავშვები არავის ეკუთვნოდნენ - საკუთარი ფანტაზიების გარდა. და აქ ისინი  ნამდვილ ომში მონაწილეობდნენ. პარტიზანულ ომში - უფანტაზიო, მოსაწყენი ვზროსლების წინააღმდეგ. მჩაგვრელებისა და ჩაგრული კლასების კლასიკური დაპირისპირება.

ჯერ კიდევ ბოლომდე გაუფუჭებლები ვზროსლების კულტურითა და ცოდნებით, მაგრამ უკვე ტრავმირებულები არასტაბილური, აპოკალიპტური გარემოებებით, სადაც რთული იყო დასაყრდენი წერტილების მოძიება - ბავშვები თავიანთ ფანტაზიებს უხვად და ურცხვად აფრქვევდნენ იბერიისა და კოლხიდის  გეტოებში.

ამბობენ, უკანასკნელი ბავშვი სადღაც 2010-იანების დასაწყისში შენიშნეს, ტომს მოწყვეტილი მგელივით ის მარტო იდგა მაკდონალდსის წინ და გაშტერებული თვალებით აკვირდებოდა თბილ ფერად სცენას შუშის იქეთ. ამის შემდეგ მათი კვალი თითქმის გაქრა, დადის ხმები რომ ამ ტომის მუტირებული წარმომადგენლები კანტი-კუნტად გამოჩნდებიან ხოლმე სხვადასხვა არეალში, მაგრამ მათი შთამომავლების უდიდესი ნაწილი გადაშენდა, სხვები დღეს უკვე დეგრადირდნენ ინტერნეტტროლებამდე ან საუკეთესო შემთხვევაში შორეულ ექოდ ირეკლებიან  პატარა ჰაკერების და ვუნდერკინდების გამოხტომებში.

ასევე დაუდგენელია პირველად როდის გაჩნდნენ  ბავშვები ქართულ მიწებზე, გარკვეული მკვლევარები, როგორებიც არიან ვთქვათ რამაზ კინგკონგი, ამტკიცებენ რომ ბავშვები, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდნენ ერად, ჩაკეტილი არაკრეატიული სისტემის ფარგლებში ბავშვები იყვნენ ერთადერთი აბსოლუტურად კრეატიული, არადიდეოლოგიზირებული და თავისუფალი[ნახევრადკრიმინალური] ელემენტი. მაგრამ ბავშვების [წაიკითხე: განდონა ბავშვების] ნამდვილი აღზევება და მათი კულტურის პიკი სადღაც 90-იან 2000-იან წლებზე მოდის. ძირითადად ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ჟამს. ყოველშემთხვევაში, ამ პერიოდში განიცადა ნაბოზარი ბავშვების კულტურამ ნამდვილი აღზევება[რენესანსი] და ამ დროს იყვნენ ისინი ყველაზე მრავალრიცხოვანნი თავიანთი არსებობის მანძილზე.

როგორც ცნობილი ხდება, ამ პერიოდში ლუნატიკური ბავშვები ყველაზე სახიფათოები იყვნენ, ცხოვრობდნენ მთვარის კალენდრით, ქონდათ საკუთარი სლენგი და ზეპირსიტყვიერება, საგანმანათლებლო საღამოები, საკუთარი იარაღები: მაგ. ვზრივპაკეტები, რომელთა გამოყენება სხვათაშორის თავისუფლად შეიძლებოდა პოლიციის კორდონების გასარღვევად. მოგვიანებით პაკეტები ჩინურმა ხლაპუშკებმა შეცვალეს.

ისინი გაუცნობიერებლად ატარებდნენ წარმართულ რიტუალებს ქუჩებსა და ნანგრევებში, იწამლავდნენ ორგანიზმს ნაპოვნი ბიჩოკებით, სახლიდან მოპარული ტაბლეტებითა და ქუჩური სუნთქვის პრაქტიკებით, ჩხუბობდნენ გულწრფელად და წვიმის გუბეებით სავსე ასფალტებისთვის ძღვენად მიქონდათ თავიანთი ნორჩი სისხლები ვარდისფერი ნაკაწრებიდან.

ამის გარდა, როგორც მერცხლები ახალი ერის - ისინი იყვნენ დღესასწაულის ურბანული მახარობლები:

ჭიაკოკონობის დროს ისინი ცეცხლს უკიდებდნენ პაკრიშკებს და ეს ცისკენ აშვებული შავი ბოლები სიმბოლო იყო მათი სიმრავლის, სიველურისა და სინორჩის, მაგრამ ბავშვების მთავარი დღესასწაული, ნამდვილი პარტიზანული ომი, ახალ წლებზე იწყებოდა.

ზამთრის ნაბუნიობის შემდეგ, როცა ბავშვები იღვიძებდნენ წლის ყველაზე გრძელი წყვდიადის სიზმრებიდან, მათი ბაფომეტური თვალები უკვე სავსე იყო მონატრებული ფერადი აპოკალიფსით. და ასე კვდებოდა ძველი და იწყებოდა ახალი წელი, ინიციაციით, მიკრო სამოქალაქო ომის იმიტირებით. ამ ჟესტით ბავშვები თითქოს აცხადებდნენ: ჩვენ მიგვაქვს თქვენი დღესასწაული, ამიერიდან ის ჩვენია. იჯექით სახლებში და ძრწოდეთ, როცა ქუჩაში გამოხვალთ.

აფეთქებები აღწევდნენ ყველგან -  ლაწირაკების ტომი ძირითადად ქუჩებს ერჩოდა, განდონები ჰერმეტულ სადარბაზოებს ეძებდნენ, სადაც პირველ სართულზე აფეთქებული ბომბის ხმა კედლებს აზანზარებდა და ექოდ ედებოდა ყველა სართულს, ყველაზე აპასნი პატარა შაჰიდები კი ბომბებს ღია დაწესებულებში, სკოლებსა და ხანდახან ავტობუსებშიც აფეთქებდნენ.

თავიანთი მაქსიმალური ექსპანსიის პერიოდში, გენოციდამდე რამდენიმე წლით ადრე,  ბავშვები ყველა ქალაქის ყველა ქუჩაში იყვნენ და რაღაცას “აფუჭებდნენ”. მათი რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ თავისუფლად შეეძლოთ პატარა არმია შეეკრიბათ და ჩვეული პარტიზანული ომიდან ნამდვილ შეტევაზე გადასულიყვნენ.

ამის შანსი იყო, ნამდვილად იყო... მაგრამ გაიმაზა. ზუსტად იმ დროს, იმ დღეებში ამას ყველა ბავშვი და ყველა ვზროსლი გრძნობდა გაუცნობიერებლად. იმ დღეს, როცა საქართველოში განდონა ბავშვების რიცხვმა პიკს მიაღწია - შეიძლებოდა მომხდარიყო რევოლუცია და ბავშვებს, თუნდაც დროებით, წაერთვათ ვზროსლებისთვის ძალაუფლება.

ჩემი ღრმა რწმენით ეს  ლამაზი რევოლუცია იქნებოდა:

“ძირს ხუნტა! თავისუფლება განდონა ბავშვებს!”-იძახიან ლოზუნგები. ფერად ამუნიციაში გამოწყობილი მეზობლის ბავშვები გამოდიან გარეთ და უერთდებიან დუტისკურტკიან  განდონა ბავშვებს, მათ რიგებს უხმოდ ემატებიან რაგატკებით, წებოიანი პარკებით და ვზრივპაკეტებით აღჭურვილი ჩათლახი ბავშვები, მოგვიანებით მოდიან სხვა მებრძოლი ტომები: ლაწირაკები, მაწანწალები და ციგნის ბავშვები. გზადაგზა არმიას უერთდებიან კანტიკუნტად მიმოყრილი - ფურთხით გაკეთებულები, ვზროსლების ყმადყოფილი შნირები... სკოლებიდან დემონსტრაციულად გამოდიან რადიკალი ოროსნები და ცოტა ფიქრის შემდეგ მათვე მოყვება - სამოსნების ზომიერი ოპოზიცია. მერიასთან სადღესასწაულოდ აღიმართება “მზის” მონუმენტი. პარლამენტი ეცემა, მთავრობა შოკშია, ეკონომიკა - ტრაკში. დატყვევებულ პარლამენტარებს აცმევენ სანტა კლაუსების ფორმებს, ატარებენ სირცხვილის დერეფანში, ასუნთქებენ წებოს და აწამებენ ჩამჭრელი კითხვებით: „ორი ხე ტყეა?“, „მანდატი გირჩევნია თუ ტორტი?“. მარადიული ცეცხლის ნაცვლად წესდება მარადიული ჩინური მაშხალა, მთელ ქუჩებზე კორპუსებიდან კორპუსებზე - გადაჭმულია საახალწლო განათებები, ზეიმით აფრიალებულ დროშაზე შავი სპრეით ბატიფეხურად აწერია:“ატვირთა შოთო სიხარულიძემ”, დამწვარი პაკრიშკების ბოლი ფარავს ცას და ბავშვები დედას უტყნავენ სახელმწიფო ქონებას - GTA ლაივში. დაუვიწყარი საახალწლო კარნავალი, უმანკო და დაუნდობელი ბავშვური ფანტაზიების ზეიმი.

-ლევიკო, ამოდი სახლში ღამდება უკვე...

-ბებო ცოტაც რა, პარლამენტს ვიღებთ...

რატომაც არა? რა გააკეთეს ვზროსლებმა ბავშვებისთვის, ან საკუთარი თავისთვის? მხოლოდ ტვინის გამორეცხვა, გაურკვეველი სახელმწიფო რეჟიმები, რომლებსაც არ ყოფნით ძალა, რომ ან ბოლომდე კულტურულები გახდნენ  ან ბოლომდე ბარბაროსულები და მხოლოდ უდაბნოში დაკარგული ქარავანივით მიედ-მოედებიან, ხან გატეხილი კომპასის იმედად, ხან მირაჟების, ხოლო როგორც იეშუა იტყოდა: “ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.” ბავშვები აუცილებლად მიიყვანდნენ ბოლომდე ქართულ აბსურდს. თუნდაც დროებით. და დაიღუპებოდნენ სასტიკად და ლეგენდარულად, იმიტომ რომ ასე დაიღუპება ყველა,  ვისაც სინამდვილეში, გულის სიღრმეში  ისეთი ნულოვანი რესპექტი აქვს სტატუს ქვო-ს მიმართ, რომ ეს პირველყოფილ შიშს გვრის და შოკში აგდებს ხალხს, ვინც ყოველდღე გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ამ სტატუს ქვოს შენარჩუნებას, ან მაქსიმუმ, საკუთარი თავის სასარგებლოდ დააფდეითებას ცდილობს.

ან როგორ შეიძლება მოლაპარაკებაზე წახვიდე იმასთან, ვისაც ყველაფერი რაც შენ სერიოზულ ჭეშმარიტებად მიგაჩნია - სასაცილოდ არ ყოფნის? ვისაც საზოგადოებრივი შეთანხმებები მორიგ თამაშად მიაჩნია?

ძირითადად ვზროსლების მიერ აგორებული შავი პიარის გამო - ბავშვებს უბრალოდ, არასტაბილური ეპოქის მავნეებად და უზრდელებად  მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ დღესაც, მაგრამ თუ დავეყრდნობით ზოგიერთი მკვლევარის მიერ მოყვანილ საინტერესო პარალელებს ბავშვებსა და რადიკალურ აღოსავლურ ტრადიციებს შორის, მათ მსგავსებას მისტიური ანარქიზმის პოსტულატებთან - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განდონა ბავშვები შესაძლოა  ბუდისტური “მრისხანე ღვთაებების” გაუცნობიერებელი ავატარები იყვნენ. მრისხანე ღვთაებების გზა ადამიანების გამოღვიძებას ტერორითა და პანიკით ცდილობს, მხოლოდ ბოლოს ხვდება ამ გზაზე დამდგარი ადამიანი, რომ ეს ტერორი სინამდვილეში სილამაზის მეორე მხარეა. “ნუ შეგეშინდება ქუხილის რომელიც ისმის ამ მოცეკვავე ბრბოსგან, მოულოდნელი საშიში ხმების, რომლებიც გეუბნებიან: “მოკალი!”. მათი სიმართლე და შენი სიმართლე - ერთია. შეუერთდი მათ, გახდი ერთ-ერთი მათგანი, იცეკვე მათთან ერთად” - წერია ბუდისტური მკვდრების წიგნში.  ასეთივე პრაქტიკები არსებობს ძენ ბუდიზმშიც, სადაც უამრავმა მოსწავლემ მიაღწია გასხივოსნებას  თავში ჩარტყმული ჯოხით ან მასწავლებლის მოულოდნელი ყვირილით.

დღეები წინასწარი დაგეგმარების გარეშე, სიყვარული გათვლების გარეშე, გართობა ფულის გარეშე, ღამეები თვითგვემის გარეშე, ურთიერთობები დაფუძნებული ველურ ვნებებსა და თამაშის ტოტალურ წყურვილზე - აი რა იყო განდონა ბავშვების ნამდვილი მესიჯი.

მარადიული ომის ექო, კარნავალი, რომ არავის დაავიწყდეს პირველყოფილი ქაოსი, რომ არავის დაავიწყდეს, რომ თამაში არ დამთავრებულა, რომ არავის დაავიწყდეს თუ როგორ უღალატეს თავიანთ ბავშვობის ოცნებებს და გაცვალეს დღეების ამ  უღიმღამო რეჟიმზე, რეალობის ამ ბანძ ვერსიაზე, რომელსაც ყოველდღიურად აწარმოებენ - მოსიარულე ქარხნებივით... აი რა იყო მათი გაუცნობიერებელი მესიჯი. ერთ კონკრეტულ იდეოლოგიას მოკლებული ბანდა, სიმბოლო იყო  საზოგადოებრივი შეთანხმებების უკან, ზედაპირის უკან დამალული ქაოსის, როგორც ოცნება წყლის სიღრმეებში დამალული ქალთევზების სიყვარულზე, მინიშნება იყო ვზროსლების მიერ დავიწყებულ მთავარ ჭეშმარიტებაზე: რომ ეს სამყარო ლამაზი და სასტიკი თამაშია, მოულოდნელობებისა და წინასწარ შეუთანხმებელი მოვლენების  ალგორითმი, როგორც ზღვის ტალღები, როგორც პლანეტარული აფეთქებები.

რამ გამოიწვია ბავშვების დაცემა? ამაზე მკვლევარებს შორის ბევრი დავა მიმდინარეობს. ასახელებენ უამრავ მიზეზს: სახელმწიფოს მიერ მოწყობილი ფარული გენოციდი, თვითიდენტიფიკაციის ნაკლებობა, კორუფციული საზოგადოების გავლენა, როცა მათი გაფუჭება ხდებოდა ვზროსლების ამა თუ იმ იდეოლოგიით, სოციო-ეკონომიური ცვლილებები, ვიდეოთამაშები.. .ყველა მკვლევარს თავისი მიზეზი მოყავს და ალბათ ყველაში არის სიმართლის გარკვეული დოზა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ  სამწუხაროდ რევოლუცია  არ მოხდა და დარჩა მხოლოდ ლეგენდა, ჩუმი წინასაახალწლო სევდა, საშობაო მელანქოლია...

საეჭვო თვითმხილველების დასუსტებული მოგონებები, ერთი-ორი დოკუმენტი სახელმწიფო არქივში და აქა-იქ, ბავშვების უნიკალურ სტილში შესრულებული დამტვრეული გრაფიტები: “გიო ყლე ხარ”, “მზე”, “სისტემა უნდა დაინგრეს”.

თავად ყლებავშვები გადაშენდნენ, როგორც თავის დროზე გადაშენდნენ ყარაჩოღელები, დინოზავრები, ძველი ქართული ტომები, აცტეკები, ჩინური მდინარის დელფინები და სხვები და სხვები, რომელთა რიცხვი მილიონია ამ კოსმოსში დაკარგულ - ლამაზ, მომაკვდავ პლანეტაზე, სადაც დროის უსასრულო მსვლელობისას იმდენი კომბინაცია შესრულდა, იმდენი რამე დაემთხვა ერთმანეთს, რომ გაჩნდნენ ქართველი პოლიტიკოსებიც, რომლებსაც არც იმის ტრაკი ყოფნით რომ რამე შეცვალონ და არც იმის, რომ ბავშვურად, ლამაზად და ელეგანტურად მაინც იჩხუბონ პარლამენტში და ბოლოს,  გაჩნდით თქვენც და ცოცხალები ხართ და უფრო მეტიც,  მოახერხეთ ამ ტექსტის ბოლომდე წაკითხვა, თითქოს მეტი სხვა საქმე არ გაქვთ.

დაე მუდამ იყოს მზე!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^