Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეამბოხე ფემინისტი პატრიარქალური ოჯახისა და ქალის რეპროდუქციული მონობის წინააღმდეგ #1

04 ივლისი 2015

ამ სტატიაში განვიხილოთ სიმონ დე ბოვუარის ესე „მეორე სქესი“ და რომანი „მშვენიერი სურათები“. შევეცდებით, წარმოვაჩინოთ აღნიშნული ნაშრომები, როგორც მასკულინური/პატრიარქალური წყობის ჩამოშლის ცდა და ფემინისტური დეკონსტრუქტივიზმის სათავე.

პირველ (თეორიულ) ნაწილში მიმოვხილავთ დეკონსტრუქციასა და მის საფუძველზე აღმოცენებულ ფემინისტურ კრიტიკას, როგორც სტატიის თეორიულ ჩარჩოს.

მეორე ნაწილი დაეთმობა ცნობილი ფემინისტური ესეს, „მეორე სქესის ანალიზს და მასში დეკონსტრუქციული ელემენტების წარმოჩენას. შევეცდებით, ნათლად ვაჩვენოთ, რამდენად ფემინისტურ-დეკონსტრუქციული იდეები შემოიტანა და დაამკვიდრა სიმონ დე ბოვუარმა თავისი მეორე სქესით ჟაკ დერიდაზე, იულია კრისტევაზე, ელენ სიქსუსა და სხვა დეკონსტრუქტივისტ მოაზროვნეებზე ბევრად ადრე. გავაანალიზებთ, როგორ ხედავდა სიმონ დე ბოვუარი ქალთა პრობლემატიკას, როგორ მოახდინა მან პატრიარქალური წყობის დეკონსტრუქცია; როგორ გააკრიტიკა ფემინისტურ ჭრილში გოგონათა ტრადიციული აღზრდა-განათლება, ქორწინების ტრადიცია,. დედობა, აბორტის დაკანონების პრობლემა და როგორ დასახა მან ქალთა ემანსიპაციის გზა.

მესამე ნაწილში მიმოვიხილავთ სიმონ დე ბოვუარის რომანს, „მშვენიერ სურათებს“. შევეცდებით, ვაჩვენოთ, როგორ შეასხა ხორცი ბრწყინვალე მწერალმა და ფილოსოფოსმა თავის დეკონსტრუქტივისტულ თეზისებსა და ფემინისტურ იდეებს, როგორ აისახა მისი თეორიული ნააზრევის ტრანსფორმაცია მხატვრულ ნაწარმოებში.

ნაწილი 1

დეკონსტრუქცია და ფემინიზმი

ტერმინი დეკონსტრუქცია პირველად ფრანგმა ფილოსოფოსმა, ჟაკ დერიდამ ახსენა თავის ნაშრომში „გრამატოლოგიის შესახებ“. დეკონსტრუქცია პოსტსტრუქტურალიზმის უმნიშვნელოვანესი ტერმინია, რომელიც ლიტერატურული ანალიზის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად მიიჩნევა. საერთოდ, განასხვავებენ ხუთი ტიპის დეკონსტრუქციას, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ორი მათგანი გვაინტერესებს: 1) ე.წ. „მემარცხენე დეკონსტრუქტივიზმი“, რომელიც მიზნად ისახავს ლიტერატურის, როგორც კატეგორიის დეკონსტრუქციას, დაშლას. 2) „დერიდასეული დეკონსტრუქცია“, რომლის მიზანიცაა ძველი, ტრადიციული ბინარული ოპოზიციებისა და დიქოტომიების (ბინძური - სუფთა, სხეული-სული, ცუდი - კარგი, ქალი - კაცი, მიწიერი- ზეციური, ბოროტება - სიკეთე და ა.შ.) დეკონსტრუქცია. ჟაკ დერიდას იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა ენათმეცნიერზე, ფილოსოფოსსა და ფემინისტ თეორეტიკოსზე, იულია კრისტევაზე, ფემინისტსა და ფილოსოფოსზე, ელენ სიქსუზე, როლან ბარტსა და სხვა მოაზროვნეებზე. დერიდასეული დეკონსტრუქცია, როგორც ლიტერატურული ტექსტის წაკითხვის მეთოდი, გულისხმობდა იმას, რომ მას უნდა მოეხდინა ტექსტის დეკონსტრუქცია, ე.ი. გამოევლინა მისი შინაგანი წინააღმდეგობრიობა და გაეშიშვლებინა ის იდეოლოგიური პოზიცია, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა ცნებების იერარქიულ წესრიგში მოქცევა.

დეკონსტრუქტივიზმის ერთობ მნიშვნელოვანი მიმართულება ფემინისტური კრიტიკა. ფემინისტმა დეკონსტრუქტივისტებმა ხელახლა გაიაზრეს და გადააფასეს დერიდასეული პარადიგმა. დერიდამ დასავლურ კულტურასა და ზოგადად, აზროვნებას, „ლოგოცენტრისტული“ უწოდა. მისი აზრით, დასავლურ აზროვნებაში ყველაფერი ბინარულად სტრუქტურირებული და მიზნისკენ მიმართული წესრიგის ფარგლებშია მოქცეული და მის ცენტრში დგას ჭეშმარიტების (ლოგოსის) იდეა. დერიდამ ერთმანეთთან გააიგივა პატერნალური (მამისეული) ლოგოსი და ფალოსი და შექმნა ტერმინი „ფალოგოცენტრიზმი“, რომელიც ფემინისტური კრიტიკისთვის საკვანძო მნიშვნელობის აღმოჩნდა. როდესაც დერიდას ჰკითხეს, რა კავშირი იყო პოსტსტრუქტურალიზმსა და ფალოგოცენტრიზმს შორის, მან უპასუხა: „ეს ორი რამ ერთსა და იმავე სისტემას ქმნის. ისინი განამტკიცებენ პატერნალურ ლოგოსსა და ფალოსს, როგორც „პრივილეგირებულ აღმნიშვნელს“. 1964-1967 წლებში ჩემ მიერ დაწერილი ტექსტები ფალოგოცენტრიზმს უჭერდა მხარს.“ (Roudinesco 2011, 1183)

ფემინისტური კრიტიკა ამ ტერმინს აქტიურად იყენებს და ლოგოსს ფალოცენტრიზმთან აიგივებს. ფემინისტი თეორეტიკოსები თავს ესხმიან ფალოგოცენტრიზმს, როგორც აბსოლუტური, უცვლელი ჭეშმარიტების მაძიებელ სისტემას, მის ბინარულ-დუალისტურ ოპოზიციებს, იერარქიულ ნორმებს, გაბატონებულ კლიშეებს, ტრადიციულ დიქოტომიებს (ქალი-მამაკაცი, ფემინური-მასკულინური, სხეული-სული, პათოსი-ლოგოსი, ბინძური-სუფთა, სხვა-იგივე და ა.შ.) და ახდენენ მათ დეკონსტრუქციას. ფემინისტური კრიტიკის თანახმად, ლოგოცენტრიზმი პატრიარქალური, მამაკაცური საწყისის გამოხატულებაა და იგი კაცის ქალზე უპირატესობასა და ზოგადად, მამრობითი სქესის დომინაციას უსვამს ხაზს. ფემინისტები აკრიტიკებენ აზროვნების გაბატონებულ წესს და გვიჩვენებენ მის უკიდურესად მიზოგინიურ (ქალთმოძულე) ბუნებას.

ფემინისტური კრიტიკა, ძირითადად, მეოცე საუკუნის მიწურულს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარდა და გავრცელდა. მისი ამოსავალი წერტილი ქალთა ემანსიპაცია და მამაკაცთა დომინაციისაგან მათი დახსნაა. იგი ყურადღებას ამახვილებს ქალურ ლიტერატურაზე (ამგვარი კრიტიკა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ტექსტის ავტორი არა მამაკაცი, არამედ - ქალია); ასევე ხაზს უსვამს ქალურ კითხვას (იმას, თუ როგორ აღიქვამს მკითხველი ტექსტს), ქალურ წერასა (ტექსტის ფემინურ სტილს) და ქალურ ავტობიოგრაფიას (ტექსტის შინაარსს). ფემინისტური კრიტიკა გვარწმუნებს, რომ ეს სამყარო პატრიარქალურია, პრივილეგირებული მხოლოდ მამრობითი სქესია, ქალები კი იძულებულნი არიან, ამ მჩაგვრელ რეჟიმს დაემორჩილონ. ქალისა და მამაკაცის როლები, პროფესიები და სფეროები მკვეთრად გამიჯნულია ერთმანეთისაგან. ბავშვს, ლამის, აკვნიდანვე უნერგავენ მამაკაცურ იდეოლოგიას, ნორმებსა და ღირებულებებს; საზოგადოებაში უპირატესობა ენიჭება „კაცურ საწყისს“. გაბატონებული კულტურის ფარგლებში რაციონალიზმი, ლოგიკა, აზროვნება, გონი და აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ მასკულინურ სფეროს მიეკუთვნება. მამაკაცური სამყარო ბატონობს ყოველივე ქალურზე, ანუ, „მატერიაზე“, ინტუიციურზე, გრძნობითსა და მთლიანად, „ქალურ საწყისზე“. ამრიგად, დეკონსტრუქტივიზმის საფუძველზე წარმოქმნილმა ფემინისტურმა კრიტიკამ მიზნად დაისახა ტრადიციული ნორმების, დიქოტომიების, ბინარული ოპოზიციებისა და გაბატონებული შეხედულებების ფემინისტურად გაანალიზება, გადაფასება და დეკონსტრუქცია.

პატრიარქალური აზროვნების ყაიდის კრიტიკა ამერიკულ ფემინისტურ კრიტიკაში გავრცელდა და სწორედ იქ შეიქმნა ქალთა ლიტერატურის ანთოლოგიები, კვლევითი ცენტრები, ინსტიტუტები და საუნივერსიტეტო პროგრამები, რომლებიც დაწვრილებით და სიღრმისეულად შეისწავლიან ქალთა ლიტერატურას. მეტიც: ფემინისტურ კრიტიკაში ხაზგასმით აღინიშნება, რომ სამყაროს აღქმისა და შეცნობისთვის საჭიროა ინტუიციურ-არაცნობიერი, ანუ, ქალური ხერხი. მიუხედავად ამისა, ფემინისტური კრიტიკა ძალზე მრავალფეროვანი და ეკლექტურია.

სიმონ დე ბოვუარი მეორე სქესში განმარტავს, რომ პატრიარქალურ ცივილიზაციაში ფალოსი ტრანსცენდენტურობის, აღმატებულობისა და უპირატესობის სიმბოლოდ მიიჩნევა და სწორედ ამგვარი აღქმა აქცევს ქალს „სხვად“, „მეორედ“ და კაცის „ობიექტად“. ფრანგული ფემინისტური კრიტიკის წარმომადგენლებმა წამოიწყეს ცოდნის სხვადასხვა დარგების დეკონსტრუქცია.

ფემინისტურ-დეკონსტრუქციული კრიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტია ანეტ კოლოდნის რამდენიმე შენიშვნა ლიტერატურის ფემინისტური კრიტიკის განსაზღვრისთვის (Kolodny 1975). ავტორი ამტკიცებს, რომ ქალთა ლიტერატურა მკვლევრებმა და კრიტიკოსებმა მამაკაცთა ლიტერატურისაგან განცალკევებით, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ; ქალის ნაწერს გააჩნიათავისებური სტილი, რომელიც მას კაცის ტექსტისაგან განარჩევს. ავტორი გვარწმუნებს, რომ მწერალი და კრიტიკოსი ქალები უნდა გათავისუფლდნენ მამაკაცზე ორიენტირებული ლიტერატურული თეორიების, კრიტიკის, ანალიზის მეთოდებისა და ზოგადად, ანდროცენტრული ნორმებისგან.

პროფესორი თამარ ლომიძე თავის გამოუქვეყნებელ მანუსკრიპტში (რომლის მოწოდებისათვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი), წერს, რომ მარიან ადამსმა შარლოტა ბრონტეს ჯეინ ეარის ფემინისტური ანალიზისას აღნიშნა, რომ კრიტიკოსმა ქალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მხოლოდ და მხოლოდ მთავარ პერსონაჟ ქალს, ჯეინს და მის დაჩაგრულ მდგომარეობას. ავტორის თქმით, ამ რომანის კითხვისას მან დაინახა ქალური პრობლემები, გათხოვილი ქალის დაჩაგრული მდგომარეობა და ეკონომიკური დამოკიდებულება ქმარზე. ფემინისტური კრიტიკის მიზანია, ქალს ასწავლოს, როგორ წაიკითხოს ტექსტი ფემინისტურად, ანუ ქალურად.

ამერიკელი ფემინისტი, ჯუდით ფეტერლი, თავის ნაშრომში ურჩი მკითხველი: ამერიკული ლიტერატურის ფემინისტური ანალიზი (Fetterley 1981) ამტკიცებს, რომ ამერიკული ლიტერატურის მრავალი ნაწარმოები სხვა არაფერია, თუ არა ვერაგული ამბოხება ქალთა წინააღმდეგ. იგი განმარტავს, რომ, მაგალითად, რიპ ვან უინკლის კითხვის დროს მკითხველი ქალი იძულებულია, აუმხედრდეს ქალ პერსონაჟს - რიპის ცოლს და დადებითად განეწყოს თავად რიპისადმი, ანუ იმ პერსონაჟისადმი, რომელიც ქალს ებრძვის და უპირისპირდება. ფემინისტ კრიტიკოსს მიაჩნია, რომ მწერალმა რიპის ცოლი წარმოაჩინა ამაზრზენ, მრისხანე არსებად, რომელსაც კაცი უნდა გაექცეს ტყეში, მთაში, ან პრერიაში, თვით რიპი კი მამაკაცური, პატრიარქალური აროგანტულობის, შოვინიზმისა და ფალოცენტრული დომინაციის აპოგეაა. ფეტერლის აზრით, ჰემინგუეის რომანში, მშვიდობით იარაღო! ქალ პერსონაჟს, კეტრინს, მხოლოდ და მხოლოდ მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო ადგილი უჭირავს, რადგან ამ ნაწარმოებში მნიშვნელოვანია მხოლოდ მამაკაცის ცხოვრება. ქალი პატრიარქალური სამყაროს უბრალო ბუტაფორია და სამკაულია. როდესაც კეტრინი კვდება, ჰენრი შემაწუხებელი და მძიმე მოვალეობებისგან თავისუფლდება. ქალი მკითხველი იძულებულია, ამ ნაწარმოებიდან ერთადერთი მკაფიო დასკვნა გამოიტანოს: ერთადერთი კარგი ქალი მკვდარი ქალია.

ფემინისტებმა ტერმინი „დეკონსტრუქტივიზმი“ გამოიყენეს იმისთვის, რათა პატრიარქალური სისტემა დაერღვიათ და „ტრადიციული ქალის“ ხატის დეკონტრუქცია განეხორციელებინათ. ფემინისტური კრიტიკის თანახმად, ლიტერატურა, თავისი არსით, ქალური/ფემინური მოვლენაა. იულია კრისტევასა და ლუსი ირიგარეის აზრით, ქალს განსაკუთრებული მისია აკისრია ამ სამყაროში. ისინი ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ კულტურასა და ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს ასრულებს ქალი და არა - მამაკაცი. კრისტევამ დედობრივი და სექსუალური საწყისები ერთმანეთს გაუთანაბრა. ამ მოაზროვნის თეორიის მიხედვით, ქალური საწყისი ჭეშმარიტების შეცნობის საწინდარია, ეს ჭეშმარიტება კი, შეუძლებელია, მოექცეს მამაკაცური, ტრადიციული ლოგიკისა და ბინარული ოპოზიციების ვიწრო ჩარჩოებში.

ფრანგი ფილოსოფოსი, სარა კოფმანი, მონოგრაფიაში „ქალის გამოცანა. ქალი ფროიდის ტექსტებში წერს, რომ ქალი ჭეშარიტების გასაღებს ფლობს. კოფმანის აზრით, ფროიდისეული „პენისის შური“ ერთ-ერთი პატრიარქალური მითია. ქალს ამგვარი შური საერთოდ არ სტანჯავს. მას საკუთარი, მამაკაცისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ავტონომიური სექსუალობა გააჩნია. ყველა კონცეფცია, რომელიც ქალს წარმოაჩენს ისტერიკულ, არასრულფასოვან, შეუმდგარ, ნაკლულ და განუვითარებელ არსებად, ანტიქალური სიცრუეა, რომლითაც მამაკაცები ცდილობენ, თავიანთი მრავალსაუკუნოვანი დომინაცია გაამყარონ და ქალები დაჩაგრონ; ყველა ტრადიციული ცივილიზაცია ანდროცენტრულია და იგი ამართლებს მამაკაცის ქალზე ბატონობას.

დერიდას იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა ფრანგ ფემინისტ თეორეტიკოსსა და ფემინისტზე, ელენ სიქსუზე, რომელსაც ბინარული ოპოზიციები, საბოლოოდ დაჰყავს ქალი/მამაკაცის ანტონიმიამდე. ამ დიქოტომიებში გაბატონებული პოზიცია მამაკაცს უჭირავს. სიქსუმ, თავის ნაშრომში მედუზას სიცილი (Cixous, 1975) დაამკვიდრა ტერმინი ქალური წერა. ის ამტკიცებს, რომ ენაც კი მასკულინური ნორმებითაა სავსე. ქალმა თავი უნდა დააღწიოს კაცზე ორიენტირებულ, ანდროცენტრულ, ტრადიციულ, პატრიარქალურ ენას, რომელიც უცვლელი, მარადიული ჭეშმარიტების პოვნას მიელტვის; მან უნდა აირჩიოს ქალური ენა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაუსხლტეს ლოგიკის მჩაგვრელ, მკაცრ და შემავიწროებელ წეს-კანონებს. ქალური ენის ფუნქცია ტრადიციული მნიშვნელობების დეკონსტრუქცია და საბოლოო განადგურებაა. სიქსუს კონცეფციის მიხედვით, ტრადიციული ენა, აპრიორული წესები, დოგმები, აქსიომები, ნათელი დეფინიციები და მკაცრი კანონები ქალს სამყაროს შეცნობის საშუალებას არ აძლევს. მამაკაცურ აღქმას უნდა დაუპირისპირდეს ქალური აღქმა.

ფსიქოანალიტიკოსი ლუსი ირიგარეი თავის ნაშრომებში „სხვა ქალის ქირურგიული სარკე“ და „ეს სქესი, რომელიც მარტოდმარტო არაა“ ავითარებს აზრს იმის შესახებ, რომ არსებობს წმინდა სამება: მიწა, დედა და ბუნება. მან გააკრიტიკა ფროიდის მოსაზრება, რომლის თანახმადაც ქალი არასრულფასოვანი მამაკაცია. მან ასევე უარყო ჟაკ ლაკანის თეზისი იმის შესახებ, რომ ფალოსი უნივერსალური აღმნიშვნელია. ელენ სიქსუს კვალობაზე, ლუსი ირიგარეი იზიარებს იმ აზრს, რომ მამაკაცური ენა სავსეა ბინარული ოპოზიციებით (ქონა-არქონა, ლამაზი-მახინჯი, კაცი-ქალი), ქალურმა ენამ კი ჩვეული, შესისხლხორცებული სინტაქსის წესები უნდა დაარღვიოს. პატრიარქალური ენობრივი სისტემა ერთფეროვანია, ქალური კი მრავალფეროვანი და დეცენტრირებული. შეუძლებელია, ქალური ენა დაემორჩილოს კაცების მიერ დამკვიდრებულ სინტაქსსა და გრამატიკულ ნორმებს. ირიგარეი განასხვავებს ორი ტიპის სინტაქსს: რაციონალურსა და ირაციონალურს. პირველი ტიპის სინტაქსი მამაკაცურია, მეორე კი ქალური, რომელშიც იგრძნობა დათრგუნული, განდევნილი, უარყოფილი და გაუჩინარებული ფემინური არაცნობიერი. ლუსი ირიგარეი მითოლოგიას უბრუნდება და იხსენებს პერსეფონეს პერსონაჟს, რომელსაც ამაოდ დაეძებს დედამისი - დემეტრა. ის ქალიშვილს ვერ პოულობს და მხოლოდ და მხოლოდ გაუჩინარებული ფემინურობის (ქალურობის) ექო ჩაესმის. ირიგარეი სწორედ ამ გამქრალ ფემინურობას უწოდებს იმ ქალურ ენას, რომელიც მეტყველებს მეტყველებამდე; ეს ერთგვარი უტყვი, უსიტყვო ენაა, რომლის პატრიარქალური ენის მარწუხებში მომწყვდევა და მკაფიო, ნათელ განსაზღვრებებად ჩამოყალიბება შეუძლებელია. მხოლოდ ქალური, ანუ, გამომსახველი ენის წყალობით შეიძლება, ვიპოვოთ დაკარგული პერსეფონე, ერთგვარი წინარე, გრძნობადი ენა, რომლის გაშიფვრა და რაციონალიზება მამაკაცის ძალას აღემატება.

ფემინისტური კრიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდა უამრავი უცნობი, ისტორიისა და კრიტიკოსებისაგან უარყოფილი, უსამართლოდ არაღიარებული, უსახელოდ დარჩენილი და ჩრდილში დატოვებული ქალის ნაწარმოებების აღმოჩენა და გაანალიზება. ფემინისტმა თეორეტიკოსებმა ფემინისტურ ჭრილში გაიაზრეს მრავალი ავტორი (ანტიკური სამყაროდან თანამედროვე ეპოქის ჩათვლით) და შეიქმნა ახალი ფართო აკადემიური დისციპლინა - ლიტერატურის ფემინისტური კრიტიკა, რომელიც შეისწავლის ფემინურ წერას, სტილსა და ესთეტიკას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^