Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანი მარტო ჩნდება

05 იანვარი 2015

ადამიანი მარტო კვდება და ვერავინ მოკვდება მის მაგივრად. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, ასატანი გავხადოთ ერთმანეთის მარტოობა.

27 სექტემბერს სოხუმში ჟიული შარტავა და მისი თანმხლები 27 კაცი უკანასკნელ წამს ერთად შეხვდნენ. საფლავიც ერთი ერგოთ. ამ ადამიანების ახლობლები ვიხსენებდით მათი ბოლო წუთების შესახებ ყველაფერს, რაც ამდენი ხნის მანძილზე ვიცით.

სუფრას ვეტერანი ესწრებოდა. ომის დროს ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი სახელი ყველას პირზე ეკერა, ყოველთვის პირველ ხაზზე იბრძოდა და საუკეთესო მეომრად ითვლებოდა. დიდხანს უსიტყვოდ გვისმენდა და ბოლოს ასეთი უცნაური რამ თქვა:

“მაპატიეთ, ალყის ამბავი რომ გავიგე, რომ ვერ მივბრუნდი…..”

დანაშაულის ისეთი რწმენა იგრძნობოდა მის სიტყვებში, პასუხად რა გვეთქვა, ვერც მოვიფიქრეთ.

ხო, ასე იყო... ბოდიშს იხდიდა იმისთვის, რომ მიბრუნების ძალა არ ეყო, გვიხსნიდა მიზეზებს, მაგრამ თავის მართლების მიზნით არა. გამართლებას როგორ მოუძებნიდა, ისე სჯეროდა საკუთარი ვალის …

თავის დროზე მას, როგორც საუკეთესოს, საზოგადოებამ დაავალა ყველგან ყოფნა. მოგვიანებით ამავე საზოგადოებამ ის გაკიცხა იმისთვისაც, სადაც იყო, იმისთვისაც, სადაც არ ყოფილა. და იმისთვისაც სადაც ყოფნა ვერ შეძლო.

პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა შეიძლება განვითარდეს ომის, გადატანილი სტიქიური კატასტროფის, მძიმე ფიზიკური ძალადობის, ტრაგედიის მოწმედ ყოფნის, ძლიერი სტრესის განცდის შემდეგ... სიმპტომები, შესაძლოა გამოვლინდეს განცდილიდან რამდენიმე წლის დაგვიანებითაც კი, როცა ადამიანი დაზუსტებით ვეღარც აკავშირებს მას მოვლენასთან.

რადგან ბლოგის ფორმატი შეზღუდულია, არასრულყოფილად ჩამოვწერ პოსტ ტრავმული სტრესის დამახასიათებელ სიმპტომებს. ჩამოთვლილის მესამედის არსებობაც კმარა ყურადღების მისაქცევად: აკვიატებული მოგონებები, რომლებიც მოვლენას უკავშირდება; ფლეშბექები (ისე მოქცევა ან გრძნობა, თითქოს იგივე ისევ ხდება); ღამის კოშმარები; ძლიერი ფიზიკური რეაქცია მოვლენის გახსენებისას (მაგ. აჩქარებული გულისცემა, სწრაფი სუნთქვა, ღებინების შეგრძნება, კუნთების დაჭიმულობა, ოფლიანობა); მარტოსულობისა და ემოციური გაყინულობის გრძნობა; სიძნელეები ჩაძინების და ძილის დროს; გაღიზიანება, ბრაზი; კონცენტრაციის სიძნელე; განგაშის გრძნობა; სირცხვილი, თავის დადანაშაულება; უნდობლობის და ღალატის გრძნობა; დეპრესია და უიმედობა; სუიციდური განცდები და ფიქრები; ფიზიკური ტკივილები; ალკოჰოლის და სხვა მავნე ნივთიერებებისკენ სწრაფვა…

ვიეტნამის სინდრომი გაჩნდა არა მხოლოდ წაგებული ომის გამო, გაჩნდა საზოგადოების დამოკიდებულების და შეფასების მიზეზად - ეს იყო მცდარი ომი და იქ ბრძოლა არ იყო გმირობა. ამ შეფასებამ ტრავმა მიაყენა ვეტერანებს, საზოგადოება კი დაკნინდა და სრულიად ქვეყანას მოედო დეპრესია, - “ჩვენ ვერასოდეს მოვიგებთ ომს”.

ქვეყნის განწყობის გაჯანსაღებას ემსახურებოდა სწორედ რეიგანის ცნობილი გამოსვლა, რომლის ძალიან მოკლე შინაარსია, - დაასრულეთ გლოვა, დროა გვჯეროდეს დიადი იდეების.

სისხლისგან დაცლილ ჯარს ხალხი ხვდება აღტაცებით და მადლიერებით, თუ პირიქით, ამის მიხედვით მსუბუქდება, ან ორმაგდება ტრაგედიის განცდა ცალკეულ მეომარში.

იქნებ როდესმე კიდეც დადგეს პლანეტაზე დრო, როცა ომი აღარ იარსებებს, მაგრამ 21-ე სისხლიან საუკუნეში, სამწუხაროდ ომი ისევ გადაუვალი ალბათობაა, სიკვდილის იარაღი კი განსაკუთრებით დახვეწილი.

თანდაყოლილი თვისება, აგრესია, მტრული ინსტინქტი წარმატებით ეძებს და პოულობს მტერს.

გამოთქმა, “ერი იწრთობა ომში”, იგივეს გულისხმობს, რასაც პიროვნების ფსიქოლოგიაში ადამიანის ინდივიდად შედგომა ტრავმის, ტკივილის, შიშის, კრიზისის გავლით.

გარეშე მტრის არსებობას შეუძლია მობილიზება გაუკეთოს ადამიანებში აგრესიის სრულ რესურსს, განარიდოს ახლობელთან წვრილმან და ზოგჯერ მოსისხლე მტრობასაც კი და ძალა მიმართოს საერთო ხიფათისკენ. შესაძლოა ენებიც ასე გაჩნდა, მტრისთვის ვერგასაგებად სასაუბროდ, როგორც ბავშვობაში ვიგონებდით საიდუმლო ენას.

დამოუკიდებლობის დღიდან, ჩვენი მოსახლეობის მოუშუშებელი პოსტ ტრავმული სტრესის კვალდაკვალ სახეზეა მასიური აპათია. მსხვერპლი შეფასდა უაზროდ, ომის მოგება შეუძლებლად, ხვალინდელი დღე გაურკვევლად, ჯარისკაცები “საწყალ, გაწირულ ბიჭებად”, ან სულაც ანტიგმირებად (აფხაზეთის ომის შემდეგ, საზოგადოებას აღარ ჰქონდა გლოვის ემოციური რესურსი და ჭარბ გლოვას თავი აარიდა მარტივი და შინაარსობრივად საკმაოდ სასტიკი ფორმულირებით - მოროდიორები, ნარკომანები და “მხედრიონელები”, სიტყვები კატეგორიულად, ერთმანეთის თანაბრად და განურჩევლად გაიგივებული კრიმინალთან), ეროვნული იდეალები დაიმსხვრა და წლების განმავლობაში საკმაოდ სუსტად, ბუნდოვნად ფორმირდა. საზოგადოება სასოწარკვეთილებისგან გახდა აგრესიული, დაავადდა სრულიად არაქმედითი და ერთმანეთისკენ მიმართული ბრაზით. დევნილები ისევ და ისევ განიცდიან დანაკარგის განახლებულ გრძნობას, მათ პერიოდულად ასახლებენ ერთი ადგილიდან სხვაგან. დაიკარგა ცხოვრების ლოგიკურ ჭრილში განვითარების განცდა.

ერთი შეხედვით, ცნობიერად, ყოველდღიურობაში თითქოს საზღვრისპირა დასახლებების გარდა აქტიურად არავის ახსოვს მტრის ჯარის ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, მაგრამ არაცნობიერს არაფერი ავიწყდება და ფსიქიკა მუდმივად განგაშის მდგომარეობაშია. ეს კარგად გამოვლინდა ერთ-ერთ ტელეარხზე საყოველთაოდ ცნობილი “მოდელირებული ქრონიკის” ეთერში გასვლისას, როცა ადამიანები გარდაიცვალნენ კიდეც პანიკის მძლავრი შეტევის შედეგად.

განგაშის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოდ გამართული სისტემაა, რომელიც საფრთხის შეგრძნებისას უნდა ამოქმედდეს, მაგრამ მუდმივად ჩართული იწვევს ძალების გამოფიტვას და ავადმყოფურ სიმპტომებს, ფსიქიკურსაც და სომატურსაც.

ბუნებაში ცოცხალ არსებებს განგაში თავიანთი მონაცემების მიხედვით სამი სხვადასხვა სახით უმოქმედდებათ - შებრძოლება, გაქცევა, გაშეშება (თავის მომკვდარუნება, კომუფლაჟით შენიღბვა).

ომის სინდრომმა და ძლიერ მტერთან “ვერასოდეს გამარჯვების” სასოწარკვეთამ ადამიანებში გააერთიანა სამივე სახის განგაში და ინსტინქტიც, გონებაც გადარჩენისთვის ამუშავდა. ძლიერი პარტნიორის ძებნის, დაუმორჩილებლობის კვალდაკვალ თავის მომკვდარუნების არჩევანის მომხრეც ბევრია, - თუ გავიტრუნებით, მტერი ლმობიერი იქნება და თავს აღარ დაგვესხმება.

ხშირ შემთხვევაში განგაშის სისტემა კიდეც გადაიწვა, გამოიფიტა და მივიდა ფსიქოლოგიურ განსვლამდე, - მტერი საერთოდაც არ არსებობს, ის ჩვენ (ან ამერიკელებმა ჩვენთვის) გამოვიგონეთ, ან სულაც, მტრის არსებობა ჩვენივე ბრალია.

გამოსავალი რაშია?

თუნდაც ერთი შეხედვით ყველაზე პასიურ წესს, თავის მომკვდარუნებას მივმართოთ, ბუნებაში ამ პასიურობასაც თავისი აუცილებელი აქტიურობა ახლავს, რის შესრულება ჩვენც მოგვიწევს; რადგან უდაბნოს ხვლიკებივით კომუფლაჟით რომც შევინიღბოთ, მაინც შეგვამჩნევენ რომ “სახლში ვართ”, ვსუნთქავთ და გადაგვყლაპავენ, დაგვრჩენია ისეთი შხამის გამოყოფა, ან ეკლების გამობმა, ყველაზე სქელ ჩექმასაც რომ გაუხვრეტს ძირს.

ქვეყნის სულის განკურნებისთვის, საერთო ქმედითი ენერგიის დაგროვებისთვის, იმისთვის, რომ მთავარი კითხვის პასუხი ვიპოვოთ, რისთვის ღირს სიცოცხლე, მთავარია გავიაზროთ ჩვენი ტრავმები, პატივი ვცეთ პიროვნებების არჩევანს, დაუნანებლად ვაღიაროთ ერთმანეთის სიკარგე, ნიჭი, ვაჟკაცობა, გმირობა, არ გვქონდეს მიზნად სხვისი დაკნინება, საკუთარი უძლურების გრძნობის გადასაფარად და სულ მალე ვიგრძნობთ, თვითონვე როგორ ვძლიერდებით. სიყვარული, თანაგრძნობა ჩააცხრობს ჭრილობებს. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის მარტოობის შემსუბუქებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^