Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მონობა მონობაა, მაგრამ ამერიკა რუსეთი არ არის

07 ივნისი 2015

პასუხად ყველას, ვინც რწმენითა და სიბეჯითით იმეორებს რიტორიკულ ოქსიმორონს - "მონობა მონობაა, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი მონა იქნები, რუსეთის თუ ამერიკისა"

მკითხველთა უმეტესობას მოსმენილი გექნებათ ამგვარი "ბრძნული" გამონათქვამი: "რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთის მონა ვიქნები თუ ამერიკისა?!" და ამ რიტორიკულ შეკითხვას პასუხიც ერთადერთი ექნებოდა, რომ არა თავად კითხვის დემაგოგიურობა.

ვიტოვებ უფლებას, ვიფიქრო, რომ საშუალოდ განათლებულმა ადამიანმა იცის, როგორც რუსეთის, ისე ამერიკის ისტორია, თუ გამოწვლილვით არა, ზერელედ მაინც და მოეხსენება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის იმპერიის ისტორია იმდენად ჰგავს ერთმანეთს, როგორც ძაღლი და დათვი, ანდა ლომი და კურდღელი. ზუსტად ასეთი "მსგავსებაა" რუსეთსა და ამერიკას შორის, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ზესახელმწიფოა და ორივეს თავისი პრესტიჟი, პრეტენზია და წონა აქვს თანამედროვე სამყაროში.

ჩვენ ყველა, გარდა 25 წლამდე ახალგაზრდობისა, საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ და კარგად მოგვეხსენება, რა ისტორიას თხზავდა საბჭოთა იდეოლოგია "გარყვნილი დასავლეთის" შესახებ, როგორი პროპაგანდა მიდიოდა არა მხოლოდ სახელმწიფოების, არამედ იმ ფილოსოფოსთა წინააღმდეგაც კი, რომელნიც მარქსიზმ-ლენინიზმისა და მემარცხენე სოციალიზმის ბანაკში არ მოიაზრებოდნენ. მთელი სამყარო, გარდა დიადი საბჭოეთისა, კუბისა და ერთი-ორი საცოდავი სახელმწიფოსი, მონათლული იყო "დამპალი კაპიტალიზმისა" და "გარყვნილი დასავლეთის" ქვეყნებად და მთელი ძალისხმევა იხარჯებოდა იმაზე, რომ ჰომო-სოვიეტიკუსს მათკენ არ გაეხედა. რკინის ფარდაც ამიტომ ჩამოუფარეს და უშიშროების აგენტებსაც ამ მიზნით აყოლებდნენ მოცეკვავეს, მეცნიერსა თუ სპორტმენს - რათა იმ "დამპალ" ქვეყნებში გზიდან არ გადაეცდინათ. საბჭოთა წარსულიდან მოსულებს ისიც კარგად გვახსოვს, თვით რკინის ფარდის შემდეგაც კი, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რამდენი სისასტიკე ჩაიდინა ამ, მართლაც, ბოროტების იმპერიამ - როგორ დახვრიტეს თვითმფრინავის გამტაცებელი ბიჭები, როგორ გამოაცხადეს მტრად და უზნეოდ ჩვენი შესანიშნავი პიანისტი, მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედა და დატოვა აქაურობა, როგორ ამოხადეს სული ფსიქიატრიულ კლინიკაში ახალგაზრდა ჟურნალისტ ქალს, რადგან გაბედა და ხმამაღლა გამოხატა ანტისაბჭოთა განწყობა, როგორ მოკლეს საეჭვო ვითარებაში, ციმბირის 10 წლიანი ტყვეობიდან დაბრუნებული ნათელი კაცი - მერაბ კოსტავა, როგორ გააძევა საქართველოდან ასეთი ბინძური, მართლაც საბჭოური პროპაგანდით ატანილმა წითელმა ინტელიგენციამ, რუსეთის დახმარებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტი და როგორ მოუღეს ბოლო მივარდნილ ტყეში. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ იმ "დიადი" ქვეყნის "გმირობებიდან"?! ეს ყველაფერი იმ ქვეყანაში ხორციელდებოდა, რომელსაც რონალდ რეიგანმა, ამ მართლაც მოვლენამ ამერიკის და მსოფლიოს ისტორიაში, ბოროტების იმპერია უწოდა და ამით საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა ქვეყანას, რომლის კისერზე მილიონობით ადამიანის სისხლია. თუ ვინმეს ამ "სტატუსის" გაპროტესტება სურს, პატიოსანი საქციელი იქნებოდა, რეიგანთან და მის მომხრეებთან გაემართა პოლემიკა და ალალად ეთქვა, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია კი არა, სიკეთის იმპერია იყო. ამდენი ჭკუა ჰყოფნით და ხმამაღლა ამას არ აცხადებენ, მაგრამ რამხელა პროპაგანდა მიდის რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის დათბობისთვის, ამერიკის რეპუტაციის შერყვნისთვის, ევროპის უზნეო სამყაროდ გამოცხადებისთვის, ლიბერალიზმის გაუკუღმართებული ინტერპრეტაციისთვის. ამას ემსახურება საქართველოში რამდენიმე მედია საშუალება, რომელთა უკან, რა თქმა უნდა, ადამიანები დგანან თავიანთი მიზნებით და მისწრაფებებით.

გარდა ოდიოზური ასავალ-დასავალისა, რომელიც ისე შორს გაიჭრა, რომ მხოლოდ საწინააღმდეგო პოზიციის ანუ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსებს კი არ ერჩის, არამედ ღია, ბინძურ პროპაგანდას ეწევა თვით მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგაც კი, თავის მკითხველს არწმუნებს, რომ თუ საქართველო გეზს დასავლეთისკენ აიღებს, ისე გავირყვნებით და გავთახსირდებით, როგორც გაირყვნენ და გათახსირდნენ თანამედროვე მწერლები, ნიმუშად კი მათი ნაწერებიდან იღებს პასაჟებს, სადაც სკაბრეზი, ე.წ. უცენზურო სიტყვები თუ ეროტიკული სცენებია აღწერილი. გაზეთი არწმუნებს მკითხველს, რომ თუ ჩვენ უარს არ ვიტყვით ნატოსა და ევროკავშირზე "ქართველობას წაგვართმევენ" და დავრჩებით ამ საუნჯის გარეშე. მკითხველნიც, აღგზნებულნი და ცრემლმორეულნი, შიშითა და სიძულვილით ივსებიან ევროპა-ამერიკის წინააღმდეგ და არ სურთ არც ევროპა, არც ამერიკა, არამედ - საქართველო (და რუსეთი). თუმცა, ამბობენ საქართველოს და გულისხმობენ რუსეთს. ამას ხმამაღლა არ აცხადებენ, მაგრამ "განდობილებმა" და მათმა გურუებმა შესანიშნავად უწყიან, რომ თანამედროვე სამყაროში არ არსებობს ორი ალტერნატივის გარდა - ან დასავლეთი, ან რუსეთი და რომ სხვა ყოველგვარი რიტორიკა ე.წ. სხვა ცივილიზაციების შესახებ ისეთივე ბლეფია, როგორც სიცოცხლე მარსზე და იუპიტერზე. იციან, მაგრამ გულუბრყვილოებს "აბოლებენ" და საკმაო წარმატებითაც. 2012 წლის შემდეგ იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც არ სურთ დასავლეთი, მკვეთრად გაიზარდა და ამ შედეგისთვის უთუოდ უნდა დააფასონ და შეაფასონ ასავალ-დასავალის სკოლის პროპაგანდისტები. მათ შედეგი დადეს უზარმაზარი.

არადა, საკითხი გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს ვინმეს შეიძლება ეჩვენებოდეს: თანამედროვე სამყარო ნამდვილად არის გაყოფილი ორად და მის ერთ მხარეს დგას განვითარებული დასავლური ცივილიზაცია, რომელსაც თავის თავზე აქვს აღებული მთელი თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო და აუცილებელი ტექნოლოგიების განვითარება და პროგრესო და მეორე მხარეს დგას ჩამორჩენილი და სამარცხვინო რუსეთი თავისი სოციალისტური ჩინეთით, გაურკვეველი პოლიტიკური მიმართულების ინდოეთით და ერთი-ორი გზასაცდენილი ქვეყნით. ამ ორ პოლუსს შორის მიმდინარეობს შეჯიბრი ჩვენს თვალწინ და როგორმე უნდა შევძლოთ, ერთურთისგან გავარჩიოთ პროგრესი და რეგრესი, ხვალინდელი დღე და გუშინდელი, რეტროგრადიზმი და თანამედროვე ადამიანის კულტურული მისწრაფებები. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დასავლური სამყაროსთვის ციდან არ ჩამოუყრიათ მთელი ის მიღწევები, რასაც მსოფლიოს უნაწილებენ და, მათ შორის, ჩვენც. ამ "გარყვნილმა დასავლეთმა" უდიდესი ძალისხმევის და შრომის ფასად შექმნა მართლაც გასაოცარი და ყველასთვის გამაოგნებელი კულტურა, რომლის გარეშე თანამედროვე სამყაროს წარმოდგენა შეუძლებელია. არც ღირს ჩამოთვლად და ვერც ჩამოვთვლით, რასთან გვაქვს საქმე, მხოლოდ ერთს ვიტყვით, რომ არა ევროპისა და ამერიკის პროგრესისკენ სწრაფვა, რომ არა მათი შინაგანი მოთხოვნილება, სამყარო გაეხადათ უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო, რომ არა მომავლის ცივილიზაციისკენ აღებული ორიენტირები, განა ძნელი წარმოსადგენია, სად იქნებოდა ადამიანი თავისი უუფლებობით, სად იქნებოდა ტექნიკა, ხელოვნება?! რომ არა თავისუფლების მაღალი ხარისხი, ამის შედეგად მოვლენილი ჯაზი, როკი, ანუ ის რევოლუციები, რაც ამ მოვლენებმა მოახდინეს ადამიანის მენტალობაში, საკითხავია, სად ვიქნებოდით. და რა იდო ამ თავისუფლების ილუსტრაციების საპირწონედ - მარქსისტული იდეოლოგიის წნეხის ქვეშ  მგმინავი ხელოვნება, იდეოლოგიით წელშიგაწყვეტილი მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება, არქიტექტურაც კი. როგორ უნდა დაიჯეროს ჭკუათმყოფელმა ადამიანმა, რომ როდესაც ასეთ სიტყვათა წყობას აჟღერებს ადამიანი - "ამერიკის მონობა", არ იცის, რომ ამერიკამ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე შეძლო არათუ მონობისგან, არამედ ყოველგვარი არაადამიანური და შეურაცხმყოფელი წნეხისგან გაეთავისუფლებინა ადამიანი და შეექმნა ქვეყანა, მართლაც, თავისუფლების სიმბოლო. განა სჯერა ვინმეს, რომ ტომას ჯეფერსონი და ვლადიმერ ლენინი ტოლფარდი პერსონები არიან, ანდა საბჭოთაA კანონმდებლობით "დაცული" ადამიანის უფლებები და ამერიკის მოქლაქის უფლებები ერთმანეთს ედარება?!

ძვირფასო მკითხველო, ის არჩევანი, რაც ჯერ კიდევ პირველი ეროვნული ხელისუფლების და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით ჩატარებული რეფერენდუმით მოიპოვა საქართველომ, არათუ სასურველი, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია და როდესაც ვინმე, თუნდაც, ზემოაზროვნის ავტორიტეტით ცნობილი ადამიანიც კი გეუბნებათ, რომ მონობა მონობაა, გინდ ამერიკის მონა იყავი და გინდ რუსეთისაო, გჯეროდეთ, რომ ამერიკას მონები არ სჭირდება, მან თავისი მონები - შავკანიანი მოქალაქეები გაათავისუფლა და თეთრკანიანთა თანაბარ მოქალაქეებად აქცია, ეს ურთულესი და სახიფათო გზა იყო, მაგრამ ეს იყო გზა, რომელსაც ან უნდა გასდგომოდი, ანდა ჩიხებში გადაგეხვია და ბოლოს, სადმე, რომელიღაც ჩიხში უთუოდ გადაეყრებოდი საბჭოთა ქვეყანას. ის ამერიკა კი, რომელიც ამ სულისკვეთებით გაზარდეს: "სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მაინც ვიბრძოლებ ადამიანის სიტყვის თავისუფლებისთვისო", თავის ბუნებრივ გზას აგრძელებდა და შავსაც ათავისუფლებდა, ყვითელსაც იღებდა, თეთრსაც სჯიდა, როცა დასასჯელი იყო, და ამ სამათლიანი და ზნეობრივი ბუნების წყალობით ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებას უწყობდა ხელს, რადგან ფსიქოლოგიამ იცის, შესწავლილი აქვს, რომ თუ ადამიანს არ მიეცი თავისუფლება, არჩევანის გაკეთების თავისუფლება, მისი ცხოვრება და შემოქმედება იქნება დაღდასმული, გალიაში დატყვევებული ჩიტის საბრალო გალობა თუ ჭყვიტინი და რომ დამონებულ ადამიანზე საბრალო არავინ შეიძლება იყოს, რადგან ეს უმაღლესი არსება, ეს ერთადერთი გონიერი არსება, თავისუფლებისთვის შეიქმნა და არა - მონობისთვის. ამერიკა, რომელსაც სიმბოლოდ თავისუფლების ქანდაკება უდგას, ხოლო რუსეთი, რომლის უკანასკნელი იმპერიის სიმბოლო ნამგალი და ურო იყო, ერთმანეთს უნდა შეადაროს საშუალო ჭკუის მქონე ადამიანმა და განსაჯოს, ის ქალი, რომელიც ნიუიორკის ბორცვზე დგას და აღმართულ ხელში ანთებული ჩირაღდანი უპყრია, მეორე ხელში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, უფრო შთამბეჭდავი და სასურველია თუ ნამგალი და უროთი აღბეჭდილი კულტურა, რომელიც ერთი ხელით ცელავს, მეორით - მარხავს ღრმად, სასტიკად, რაც შეიძლება ღრმად და სინათლისა და თავისუფლების ბაიბურში არ არის. რა ქნას, ხვედრი აქვს ასეთი, არც ტომას ჯეფერსონი ჰყოლია, არც ჯორჯ ვაშინგტონი არც მარტინ ლუთერ კინგი, მისი ოცნებები ისევ უკან, ივანე მრისხანის ხანას ეკუთვნის. აბა, გვინდა ჩვენ ვლადიმირ მონომახი, ივანე მრისხანე და, თუნდაც, პეტრე დიდი, ძვირფასო მკითველო?! მერე რა, რომ ამ "ბრწყინვალე" იდეებს ზოგჯერ პოეტები და "ფილოსოფოსები" გვიზიარებენ საპატიო შენობის კედლებიდან, ანდა ჟურნალისტები - მრავალათასიანი გაზეთების ფურცლებიდან.

ხოლო ის, რასაც გართმევენ, უნდა გაგაჩდეს და თუ ვერ დაიცავი და მაინც წაგართვეს, არც ყოფილხარ მისი ღირსი. ეს სიბრძნეც გაიხსენე და ყველაფერი კარგად იქნება, თავისუფლების გზაზე შემდგარო ერო და ბერო! 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^