Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

30 ლარი მთელი კვირისთვის

29 სექტემბერი 2015

მიკროავტობუსის სავარძელზე ვიპოვე წერილი. დაჭმუჭნულ, მოყვითალო ქაღალდზე ნერვულად გამოყვანილი ასოებით. დედა წერდა სტუდენტ შვილს, ასე ჩანს. ან იქნებ ბებია. არ ვიცი, ამის თქმა სხვანაირად რატომ არ შეიძლებოდა შვილისთვის, დიდხანს არ მიფიქრია, არც მაინტერესებს. ა, როგორ არა, ხდება ასე, დედამ ქაღალდში გახვეული ფული გაატანა ავტობუსს და იმ ქაღალდზე, რომელშიც ფული გაახვია, რაღაცები დაწერა. დედაჩემსაც გაუკეთებია ასე ადრე.

ამ წერილში დედა წერდა, რომ გაგზავნილი 30 ლარი შვილმა მთელი კვირა უნდა იკმაროს. თხოვდა, რომ უნდა იკმაროს. 30 ლარი ერთი კვირა. მეტი არაფერი იქ არ ეწერა.

 ქუთაისში, უნდა ვთქვათ, იპოვი ადგილებს, სადაც იაფ და გემრიელ ლობიანებს აცხობენ. სულ რომ ლობიანით იკვებოს სტუდენტმა მთელი კვირა, უნივერსიტეტამდეც ხომ უნდა იმზგავროს? - აქ სტუდენტები ძირითადად ავტოქარხნის დასახლებაში ქირაობენ ბინას ან ავანგარდის დასახლებაში... ამ უბნებში, რომლებიც გვარიანადაა დაშორებული აქ არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს, ბინა შედარებით იაფად იშოვება. აქ ბევრს გაუჩნდება ცდუნება, შეაქოს ადამიანის გამძლეობა ან ისიც იკადროს, რომ, აი, ხომ ცხოვრობს რაღაცნაირად? ე.ი. შეიძლება ასე ცხოვრება. მკადრებელი იკადრებს.

ახლა თბილისში, ყველაზე ძვირ ქალაქში, როგორც ცხოვრობენ სტუდენტები ხომ წარმოგვიდგენია? ან რად მინდა წარმოდგენა, მინახავს, ვიცი. ჩვენში ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახადეს ერთი აზრი, რომ სწავლის საფასური დაბალია და თუ  კარგად მეცადინეობს, თუ ინდომებს ბავშვი, არათუ 50%-ან გრანტს მიიღებს, არამედ უფასოზეც ჩააბარებს მაშინ. ეს მატყუარა ლოგიკაა. ჯერ ერთი, საქართველოში შრომის საშუალო ანაზღაურებას თუ გავიხსენებთ, სწავლის გადასახადი მაინც ძალიან ძვირი გამოდის. და ამას რომ ერთი წუთით თავი დავანებოთ, მთლად უფასოზეც რომ მოხვდეს სტუდენტი, თბილისში ბინა ხომ უნდა იქირაოს, იმგზავროს და ჭამოს? ერთხელ ეს ზერელედ დავიანგარიშეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ჩემი დის სწავლის გადასახადს (50%-იანი დაფინანსების პირობებში) ბინის ქირის, კომუნალური გადასახადების, კვების და მგზავრობის ხარჯები 4-ჯერ აღემატებოდა.

 შემდეგ ეს სტუდენტები, იმ იმედით, რომ მშობლებს ცოტათი მაინც შეუმსუბუქონ ყოფა, ცდილობენ კაფეებში, სუპერმარკეტებში ან სასტუმროებში მოეწყონ სამუშაოდ. იქ რა პირობებში მუშაობენ, სოლიდარობის ქსელის ვიდეოებშიც კარგად ჩანს. რა გამოდის - ხელფასი არაფერში ჰყოფნით და დრო იმდენი უცდებათ, სწავლის პროცესსაც სწყდებიან.

 რატომ არ შეიძლება, დავიწყოთ სტუდენტური საცხოვრებლების მასშტაბური მშენებლობით, იაფიანით და მყუდროთი, იქ იცხოვრებენ სტუდენტები რეგიონებიდან, არაფერს გადაიხდიან, ან გადაიხდიან  ცოტას. ეს მათ ოჯახებს გვარიანად დაუზოგავდა სახსრებს. თუ არადა, რა გამოდის - შეიძლება უფასოზეც მოხვდე, მაგრამ დანარჩენი ხარჯები რამდენიმეჯერ აღემატება სწავლის გადასახადს, რომლისგანაც გათავისუფლდი ან შეგიმცირდა.  რა წახალისება ეს გამოდის, თავის მოტყუებაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^