Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაციენტის დღიური #1 - ყველაფერი იმით დაიწყო, რომ...

11 ივნისი 2015

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სხეულმა სიმსუბუქე დაკარგა...

ხშირ ფრენებს დავაბრალე. ორ კვირაში ერთხელ ტრანზიტულ ფრენას ეხუმრები?! განსაკუთრებული სტატუსიც ვერ დაგიცავს ევროპელი მესაზღვრის მრისხანე მზერისგან. საათობით ლოდინი ხომ მეორე საკითხია, თუნდაც თურქეთის  აეროპორტის სპეციალურ ზონაში.  ამ ყოველივეს შემდეგ სიმსუბუქესთან განშორების  მიზეზად  აკლიმატიზაცია მივიჩნიე, მერე ეგზოტიკური საკვები, ემოციური ფონი,  24/7 გრაფიკი...

მოკლედ, ჩემთვის ჩვეულ რეჟიმში ვიყავი და რადგან ვერც ვერავინ ამჩნევდა რაიმე განსხვავებულს, ისევ საკუთარ თავთან კომუნიკაციას მივეძალე.

ეს ის დროა, როცა პროფილაქტიკური კვლევები უკვე ჩავიტარე და  მომდევნო 6 თვე თავისუფლად შემიძლია ვიარ-ვიფრინო (18 წლიდან დედაჩემის დაცინვის ფონზე წელიწადში ორჯერ ზოგად გამოკვლევას ვიტარებ).

ჩემი ამბის ასე დაწყება სწორი იქნებოდა. აღნიშნული სიმპტომები ხომ მარტივად შეიძლება დაუკავშირო გადაწვას, გადაღლას ან უბრალოდ გაზაფხულის ავ ზნეს. არაფერი განსაკუთრებულად უჩვეულო არ ხდება, რომ არა ერთი გარემოება - აკვიატებული წინათგრძნობა ...  მოკლედ...

...ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სხეულმა სიმსუბუქე დაკარგა და ამეკვიატა აზრი - რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს:

ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგი - ამეკიდა სხვა სიტყვა...

ვგუგლავ - ვინ არის ეს ენდოკრინოლოგი. წავიკითხე.  აჰა, ე.ი. შესაძლებელია სწორად ვიკვებები, მაგრამ მაინც არ ვიკვებები სწორად?! დავუხლართე  კითხვა საკუთარ თავს. რატომღაც მხოლოდ ეს ნაწილი შევნიშნე მრავალ სხვა განმარტებაში, თუ  რას აკეთებს ენდოკრინოლოგი.

გვიან ღამით ათენში და მერე კვიპროსზე მივდივარ. ვიზიტზე ჩაწერას მაინც მოვასწრებ - გავიფიქრე.

ოჯახის ექიმთან ვრეკავ. ადგილი არ არის. რამდენი ავადმყოფია ამ ქვეყანაში! -  ვფიქრობ...

კლინიკის კეთილგანწყობილი თანამშრომელი მახსენდება. იქნებ ცოცხალი რიგი გავარღვიო. გამიმართლა.

ოჯახის ექიმი თეონა  ჩვეული სიმშვიდით მისმენს.  - მოდი მაინც შევამოწმოთ ფარისებრი  -ამბობს ბოლოს.

ღმერთო, და ეს რა ორგანოა  - ვფიქრობ ჩემთვის. ექოსკოპიურ კვლევას ჩაგიტარებენ, არაფერი ისეთი, დაგათვალიერებენ, კისრის არეს ჰკიდებს ხელს, თითქოს მაჩვენებს რა ტიპის კვლევაა. უჰჰჰ, ამოვისუნთქე, გავიგე მაინც, სად ყოფილა.

მიდი ქეთისთან. ჩაიწერე ნომერი. მშვიდად ვიწერ - აჰა, ახლა მაინც ისწავლი  სწორად ჭამას, ვეჩხუბები საკუთარ "სწორადმკვებავ" მეს. არადა, თურმე...

ვრეკავ. უჰ, ზუსტად ორი კვირის თავზე, ჩამოფრენის დღეს, დილით შემიძლია ექიმთან მოვხვდე.

ჩამწერეთ...

ღამე... ტრანზიტი.... ათენი... მუზეუმი... აეროპორტი...ლარნაკა... ნიქოზია... აია ნაპა... ტრენინგი... მოლა... საზღვარი... მე... მარი... ნინიკო... ნელი... ასტრიკი... ხალხი...ლარნაკას სანაპირო... სიმღერა ნინიკოსთვის...  აეროპორტი.... ათენი, თბილისი...

დილა.

ექიმის მისაღები...

დაავადებამ თუ ვერ შეძლო, ქართული სამედიცინო უსისტემობა აუცილებლად მოგიღებს ბოლოს.  სხვა გზა არც გაქვს, თუ  ცხოვრების ბოლომდე უამრავ, ხელოვნურად წარმოქმნილ პრობლემასთან ბრძოლა არ გიზიდავს, მალე უნდა განიკურნო.

არ შემიძლია დავასახელო თუნდაც ერთი კლინიკა, სამედიცინო ცენტრი, სადაც  სრული სამედიცინო მომსახურების  კვალიფიციურად მიღებაა შესაძლებელი. "კარგ", "საუკეთესო", "ქალაქში საუკეთესო" ექიმთან მისასვლელად თბილისის ცენტრიდან ხან უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ინაცვლებ, ხან უკიდურეს დასავლეთში და ხანაც მთის წვერზე. რამდენად შეესატყვისება ეს ექიმი "საუკეთესოს", ეს ხშირად მართლა სადავოა.

რადგანაც უბრალოდ გამოკვლევების რეჟიმში ვარ, ვენდე უკვე ნდობამოპოვებული, გამოცდილი ოჯახის ექიმის, თეონას რჩევას (და არც შევცდი) და გავეშურე დიღმის საავადმყოფოებისკენ.

დიღმის საავადმყოფოები...

...ცალკე კომუნაა, ცალკე ქალაქი,  პაციენტთა ახალი თემი. თუ არ იმარჯვე ან თავიდანვე არ დაკვალიანდი ერთიდან მეორე, მესამე, მეათე კლინიკასა და სამედიცინო ცენტრში ისე გადახვალ,  ვერც გაიგებ. ოფთალმოლოგთან მისული სავსებით შესაძლებელია გინეკოლოგის სავარძელზე გაფარჩხულ პაციენტს შეუვარდე.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით,  სხვა არაფერია, თუ არა ზეციური წყალობა, რომ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ცენტრი გზის პირზე აშენებული, ე.წ. მწვანე აფთიაქის, ამჟამინდელი მწვანე შენობის უკან მდებარეობს.

მისაღებში უამრავი "ჩემნაირია". მართლა ასე მგონია. არა, კი არ მგონია უფრო მეტიც, მჯერა, ზუსტად ვიცი, რომ ყველას უდავოდ კვების პრობლემა აწუხებს. სხვა რა შეიძლება რო?!

ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თავისებურება ისაა, რომ ოჯახის ექიმის მიმართვის წარდგენას არ ჯერდებიან და ყოველ მისვლაზე  დაზღვევის ბარათს და პირადობას აკოპირებენ. თუ ცოტას არ "შეუბღვერ" შესაძლოა ასლის გადაღება უსასრულოდ გაგრძელდეს. სამაგიეროდ მოპირდაპირედ მსხდომი ორი ქალია მკვირცხლი. ბარათს სწრაფად მიიღებ და ექიმთან ჩაწერაზეც არ დაგზარდებიან.

ექიმი ქეთევან ასათიანი.

- გამარჯობა.

- გამარჯობა გენაცვალე.

- თქვენი სახელი?

- ანუნა... ანა ( უფ, დაიწყება ახლა ანინუნანა.  ანას ვეტყვი)

- დაბრძანდით

- აბა ანუნა, ანა, რამ შეგაწუხათ?

- ნუ იცით, ასე მგონია......ტრალალურლუალა... ვყვები.

- მოდით ასე მოვიქცეთ, ავიღოთ ანალიზები და ვნახოთ რა ხდება.

-იღიმის. მოღიმარი ექიმი უკვე საეჭვოა. არადა, ხომ "საუკეთესოა"?!

ღიმილი გულგრილობისა და ზედაპირულობის ნიშნად რომ მოგეჩვენება, სამედიცინო უსისტემობის  შენს ნერვულ სისტემაზე დარტყმის პირველი სიმპტომი, სწორედ ეს არის.

მოკლედ ეჭვის ჭიამ რამდენჯერმე გამიარ-გამომიარა გონებაში, მაგრამ  ექიმის მშვიდმა, აუჩქარებელმა საუბარმა და დამოკიდებულებამ, ფუნდამენტურად მოეკვლია, რატომ მივედი მასთან, დამამშვიდა.

დერეფანში გამოსულმა საათს დავხედე და ვიფიქრე, ნუთუ ამდენი დრო დამითმო?! თან ისე, რომ ასი სხვა პაციენტი არ იდგა ჩემს თავსა და ბეჭებზე (ეს უკვე სამედიცინო დაწესებულების მენეჯმნეტისგან მიღებული ტრავმაა. როგორც წესი, 20 წუთს უთმობენ ერთ პაციენტს).

ანალიზები - ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბევრი იყო, TSH, სისხლის საერთო, ინსულინი და კიდევ რაღაცეები. დაახლოებით ასე - TSH, FT-4, FT-3,  TPO, TG.

მეორე დილით დაიწყო ჩხვლეტების სერია, რომელიც დღემდე გრძელდება.

...ერთი წელი მალე გავა... წერას ვიწყებ... დედა მიწონებს გადაწყვეტილებას. იშვიათი შემთხვევაა... მიხარია...

1 ნაწილის დასასრული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^