"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სასამართლო რეფორმის მესამე ტალღაზე, მის კანონპროექტებში შეტანილ ცვლილებებსა და თანმდევ პოლიტიკურ პროცესებზე მცირე ანგარიშს აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ რეფორმის მიმდინარეობა, მასში ეტაპობრივად განხორციელებული ცვლილებები თუ დათმობები სასამართლოსა და პოლიტიკურ ხელისუფლებას შორის არსებული არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი ურთიერთობის ნათელი გამოვლინება იყო. ამის საილუსტრაციოდ არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი ინფოგრაფიკაც მოამზადა.
ანგარიშის ავტორთა შეფასებით, “მესამე ტალღის” კანონპროექტები დროთა განმავლობაში იცვლებოდა, რაც ცალკეულ შემთხვევებში დახურულ შეხვედრებსა და კულუარულ შეთანხმებებს ეფუძნებოდა, ხდებოდა გარკვეული ნორმების გადასინჯვა, კანონპროექტიდან ცალკეული პოზიტიური ცვლილებების ამოღება, რამაც არსებითად შეცვლა კანონპროექტის თავდაპირველი და საბოლოო ვერსიების შინაარსი. ანგარიშის თანახმად, კანონპროექტის დასკვნით ვერსიაში შემოთავაზებული საკანონმდებლო ნორმები სასამართლოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება, თუმცა მასში ასახულია ცალკეული პროგრესული დებულებები, რომელთა დაუყოვნებლივ ამოქმედება მნიშვნელოვანია.
ანგარიშში საუბარია რეფორმირების პროცესში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლზე და ნინო გვენეტაძის საკანონმდებლო ინიციატივებზე. კერძოდ, მისი თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ მესამე ტალღის კანონპროექტების პირველ ვერსიას შემდეგი საკითხები დაემატა: დამოუკიდებელი ინსპექტორის შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების ვებ გვერდზე გამოქვეყნება, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა და საქმის ელექტრონული, თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპის დანერგვა. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი თავიდანვე ამ იდეების გარკვეული ნაწილის წინააღმდეგ გამოვიდა.
ანგარიშში იუსტიციის სამინისტროს როლზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ მესამე ტალღის რეფორმისთვის მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის ოქტომბერში თეა წულუკიანსა და მოსამართლეებს შორის გამართული შეხვედრა, რომელსაც ნინო გვენეტაძე არ ესწრებოდა და რომლის დასრულების შემდეგაც იუსტიციის სამინისტრომ თავის პოზიციას რამდენიმე პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გადახედა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე შენარჩუნდებოდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული შემადგენლობის 2/3-ის მოთხოვნა; აღარ გაუქმდებოდა სასამართლოს თავმჯდომარეთა მოადგილეების ინსტიტუტი; სამწლიანი გამოსაცდელი ვადა გაუქმდებოდა იმ მოსამართლეებისათვის, რომლებმაც 10 წელი იმსახურეს; სასამართლო სისტემა 2016 წლის იანვარშიც არ იქნებოდა მზად საქმეთა ელექტრონული განაწილების ასამოქმედებლად, რაც მიანიშნებდა ამ რეფორმის გადავადებაზე.
"19 ოქტომბრის შეხვედრამ, სადაც მოსამართლეებმა ღიად გააპროტესტეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იდეების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში გათვალისწინება, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის საპარლამენტო განხილვების შეჩერება და გაურკვეველი ვადით გადადება გამოიწვია".
შესაბამისად, მოხდა ისე, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტში 2015 წლის ივლისში დარეგისტრირდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით 2015 წლის 24 სექტემბერს განიხილა, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა – 7 ოქტომბერს. შემდეგ კი მისი განხილვა 5 თვით გადაიდო და 2016 წლის 19 თებერვალს განახლდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მესამე ტალღის კანონპროექტები პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიიღო.
ანგარიშის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვისას მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, კერძოდ: უზენაესი სასამართლოს წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრა არანაკლებ 16 მოსამართლით და განისაზღვრა საჭიროების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა; გედევან ფოფხაძის ინიციატივით, შენარჩუნდა სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ნაცვლად მათი არჩევითობისა; კანონპროექტში გაიწერა მოსამართლეობის კანდიდატების ქულებით შეფასების სისტემა. პლენარულ სხდომაზე ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით კენჭისყრამდე კანონპროექტში დაბრუნდა სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ყველა მოსამართლისთვის. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის ინფორმაციით, ეს პრემიერ-მინისტრის უშუალო ინიციატივა იყო.
"ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. თავდაპირველად, ძველ მოსამართლეებზე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის გაუვრცელებლობა დახურულ კარს მიღმა მიღებული დაპირების და პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყო. ანალოგიურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა ამ შეთანხმებაზე უარის თქმა და პრობაციის გავრცელება ძველ მოსამართლეებზე. მესამე ტალღის კანონპროექტებში სათანადო განხილვების გარეშე, პერიოდულად ხდებოდა ცალკეული ნორმების დამატება/ამოღება და აღნიშნული ცვლილებების საფუძვლები ბუნდოვანი რჩებოდა საზოგადოებისთვის".
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა, რომელზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო, პოლიტიკური პროცესების გავლენით მნიშვნელოვნად შეფერხდა და 2016 წლის გაზაფხულზე კანონად ქცეული ჯერ კიდევ არ არის. მათი შეფასებით, ის წინააღმდეგობები, რამაც მესამე ტალღის რეფორმის არაგონივრული შეფერხება გამოიწვია, კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლო სისტემაზე არაჯანსაღი გავლენების უარყოფით შედეგებს, რაც ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდასა და დღეს არსებული კრიზისის შესუსტებას.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის როლს, ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ის ზემოხსენებულ პროცესებში წამყვან როლს თამაშობდა, სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის კავშირი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რაც მთავრობის მეთაურებთან მის კომუნიკაციაში გამოიხატებოდა.
"2013 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საბჭოს მდივანი მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტად მოიხსენია. ამის შემდგომ, 2015 წლის ივლისში, ლევან მურუსიძე, საბჭოს სხვა წევრებისა და სასამართლოს წარმომადგენლების გარეშე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა წინ უსწრებდა მოსამართლეთა XIV (რიგგარეშე) კონფერენციას, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა შეერჩიათ. დასახელებული იყო საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი: უზენაესი სასამართლოს ახლადდანიშნული მოსამართლე ეკა გასიტაშვილი და ლევან მურუსიძის მხარდაჭერით მოსარგებლე ლევან თევზაძე. კონფერენციამ საბჭოს წევრად სწორედ ეს უკანასკნელი აირჩია",- აღნიშნულია ანგარიშში.
ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოზე, სასამართლოს რეფორმასა და ბოლოდროინდელ ცვლილებებზე
სასამართლოს რეფორმა - სამართალი თუ პოლიტიკა
NGO-ების ანგარიში - რა ხარვეზები გამოვლინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში