Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუცილებლად მარტო

02 ნოემბერი 2015
იქნებ იმიტომ არის ცნობიერება ასე მოუხელთებელი, რომ ის არის არა რამე არსებული, არამედ პირიქით - რაღაცის არარსებობა. ეს ოქსიმორონს ან პარადოქსს არ ნიშნავს, რადგან ვგულისხმობ გარკვეული დაბრკოლების, ჯებირის არარსებობას, უფრო სწორად, აღარ არსებობას, როგორც კონკრეტული გაუქმების შედეგს, რომელიც შეიძლება იწვევდეს ცნობიერებას. ასე „იწვევს“ ნაკადს მდინარის წყალსაცავის შლუზების გახსნა, ვთქვათ, ორ ხელოვნურ, ზედა და ქვედა ტბას შორის, რის შედეგადაც ტბები ერთიან დინებად გადაიქცევა. ჩაიკეტება შლუზები და მდინარე შეწყდება. მის ადგილზე კი ჩნდება ისევ ის ორი ტბა - ზედა და ქვედა. პირველი ნელ-ნელა ივსება შენაკადებიდან, ხოლო ქვედა ტბა ასევე თანდათან იცლება, ალბათ იმიტომ, რომ მის წყალს ვიწრო არხები დაბლობისკენ წრეტს.

(მკითხველს გავახსენებ, რომ არარსებული აქტანტის მოხმობა არც პარადოქსების ძიებას ნიშნავს და არც ორიგინალური წამოწყებაა. მკითხველი სრულიად რეალური ზემოქმედების უნარის მქონე არარსებულის სხვადასხვაგვარ, ექსპლიციტურ დამუშავებას გაეცნობა ისეთ მეცნიერთა წიგნებში, როგორებიც არიან სტიუარტ კაუფმანი (Stuart Kauffman), ტერენს დიკონი (Terrence Deacon) და რობერტ ულანოვიცი (Robert Ulanovicz). აქ კი მე თვალსაჩინო მაგალითად მოვიტან ღმერთს, რომელიც არ არსებობს, რადგან საწინააღმდეგოს, ანუ მის არსებობას აბსოლუტურად არაფერი ადასტურებს. ამის მიუხედავად, არარსებულ ღმერთთან და ღვთაებებთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები ათასწლეულების განმავლობაში დღემდე წარმართავენ კაცობრიობის რეალური ისტორიის უდიდეს ნაწილს.

მოკლედ, ჩვენი გონების თვალწინ ან ორი ტბაა, ან ერთი მდინარე. თუმცა არის მესამე მდგომარეობაც: ზოგჯერ შლუზები არა მთლიანად, არამედ ოდნავ შეიხსნება ხოლმე და ტბებს შორის ვიწრო ნაკადი ჩნდება. ეს სიზმარია. ტბები კი წარმოადგენს გარესამყაროსა და სუბიექტის, ანუ, შესაბამისად, ინფორმაციის მომწოდებლის და წამღების მოდელებს. ზედა ტბის, ანუ გარესამყაროს შენაკადები ობიექტურად არსებული ფიზიკური რეალობაა, საიდანაც მოდის დაუმუშავებელი ინფორმაცია, რომელიც დამუშავების შემდეგ და შედეგად ავსებს ფიზიკური სამყაროს მეტ-ნაკლებად დეტალურ მოდელს, ზედა ტბას. ხოლო ის არხები, რომლებშიც ქვედა ტბიდან წყალი იწრიტება და ქრება, საკუთრივ ტვინის პროცესები და მექანიზმებია, რომელთა ფუნქცია დაგროვილი, ჭარბი და ნაკლებად აუცილებელი ინფორმაციის წაშლაა. სწორედ ინფორმაციის ამ წამშლელი თუ წამღები მექანიზმების მოდელია ქვედა ტბა, რომელიც არსებითად იმავე ინფორმაციის ოღონდ სხვაგვარად დამუშავების შედეგად აგებული მოდელია. ცნობიერება კი ჩნდება მაშინ, როდესაც მოდელებს შორის მათი გამყოფი ჯებირი ქრება და ისინი ერთიანდებიან - როგორც ორი ტბა გარდაიქმნება ერთ ნაკადად.

ახლა კი, თუ ფიზიკოსები ძალიან არ გვიწყენენ, წარმოვიდგინოთ, რომ ამ ტბებში წყალი კი არა, სინათლის აბსოლუტურად უძრავი ფოტონებია დაგუბებული და მხოლოდ შლუზების გახსნის შემდეგ წარმოიქმნება სინათლის ნაკადი, რომელიც ზედა ტბიდან ქვედაში მიექანება. აქ კი უნდა დავსვათ მნიშვნელოვანი შეკითხვა: შეგვიძლია კი ჩვენ, სწავლულებს, რომლებიც ყველაფერს ნაპირიდან ვაკვირდებით, დავინახოთ სინათლის მდინარე, რომელიც ჯებირის გახსნის შემდეგ და შედეგად წარმოიშვა? რათა დამკვირვებლის თვალმა სინათლე დაინახოს, როგორც ვიცით, ამისთვის აუცილებელია, რომ სინათლის ფოტონები მის ბადურაზე დაეცეს. თუ ეს არ მოხდა, სინათლე უდიდესი სწავლულისთვისაც კი უხილავი დარჩება. მაგრამ, რათა ეს მოხდეს და სინათლემ თვალის ფოტორეცეპტორებზე ზემოქმედება იქონიოს, ამისათვის თვალი მიმართული უნდა იყოს ან უშუალოდ სინათლის წყაროსკენ ან ისეთი რამისკენ, რაც სინათლის სხივს, ფოტონებს ისე ირეკლავს, რომ მას პირდაპირ ბადურისკენ აგზავნის.

ამჯერად უკვე, რაკი ასე ღრმად შევტოპეთ, ისიც დავუშვათ, რომ დამკვირვებელსა და სინათლის ტბებს შორის აბსოლუტურად სუფთა ვაკუუმია, რომელშიც მტვრის ერთი ნამცეციც კი არ მოიძებნება, რომელმაც თუნდაც ერთი ფოტონი შეიძლება აირეკლოს და თვალისკენ გაგზავნოს. ვივარაუდოთ ასევე, რომ არც ტბების აუზებში ან ნაპირებზე და არც მათ შორის ჯებირის კონსტრუქციაში არ მოიძებნება თუნდაც ერთი ისეთი მატერიალური ნაწილაკი, რომელსაც სინათლის არეკვლა შეუძლია. ასეთ, იდეალურად სტერილიზებულ გარემოში ერთადერთი გამოსავალი გვრჩება: იმისათვის, რომ შლუზების გახსნის, ანუ გაღვიძების შემდეგ ტბებს შორის ანუ ობიექტური სამყაროს მოდელსა და სუბიექტური სამყაროს მოდელს შორის წარმოქმნილი დინება, სახელდობრ, ცნობიერება დავინახოთ, აღვიქვათ და უშუალო დაკვირვების საგნად ვაქციოთ, რათა ცნობიერება მესამე პირის პერსპექტივაში მოვათავსოთ, როგორც ფიზიკური სამყაროსა და ობიექტური რეალობის შემადგენელი რამ, ამისათვის ჩვენი სტერილური აზრობრივი ექსპერიმენტის ფარგლებში მაინც იძულებული ვიქნებით, რომ შევიდეთ მდინარეში და პირით ზედა ტბისკენ დავდქეთ. მხოლოდ ასე დავინახავთ სინათლეს, სინათლის დინებას, ანუ ცნობიერებას. მაგრამ ასეთი თავგანწირვა ნიშნავს იმ ტვინთან შერწყმას და გაიგივებას, რომელშიც ჯერ ტბები, ანუ მოდელები ფორმდება და შემდეგ, ჩვეულებრივი გაღვიძების საოცარი ჯადოქრობის ძალით ისინი ერთიან დინებად, ცნობიერებად გარდაიქმნებიან. ხოლო, თავის მხრივ, ამგვარი შერწყმა არსებითად სწორედ იმ სუბიექტად გადაქცევას ნიშნავს, ვისაც ეკუთვნის ცნობიერება, ვისიც არის ცნობიერება.

ვფიქრობ, ამ ანალოგიით რამდენადმე გასაგები შეიძლება გახდეს, თუ რატომ არსებობს ცნობიერება მხოლოდ სუბიექტისთვის და სუბიექტურად, რატომ არის იგი მარტო პირველი პირის პერსპექტივაში ხილული და მისაწვდომი. ამ თვალსაზრისით, სოლიდური ტრადიციის მიუხედავად, ცნობიერების მდინარის სახით წარმოდგენა არასწორი, ცოტა არა იყოს თავთხელიც კი ჩანს, რადგან მოდელებს შორის გაჩენილი ეს ნაკადი თუ მდინარე, როგორც ზემოთ ვნახეთ, მათ შორის შლუზების გახსნის, ჯებირის დროებით გაუქმების შედეგიცაა და გამოხატულებაც. ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ ეს დროებით გაუქმება და (აღ)არ არსებობა არის ცნობიერების სათავე, რომელიც ტვინის შინაგან, თუ შეიძლება ასე ითქვას, განსაკუთრებულ „ეკოლოგიურ მდგომარეობაზე“ მიუთითებს.

მესმის, რომ ჩემი ეს ვარაუდი, ერთი შეხედვით, ეჭვქვეშ აყენებს ათწლეულების განმავლობაში იმის ძიებას, რასაც ცნობიერების ნეირონული კორელატები ეწოდება. მაგრამ გავიხსენოთ, რომ მისი მრავალი კორელატის, ანუ თანმხლები მოვლენის აღმოჩენის მიუხედავად, დღემდე მოუხელთებელი რჩება ცნობიერების ამხსნელი კონკრეტული ნეირონული მექანიზმი. ეს კი შეიძლება მართლაც იმაზე მიუთითებდეს, რომ ტვინში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებსა და ცნობიერებას „შორის“ საძიებელია გარკვეული შუალედური შრე, რომელსაც ზედა აბზაცში პირობითად ტვინის სპეციფიკური ეკოლოგიური მდგომარეობა დავარქვი.

ხოლო რადგან ნაკადის მეტაფორას, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ დაუსხლტები, ის მაინც უნდა ითქვას, რომ შენი ცნობიერება არის ერთი და იგივე მდინარე, რომელშიც არაერთხელ კი შეხვალ, მაგრამ აუცილებლად მარტო.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^