Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქალაქო სასამართლოს არაკონსტიტუციური განჩინება "რუსთავი 2"-ის საქმეზე

06 ნოემბერი 2015

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. სწორედ იმ გადაწყვეტილების, 3 დღის წინ რომ მიიღო „რუსთავი 2-ის“ საქმეზე და რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნების ნაწილი დააკმაყოფილა.

1. განჩინებაში მითითებულია, რომ "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის მართვისა და წარმომადგნელობის მიზნით სასამართლო ნიშნავს დროებით მმართველს, რომელიც ფლობს ყველა იმ უფლებამოსილებას, რაც დაკავშირებულია კომპანიის წარმომადგენლობასთან, მართვასა და ხელმძღვანელობასთან. ამასთან აღნიშნული უფლებამოსილებები შეუჩერდა ყველა სხვა პირს.

განჩინებას საფუძვლად დაედო მოსარჩელე, ანუ პირველი ინსტანციის დავაში გამარჯვებული მხარის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა სასამართლოსგან აღნიშნული ქმედების განხორცილება და დროებითი მმართველის კანდიდატურაც შესთავაზა.

2. ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ამ დავის მოპასუხე მხარის სარჩელის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედება შეაჩერა, რომელიც კონკრეტულ ვითარებაში პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს „რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელი მესაკუთრეებისთვის გამოუსწორებელი ზიანი. საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც,  მას შემდეგ, რაც ისინი დაკარგავდნენ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლებას, ახალ მესაკუთრეს ექნებოდა ამ ქონების დაუყოვნებლივ გასხვისების, უფლებრივად დატვირთვის ან შეცვლის შესაძლებლობა. ხოლო დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი არ შეიცავს ერთმნიშვნელოვან, საკმარის და განჭვრეტად გარანტიებს უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისების, მისთვის სახის შეცვლის ან ფინანსური სახსრების რეალიზების შედეგად მესაკუთრისთვის ქონების დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად საერთო სასამართლოს მიერ ნორმის გამოყენების შემთხვევაში ამჟამინდელი მესაკუთრეები დაცვის ადეკვატური მექანიზმების გარეშე რჩებოდნენ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასამართლომ ნორმის შეჩერებით უზრუნველყო ამჟამინდელი მესაკუთრეების უფლებები, რომელიც შეიძლება საფრთხის ქვეშ დამდგარიყო იმ შემთხვევაში, თუ პირველ ინსტანციაში გამარჯვებული მხარე განახორცილებდა ისეთ მოქმედებებს, რომელიც გააუარესებდა „რუსთავი 2-ის“ ქონებრივ მდგომარეობას. ამ ვითარებაში ამჟამინდელი მესაკუთრის მიერ ზედა ინსტანციებში წარმატების მიღწევისა და არსებულ სტატუს კვოზე დაბრუნების პირობებშიც  კი მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა.

3. საქალაქო სასამართლომ გუშინ, მართალია, არ გამოიყენა ის ნორმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, ანუ გადაწყვეტილება არ მიაქცია დაუყოვნებლივ აღსარულებლად, მაგრამ ის დაეყრდნო ფორმალურად მოქმედ ნორმას გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.

ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს: საქალაქო სასამართლოს მიერ მოქმედი ნორმის ისე გამოყენება, როგორც მან ეს გუშინ გააკეთა, ხომ არ წარმოშობს იმავე საფრთხეს, რის თავიდან აცილებასაც საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობდა?

როგორც ზემოთ აღწერილი სასამართლო აქტების ანალიზი გვეუბნება გუშინდელი განჩინება კვლავ წარმოშობს იმ საფრთხეებს, რის აცილებასაც ნორმის მოქმედების შეჩერება ემსახურებოდა. ეს არის დროებითი მმართველის მიერ ფაქტობრივად ყველა იმ უფლებამოსილებით სარგებლობა, რითაც ისარგებლებდა მოპასუხე მხარე დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხევაში. ამდენად საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ნოემბრის საოქმო ჩანაწერის სულისკვეთებას.

4. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედ კანონმდებლობაში ტექნიკურად ჩარჩება მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობისთვის იმავე შედეგების დამყენებელი ნორმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ან გააუქმა?

საკონსტიტუციო სასამართლო თავად სცემს პასუხს აღნიშნულ კითხვას, როცა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში  წერს: საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება.

რა უნდა ექნა საქალაქო სასამართლოს გუშინ? ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ისევ საერთო სასამართლოების პრაქტიკას უნდა მივმართოთ. დაახლოებით 2 კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. მან გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმა. მაგრამ საქმე ის არის, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა მარიხუანის საქმეში დავის მიმდინაროების დროს შეიცვალა. ანუ სასამართლომ, როდესაც სარჩელი დააკმაყოფილა და კონკრეტული მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო, ის პარლამენტის მიერ უკვე გაუქმებული იყო და მის ადგილზე სხვა ნორმა მოქმედებდა, რომელიც კვლავ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას იგივე ქმედებისთვის. შეიქმნა სიტუაცია, რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსის ნორმა ფორმალურად კვლავ აგრძელებდა არსებობას. უნდა გამოეყენებინა თუ არა ის სასამართლოს? სწორედ ამაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ 30 ოქტომბერს და განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ნაცვლად ახალი ნორმის მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლის ნორმას, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს საერთო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას. აღნიშნულიდან გამომდინარე 2015 წლის 24 ოქტომბრიდან აკრძალულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისათვის შენახვის გამო. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ფორმალური თვალსაზრისით მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა და უპირატესობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიანიჭა. ამდენად გუშინ, რომ საქალაქო სასამართლო იგივე გზით წასულიყო მას ამ ფორმით არ უნდა გამოეყენებინა ის ნორმა, რომელსაც დაეყრდნო საკუთარი განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.

მეორე გზა, რომელიც მას ჰქონდა მომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან, რომლის მიხედვითაც, თუ საქმის განმხილველი საერთო სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ნორმა, რომელიც უნდა გამოიყენოს საქმის გადაწყვეტის პროცესში შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, მან წარდგინებით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს საქმის განხილვა. შესაბამისად თუ საქალაქო სასამართლოს იმ ნორმის კონსტიტუციურობაში ეჭვი შეეპარებოდა, რომელიც აძლევდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის იმ მექანიზმებს, რომელიც გუშინ გაიმოყენა, მას წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უნდა მიემართა. მით უმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოში შინაარსობრივად მსგავსი ნორმაზე დავის დასაშვებობის ეტაპი უკვე გავლილი იყო და მეტიც, მისი მოქმედებაც შეჩერებული გახლდათ, რადგან ჩაითვალა, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებას შეიძლება „რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელი მფლობელებისთვის უფლების დარღვევის თვალსაზრისით  ისეთი შედეგები დაეყენებინა, რომელიც შემდეგში ვერ გამოსწორდებოდა.

ამდენად საქალაქო სასამართლომ სააპელაციოსგან განსხვავებით უგულვებელყო საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი და ამით თავად კონსტიტუციასთან მოვიდა შეუსაბამობაში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^