Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქა ამბავი რუსული “რბილი ძალის” სისუსტეებისა

11 სექტემბერი 2015

რუსეთი ჩემთვის ვაკეში, ამ ქვეყნის საელჩოში, დაიწყო. საკონსულო განყოფილების საშუალო ზომის ოთახში, ერთმანეთის პირდაპირ ჩამწკრივებულ სამ-სამ მინის სარკმელში, მაღალვარცხნილობიანი რუსი ქალები ისხდნენ და ხმამაღლა ჩხუბობდნენ. ზოგს რაღაცის ქსეროასლს სთხოვდნენ გაწიწმატებულები, ზოგს პასპორტის ხარვეზზე მიანიშნებდნენ და ა.შ. არც ვიზის მსურველები აკლებდნენ ხელს. ზოგიერთი საკონსულოს თანამშრომელზე ხმამაღლაც კი ყვიროდა. ჩემი რიგის 15-წუთიანი ლოდინის შემდეგ დავასკვენი, რომ ეს აურზაური აქ უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. მოჩხუბარი მხარეები ბოლოს ერთმანეთს მადლობებით ემშვიდობებოდნენ. არავინ ტოვებდა განსაკუთრებულად გაბრაზებულისა და შეურაცხყოფილის შთაბეჭდილებას. მე პროცედურა უპრობლემოდ გავიარე. მომწვევმა მხარემ რაღაც ჯადოსნური დოკუმენტი გამოგზავნა, რომელსაც ყველა “ტელექსს” უწოდებდა და ყველა კარს ურიგოდ ხსნიდა.

მოსკოვში “გორჩაკოვის ფონდმა” დაგვპატიჟა. ქართული მხრიდან ვიზიტს “კავკასიური სახლი” უწევდა ორგანიზებას. გორჩაკოვის ფონდს რუსეთი საკუთარი “სოფთ ფაუერის” - “რბილი ძალის” ინსტრუმენტად მიიჩნევს. ის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაგრძელებაა. დაახლოებით ის ფუნქცია აქვს, რაც ამერიკულ USAID-ს ან გერმანულ “დოიჩე ველეს”. მან უნდა უზრუნველყოს რუსეთის პოპულარიზაცია მის საზღვრებს გარეთ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული სათავისოდ მოიგოს.

სასტუმროს, სადაც დავბინავდით, სახელი არ ჰქონდა. აეროპორტში აყვანილმა ტაქსისტმა ძლივს მიაგნო. საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოში 3-სართულიანი უსახური შენობა იდგა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის და მისგან ქირაობენ სასტუმროსთვის. სადილ-ვახშმებიც სწრაფი კვების ტიპის დაწესებულებებში იყო დაგეგმილი. ანუ გორჩაკოვის ფონდს ჩვენი გულების მოგება კომფორტითა და ფუფუნებით არ უცდია. ეს განსაკუთრებით იმათ გააკვირვებს, ვინც USAID-ის ან “დოიჩე ველეს” ორგანიზებულ ვიზიტებზეა ნამყოფი.

შეხვედრების გრაფიკი კი დატვირთული შემოგვთავაზეს - პოლიტიკის, ბიზნესის, მედიის წარმომადგენლებთან. თუმცა პოლიტიკოსებიდან ახალი ბევრი არაფერი გაგვიგია. მოვისმინეთ ძველი სიმღერები რუსეთის უძლეველობაზე; რომ აფხაზეთის და რუსეთის დამოუკიდებლობის რუსეთისგან აღიარება ქართველების ბრალია; რომ ამ გადაწყვეტილების გადახედვა უკვე შეუძლებელია და რომ ყველაფერი, ამის მიუხედავად, საქართველოს რუსეთთან “მეგობრობის” გარდა, ალტერნატივა არა აქვს.

ბევრად პრაგმატული იყო სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი. მან ფაქტობრივად ღიად თქვა, რომ რუსული ბიზნესინტერესი საქართველოს მიმართ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ბაზრის ამ მდგომარეობისთვის თითქმის ნულია. თუ სადმე ეს ინტერესი არსებობს, ეს უფრო პოლიტიკაა, ვიდრე ბიზნესიო.

ყველაზე შთამბეჭდავი ჟურნალისტებთან შეხვედრა იყო - მათთან, ვინც დასავლურ მედიას რუსული “რბილი ძალის” პოპულარიზაციისთვის იყენებს. უზარმაზარ ნიუსრუმში 30-მდე ადამიანი იჯდა და მონიტორებს ჩაჰკირკიტებდა. ყველა სხვადასხვა ენაზე. ეს არის ორგანიზაცია Russia Beyond the Headlines, რომელიც მსოფლიოს 22 ქვეყნის 26 წამყვანი გაზეთისთვის 16 სხვადასხვა ენაზე ამზადებს ჩანართებს. რამდენიმეგვერდიან დამატებაში რუსეთსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები რუსეთისათვის მომხიბლავი კუთხით განიხილება. შრიფტი მასპინძელი გამოცემის იდენტურია. ერთწინადადებიანი წვრილად დაბეჭდილი წამძღვარება რომ არა, ვერ მიხვდები, მაგალითად, Washington Post-ს, The New York Times-ს, Le Figaro-ს,  The Daily Telegraph-ს რომ არ კითხულობ. თვისობრივად ჩვეულებრივი სარეკლამო დამატებაა, მაგრამ საკითხავია, იცის თუ არა ეს მკითხველმა. ახალგაზრდა, კარგად ინფორმირებულ ავტორებს არ დაუმალავთ, რომ მათი მიზანი ამ “დეტალის” შესახებ მკითხველის ინფორმირება სულაც არ არის. უფრო - პირიქით.

ერთადერთი, ვინც 26 რენომირებული გაზეთიდან ეთიკური მოსაზრებებით ჩანართის გავრცელებაზე უარი თქვა, გერმანული Sueddeutsche Zeitung იყო. ყირიმის ანექსიის შემდეგ მათ გააუქმეს ხელშეკრულება და მკითხველს კრემლის ხედვას აღარ აწვდიან. თუმცა ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ახლა ჩანართს გერმანული ბიზნესგამოცემა Handelsblatt ავრცელებს.

მართალი გითხრათ, ამ ვიზიტში ჩართვას იმიტომ დავთანხმდი, რომ პროგრამა გროზნოში 3-დღიან სტუმრობასაც ითვალისწინებდა. ჩეჩნეთში ერთადერთხელ 90-ან წლებში პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომლის სტატუსით ვიყავი დეპუტატ გერმანე ფაცაციასთან ერთად. გროზნოში დაუზიანებელი შენობა არ არსებობდა. მახსოვს, მასხადოვთან ინტერვიუ 2-სართულიან ხუხულაში ჩავწერეთ, რომელსაც აბრად “იჩქერიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია” ეკრა.

დღევანდელი გროზნო რუსეთისათვის პრესტიჟის ობიექტია. რესპუბლიკის მოსახლეობის ერთი მეხუთედის გაწყვეტის შემდეგ, კრემლმა იქ ფართომასშტაბიანი მშენებლობები დაიწყო. ყველაფერი ახალაშენებული კიჩია - პრეზიდენტ კადიროვის ადმინისტრაციით დაწყებული და უზარმაზარი მრავალსართულიანი სახლით დამთავრებული, რომელშიც საცხოვრებელი ფართი ჟერარ დეპარდიეს გამოუყვეს. პუტინის სახელობის პროსპექტის გამყოფ ბულვარზე ავტომატებით შეიარაღებული პოლიციელი მოსეირნეზე მეტია. ქალაქი ზოგადად უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს - ხალხი აკლია. არ ვიცი, ვინ დადის ყველა კუთხეში გახსნილ სუშირესტორნებში.  

ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამჟამინდელი პრეზიდენტის მამისა და ჩეჩნეთის ეროვნული გმირის მიერ ოდესღაც წარმოთქმული მარტივი ჭეშმარიტებები წერია ოქროს ასოებით. წარწერა ბიბლიოთეკის შენობაზე გვამცნობს, რომ “ცოდნა თანამედროვე საზოგადოების მთავარი ძალაა”. თეატრს მორიგი სიბრძნე ამშვენებს - “კულტურის გარეშე ერი არ არსებობს”. გროზნოს ყველა ასე თუ ისე წარმოსადეგი შენობის განუყრელი ატრიბუტია სამი უზარმაზარი ფოტო - პუტინისა და მამა-შვილი კადიროვების. ქალაქის შესასვლელში ახალ წყალსაცავს და უზარმაზარ საშადრევნო კომპლექსს აშენებენ, რომელსაც ამაყად “გროზნოს ზღვას” უწოდებენ უკვე. ერთ-ერთ შეხვედრაზე რესპუბლიკის მთავრობის ჩინოვნიკს არ დაუმალავს, რომ ჩეჩნეთში მთავარი დამსაქმებელი სახელმწიფოა. სამსახურის მქონეთა 70%-ზე მეტი საჯარო სექტორში მუშაობს.

გროზნოდან თბილისში მიკროავტობუსით დავბრუნდით. ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტზე ქართველი მესაზღვრის ღიმილი და “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” დაახლოებით ისეთივე კულტურული შოკი იყო, როგორიც ევროპის ქალაქებში გაღიმებული სახეების სიმრავლისგან გვაქვს ხოლმე. დიახ, ნაყოფიერი იყო ეს ვიზიტი. ერთგვარი ფსიქოთერაპიაც კი. ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ აქაური იწილო-ბიწილოების მიუხედავად, კარგ გზას ვადგავართ. ეს გზა კი არასოდეს უნდა დავუკავშიროთ ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელს. მადლობა გორჩაკოვის ფონდს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 მარტი
14 მარტი

ცარიელ-ტარიელი ნარიყალა

ბოლო ბლოგში საქართველოს მასშტაბით ციხე-სიმაგრეების, კოშკებისა და ციხე-გალავნების, ანუ საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის მძიმე ...
12 მარტი
12 მარტი

რამდენადაა დამფუძნებელი კრება პარლამენტა ...

ზუსტად 100 წლის წინ, 2019 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრება გაიხსნა.  „ქართული პარლამენტარიზმის ასი წელი& ...
08 მარტი
08 მარტი

ვართ თუ არა ქართველი ქალები ქართველ კაცე ...

სიღარიბე ქვეყნის პრობლემაა და არა კონკრეტული სქესის, ასეთი შეიძლება იყოს მყისიერი პასუხი კითხვაზე - ვართ თუ არა ქალები კ ...

მეტი

^