ეს ჰიპნოზური ფრაზა, მემკვიდრეობით რომ გადმოგეცათ იმ დროიდან, თვითონ რომ შვილი იყავით, ალბათ ხშირად გამოგიყენებიათ ბავშვის დასამშვიდებლად, როგორც ნაცადი და უებარი წამალი და ამ სიტყვების განმკურნებელი ძალაც შეგიგრძვნიათ.
ბავშვები ყველაზე იოლად შთაგონებადი ხალხია, განსაკუთრებით მათგან, ვინც მათთვის უპირობო ნდობის ობიექტია, მაგრამ მთლიანად გულუბრყვილობას ნუ მივაწერთ შთაგონების დადებით შედეგს. ჰიპნოზში ყოველთვის ორი მხარე მონაწილეობს - ამ შემთხვევაში, თქვენ და ბავშვი. ნურც მთლად “საყვარელ სულელად” ჩათვლით პატარა ადამიანს, რომელმაც თქვენგან, სანდო და უსაფრთხო პირისგან იდეალურად მიიღო და თავის სასიკეთოდ, ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენა ის, რაც იმ წამს აწყობდა, სჭირდებოდა. კონკრეტულ სიტუაციაში ფსიქიკური მექანიზმი ცნობიერად თუ არაცნობიერად, გამართულად მუშაობს და სასარგებლო შეთავაზებას ყოყმანის გარეშე ირჩევს.
ჰიპნოზიორი მშობლები, რომლებიც წაქცევის შემდეგ ფეხატკიებულ ბავშვს კოცნით უყუჩებენ ტკივილებს, ნამდვილად უნაკლოდ კეთილი ჯადოქრები არიან. ისინი კი ვინც… “ოხ ეგ საზიზღარი! მოიცა, მაგას რა ვუქნა!!!” - მივარდებიან იატაკს ან სათამაშოს, რომელსაც ბავშვი წამოედო და ფეხების ბაკუნით და მრისხანე სახით მიჩექმავენ ხოლმე თითქოსდა ტრავმის გამომწვევ საგანს თუ მიზეზს, ბავშვში ერთგვარად შურისძიების გზით კმაყოფილების მიღწევის ინფორმაციულ კოდს დებენ. დებენ აზრსაც, რომ ყოველი მარცხი არა მისი, არამედ სხვისი ბრალია და განცდილი ტკივილი გარემოში არსებულ ობიექტზე ან სუბიექტზე რისხვის გადატანით შუშდება.
ასევე არსებობენ არაკვალიფიციური, შემთხვევით რომ საქმეს აფუჭებენ, ისეთი ჰიპნოზიორი მშობლებიც, მაგალითად დედაჩემი, რომელსაც, ჩემთვის ცუდი არ უნდოდა, მაგრამ რა მიქნა იცით? 7-8 წლის რომ ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ ყველა წაკითხული ზღაპრის მზეთუნახავი ქერა, ცისფერთვალება და ცხვირპაჭუა იყო, მივეახლე და თავად ქერას და ცისფერთვალას შეკითხვა დავუსვი, მე რატომ არ გამაფერადე-მეთქი. ხოოო, ახლა ცისფერ თვალებზე ლაპარაკი გვიანიაო (ფერადი ლინზები მაშინ არ იყო და როცა გაჩნდა, ჩემი თვალებით უკვე კმაყოფილი ვიყავი), მაგრამ ცხვირის აპრეხვა სპეციალური მასაჟითაა შესაძლებელიო, - მეხუმრა, თავიდან მომიშორა, ასე რომ ვთქვათ. მე კი, სამყაროსა და მით უფრო დედის მიმართ ნდობით სავსე ადამიანმა იმ დღიდან რომ დავიწყე დილა-საღამოს ცხვირის ასაპრეხი მასაჟის კეთება, აი, უკვე ამ ხნის ქალი მოვიყარე და სტერეოტიპულ მოძრაობად ქცეულ მასაჟის “ტიკს” ვერ გადავეჩვიე. ფიქრებში რომ წავალ, დავიღლები, ან რამეზე ვკონცენტრირდები, ცხვირის ძგიდეს ვეცემი ხოლმე, დავათხელებ, მოქანდაკის სიმარჯვით ფორმას მოვიკოხტავებ, და ბოლოს ზევით აპრეხვით ვასრულებ ძერწვას.
ალბათ, ზედმეტი ახსნა-განმარტება არ არის საჭირო, რომ ბავშვთან, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც მზეთუნახაობაა, ხუმრობა არ ღირს და რამდენადაც ბავშვი ცხოვრებაში ახალი ფეხშემოდგმულია, მისთვის უმნიშვნელო თემები პრაქტიკულად არც არსებობს. ნებისმიერ, ერთი შეხედვით გულუბრყვილო შეკითხვას, აუცილებლად სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს.
ბავშვების შემთხვევაში სასურველზე მეტად სასურველია ყოველი ჩვენი ზეგავლენა იყოს მაქსიმალურად ოპტიმისტური. აუცილებლად ტკივილებისა და წყენის დაძლევაში დამხმარე, შიშის მომხსნელი და არა პირიქით, ჩვენივე შფოთვის და აგრესიის მათში გადამტანი, რომ მაქსიმალურად იმედიანი ცხოვრებისეული პოზიციები ჩამოუყალიბდეთ და შემდეგში იოლად გაართვან თავი ცხოვრებაში წარმოქმნილ სიტუაციებს.
რაც შეეხება უფროსებს, მითი ჰიპნოზის შესახებ, რომ რომელიღაც ყოჩაღი შამანი თქვენი ნების წინააღმდეგ ჩაგაძინებთ და მერე მძინარეს რასაც სურს, იმას გაგაკეთებინებთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჰიპნოზი ყოველთვის ნებაყოფლობითია, მაშინაც კი, თუ ჰიპნო-პროცესში გულიანი ხვრინვა ამოუშვით.
ჰიპნოზი სრულიად პრაგმატული, შეთანხმებული, ინტერესთა თანხვედრით განხორციელებული, ნდობაზე და წინასწარ განწყობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა.
ნდობის ფორმატში ზოგჯერ თაღლითობასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ გამოფხიზლება დროულად ხდება ხოლმე. მაგალითად, თუ თქვენ სარეცხი ფხვნილის ან შოკოლადის რეკლამით მოგაჯადოვეს, მაგრამ შეძენილმა პროდუქციამ იმედი გაგიცრუათ, არ შეგეშინდეთ, ეგრე არ დარჩებით, სულ მალე გამოხვალთ მდგომარეობიდან, მარტივად, მეორედ აღარ იყიდით. ერთჯერადად თანხას კი დაკარგავთ, მაგრამ თავის მსხვერპლად ჩათვლას მაინც ნუ იჩქარებთ, საბოლოოდ ყველაზე მეტად ცრუქუცა კომპანია დაზარალდება, არავინ რომ აღარ გაებმება მახეში.
საპირისპიროდ, თუ რეკლამა 99%-ით პატიოსნად აღწერს პროდუქციის ღირსებებს, მაშინ დიდი ხნით დარჩებით თქვენი ნებით მოჯადოებული და, რაც მთავარია, კმაყოფილი.
ჰიპნოზის ძალა აქვს ქათინაურსაც, მაგრამ ესეც მხოლოდ მაშინ, როცა მიმღები გენდობათ, განწყობილია დაიჯეროს, რომ ლამაზი და ჭკვიანია ან სანამ ეტყოდით, უკვე ასეც მიაჩნდა.
ისევე, როგორც ფსიქოთერაპიაში, სიტყვას განმკურნებელი ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, როცა თერაპევტს გულწრფელად სჯერა პაციენტის პოტენციალის და ნამდვილი თანაგრძნობით არის განმსჭვალული იმ ადამიანის მიმართ, ვის დახმარებასაც ცდილობს.
მოკლედ, რამდენადაც ჰიპნოზი ჩვენივე ნების და ჩართულობის გარეშე არ არსებობს, მთელი ჩვენი იდენტობაც თვითჰიპნოზის შედეგია. ჩვენი პიროვნება ამოშენებულია უამრავი ჩვენივე გემოვნებით შერჩეული ფორმით, მასალით, რაც კი გზადაგზა შემოგვხვდა, შევისრუტეთ და ისევ ვაგრძელებთ შესრუტვას. ხანდახან მტვერიც შეგვყვება, მაგრამ მთავარია, ფილტრები დროულად გავრეცხოთ ხოლმე.
დოროთი ნედერმაიერი ანგარიშობს, “ცხოვრება მხოლოდ ათი პროცენტით არის ის, რასაც გამოსცდით. ოთხმოცდაათით კი - ის, როგორ რეაგირებთ იმაზე, რაც გამოსცადეთო”.
ჩემებურად ასე ვიტყოდი, ცხოვრების 10% სხვადასხვა მნიშვნელობის ჩვენს თავს გადახდენილი ამბავია, 90% კი ამ ამბების აღქმის და ფსიქოლოგიური მეტაბოლიზმის საკითხი, განცდილის ვიბრაცია და ენერგია, რომელიც ხანგრძლივად განსაზღვრავს მომდევნო ქმედებებს და აყალიბებს რეაქციებს. ასე იქმნება ადამიანი, გადამუშავების და ამგვარად, მუდამ თვითშთაგონების პროცესში და თუ თვლის, რომ არ უმართლებს, თვითჰიპნოზისთვის საუკეთესო რეკომენდაციას, უილიამ ჯეიმსის ფრაზას შევთავაზებ:
“შეცვალე მოვლენების მიმართ დამოკიდებულება და შეიცვლება რეალობა.”
შეცვალე თვითჰიპნოზის შინაარსი, ის კარი დახურე, სხვა კარი გახსენი, სხვა ინფორმაციის და დამოკიდებულების მიმართ გაზარდე მიმღებლობა.
დაახარისხე მოვლენები მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან თემებად, შეუძახე თავს ის, რაც შენი აზრით მოგეხმარება წარმატებაში. გაიხსენე, როგორ გირჩებოდა ვავა, როცა დედა გკოცნიდა. ეს ხომ მე არ მომიგონია? შენი გამოცდილებაა.
ყოველ დილას უთხარი თავს, რომ დღევანდელი დღე ახალი შანსია და ეს დღე აუცილებლად მოგიტანს სიკეთეს, სინათლეს და სიხარულს.
წარმოიდგინე წყალი, რომელშიც აგდებ კენჭს და ირკალება; ბგერა, რომელიც ჰაერის ვიბრაციით გადაადგილდება. ყოველი ენერგია ასეთივე ტალღებად მიედინება და მოედინება შენთან. ასე ვრცელდება სულში ღიმილიც.