შვედეთიდან სახლში ვბრუნდები. თბილისზე ფიქრისას ძლიერი დაღლილობის შეგრძნება მიპყრობს - ისევ არეულობა, ისევ ვიწრო პოლიტიკური კონფლიქტები, ისევ ხალხით მანიპულირება ყველა მხრიდან, ისევ იგივე მეთოდები და ისევ არჩევნების წინ. როგორც ყოველთვის, ეს ყველაფერი არ კმარა და სანამ ყავას ვყიდულობ თანამშრომლები მწერენ, რომ 2013 წლის 17 მაისს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დარბევაში ბრალდებული 4 ადამიანი, მათ შორის მღვდელი, რომელიც იმ ავტობუსს დაესხა თავს, რომელშიც მე ვიყავი, მოსამართლემ გაამართლა. მოკლე ტექსტს მიჩერებული გვიან ვამჩნევ, რომ ცრემლები მომდის და თავაზიანი შვედები თანაგანცდით აღსავსე ღიმილით მიყურებენ და მალევე მაცილებენ მზერას.
რთული სათქმელია რა მიტრიალებს გულ-მუცელში (თავზე რომ არაფერი ვთქვა)... დამცირების, უიმედობის, იმედგაცრუების და ბრაზის ასეთი ნარევი მას შემდეგ არ მიგრძვნია, რაც 7 აგვისტოს საბი ბერიანის მკვლელი გაამართლეს. უბრალოდ ეს შეგრძნება ახლა კიდევ უფრო ძლიერია და სადაცაა წამლეკავს.
კეთილი, ჩემს დამცირებას კიდევ არაუშავს - მიჩვეული ვარ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილება არ არის ერთი, იზოლირებული მოვლენა, რომელიც „უბრალოდ“ მოხდა და ჩაივლის. მას შეიძლება ორი მნიშვნელოვნად უარყოფითი შედეგი ჰქონდეს: რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა (რომელთა ნაწილი ისედაც დაპარპაშებს ეს დღეები ქუჩებში და ხან ვის ოფისს არბევს და ხან ვის ესვრის ქვებს და საღებავებს) შეიძლება ჩათვალონ, რომ „პედერასტებზე“ ნადირობისთვის მწვანე შუქი აქვთ (ვინ არ გადაიხდის 100-ლარიან ჯარიმას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად); და მეორე - ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებსაც ისედაც არ გვჯერა, რომ „პატრული გვიცავს ჩვენ“ (მითუმეტეს გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც აგერ რამდენი ხანია აბუჩად გვიგდებენ) კიდევ უფრო ნაკლებ აზრს დავინახავთ იმაში, რომ დარღვეული უფლებების აღსადგენად არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს მივმართოთ.
მეგობარი მწერს, მამშვიდებს, ამბობს, სინამდვილეში ასეთი საქციელით ქართული სახელმწიფო და საზოგადოება იმცირებს თავს „სხვების“ თვალში. მაგრამ მე ისეთი მიამიტი აღარ ვარ, რომ ეს დავიჯერო. საზოგადოებას და სახელმწიფოს ეს საკითხი არ აინტერესებს, მეტიც, ფეხზე ჰკიდია. სულელი კი ისევ მე გამოვდივარ, მე, რომელსაც ჯერ 2013 წლის 17 მაისს მჯეროდა, რომ დემოკრატია „იზეიმებს“ და ჰომოფობებიც და ჩვენც პარალელურ რეჟიმში მოვახერხებთ აქციების მშვიდობიანად ჩატარებას და შემდეგ, როცა ერთი წუთითაც კი დავუშვი, რომ განაჩენი, რომელსაც 2 წელი ველოდით სხვანაირი იქნებოდა. სამაგალითო. საზეიმო და არა სატირალი.