ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით დაიწყო, სასამართლო სისტემის რეფორმა იყო. 2012 წლიდან მან რეფორმის ორი ტალღა გაატარა. ამჟამად კი პარლამენტი მესამე ტალღის კანონპროექტებს განიხილვას. მასზე მუშაობის პროცესი ხმაურიანიც იყო და ბევრი ეჭვიც გააჩინა. საქმე ისაა, რომ იუსტიციის სამინისტრომ თავისი პირვანდელი ხისტი პოზიცია შეარბილა და კანონპროექტებში რამდენიმე ისეთი საკითხი შეცვალა, რომლებიც მოსამართლეების ყველაზე დიდ კრიტიკას იწვევდა. ამან კი საზოგადოების ნაწილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებში სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის გარიგებაზე გააჩინა ეჭვი.
პირველი მნიშვნელოვანი საკითხი მესამე ტალღის კანონპროექტში სასამართლოს თავმჯდომარეთა შესახებ ჩანაწერის ცვლილება იყო. თავდაპირველი ვერსიით, ამჟამინდელ თავმჯდომარეებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე, კანონის ამოქმედებისთანავე უწყდებოდათ. სწორედ ეს საკითხი გახდა დაპირისპირების საგანი 2015 წლის მაისს მოსამართლეებთან სანდრო ბარამიძისა და ნინო გვენეტაძის შეხვედრის დროს. მიუხედავად სასამართლო კორპუსის მხრიდან უარყოფითი შეფასებებისა და ვენეციის კომისიის დასკვნისა, იუსტიციის სამინისტროს პოზიცია არ შეუცვლია. უფრო მეტიც, თეა წულუკიანი მზად იყო, მოსამართლეების საჩივრის შემთხვევაში დავა სასამართლოში გაეგრძელებინა.
„ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს წესი, არჩევითობა, კარგია. მაგრამ დააცადეთ, ვინც არიან, დაამთავრონ თავიანთი ვადაო. მე კი მირჩევნია, რომ არ დავაცადო, იმიტომ, რომ ვერ დავაცდით, რადგან ეს სისტემა არ არის ჯანსაღი... წესი მოიწონა, მაგრამ რა ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის, ამას წყვეტს აღმასრულებელი ხელისუფლება და მმართველო პოლიტიკური ძალა", - ამბობდა ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ იუსტიციის მინისტრი „ლიბერალთან“ საუბრისას. თუმცა მოგვიანებით, 5 ივნისს მან გადაწყვეტილება სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მოტივით შეცვალა.
„თავისუფალი დემოკრატები“ ამას პოლიტიკური გარიგებით ხსნიდნენ და აცხადებდნენ, რომ 2015 წლის 5 ივნისს ბიძინა ივანიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერი ცერცვაძესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, მიხეილ ჩინჩალაძეს შეხვდა და თეა წულუკიანმაც სწორედ ამის მერე შეიცვალა პოზიცია.
კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც დადასტურებულად, ღიად გაიმართა მოსამართლეებსა და იუსტიციის მინისტრს შორის, 2015 წლის ოქტომბერში შედგა. ის დახურულ კარს მიღმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ წულუკიანმა განაცხადა, რომ ისინი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის იყო საქმის ელექტრონული განაწილების წესის გადავადება, რადგან სასამართლო ამისთვის მზად არ იყო. ამასთან, მინისტრმა პოზიცია 3-წლიან გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებითაც შეიცვალა და განაცხადა, რომ 10-წლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლეები ხელახლა დანიშვნისას გამოსაცდელი ვადის გარეშე, უვადოდ დაინიშნებოდნენ.
ეს ცვლილებები იუსტიციის მინისტრმა მოსამართლეთა პროტესტით ახსნა. თუმცა თეა წულუკიანმა მათი განსხვავებული პოზიციის შესახებ მანამდეც იცოდა, მაგრამ კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში მაინც მოხდა.
ეს საკითხი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ იუსტიციის საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშში ასახეს. მასში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 7 ივლისს ლევან მურუსიძე მაშინდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ამის შემდეგ კი პრემიერმა განაცხადა, რომ მესამე ტალღის კანონპროექტებზე კონსულტაციები უნდა გაგრძელებულიყო. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ლევან მურუსიძის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ეწინააღმდეგება.
„საბჭოს მდივანს კანონით უფრო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ევალება, საბჭოს წარმომადგენელი კი თავმჯდომარეა და არა მდივანი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი სოფო ვერძეული „ლიბერალთან“ იმ ფაქტებზე საუბრობს, რაც პოლიტიკური გარიგების შესახებ ეჭვებს აღრმავებს. იურისტის შეფასებით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას სასამართლოს მიმართ განსაკუთრებულად ხისტი რიტორიკა ჰქონდა და ასეთსავე ხისტ რეფორმებს აანონსებდა. თუმცა მისი თქმით, გარე დამკვირვებლისთვის გასული წლის ზაფხულიდან ამ რიტორიკას შერბილება, იუსტიციის საბჭოს კი - პოზიციების თანხვედრა დაეტყო.
„საბჭოში ვხედავთ კოლექტიურ შეთანხმებას, სადაც განსხვავებული და კრიტიკული აზრი გამორიცხულია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ისინი ყველა გადაწყვეტილებას სასამართლო ინტერესების სახელით ხსნიან, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოს ინტერესი შეიძლება დიდწილად განსხვავდებოდეს საზოგადოების ინტერესისგან და შესაძლოა, ეს იყოს კონკრეტული მერკანტილური ჯგუფის და არაჯანსაღი მართლმსაჯულების ინტერესი“.
სოფო ვერძეული ამ ცვლილებების მიზეზებზე საუბრობს და შესაძლო კავშირს რეფორმის მესამე ტალღასთან ხედავს. მისი შეფასებით, სასამართლო სისტემაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი რეფორმაა. მასზე მუშაობა 1 წელზე მეტია მიმდინარეობს, გაიარა ძალიან ბევრი პერიპეტია. მუშაობის პროცესმა ის რეალური პოლიტიკური ვითარება გამოაჩინა, რაც ზოგადად, და მათ შორის სასამართლოშიც იყო.
„თუ ვნახავთ, თავიდან რა ვერსია იყო და ახლა რა ვერსია მიიღო პარლამენტმა მეორე მოსმენით, თუ გადავხედავთ იმ ვერსიებს, რომელიც პერიოდულად დგებოდა განხილვაზე, ვნახავთ, რომ კანონპროექტში ცვლილებები ქვეყანაში გარკვეულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესს თუ მოვლენას უკავშირდება“.
იურისტის თქმით, კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსამართლეთა პროტესტი ყველასგან მოულოდნელად საბჭოს წევრებს შორის ჰარმონიაში გადაიზარდა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც სწორედ ამ პერიოდში შეარბილა მანამდე ხისტი რიტორიკა. იურისტი მიიჩნევს, რომ ამ პროცესებში გარდამტეხი როლი მოსამართლეებსა და იუსტიციის მინისტრს შორის ოქტომბერში გამართულმა შეხვედრამ შეასრულა. ის ამ შეხვედრის გამოძახილს უწოდებს იმ ძირითად ცვლილებებს, რომლიც კანონპროექტებთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი:
„საუბარი იმაზე, რომელმა მხარემ რა უპირატესობა მიიღო და სანაცვლოდ რა დათმო, რთულია. მაგრამ დამკვირვებლისთვის ეს ყველაფერი ასე ჩანს და ქრონოლოგიაც ამას ადასტურებს, რომ ამ ძალიან ცხად დაპირისპირებაში ხელისუფლებასა და სასამართლოს შორის 2015 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე გარკვეული პოზიციების გადაჯგუფება ნამდვილად მოხდა. მას შემდეგ ვხედავთ, რომ იუსტიციის სამინისტრო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსხვავებული სტრატეგიით მოქმედებენ. შესაბამისად, ყველა ეს ჯგუფი და მოსამართლეები ახერხებენ უფრო მეტ ჰარმონიაში თანაარსებობას, ვიდრე მანამდე იყო“.
სოფო ვერძეული ამბობს, რომ დაახლოებით გასაგებია, რა დათმო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის სასარგებლოდ. თუმცა რა მიიღო სანაცვლოდ, ჯერჯერობით უცნობია. ის არ გამორიცხავს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პოზიტივი დაინახოს ისეთი ჯგუფის არსებობაში, რომელიც მთელი სასამართლო სისტემის მართვას ახერხებს და რომელიც მთელ სასამართლო სისტემაში დაულაგებს სიტუაციას.
„თუკი დავაკვირდებით გარკვეულ მოვლენებს, მაგალითად, იმას, რომ მურუსიძე უზენაესიდან სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში გადავიდა, რომელიც საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა; თუკი გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის მნიშვნელოვანი ეტაპი და საარჩევნო დავები ჯერ წინ არის, ეს შეიძლება, იყოს საკითხები, რომლის გამოც აღმასრულებელი ხელისუფლება ამ დათმობებზე წავიდა. თუმცა ამაზე დაბეჯითებით საუბარი რთულია“, - აღნიშნავს სოფო ვერძეული „ლიბერალთან“ საუბრისას.
იურისტის შეფასებით, სასამართლოში არაჯანსაღი ჯგუფები ყალიბდება, რომლებსაც არაჯანსაღი მექანიზმებისა და ინსტიტუტების გამოყენებით სასამართლოზე სრული კონტროლის მოპოვება სურთ და თუ ხელისუფლებას ამ ჯგუფების მიმართ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია, ვერძეულისთვის გაუგებარია, მაშინ რას უკავშირდება მურუსიძის არაერთი შეხვედრა ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან. ის ვარაუდობს, რომ ამით მურუსიძეს სასამართლო კორპუსისთვის საკუთარი გავლენის დემონსტრირება სურდა.
იურისტის თქმით, ქართულმა სასამართლო სისტემამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საზოგადოების ნდობის დამსახურება ვერაფრით მოახერხა. იგი მიიჩნევს, რომ ეჭვი დღესაც არსებობს და ამან შეიძლება, ისევ ისეთი აღქმა გააჩინოს, რომ სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამფორმებელი იქნება. ამის სანაცვლოდ კი მოსამართლეები ხელშეუხებლობის გარანტიებს მიიღებენ.
„ინდივიდუალური მოქალაქისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ, როცა მის უფლებებში უხეში ჩარევის საკითხი დადგება, მას ძალიან მცირე პერსპექტივა აქვს, რომ მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეში სამართალი იპოვოს. ვინაიდან სასამართლო პოლიტიკური ინტერსების დაცვის გარანტორად იქნება აღქმული“.
სოფო ვერძეულის თქმით, სასამართლომ ვერც თავის წარსულს გადახედა სწორად, არც გამოცდილება შეაფასა ადეკვატურად და არც მომავალზე აქვს მაინცდამაინც ნათელი წარმოდგენა. სოფო ვერძეულის შეფასებით, რეფორმის პირველი ტალღა ყველაზე დადებითი, მაგრამ შედეგის მისაღწევად არასაკმარისი იყო და სწრაფი რეფორმების გაგრძელება იყო საჭირო. თუმცა ნაცვლად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, როგორც ის ამბობს, მეორე ტალღის კანონპროექტებში სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ცუდი წესი მოხვდა.
იურისტის განმარტებით, სიტუაცია არის ასეთი - არსებობს ხარვეზიანი კანონი და გვყავს საბჭო, რომელიც განზრახ ირგებს და იყენებს ამ ხარვეზიან კანონმდებლობას საკუთარი ინტერესებისთვის. თუმცა მას სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა აქვს და თუკი კანონმდებლობაში ხარვეზს ხედავს, მან პირველმა უნდა მიმართოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას.
სოფო ვერძეულის თქმით, იუსტიციის საბჭოს დღეს ძალიან დიდი კომპეტენცია აქვს, მაგრამ მისი საქმიანობა ანგარიშვალდებულების საკმარისი გარანტიებით არ არის დაბალანსებული. თუმცა სერიოზული კრიზისის მიუხედავად, იურისტი კანონში მყარი ხელშეუხებლობის გარანტიების არარსებობას უჭერს მხარს, რომელიც მინიმალური ეთიკური ნორმებითა და საჭიროების შემთხვევაში დისციპლინური სამართალწარმოებით დაბალანსდება.
ის, რომ საბჭოში აზრთა სხვადასხვაობა იყო და ამის გამო მოსამართლეების არჩევაც კი არ ხერხდებოდა, იუსტიციის საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს „ლიბერალთან“ საუბრისას არაერთხელ აღუნიშნავს. ახლაც ადასტურებს, რომ საბჭოს დაკომპლექტების პირველ ეტაპზე მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის დაპირისპირებები ნამდვილად იყო, რადგან არამოსამართლე წევრები სხვა მესიჯებით იყვნენ მისულები. თუმცა, როგორც მურუსიძე ამბობს, შემდეგ ერთმანეთი უკეთ გაიცნეს, ადამიანური ურთიერთობები ჩამოყალიბდა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისზე წასვლა იყო საჭირო.
ლევან მურუსიძე პოლიტიკოსებთან გარიგებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, თუკი მოსამართლეებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების გარიგების საგანი კანონპროექტებში სადავო ნორმები იყო, მაშინ, რატომ დარჩა მესამე ტალღის კანონპროექტებში ისეთი საკითხები, რომლებსაც მოსამართლეთა კორპუსი თავიდანვე არ ეთანხმებოდა, მაგალითად, ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება.
„ყველა ქვეყანაში აღმასრულებელ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ცდუნება, რომ სასამართლო სისტემაზე გარკვეული გავლენა ჰქონდეს. ეს მუდმივი პროცესია და სულ უნდა ეცადო, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. ახლა არის უნიკალური შანსი საქართველოს ისტორიაში - შეიცვალა ხელისუფლება და სასამართლო სისტემაში დარჩნენ ძველი ხელისუფლების დროს დანიშნული მოსამართლეები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მან ყოველგვარი გარიგებისა და შავ-ბნელი ურთიერთობების გარეშე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს დამოუკიდებლობას“, - უთხრა „ლიბერალს" ლევან მურუსიძემ.
ლევან მურუსიძე ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს და ხელისუფლების ორი შტოს მიერ შექმნილ და დამტკიცებულ კანონს აღასრულებს. რაც შეეხება ხარვეზების აღმოფხვრაში საბჭოს როლს, საბჭოს მდივნის თქმით, რომ ისინი ამ მიმართულებით ხელისუფლების სხვა შტოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.
შეცვლილი კანონპროექტი - შედგა თუ არა გარიგება სასამართლოსა და ივანიშვილს შორის
რეფორმირების მესამე ეტაპი - საფრთხე თუ წინსვლა სასამართლო სისტემისთვის
ვალერი ცერცვაძე: „კანონპროექტი სასამართლოს თავმჯდომარეების წინააღმდეგ მიმართული აქტია"