მე 90-იანების თაობა ვარ, „რევოლუციამდელი თაობა“, მოპოვებული (თუ თავსდამტყდარი) დამოუკიდებლობის პირველ, ვაივაგლახურ წლებზე ბუნდოვან-ბავშვური მოგონებებით.
ჩვენს ბავშვობა-მოზარდობაში, არც ავად და არც კარგად, საერთოდ არ გვესაუბრებოდნენ სამოქალაქო განათლებაზე, სოციალურ და პოლიტიკურ უფლებებზე, „მე-სა და საზოგადოებაზე“, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების თანასწორობა-თანაბრობაზე და სოციალურ პასუხისმგებლობებზე. მე არ მყავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლასელები, არც სკოლელები, არც მეზობლები. უფრო სწორად, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მეზობელი მყოლია და მისი არსებობის შესახებ არ ვიცოდი. მაშინ არავინ გვასწავლიდა ჩვენი საკუთარი, ერთმანეთის და სხვათა უფლებების შესახებ. პოლიტიკაზე კი საუბრობდნენ ისე -გმირული წარსულის გავლით ქართული გენის აღორძინებამდე, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ოღონდ ეგაა, 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში მკერდში მჯიღის ცემისგან მიღებული სილურჯეები და სიამაყე გახუნებულ-გაცრეცილიყო ჩვენი ტანსაცმელივით. შუქი, გაზი, „კორჟიკი“ და მშვიდობა გვინდოდა, „მძიმედ, მაგრამ სტაბილურად“ ვართო, გვამშვიდებდნენ როგორღაც.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარგა მოზრდილები ვიყავით, ისტორიის მასწავლებელმა თამაში შემოგვთავაზა. წარმოიდგინეთ, რომ საჰაერო ბურთში სხედხართ. იმისათვის, რომ მაღლა და მაღლა აიწიოთ, მოგიწევთ, თანდათან ძირს გადმოყაროთ რაც გაქვთ და რასაც წონა აქვსო. სულ ცხრა რაღაც გაქვთ: მეგობრობა, სიყვარული, ოჯახი, განათლება, საარჩევნო ხმის უფლება, რწმენა, ფული, თავისუფლება, სამართლიანობა. აქედან მხოლოდ სამი რამ შეგიძლიათ დაიტოვოთ და დამიწერეთ, დანარჩენს რა თანმიმდევრობით შეელევითო. თამაშს მთელი გაკვეთილი დაეთმო. 20-ზე მეტმა, ჰა და ჰა, სრულწლოვნებას მიკაკუნებულმა მოზარდმა და, მათ შორის მეც, წამებში და დაუფიქრებლად მოაფრიალა საჰაერო ბურთიდან საარჩევნო ხმის უფლება. მერე ოდნავ დავფიქრდით და უმრავლესობამ თავისუფლება მიაყოლა. მერე... ყველამ ბევრ-ბევრი ვიფიქრეთ და აზრები გაიყო.
როგორც იტყოდნენ, ნიშანდობლივი ფაქტია.
თქვენ კი მეტყვით, რა გასაკვირია, ან რა დასაძრახია, 90-იანი წლების მოზარდებს, ჯერ რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ ჰქონდათ, საარჩევნო ხმის უფლება და თავისუფლება ოჯახისა და სიყვარულის ხარჯზე გაეწირათო. არის ამაში ლოგიკა, ერთი მხრივ. მაგრამ საპასუხოდ მაინც გკითხავდით: დღეს, 21-ე საუკუნის ათიან წლებში, გასაოცარი დემოკრატიას რომ ვაშენებთ, რეფორმებს რეფორმებზე ვატარებთ, სისტემებს ვანგრევთ და ვაშენებთ, არც იმ არჩევნის წინაშე ვდგავართ, ოჯახი თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თავისუფლება თუ მეგობრობა, ახლა რა ღმერთი გვიწყრება? რატომაა, რომ ჩვენი მხრიდან პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებით სარგებლობა, დღეს, კავკასიის რეგიონში მოწინავე დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, შემოიფარგლება იმით, რომ მივალთ არჩევნებზე, გავაკეთებთ არჩევანს ვიღაცის წინააღმდეგ, იმის მოლოდინით და, მეტიც, რწმენით, რომ ვინც გაიმარჯვებს, კეთილი ჯადოქარი აღმოჩნდება და ერთ მშვენიერ დილას იბერიაც თავისით გაბრწყინდება. რატომაა, რომ ამ უმცირესი და პირველადი პოლიტიკური უფლებით - საარჩევნო ხმის უფლებით სარგებლობაც კი გვეზარება. იქნებ იმიტომ, რომ იმედები გვიცრუვდება და „კეთილი ჯადოქრები“ არც ჯადოქრები აღმოჩნდებიან ხოლმე, არც კეთილები და ამიტომ გვგონია, რომ აზრი არ აქვს. ან იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ხმა არავისთვის გვემეტება, რადგან არჩეულ-ასარჩევების სამართავად შემდეგ საკუთარი თავი არ გვეიმედება და არც პასუხისმგებლობის აღება გვინდა.
მოდით, ვითომ ისევ სკოლაში ვართ.
დავალება იყოს ასეთი:
ქვემოთ ჩამოთვლილი ცნებების გამოყენებით შეადგინეთ ტექსტი ორ გვერდამდე მოცულობით.
ადამიანი - პოლიტიკური არსება, რომლის ბუნების შესაბამისი არსებობა მხოლოდ სახელმწიფოშია შესაძლებელი (არისტოტელე);
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ მიმართ დამოკიდებულებებისა და გარემოს ბარიერების ურთიერთქმედების შედეგად ეზღუდებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობა (გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია);
საზოგადოება - ადამიანთა მყარად მოწესრიგებული ერთობა, თანაცხოვრება, რომელსაც სტრუქტურირებული მთლიანობის სახე აქვს. ადამიანის არსებობა/გადარჩენის შანსები დამოკიდებულია სტაბილურ სოციალურ კოოპერაციასა და ურთიერთთანამშრომლობაზე (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი);
სახელმწიფო - ადამიანურ ურთიერთობათა უმაღლესი ფორმა, პოლიტიკური ურთიერთობა (არისტოტელე);
ადამიანის უფლებები - სამართლიანობის ინდიკატორი, პოლიტიკური ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები (არისტოტელე მცირედი ინტერპრეტაციით). ხელისუფლება შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი);
სამოქალაქო აქტივიზმი - ინდივიდუალური და კოლექტიური აქტივობები, რომელიც ემსახურება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებას (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია);
პოლიტიკური მონაწილეობა - ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გავლენას ხელისუფლებების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე, მათ ქმედებებზე (ოქსფორდ უნივერსიტი პრეს);
დემოკრატია - „ხალხის ბატონობა“, ორი უმთავრესი პრინციპის, ინდივიდუალური ავტონომიისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით. დემოკრატიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ლიბერალური ან წარმომადგენლობითი დემოკრატია, რომელიც გულისხმობს კანონის უზენაესობას, ძალაუფლების გაყოფას, ადამიანის უფლებათა და უმცირესობათა დაცვას (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი);
არჩევნები - პროცესი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული მმართველობის სისტემა (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი).
ისევ 9 ცნება გვაქვს, მაგრამ თითქოს ყველაფერი ისედაც ერთმანეთთან კავშირშია, არა? ძნელი არ უნდა იყოს:
იმისდა მიუხედავად, როგორ გვგონია, ვინ რა გზებით და მანქანებით უნდა იაროს დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ; იმისდა მიუხედავად, რამდენად სწორი და ლოგიკურია ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, ან გნებავთ, მეთოდები; იმისდა მიუხედავად, რას შთაგვაგონებენ, მზე რომელი მხრიდან ამოდის საქართველოში და ა.შ., ყველა ვთანხმდებით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება. რა ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს, კაცობრიობას ამაზე უკეთესი წყობილება ჯერ არ მოუფიქრებიაო, თქვა ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა.
ეს შუქი, გაზი, ინფრასტრუქტურა და სტაბილურობა გარანტირებულად მაინც ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ აღარ გვიკვირს. მეტი მოგვინდა, რატომაც არა: მძიმე, მაგრამ სტაბილურმა პროგრესმა იცის. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდაო - ესეც ერთმა პოეტმა თქვა სალაღობოდ.
მეტი გვინდა და მეტიც ვიცით, უფრო ძლიერი ზურგიც გვაქვს, საერთაშორისო ვალდებულებებს, მცირედი მუჯლუგუნებით, მაგრამ მაინც რომ ჩვენი ნებით დავიკისრეთ, წმინდა წერილივით ვკითხულობთ და ხმალივით ვიქნევთ. ვიცით, რომ ცოტანი, მაგრამ ძალიან მრავალფეროვნები ვართ, ჩვენ-ჩვენი საჭიროებებითა და უფლებებით. მაგრამ სურვილები კმარა ვითომ?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ზემოთ შემთხვევით არ მიხსენებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემი ყველაზე მრავალრიცხოვან უმცირესობად მოიაზრება და გენდერული იდენტობებისა არ იყოს, ყველაზე საყოველთაოა, ასე რომ ვთქვათ, საზოგადოების ყველა ფენას, რასას, ეთნოსს, რელიგიურ აღმსარებლობას და ა.შ. მოდებული, მაინც ყველაზე სუსტიაო, ამ მოძრაობისავე წარმომადგენლები თავადვე ვაღიარებთ ხოლმე. მაინც მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასა და ჩაურთველობაზე გვიწევს კამათი. ყველაზე მეტად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისასაა, სასოწარკვეთით რომ ვედრებით „განვითარებულ ქვეყნებს“, თუმცა, გვავიწყდება, რის ფასად მოხდა, რომ ამ ქვეყნებთან საკუთარი თავის შედარება სასოწარკვეთაში გვაგდებს. გვავიწყდება, რომ ამ ქვეყნებში, თავად ხალხმა, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა და მათმა აქტივიზმმა, მოქალაქეობრივმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რასაც ახლა შორიდან შევნატრით. გვავიწყდება, რომ თითოეული ეს სიკეთე საკუთარი ხელით, ოფლით და ბრძოლით მოპოვებული, დამსახურებული შედეგია. ისიც გვავიწყდება, რომ უფლებები და თავისუფლებები პასუხისმგებლობაა და არა არხეინად, გულხელდაკრეფილად ცხოვრების გარანტია. ესეც არაერთ ჭკვიან ადამიანს უთქვამს აქამდე. „არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე“ - ლიტონ სიტყვებად დარჩება, სანამ მის უკან ქმედება არ დგას და სწორედ ამ ქმედებას არ გამოხატავს შეჯამების სახით. პასუხისმგებლობას, ქმედებას მოაქვს უფლება, თავისუფლება, განვითარებული საზოგადოება, რომელსაც სხვა არჩევანი და ნება არ აქვს, გარდა დემოკრატიისა.
რა თქმა უნდა, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა უფრო ძნელია, ვიდრე ერთი გვერდის ფარგლებში დემოკრატიული სახელმწიფოს დახასიათება და მორალისტის კვარცხლბეკიდან ადამიანების დამუნათება. მით უმეტეს, რომ არც ახალს ვამბობ რამეს. მაგრამ აი საქმე რაშია: ამბობენ, რომ დამოკიდებულებები ყველაზე ძნელად იცვლება. არადა, ხშირად სრულიად პირიქით. მაგალითად, ჩვენ გვეზარება, პოლიტიკური მონაწილეობა ქვეყნის ცხოვრებაში და მეტიც, ამრეზით ვუყურებთ, ვისაც არ ეზარება. მოცლილები გვგონია. ან იქნებ არ გვეზარება, მაგრამ ფაქტია, მეტწილად ზემოდან გვკარნახობენ, რა ვქნათ, რა მოგვეწონოს, რა - არა; როგორ ვიფიქროთ, რა შეიძლება, რა - არა, ვიდრე ჩვენ, ქვემოდან ვკურირებდეთ ჩვენ მიერ არჩეული და ხელდასმული ადამიანების მიერ ჩვენსავე ინტერესების გატარებას. არადა, ვიცით, რომ ასე არ უნდა იყოს, ვიცით, რომ პირიქით უნდა იყოს, ვიცით, რომ ქვეყანა, რომელშიც გვინდა, რომ ვცხოვრობდეთ, ასეთი არაა, ასე არ შენდება. დისკომფორტს განვიცდით, წინააღმდეგობაა ჩვენს ცოდნასა და რეალურ ქცევას შორის. ასეთი შინაგანი დისკომფორტები, ფსიქოლოგები თავიანთ ენაზე კოგნიტურ დისონანსს რომ ეძახიან, მეტად შემაწუხებელიც კია, ვიდრე „უშუქობადა უკორჟიკობა“. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. აქედან თავის დასაღწევად ორი გზა გვაქვს, ან ჩვენი ცოდნა უნდა შევცვალოთ, ან ქცევა. ძაღლის თავიც სადღაც აქვე მარხია. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ცოდნის და დამოკიდებულებების შესაცვლელად უფრო მარტივი და მრავალფეროვანი ხერხების არჩევანი გვაქვს, ვიდრე ქცევის შეცვლაა. რა უფრო მარტივია, იყო აქტიური მოქალაქე, მყარად ჩამოყალიბებული საკუთარი ხედვებითა და მებრძოლი ამ ხედვების გასატარებლად, აიღო პასუხისმგებლობა, მოიკრიბო თანამოაზრეები, დაუდგე გვერდში, ამოიყენო გვერდში, იმოქმედო და ამოქმედო, დაეცე, დამარცხდე, გააცნობიერო, რომ სადღაც რაღაც ვერ გათვალე, წამოდგე, თავიდან დაიწყო და არ დანებდე, სანამ შედეგს არ მიაღწევ... სარფიანად გაიყიდო, იაფად კი არა - მეტ და მეტ თანამოაზრეებად, მეტ ცოდნად, მეტ უნარებად, მეტ ძალად, შეუქცევად ძალად... ბევრი თავის ტკივილია, მით უმეტეს, რომ მეორე მხრიდან მაცდუნებლად და, სხვათა შორის, დამაჯერებლადაც იყურება პლედში გახვეული „ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება“. ასეთ სიმყუდროვესა და ჰარმონიაში „უკორჟიკობასაც“ აიტანს ადამიანი, უპანდუსობასაც, უტრანსპორტობასაც, უმუშევრობასაც, სხვების სიბრალულსაც. მთავარია, რომ საკუთარ თავთან არ ვიქნებით წინააღმდეგობაში. „აგერ ხანდახან სხვები რომ ფაფხურობენ, რა იცვლება?! ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება. იქნებ და გამიმართლოს და სადმე წავიდე. სხვა ქვეყანაში, მზამზარეულზე“.
ვერავის გავამტყუნებ, ასე ვართ მოწყობილები. ვის არ ურჩევნია იოლი გზით სიარული. ეგაა, რომ თავის მოტყუებაში ვხელოვნდებით და ცრუ წარმოდგენებით, უმოქმედობით ჩაკეტილ წრეებზე ვტრიალებთ აგერ უკვე რახანია.
“ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს” – ილია ჭავჭავაძის ამ ფრაზასაც ჩავუფენ იმ შემოთავაზებას, რომ თავად გავხდეთ ის მოქალაქეები, რომლებიც იმსახურებენ, ითხოვენ, ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიან დემოკრატიულ სახელმწიფოს და მესიებზე ოცნებებით არ იფარგლებიან, რომლებიც ჯადოსნური ჯოხით გვიკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნილებას.
წინ მიჯრით სამი საარჩევნო წელი გველის. ყველა იმ კანდიდატმა, რომლებიც ჩვენ თვალწინ ფუსფუსებენ და ნაირ-ნაირი ჯადოსნური ჯოხების პლაკატებს გვიჩვენებენ, უნდა იცოდნენ, რომ გავიზარდეთ, ზღაპრების აღარ გვჯერა. რომ გამარჯვება დიდი პასუხისმგებლობაა - ჩვენს წარმომადგენლებად ყოფნის პასუხისმგებლობა. მათ რომ ეს იცოდნენ და შედეგებს იაზრებდნენ, აი ეს უკვე - ჩვენი პასუხისმგებლობა.
სამამულო ავტორიტეტებისა და უცხოელი მეცნიერების დამოწმება გვიყვარს ხოლმე ამ ქვეყნის მოქალაქეებს. შეძლებისდაგვარად, არ დამიკლია და აწი, დავალების გასწორებაც მკითხველისთვის მომინდვია.