Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკუპ, სკუპ

04 ნოემბერი 2015

კურდღელი სასტუმრო "რუმსის" ეზოში

სასტუმრო "რუმსის" ეზო დიდ შეკრებას მასპინძლობს.

აქ შეხვდები არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა ლიდერს ერთ სივრცეში, პარლამენტარებს თავაზიანი ღიმილით, ეკ. კვესიტაძეს მ. უელბეკის ფრანგული გამოცემით ხელში, შუა ხნის მეწარმე კაცს, რომელიც ამბობს, რომ "ქეთ. დევდარიანი გენიოსია. მართლა. გეუბნები", მასკის პროგრამით ნასწავლ ბიჭებს, რომლებიც გრუზინულ ჯობმარკეტზე საუბრობენ, ვ. კახიძის მუსიკალური წარმოდგენით მოთენთილ პუბლიკას, რომელიც "საბას" დაჯილდოებიდან პირდაპირ გადმოსხეს აქ.

ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს მანამ, სანამ სასტუმროს ეზოში - რუდუნებით ორგანიზებული სიძველისა და სიახლის ამ საშემოდგომო პაემანზე - არ ჩნდება მსუქანი თეთრი კურდღელი.

ეჭვგარეშეა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ ნაზი ცხოველი სტუმართა განწყობის ასამაღლებლად შემოსვა.

სკუპ-სკუპ. რა არაჩვეულებრივად ჯდება სასტუმროს დიზაინში. სკუპ-სკუპ. რა მყუდრო გარემოს ქმნის. სკუპ-სკუპ. ვაიმე, რა სისაყვარლეა, ახლა შეგჭამ, პაწაწინა. სკუპ-სკუპ.

სკუპ-სკუპ, სკუპ-სკუპ.

ლოყაწითელა ატამი ჩერნობილიდან

დაბა კაზრეთს გარემოს დაცვის მინისტრი სტუმრობს.

როგორც ირკვევა, აგულაშვილს აინტერესებს, რა გავლენას ახდენს კომპანია არემჯის სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე. მინისტრს სურს, ადგილზე, უშუალოდ მოქალაქეებისგან მოისმინოს, კომპანიის მხრიდან,

შემთხვევით,

ადგილი ხომ არ აქვს ჯანმრთელობისთვის მავნე ზემოქმედებას. ხომ არ მოიწამლა სიმინდი და თუთა? ხომ არ შეაღწია საწარმოო ნაგავმა შუა ხნის ქალის სავსე საშვილოსნოში?

მინისტრი დაბას კომპანია არემჯის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობს, მათთან ერთად ელაპარაკება მოსახლეობას: ნულოვანი საიდუმლო ბიზნესთან.

ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს მანამ, სანამ ერთი ადგილობრივი გლეხი სოფელ დიდი დმანისიდან მინისტრს არ აწვდის ლოყაწითელა ატამს. თუ დარწმუნებული ხარ, რომ ამ ნიადაგზე მოყვანილი ატამი მავნებელი არ არის, აიღე და ჭამეო.

მინისტრი იღიმის და უარს ამბობს შეთავაზებაზე. გაურითმეთ ატამი და ნატანჯი.

ბარნოვი კონფლიქტის ზონაში

აქ იგულისხმება ანდრო ბარნოვი.

საოკუპაციო ხაზთან დამაგრებული ქართული დროშა რუსმა სამხედროებმა ჩამოხსნეს. ადგილზე, სოფელ ორჭოსანში, იმყოფებოდა კ. კავაფისის მთარგმნელი, რომელმაც პოლიციის თანამშრომელი უმოქმედობაში დაადანაშაულა.

ქართველი ხალხი არ დაუშვებს აგრესიული ოკუპანტი სახელმწიფოს მცოცავ ანექსიას; ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ რუსული ჩექმის ქვეშ; ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენი ძმები და დები იძინებდნენ თავისუფალ საქართველოში და იღვიძებდნენ ოკუპირებულ სამაჩაბლოში. რამე გააკეთეთ!

ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს მანამ, სანამ ადგილობრივი გლეხი, რომლის წლევანდელი მოსავალი საოკუპაციო ხაზს იქით დარჩა, არ შევარდება ტელეკამერაში და არ სთხოვს ა. ბარნოვს, დაეხმაროს მოსავლის აღებაში.

ა. ბარნოვი ნაბიჯს დგამს საკუთარი ზურგის მიმართულებით.      

ისიც ვიცოდეთ, რომ ჩვენც ორ ფეხზე დავიკიდეთ იმათი მოსავალი.

სკუპ-სკუპ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^