არსებობს ერთი ცრურწმენა, რომლის მიხედვით ადამიანს მხოლოდ და ყოველთვის ორი მტერი ჰყავს - სახელმწიფო და უმრავლესობა. ეს ხედვა საკუთარ ფესვებს უკიდურესად მოდერნულ აღქმებში პოულობს და დემოკრატიის შესახებ იმ მცდარ წარმოდგენას ეფუძნება, რომელსაც ძალაუფლება რაოდენობრივ მაჩვენებლებზე დაჰყავს. წინასწარ არსებული უმრავლესობის ნებას კი სახელმწიფო მმართველობის ერთადერთ შესაძლო საფუძვლად აცხადებს, სადაც ამ სახელმწიფოს აპარატის მიერ გადამუშავებული ძალადობა ძალაუფლებად მონოპოლიზდება. ამდენად ცვლადები - უმრავლესობა და სახელმწიფო - დაქვემდებარებულ ბუნებას იძენენ, ხოლო პოლიტიკა, უმრავლესობის მიმხრობის მეშვეობით, სახელმწიფოს აპარატზე კონტროლის მოპოვებისა და ამდენად ძალაუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად წარმოგვიდგება.
უმრავლესობის მიმართ ბუნებრივი უნდობლობა უძველესი დროიდან არსებობს, მაგრამ განსაკუთრებით ახალი დროის გარიჟრაჟზე, არისტოკრატიის დაბრკოლების დაძლევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ დემოკრატია, რომელიც მაშინ უმრავლესობის შეუზღუდავ ძალაუფლებას ნიშნავდა, წინამორბედისგან ბევრით არაფრით განსხვავდებოდა. სწორედ ამიტომ გაჩნდა ინდივიდუალურ თავისუფლებებზე დაფუძნებული უმცირესობის კონცეფცია - ერთკაციანი უმცირესობის ცნება, რომელიც მეორე ადამიანთან მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მეშვეობით ურთიერთობს. სწორედ იმ სახელმწიფოს მეშვეობით, რომლის ხელშიც, როგორც საწარმოო საშუალებები, ისე მთელი ძალაუფლებაა თავმოყრილი. ძალაუფლება, რომელიც რყვნის.
გავრცელებული ხედვის შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ერთკაციანი უმცირესობის მიზანია, ჩაერთოს პოლიტიკაში, ანუ ძალაუფლებისთვის კონფლიქტში აბსტრაქტულ უმრავლესობასა და მის დამიწებულ ვერსია სახელმწიფოსთან, რათა იგი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს. ეს კი პოლიტიკის შეუძლებლობას მოასწავებს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკის სახელმწიფოებრივზე დაყვანა, პოლიტიკაზე უარის თქმას ნიშნავს.
ამგვარ წარმოდგენას პოლიტიკურის შესახებ ორმაგი ზიანის მოტანა შეუძლია. პირველი, ის არსებითად შემოსაზღვრავს სამოქმედო სივრცეს და მის განხორციელებას მხოლოდ ისეთ ინსტიტუციონალიზებულ ფორმებში ხედავს, როგორიც, მაგალითად, არჩევნები და საპროტესტო აქციებია. მეორე, კონფლიქტს უმალ გამოაცლის ლეგიტიმურ საფუძველს, რაწამს მისი ერთ-ერთი მხარე უმრავლესობისა მხარდაჭერას ან სახელმწიფო აპარატის კონტროლის საშუალებებს დაკარგავს (ეს მაშინ, როდესაც არც უმრავლესობას აქვს ძალაუფლება მხოლოდ და ყოველთვის და ვერც სახელმწიფო ახერხებს მის ბოლომდე მონოპოლიზებას).
წარმოდგენილი კრიტიკა არსებითად კონტექსტუალურია. თუ ჩვენ მიმდინარე პროცესებს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკა სწორედ ზემოთ აღწერილი მცდარი ხედვის შესაბამისად გვესმის. შეიძლება ვინმეს აპოლიტიკურობისთვის მისკენ მიმართული კრიტიკა ხელოვნურად მოეჩვენოს და პირველ პირში ისაუბროს აქტივისტზე, რომელიც ყველა აქციას შეერთებია. ეს მართლაც ასეა: ჩვენ ვყოფილვართ აქციებზე საპატრიარქოსთან და აქციებზე 2012 წლის სექტემბერში, იქამდეც და მერეც. მათ შორის. ისეთ აქციებზეც ვყოფილვართ, რომელსაც სოციალური ელფერი დაჰკრავდა, მაგ. შრომის ინსპექციის მოთხოვნით (კერძო სექტორის ვალდებულებების გაზრდას რომ გულისხმობს). მაგრამ პირველ შემთხვევაში ეკლესიაში სწორედ სახელმწიფოებრივს ვაკრიტიკებთ, მეორე შემთხევაში ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლების დაკარგვაში გავუქვითეთ ყველაფერი, რაც მასთან კონფლიქტში მოგვიყვანდა (ზუსტად იმავეს გავაკეთებთ ქართულ ოცნებასთან მიმართებაშიც მისი არჩევნებში დამარცხების შემდეგ), ხოლო მესამე შემთხვევაში სახელმწიფოს შუამავლის როლის აღსრულებას მოვითხოვთ და პირისპირ არ ვდგებით კორპორაციებთან.
ყველა ამ მაგალითში ვუპირისპირდებით სახელმწიფოებრივს. ისინი ვერ გამოდგება ჩვენი პოლიტიკურობის ალიბად, პირიქით გამორიცხავს კიდე მას. რადგან, თუ რომელიმე მათგანში სახელმწიფოებრივი დაიკარგა, ამ ოპერაციის შემდეგ ჩვენ მასთან კონფლიქტს ვერ ვიპოვით და შევუნდობთ. პოლიტიკური სწორედ იქ იბადება, როცა ინდივიდუალური საჯაროს ეხება. საზოგადოებრივის მონოპოლიზაციის, მასზე კონტროლის დამყარების საწინააღმდეგოდ პოლიტიკა საზოგადოებრივზე კომუნიკაციას ნიშნავს, ის იმ შემთხვევაშიც ნარჩუნდება, როდესაც კონფლიქტის მხარეები არ მონაწილეობენ არც სახელმწიფო მართვაში და არც უმრავლესობაში.
ამის საპირისპიროდ პოლიტიკაზე ყველა იმ შემთხევაში ვამბობთ უარს, როდესაც იმასთან დაპირისპირებაზე ვამბობთ უარს, ვინც არც სახელმწიფოა და არც უმრავლესობა (ანუ კლასიკური ხედვის შესაბამისად არ ფლობს ძალაუფლებას). რადგან ისინიც, ვისაც ძალაუფლება არ აქვს და ძალაუფლების მიერ იჩაგრებიან, ისევე მონაწილეობენ ძალაუფლებისთვის ბრძოლის სტრატეგიებში, როგორც ისინი, ვინც დღეს ფლობენ ძალაუფლებას და დომინირებენ. მეტიც შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ანკლავები, სადაც თავად დაქვემდებარებულებს აქვთ ძალაუფლება. ისინი სხვებს იქვემდებარებენ და ასე დაუსრულებლად. მაშასადამე თუ დავრწმუნდებით, რომ ძალაუფლება აქვს ყველას ან უკიდურეს შემთხვევაში უნდა ყველას, და ძირისძირში ჩავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ არავითარი განსხვავება არ ყოფილა მათ შორის, ვისაც ვიცავთ და ვისგანაც ვიცავთ. ასეთ შემთხვევაში სად რჩება საფუძველი ჩვენი დამოკიდებულების დასაშენებლად? ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ვერც რაოდენობა, ვერც ძალაუფლების კონცენტრირების დოზა, მეტიც - ვერც თავად ძალაუფლების ფლობა ან მისი ფლობის სურვილი, არამედ ყველა ამ ფაქტორის მიღმა არსებული შინაარსი, ერთადერთი, რაზეც შესაძლებელია პოლიტიკური კონფლიქტი, ეს არის დაპირისპირება პრინციპების გამო.
პრინციპებზე მსჯელობა გვათავისუფლებს როგორც ძლიერის ისე სუსტის, როგორც უმცირესობის ისე უმრავლესობის, როგორც სახელწიფოს, ისე ინდივიდისკენ მიმხრობის ტვირთისგან. ის დოხოტომიის წრის გარღვევის შესაძლებლობას აჩენს. დამოუკიდებელი მსჯელობის შესაძლებლობას, პოლიტიკურის შესაძლებლობას.
ვახუშტი მენაბდე - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი