Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტალინი - ბიზნესი და სტიგმა

06 ოქტომბერი 2015

- გინდა, სტალინის კუპე გაჩვენო? - მკითხა ერთმა მეგობარმა გორში, ერთ-ერთ კაფეში სტუმრობისას.

შენობის ქვედა სართულზე დიდი კუპე დაგვხვდა. ინტერიერი საბჭოთა სიმბოლიკით არის მოწყობილი, აქვეა სტალინის უზარმაზარი პორტრეტები. ამ კუპეს თავისი კლიენტი ყოველთვის ჰყავს. მიმტანმა მითხრა, ძირთადად, ხანშიშესული ადამიანები მოდიან, თუმცა ტურისტებიც ხშირად გვსტუმრობენო. ჩვეულებრივი მაგიდისა თუ კუპესაგან განსხვავებით, აქ დაჯდომა ძვირი ღირს. წამოსვლისას მიმტანმა ჩამჩურჩულა, აქაურობა კანდელაკისაა და მას  სტალინი უყვარსო.

უცნაურია, თუმცა გორის ცენტრში სხვა მრავალი კაფე-ბარის არსებობის მიუხედავად, კანდელაკის ეს ბარი ყოველთვის ტურისტებით არის გადაჭედილი. შესაბამისად, არც ის გამკვირვებია, სახლ-მუზეუმთან გახსნილ სუპერმარკტზე სტალინის ბანერი რომ გამოაკრა და მშვენიერი ბინზეს-გათვლაც გააკეთა.

ყოფილი მოკრივე არც გამახსენდებოდა რომ არა საკრებულოში, სტალინის ძეგლის შესახებ შეტანილი ინიციატივა. ერთ-ერთი ინიციატორი, სხვებთან ერთად, გიორგი კანდელაკიცაა. კულუარებში ამბობენ, რომ მომავალი არჩევნებისათვის კენჭის ყრას აპირებს და ამ გზით ხალხის გულის მოგებას ცდილობს.

სტალინის საკითხი გორში არც ამ თემით იწყება და არც მთავრდება. მითები იმის შესახებ, რომ მისი ფოტო გორის ყველა ოჯახში აქვთ, პირველი სტალინის სადღეგრძელო ისმება, მასზე ცუდის თქმას გორელები არ გაპატიებენ, რომ „პატარა გორი დიდია“, აქაურებს სტიგმად დაგვყვება.

სტერეოტიპების გამყარებას ის მედიასაშუალებებიც უწყობენ ხელს, რომლებიც გორით მხოლოდ 9 მაისს და 21 დეკემბერს ინტერესდებიან. „რატომ გიყვართ სტალინი გორში?“ - კითხვის ამ ფორმულირებით ჟურნალისტის განწყობა და სავარაუდო, ინსტინქტური პასუხებიც გასაგებია.

არის თუ არა აქტუალური სტალინი გორში? - ალბათ, ისეთივე, როგორც თბილისში, გურჯაანში, ქუთაისში... ამის დასტური საკრებულოს გადაწყვეტილებაცაა, რომელზე გამოხმაურებებიც კიდევ ერთხელ იქცა სტიგმად, თითქოს, შეიძლება, სხვანაირად ყოფილიყო.

სტიგმის ერთ-ერთი დასტური თავის დროზე ამ ძეგლის ღამით, ჩუმად მოხსნაც იყო, მასთან ერთად, გორელების შეურაცხყოფაც. ალბათ, ინიციატორებს სჯეროდათ, რომ მთელი ქალაქი ფეხზე დადგებდა და საპროტესტო გამოსვლები დაიწყებოდა. სინამდვილეში, გორელებმა ზარმაცად შეხედეს ნაძეგლარს და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გააგრძელეს.

 „სტალინი მუზეუმში!“ - აგვისტოს ომის შემდეგ, მსგავსი მინაწერები ქალაქის ნებისმიერ შენობაზე გვხვდებოდა. მაშინ ყველამ ვიცოდით, რომ ძეგლი მუზეუმის ეზოში, როგორც სამუზეუმო ექსპონანტი გადაჰქონდათ. მოგვიანებით, გადაწყვეტილება გაუქმდა, მისი არსებობის დამადასტურებლად კი მუზეუმის ეზოში კვარცხლბეკისათვის მომზადებული საძირკველი დარჩა.

დღეს, როდესაც სტალინის ძეგლის თემა პერიოდულად აქტიურდება, აქტიურდება არასწორი ინტერპრეტაციით. სტიგმათა კასკადი მედიიდანაც ხშირად გვესმის, როცა აცხადებენ, რომ სტალინის ძეგლი გორში ბრუნდება, სტალინის ძეგლის აღდგენა იგეგმება, გორელები სტალინს ითხოვენ... სინამდვილეში, სტალინის ძეგლი გორში აღარასოდეს დაბრუნდება, არც აღარასოდეს აღდგება და გორელებიც არასოდეს მოითხოვენ. მისი დაბრუნების ერთადერთი ფორმა მუზეუმში, სამუზეუმო ექსპონანტად ყოფნაა.

როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სტალინის მუზეუმი, ძეგლი და ა.შ. არ უნდა იყოს გორში, რომ ეს საბჭოთა პერიოდის მიმართ ნოსტალგიას აძლიერებს და არგუმენტად გერმანია და ჰიტლერი მოჰყავთ, არასწორია. იმიტომ, რომ ფაშიზმისა და  კომუნიზმის თემა საქართველოსა და გერმანიაში ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. განსხვავდება აქტუალობით. სტალინი ვერასოდეს გახდება საქართველოში ის, რაც ჰიტლერი გერმანიაში საზოგადოების ნაწილისათვის რჩება, იმ პირობებში, როცა ნეოფაშიზმი და იატაკქვეშა აქტივობები ამ ქვეყნისათვის დღეს პრობლემაა.

უნდა იდგეს თუ არა სტალინის ძეგლი მუზეუმის ეზოში? – ჩემი აზრით, კი. პირიქით - იზოლირებული ადგილი უნდა იქნას გამოყოფილი და ძეგლის ნახვა ცალკე ფული ღირდეს - ტურისტები გადაიხდიან. არ მესმის, რატომ არ უნდა გააკეთოს ქვეყანამ ფული ადამიანით, რომელსაც სიცოცხლეში ამ ქვეყნისათვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია?. ამაზე მეტი დამცირება ბელადისათვის რაღა უნდა იყოს?!

გიორგი კანდელაკს კიდევ, ეყვარება სტალინი. რატომაც არა? - საბჭოთა ბელადი მისთვის ბიზნესია. თან - მომგებიანი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე

რაც დღეს  ხდება, „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია. აი რატომ: - ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ სასოფლო- ...
10 დეკემბერი
10 დეკემბერი

სამოქალაქო აქტივიზმი - „მოდით, დავიწყოთ ...

არა ღმერთს ან ბაზრის „უჩინარ ხელს“, არამედ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ! სამოქალაქო აქტივიზმის როლი, ...
30 ნოემბერი
30 ნოემბერი

არჩევნები, რიცხვები, მესამე ძალა

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, საერთო ჯამში, ეხებოდათ ბიძინა ივანიშვილსა ...

მეტი

^