Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროპაგანდა პროპაგანდის წილ და მიუკერძოებელი აზრი პროპაგანდის წინააღმდეგ

08 მაისი 2015

"ის, რაც "რუსთავის 2"-ის ეთერში სამშაბათს მოხდა, გადაცემაში "არჩევანი", მედია-ტერორიზმი იყო, მოდელირებული ქრონიკის გამეორება, მედია-საბოტაჟი" - ასეთი შეფასებები ისმოდა ჟურნალისტურ წრეებში ამ დღეებში. ბევრ ჩვენგანს, გადაცემის განსხვავებულ ფორმატში, ნაცნობი ხელწერა და დრამატურგია გვენიშნა - ტემპერამენტი, მასობრივი ინსტიქტებით მანიპულირების ოსტატობა, ვირტუალური რეალობის შექმნის ტექნოლოგიები, მედიის "საყოველთაობაა" და წამყვანების, როგორც ჯარისკაცების მარში საქართველოს გარშემო, მის გადასარჩენად! "რუსთავი 2" ხალხის სამსახურში! - ეს ლამის ნოსტალგიური პათოსი, რომელიც მართლა შეიძლება მოინატრო. მოკლედ, ეკრანს მიღმა, პროდუსერების და რედაქტორიების ნაცვლად, ისევ სააკაშვილის პოლიტიკური ჟინი ტრიალებდა და მისი დაუცხრომელი პოლიტიკური ამბიციები, რომელიც თავის გუნდსაც არ აძლევს გასაქანს, არათუ, ტელევიზიას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეთერს ძალიან ცოტა რამ ჰქონდა საერთო ჟურნალისტიკასტან, სტანდარტებზე აღარაფერს ვამბობ, და დახუნძლული იყო სიძულვილის ენით, ჩემთვის საინტერესო იყო ერთი რამით - დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს აღარ ეშინიათ და ისინი სრულიად ღიად არათუ გამოხატავენ თავის აზრზს, იმუქრებიან ხელისუფლების გადატრიალებით, იწყევლებიან, ირაზმებიან... და რაც მთავარია, მათი ხმა მაღალრეიტინგული, ოპოზიციურად შერაცხული ნაციონალური მაუწყებლის ეთერში ისმის! ეს ნამდვილად სიახლეა ჩვენს რეალობაში და ამ მონაპოვარს - მედიის თავისუფლებას - “რუსთავი 2”-იც ძალიან ოსტატურად იყენებს.

თუმცა, ეს კომენტარი სხვა თემაზეა - პროპაგანდაზეა პროპაგანდის წილ.

ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, თავისუფალი მედიის განვითარება მინდა, ასევე, ანალიტიკური აზროვნების და ექსპერტული აზრის, რაც წინ აღუდგება სიცრუის პროპაგანდასო. სრულიად ვიზიარებ ამ პათოსს, მაგრამ ახერხებს თუ არა გადაცემა "20/30" ამ მიზნის მიღწევას, განსაკუთრებით მისი საკვირაო ფორმატი, სადაც თავად ივანიშვილი მონაწილეობს?

გადაცემაში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა სხვადასხვა პერსონალური სამიზნეების შერჩევა, იქნებიან ეს "ენჯეოშნიკები", ჟურნალისტები თუ  მაგალითად, წინა კვირას, ალეკო ელისაშვილი. წამყვანიც შესაბამის ციტატებს და მასალებს არჩევს, ფონს ქმნის თავდასხმებისთვის.

ალეკო პროექტის "პანორამა თბილისი" კრიტიკოსია, ისევე, როგორც არაერთი არქიტექტორი, ურბანისტი თუ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცველი, ან "უბრალო" მოქალაქე. თუ გინდა, რომ ელისაშვილის არგუმენტებს არგუმენტებით უპასუხო, ამისთვის არსებობს ორი საშუალება: ერთი, წამყვანმა უნდა გასწიოს ოპონირება და სრულად წარმოადგინოს ის მხარე, რომელსაც აკრიტიკებენ, ან კრიტიკის ობიექტი უნდა მოიწვიოს ეთერში, რომ მან თავად შეძლოს თავის არგუმენტების დაცვა. სხვა შემთხვევაში, ვიღებთ მონოლოგს, პიარს და პროპაგანდას და არა ობიექტურობის პრეტენზიის მქონე დისკუსიას. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა ჟურნალისტიკაში და დარმწუნებული ვარ, გადაცემაზე მომუშავე ბევრმა ადამიანმა შესანიშნავად იცის. ეს იცის მაყურებელმაც.

“20/30”-ის ეთერში არც ელისაშვილი იყო, არც მერაბ მეტრეველი, არც კოჟორაძე, გიგაური ან სხვები, ვინც გადაცემის სამიზნეები გამხდარან მათი კრიტიკული დამოკიდებულებების გამო, სხვადასხვა თემებთან მიმართებაში. წამყვანისა და სტუმრების ერთ ხმაში საუბარი, კრიტიკული კითხვების ან კონტრარგუმენტების მოხმობის გარეშე, ობიექტური საზოგადოებრივი აზრის შექმნას ნამდვილად არ უწყობს ხელს. რადგან ასეთი მწვავეა დისკუსია იგივე “პანორამა თბილისის” გრანდიოზულ, ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ბევრად უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ თემის მრავალმხრივი გავრცობა და გაგრძელება “20/30”-ის ფორმატში, კომპეტენტური კრიტიკოსების მონაწილეობით. რამდენიმე არქიტექტორი, ვინც თავიდან “პანორამას” ოპონენტთა რიგებში იყო, პროექტის დეტალურად გაცნობის შემდეგ, მისი მომხრე გახდა. ამიტომ, კრიტიკოსების დისკუსიიდან გარიყვის მცდელობამ კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნა ამ თემის ირგვლივ.

კრიტიკული მოსაზრებების თავდასხმად აღქმაც არ შველის საქმეს. რა თქმა უნდა, არსებობს კონიუნქტურა, რომელიც იქმნება გავლენიანი მედია საშუალებების, სამოქალაქო სპიკერების თუ ფეისბუქ-აქტივისტების მიერ, მაგრამ არის თუ არა ამ ყველაფერთან გამკლავების საუკეთესო ტაქტიკა კრიტიკული აზრის მტრულად შერაცხვა? იგივეს არ აკეთებდა ის ხელისუფლება, რომელიც გადავირჩიეთ? ისინიც ასე ეძებდნენ "მტრებს", "მოღალატეებს", "რუსული ფულით მოსყიდულებს" ჩვენს რიგებში და შესაბამისად, ყველა კარიც ერთი მეორეს მიყოლებით არ იხურებოდა? რაში არის განსხვავება?

სიკეთესა და ბოროტებაშიო - ერთმა ნაცნობმა მიპასუხა, ღიმილით. "ისინი ბოროტი პროპაგანდისტები არიან, ესენი - კეთილები". 

ბოროტისა და კეთილის გასარჩევად ადამიანებს მთელი ცხოვრება გვეძლევა. თუ შეიძლება, მიეცით საზოგადოებას თავისუფალი, სასუნთქი სივრცე და ინფორმაცია და თავად გაარჩევს კეთილს ბოროტისაგან. ამ "საშვილიშვილო საქმის" გაკეთება კი არც ისე რთულია - უარი თქვით პროპაგანდაზე, მოიყვანეთ გადაცემაში ოპონენტები და თვალი გაუსწორეთ იმ პრობლემებს, რაც სინამდვილეში, ვირტუალური რეალობის მიღმა გვაქვს. "რუსთავი 2"-ის ეთერიდან ადამიანების მოთქმაც აღარ იქნება ასეთი მოულოდნელი.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^