Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონსტიტუცია და რევოლუცია

27 ივნისი 2015

კონსტიტუცია რევოლუციის პირმშო და არსებითად რევოლუციური აქტია. კონსტიტუცია იბადება რევოლუციურ პროცესში, ხოლო საკუთარ ფესვებს რევოლუციურ მოვლენებსა და წარმოდგენებში პოულობს. ამავდროულად კონსტიტუციური პროცესი რევოლუციური პროცესის დასასრულს მოასწავებს. კონსტიტუციის მიღება, პუნქტუაციური თვალსაზრისით, არის წერტილი მოვლენათა რევოლუციურ მდინარებაში, ამთავრებს მას და ამდენად რევოლუციის სიკვდილსაც გულისხმობს. კონსტიტუციის შემუშავების აქტი სუიციდური აქტია.

კონსტიტუციონალიზმის ისტორია ცხადად გვიჩვენებს, რომ კონსტიტუციური წესრიგის დადგენა, სწორედ მოვლენათა რევოლუციური განვითარების შედეგია. პარადოქსულია, თუმცა, განსაკუთრებით პირველი ტალღის კონსტიტუციების შემთხვევაში, უზენაესი კანონის შემოღებას თითქმის ყოველთვის რევოლუცია ხდის შესაძლებელს. რევოლუცია, რომელიც თავისი არსით გამორიცხავს კონსტიტუციას, მეტიც არაკონსტიტუციური მოვლენაა.

რევოლუცია ხდება სამართლებრივ წესრიგს მიღმა და მიმართულია ამ წესრიგის წინააღმდეგ. კონსტიტუცია კი სამართლებრივი წესრიგის ხერხემალია. მიუხედავად ამისა ზოგიერთი კონსტიტუციური აქტი პირდაპირ თუ ირიბად მიუთითებს რევოლუციაზე, როგორც კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნების ლეგიტიმურ მექანიზმზე. ამგვარად რევოლუციაც შეიძება ემსახურებოდეს კონსტიტუციურ მიზნებს. არსებობს კიდეც ასეთი, წინააღმდეგობის უფლება, რაც გულისხმობს ადამიანების შესაძლებლობას დაუპირისპირდნენ სისტემას, რომელიც თანასწორობასა და თავისუფლებას ხელყოფს. თუმცა ამ უფლებას უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს, ვიდრე სამართლებრივი.

აშშ-ს კონსტიტუციას წინ რევოლუცია უძღოდა, რევოლუციის პროდუქტია საფრანგეთის კონსტიტუციების წყება და შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს კონსტიტუციაც რევოლუციის შედეგია. კონსტიტუცია შეუძლებელია რევოლუციის გარეშე. თითქოს ალოგიკურია ასეთი მჭიდრო კავშირი ამ ორ მოვლენას შორის. მაგრამ კონსტიტუციონალიზმს ახასიათებს წინააღმდეგობები, ისეთი შემთხვევები, როდესაც მოხელთება მოულოდნელ მოედანზე ხორციელდება. ამ შემთხევაში ეს მოედანი რევოლუციურია.

რევოლუცია ძალიან ზოგადი აზრით უკიდურესი პოლიტიკური დაჭიმულობაა. ის უმაღლესი პოლიტიკური აქტია, რომელიც ევოლუციისგან განსხვავებით, არ იძლევა მისგან დისტანცირების შესაძლებლობას. ის იჭრება არსებულის გულისგულში და ნებისმიერ აქტივობას პოლიტიკურით განმსჭვალავს. სწორედ რევოლუციის დროს ხორცილდება დემოკრატიული იდეალი, იდეალი, როდესაც თითოეული მოწოდებულია პოლიტიკისთვის, და ამავდროულად, როდესაც თითოეული ჩართულია პოლიტიკურ პროცესში. სწორედ ამიტომ პოლიტიკურობის შანსს ყველაზე მეტად სწორედ რევოლუცია იძლევა.

კონსტიტუციის დაფუძნებით კი პარადიგმატული შემოტრიალება ხდება, ძველი იცვლება ახლით. ეს რევოლუციურია არა მხოლოდ აქტის, არამედ საზოგადოებრივი წყობის შეცვლის გამოც. სწორედ ამიტომ აქ სიკვდილი თავის თავში დაბადებას გულისხმობს. პოსტკონსტიტუციური წესრიგი განსხვავდება პრეკონსტიტუციური წესრიგისგან. განსხვავება კი ზუსტად პოლიტიკის ინტენსიურობაშია. კონსტიტუცია, რევოლუციისგან განსხვავებით, მოკლებულია, როგორც პოლიტიკურ, ისე დემოკრატიულ სიცხოველეს. თუმცა კონსტიტუციის არსებობა რევოლუციის მოხდენის შესაძლებლობას უშვებს. მისი სიხისტე, მის მიერ არსებულზე ეჭვგარეშე დაფუძნება, მისი უზენაესობა, მისი სიწმინდე, ეს ცხადია გულისხმობს მის დამხობასაც.

,,არაფერია ბუნებაში მუდმივი’’ - ეს სიტყვები რამდენიმე ხნის წინ საკონსტიტუციო კომისიის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის სხდომისას უზენაეს კანონში მუდმივობის გარანტიების შემოტანის კონტრარგუმენტად იქცა. ინიციატივა ეყრდნობა კონსტიტუციონალიზმში აპრობირებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის ზოგიერთი დებულება არასოდეს არ შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, კონსტიტუციებში ასეთი ნორმების რაოდენობა მინიმალურია და მოიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიც არის ადამიანის ღირსება, დემოკრატია, ხელისუფლების დანაწილება და მისთანანი, ისეთებს, რომლებიც განსაზღვრავენ წესრიგს არსებითად, რომელთა გარეშეც არსებული წესრიგი ეს წესრიგი კი არ იქნებოდა, არამედ რაღაც სხვა. მუდმივობის გარანტია არის დებულება, რომელიც ცვლილებებს არ შეიძლება დაექვემდებაროს და ნებისმიერი ნოვაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მის მიმართ უნდა შემოწმდეს.

იმავე შეხვედრაზე ითქვა, რომ: ,,ეს ინიციატივა მომავალი თაობებისთვის შანსის წართმევაა, შეცვალონ წესრიგი’’. არადა პირიქით, მუდმივობის გარანტიების არსებობა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არასოდეს შეიძლება შეიცვალოს, არამედ იმას, რომ ის მოცემული კონსტიტუციის რეალობაში არ შეიძლება შეიცვალოს. ამ კონსტიტუციურ წესრიგში ეს დებულებები უცვლელია, მაგრამ თუ მათი ცვლილებების საჭიროება ჩნდება, მაშინ ეს იმდენად არსებით საკითხებს ეხება, იმდენად მნიშვნელოვანს, რომლებიც კონსტიტუციის ეგზისტენციას განსაზღვრავენ. იქმნება ვითარება, რომლის მიხედვითაც, ჩანაცვლებას დაქვემდებარებული ფუნდამენტური ღირებულების შესაცვლელად უნდა დაინგრეს ძველი და აშენდეს ახალი წესრიგი. ეს ისედაც რევოლუციაა, ოღონდ რევოლუცია ხალთაში. ამიტომ პროცესებს თავისი სახელი, რომ დაერქვას მუდმივობის გარანტიები მოითხოვენ რევოლუციას. თუ მომავალ თაობებს კონსტიტუციაში უმტკივნეულო ცვლილებების შეტანის საშუალებით წესრიგის არსებითად შეცვლის უფლებას მივცემთ, მათ რევოლუციის შანსს, არჩევანისთვის მზაობის და რადიკალური დაჭიმულობის შანსს ვართმევთ, შანსს სადაც იბადება პოლიტიკა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^