Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაკარგული ქალაქი

26 ნოემბერი 2015

ჩვენი კულტურა ნაგვის წარმოებად იქცა. ადამიანები საკუთარ ნარჩენთა ნარჩენები ხდებიან – აი, ასეთია საზოგადოება, რომელიც გულგრილია თავისი ღირებულებებისადმი, საზოგადოება, რომელიც თავისსავე თავს უბიძგებს გულგრილობისა და სიძულვილისკენ.

ჟან ბოდრიარი - “ქალაქი და სიძულვილი“

“რა ლამაზი ქალაქი გაქვთ!” - უცხოელი სტუმრის ამ სიტყვებმა მაშინ განსაკუთრებით გამახარა. მე პატარა ვიყავი, სკოლის მოსწავლე, სტუმარი - დიდი, მხატვარი რომიდან, ჩემი აზრით, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქიდან, იქიდან, სადაც ყველა გზა მიდის. 1988 წელი იდგა და ჯერ კიდევ არსებობდა რუსთაველზე მხატვრის სახლი, სადაც მაშინ მამის ნახატები ეკიდა. გარეთ შემოდგომის თბილი დღე იდგა, ქუჩაში ხალხი გამოფენილიყო და ყველაფერი ზღაპრულად ლამაზი ჩანდა. ის სიტყვები და მხატვრის სახლის ღია კარიდან დანახული რუსთაველის გამზირი მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამრჩა. ხომ არსებობს სურათები, რომლებიც ღრმად უნდა ჩაიბეჭდო თავისი ხმებით, ფერებით, სახეებით, რადგან თითქოს იცი, თითქოს გული გიგრძნობს, რომ გაქრება და აღარასდროს განმეორდება.

რამდენიმე წლის შემდეგ თბილისის ომმა მხატვრის სახლი შეიწირა. მას კი, რაც დღეს მხატვრის სახლის ადგილზე დგას, სახელს ვერაფრით ვარქმევ. კიდევ ერთი უცხოელი (ამჯერად მწერალი პარიზიდან) ამბობს, რომ ყველა ქალაქს აქვს თავისი ეროგენული ზონები, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილები, რომელთა კასტრირება, გაუპატიურება დაუშვებელია. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი რამ მოხდა. ამიტომ რუსთაველის 7 ნომერში ჩადგმულ მრავალფუნქციურ კომპლექსს ვცდილობ თვალდახუჭულმა ჩავუარო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ ისევ თბილისის ომის დროს გასროლილი ტყვიები ცვივა.

არც გზის გაგრძელებაა იოლი. რადგან წარმოუდგენელია იმელის უკან მშენებარე, უსწორმასწოროდ აწოწილი და ელიტარულ ცათამბჯენად ჩაფიქრებული 35-სართულიანი “მილენიუმის” დანახვაზე არ ჩაიკეცო. ეს არ არის მხოლოდ არასწორ ადგილზე ჩადგმული მახინჯი ცათამბჯენი. მან თბილისს შესაძლოა იმაზე მეტი ზიანი და საფრთხე მოუტანოს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მიმართულებას შეიცვლი და თბილისის ისტორიულ ცენტრში აბრჭყვიალებული შუშის კოშმარი - კაზინო “შანგრი ლა” მოგკლავს. ორლულიანი თოფიდან საკონტროლო გასროლას ჰგავს იტალიელი არქიტექტორის ფუქსასის დაუსრულებელი თეატრალური “ტრუბები” რიყეზე, რომელიც გაშლილ სივრცეში ალბათ სულ სხვა იერს მიიღებდა, იქ კი, აბა რა მოგახსენოთ…

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია… მთავარი სანახაობა წინ გვაქვს. საკრებულომ უკვე დაამტკიცა და მირზა შაფის ქუჩაზე, 25 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენდება “სამეფო ბაღები”. ეს არის 100-მილიონიანი პროექტი, რომლის დამტკიცებას წლების მანძილზე ცდილობდნენ, რომელიც არღვევს ქალაქის ყველაზე კოლორიტული უბნის ერთიან სახეს, ლანდშაფტურ გარემოს და აბსოლუტურად ამოვარდნილია ძველი თბილისის განაშენიანებიდან.

თბილისის რექვიემს კი (ასე უწოდებენ კიდეც) რიხით გვიმღერებს “პანორამა თბილისი”, რომლის მშენებლობამაც ურბანისტების, ხელოვნებათმცოდნეებისა თუ გარემოსდამცველთა წინააღმდეგობის მიუხედავად, სტარტი უკვე აიღო. ამ მიზნით 600-მდე ხის მოჭრის ბრძანება რამდენიმე დღის წინ გაიცა და ჩეხვაც დაიწყო! მოკლედ, ის რაც ცივილურ ქვეყნებში ლამის კაცისკვლის ტოლფასი დანაშაულია, ჩვენთან ქალაქის სიკეთისა და გაშენების სახელით, ხელისუფლების ხელდასმითა და ზარ-ზეიმით ხდება.

დანაშაულია ის, რომ არ არსებობს, ქალაქის განაშენიანების ერთიანი სტრატეგია და ხედვა, რომ მერია თუ, ეგრეთ წოდებული, “კულტურული მემკვიდრეობის საბჭო” მწვანე შუქს უნთებს უკონტროლო მშენებლობებს, ქალაქის ცენტრსა და ისტორიულ უბნებში ისეთი ურბანული ნაგვის აგებასა და დაგროვებას, რომლის ოდესმე გატანა, ანუ დემონტაჟიც კი წარმოუდგენელია. დანაშაულია ის, რომ აქამდე არ არსებობდა თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა და გამართული კანონმდებლობა. მოკლედ, ყველა თავის ჭკუაზე ანგრევდა და აშენებდა და ეს კომფორტული იყო ხელისუფლებისთვისაც (რომელიც ხშირ შემთხვევაში ამით იმართლებდა თავს), ინვესტორებისა და თავისი ლუკმის მომლოდინე მშენებელ-არქიტექტორებისთვისაც.

წელს გამოცხადდა ახალი კონკურსი, გამოვლინდა გამარჯვებული, პარალელურად მალე დასრულდება მუშაობა ძველი თბილისის განვითარების კონცეფციაზე. და როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ყოველივე ამის შედეგად? სავარაუდოდ, ახალი, კიდევ უფრო დიდი უბედურების მოლოდინში უნდა ვიყოთ. რადგან ამ პირობებში რთულია გქონდეს ილუზია, რომ ეს იქნება ქალაქის საჭიროებაზე მორგებული დოკუმენტი. ის ალბათ ისევ და ისევ მოერგება ხელისუფლებისთვის მისაღებ ცალკეულ ადამიანებსა და  მკვლელ ინვესტიციებს. და ისევ და ისევ მოვლენ ამა თუ იმ ხელისუფლებასთან დაახლოებული სხვადასხვა ტიპის სუბკულტურის წარმომადგენლები, რომლებიც გაცამტვერებული ექსტაზის, ფულის, ძალაუფლების საძიებლად დახეტიალობენ და ახლა უკვე “კანონიერად” დაგვინგრევენ გუდიაშვილის ბაღს, გაგვიქრობენ ზოოპარკსა და იპოდრომს, შეგვივიწროებენ მზიურს, გაგვიჩეხავენ ხეებს და მათ ადგილას აგვიშენებენ სასტუმროებს ვაკის პარკში, “სამეფო ბაღებს” მირზა შაფზე და “პანორამა თბილისს”. ქალაქს აქცევენ ბეტონის კორპუსების ჯუნგლად და ერთ დიდ პრიალა ლუნა პარკად.

ახლა, როდესაც ყველაზე რთული, ყველაზე საკვანძო ეტაპია, რას ვაკეთებთ ჩვენ, ამორტიზებულ სახლებსა თუ ახალაშენებულ კორპუსებში შერეკილი ცხვრის ფარა?

იქნებ თვალი გავახილოთ და ბოლოს და ბოლოს დავინახოთ, რომ სრული კატასტროფისკენ მივექანებით, რომ ფერადი ფასადების, შუშის პრიალა კონსტრუქციებისა თუ კიტჩური შვიდვარსკვლავიანი სასტუმროების მიღმა ყველა ერთად ვღაფავთ სულს, სულ უფრო და უფრო ვიხრჩობით მტვერსა და სიღარიბეში, ყოველი წვიმისა თუ ქარის შემდეგ თავზე გვენგრევა ძველი უბნები, სასწრაფოდ სარეაბილიტაციო სახლები. იქნებ ყური გავხსნათ და გავიგონით როგორ ბორგავს, კივის და გვეძახის ჩვენი ქალაქი, თითოეული ჩვენგანისგან როგორ ითხოვს შველას. ქალაქი, რომლის დაგუბებული ნაგავიც ერთხელ უკვე ჩამოიტანა მდინარე ვერემ და 13 ივნისის საშინელ ტრაგედიად გვიქცია.

როდესაც გტკივა, უნდა იყვირო, როდესაც გართმევენ, უნდა დაიცვა, როდესაც კარგავ, არ უნდა დათმო! რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასე არა მხოლოდ საუკეთესო ტერიტორიებს, მოქალაქეობასაც ვკარგავთ. ქალაქის დაკარგულ სურათებთან ერთად ვკარგავთ სახეს, ღირსებას, მომავალს.

ბუნების კანონი მარტივია და თან მკაცრი. თუ დღესვე არ ვიქცევით მენაგვეებად, ხვალ აუცილებლად ვიქცევით ნაგვად. ბრმა, ყრუ, მორჩილ, ერთ დროს მართლაც ლამაზი და ახლა უკვე ჩვენივე უგუნურებითა და გულგრილობით დაკარგული ქალაქის თვალსაჩინო ნაგვად.

ვყოფილვარ საპროტესტო აქციებზე, სადაც დაახლოებით ასეული ადამიანი თუ შეკრებილა. აქ ცალკეული გამონაკლისების გარდა, იშვიათად მოჰკრავთ თვალს მშენებლებს, არქიტექტორებსა და ურბანისტებს. მათ, რომელთაც პირველ რიგში ევალებათ ხმის ამოღება, პროტესტი. ჩვენ პასუხს, პირველ რიგში, თქვენგან, პროფესიონალებისგან ვითხოვთ. თქვენ, ვისაც გევალებათ დადოთ დასკვნები, იმსჯელოთ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმისა თუ თბილისის განვითარების ახალი კონცეფციის შესახებ; იყოთ მერიის, არქიტექტურის სამსახურის მაკონტროლებლები. თქვენ უნდა გვითხრათ, სად გადის წითელი ხაზები, სად ირღვევა კანონი. თქვენ უნდა დაგვისახოთ გზები, მოგვცეთ ქალაქის სიყვარულისა და მასზე ზრუნვის მოქალაქეობრივი მაგალითი. მოკლედ, გამოხვიდეთ და ხმამაღლა, ობიექტურად, პირუთვნელად გვითხრათ, რას გვიმზადებს ხელისუფლება, სად მივდივართ და რა ელოდება თბილისს ხვალ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^