გამარჯობა "ლიბერალელებო". მაშ, მივიღე შემოთავაზება და გადავწყვიტე სერიოზული ბლოგერი გავხდე. ვინ ვარ?
ჩემი სახელია ბექა გონაშვილი, ვარ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი არბოშიკიდან (ლეგენდაც კია, მეფე ერეკლესთვის მოუხსენებიათ, ეს სოფელი ისეთი მდიდარია “ერბოში კი ბანაობსო”). ვარ 30-ის წლისა, ფერმერი, კერძო ექსტენციონისტი და ფერმერთათვის საჭირო მასალების, ნედლეულის (ე.წ. input Supplier) მიმწოდებელი. 2010 წლიდან ვიყავი საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე. თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ, იმ ერთი ბერიკაცისა არ იყოს “მე გადავდექი, სახლში წავედი”. ფერმერობა ჩვენს ოჯახში 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს - როცა ცხონებულმა პაპაჩემმა, გარაი ბიჭმა ბიძინამ, მამისის ნაჩუქარი უნაგირი 4 ცხვარში გაცვალა და თავად კოლექტივის ვეტექიმმა კაცმა გააგრძელა და მიხედა ცხვარს. 56 ჯერ ასულა და ჩამოსულა ცხვართან ერთად ფეხით. მეც მან წამიყვანა პირველად ცხვართან საპარსავზე ნინოწმინდაში. მამაჩემიც, მიუხედავად თავისი პოლიტიკური კარიერისა და თანამდებობისა, სულ სოფლის მეურნეობას მისდევდა, ყოველ შაბათ-კვირა თოხი და ბარი ან მეთევზეებთან ჩასვლა დარჩენით, ან ვენახის გასხვლაში მონაწილეობა, ან კალოზე, ან საწყობში მოსავლის აღებების დროს მუშაობა გამოწერილი მქონდა. მიუხედავად ამისა, რატომღაც მერვე კლასიდან გადავწყვიტე, გავმხდარიყავი იურისტი, ვიტყოდი შერლოკ ჰოლმსის ამბავია-მეთქი, მაგრამ ფაქტია ეგ წიგნი მას შემდეგ წავიკითხე, როცა იურისტობა უკვე გადაწყვეტილი მქონდა.
იურისტობა იმდენად მინდოდა, რომ მე და ჩემი ძმაკაცი ლექსო ჩვენი სოფლიდან მეორე სოფელში, ზემო მაჩხაანში დავდიოდით სამართალში სამეცადინოდ. ის აბიტურიენტი იყო და უნდა ემეცადინა, მაგრამ მე ვინ მრჯიდა მე-9 კლასელ ბალღს, არ ვიცი. გაკვეთილები საღამოთი გვიმთავრდებოდა ხოლმე, შამგლისფერებულზე და დავეშებოდით ხოლმე სერ-სერ, ოცნებებით იმაზე, რომ “შორიდან რო გამოხედავ იტყვი, პარიზიაოოო, უფრო ახლოს რო მიხვალ, იტყვი ლონდონიაოო, კიდე უფრო ახლოს მიხვალ და იტყვი, ეგეე, ჩვენი ტურფა არბოშიკიაო”.
ჩავაბარე იურიდიულზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უფასოზე, მეოთხე ჯგუფში. დავიწყე სწავლაც აქტიურად, იმდენად აქტიურად რომ საგამოძიებო და მოკვლევის ორგანოების რეფორმებზე თემაც კი დავწერე საკონფერენციო. აღტკინებული იურისტი ვიყავი ძალიან, მაგრამ მერე რატომღაც ასე მეორე კურსიდან გამინელდა, ალბათ იმიტომაც, რომ ვიფიქრე 200 კაცი უფასოზე ვართ-მეთქი, 200 ფასიანზე, ასე 400-მდე დაუსწრებელი იყო და 1 წელში 800 იურისტი მარტო თსუ-დან ამთავრებდა და რა ხიბლი ექნებოდა ჩემს წვალებას?
ამასობაში გენში ჩადებული კოდი გაღივდა და გადავეშვი ფოლკლორში, ანსამბლში დავიწყე სიარული, სოლომონასთან გავიცანი ეს ბიჭები პირველად გოგაშვილთან. სიარულ-სიარულში აღმოვაჩინე, რომ მათკენ უფრო მიმიწევდა გული. მეც ავდექი და კიდე უფრო შევტოპე. ჩვენი ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარ კურცხალია იყო, ანსამბლ ერისიონის სოლისტი და უმაგრესი პიროვნება, მომღერალი. ბიჭებმა მოვინდომეთ ანსამბლის სახე მიგვეცა, თანაც ფაქტობრივად ყველა რეგიონიდან ვიყავით ბიჭები და ეს უფრო მეტ განსაკუთრებულობას სძენდა ანსამბლს. რაჭველები რაჭულ სიმღერას გვასწვლიდნენ დანარჩენებს, სვანები - სვანურს, დაუდგომელი ზიპინა (ირაკლი აფხაიძე) თერჯოლური სულისკვეთებით აღსავსე იმერულ სიმღერებს ეტრფოდა. სოლომონა ძალიან კარგი მეკახურე იყო. ასე ჩამოყალიბდა დროთა განმავლობაში ანსამბლი „ჩვენებურები“, რომელიც ახლაც ძალიან წარმატებით მოღვაწეობს. 2005 წლიდან დავმეგობრდით ზუმბასთან - ზაზა კორინთელთან. ზუმბა ძიამ რაღაცნაირად ჩემთვის ამოუცნობი მეთოდებით გვერდში დამიყენა და ჩამრთო ფესტივალ არტგენის ორგანიზებაში, რომელიც მაშინ იკრებდა ძალებს. მომავალ წელს კი ერთი ილეთიც “გამიჩალიჩა” - შუა კონცერტის მიმდინარეობისას ეთნოგრაფიულში, სადაც მე მხოლოდ მისთვის მონაწილეების გაწყობა, დალაგება კულისებში და სამღერი ან საჩვენებელი ნომრების ჩამოწერა მევალებოდა, მითხრა - ძალიან დავიღალე მოდი წაიყვანე კონცერტიო. ეჰეე, ამოდონა ხალხში რა უნდა მექნა, მაგრამ აეგრე დანდობილა მკრა ხელი და შამაგდო არტგენის სცენაზე როგორც წამყვანი. ალბათ ბევრს ბლუყუნებდი კიდეც, არც მახსოვს, რას როგორ ვაკეთებდი, მაგრამ ბოლოს მაინც მაქებდა და ნელ-ნელა გავიტეხინე. დავძლიე დიიიდი აუდიტორიის მოჩერებული თვალებისა და იქვე ჩასაფრებული ყურების შიში და 2007 წლიდან 2009 წლის არტგენამდე სცენად ფაქტიურად არ ჩამოვსულვარ. 2007-ში არტგენმა მთელი საქართველო მომატარა, კოდორშიაც კი ვიყავით და იქაც კი ჩავატარეთ კონცერტი, იუჟნი პრიუტში ვიყავით ღამის გასათევად, ეს რა ადგილები იყო ხალხოო, ახლა გახსენებაზეაც კი მეტირება... სუბელიანების ოჯახში ვიყავით... პატარა ბავშვები იყვნენ ეგეთი ლამაზები, ალბათ ფიროსმანიც კი ვერ დახატამდა იმათ თვალებსა!
2009 წლიდან კი როგორც უკვე მოგახსენეთ, დავიწყე საკუთარი ბიზნესი, ცხვრის ექსპორტი. 2011 წლიდან დედოფლისწყაროში გავაკეთე პატარა ვეტაფთიაქი, მერე მაგას მივაბი შხამქიმიკატების, სასუქების, ჰერბიციდების, პესტიციდების და სხვა ქიმიური თუ ორგანული პრეპარატების რეალიზაცია. 2013 წლიდან დავიწყეთ ხელოვნური განაყოფიერების სერვისის დანერგვა მსხვილფეხა პირუტყვში, ხოლო წელს კი უკვე ღორებშიც. ასევე წელს გავაკეთე პირუტყვის საკვების საწარმო, რითიც ძალიან საინტერესო პროდუქტს ვთავაზობთ ადგილობრივ ფერმერებს. მაგრამ სამწუხაროდ ფერმერების განათლების დონე და სიახლეებისადმი სწრაფვა ძალიან დაბალ დონეზეა... სწორედ ამის აღმოფხვრას ვცდილობთ ტრეინინგებით, ადგილზე ფერმერებთან ვიზიტებით. ის კი არა შარშან ჰიდროპონიკასაც კი ვაწყობდი, რომ იმ კატასტროფულ გვალვაში რაც შარშან იყო, ფერმერებისთვის მუდმივად მწვანე მასის პრობლემა მოგვარებულიყო. სხვათა შორის სატესტო გამოვიდა კიდეც, 1 კილო ქერიდან 6.5 კილო ჯეჯილი მივიღეთ შვიდ დღეში.
ამ რამდენიმე დღის წინ, როცა შემომთავაზეს „ლიბერალის“ ბლოგერობა, რატომღაც ეგრევე დავთანხმდი, რადგან ეს არის ჩემი აზრით საშუალება, რომ ის პრაქტიკული ცოდნა, რაც დამიგროვდა, მიუხედავად ჩემი ასაკისა, შემიძლია, რომ სხვებსაც გავუზიარო, სიახლეების შესახებ ვუამბო ფერმერებს და არა მხოლოდ ფერმერებს. ძალიან მინდა, რომ ჩემი მომავალი პოსტები ეხებოდეს ახალგაზრდა ფერმერების პოპულარიზაციას, რადგან ფერმერობა ცხოვრების სტილია, ბიზნესი არ არის. მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერების არ მჯერა! უნდა განიცდიდე იმას, რასაც აკეთებ. გსიამოვნებდეს, ცხოველისა გესმოდეს, ბალახისა გესმოდეს და ამით შენს წილ “სიამოვნებას” იღებდე, ხოლო ის უკვე თანხაში ასახული “სიამოვნება” ჯილდოა, რომელიც შენ პროდუქციის შემძენმა გაჩუქა იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა დრო და შესაძლებლობა გაეკეთებინა ის, რაც შენ გააკეთე და მადლობა იმ თანხით გადაგიხადა. ფერმერები ამიტომ არიან გმირები! ალბათ ხანდახან პოლიტიკაზეც მიმეწერინება რამე, ეკონომიკაზეც, სოციალურ პრობლემებზეც, მაგრამ სოფლის მეურნეობაში უკვე ისე ვარ როგორც ვეშაპი ოკეანეში, არათუ თევზი წყალში და მსიამოვნებს. ქართულს ცუდად არ ვსწავლობდი, მაგრამ ღრამატიკულად წერას მირჩევნია ასე ნარევად ვწერო, ქიზიყურ-თბილისურადა, ამიტომ ნუ დამძრახავთ, ნუ შამისწორებთ, თუ რამე სიტყვას ვერ გაიგებთ მაიწერეთ და აგიხსნით.
განმარტებები:
დანდობილა - მოულოდნელად, შეუტყობინებლად
გარა - მამაჩემის პაპის ზედმეტ სახელი ანუ თიკუნი, კაი სახელი ერქვა შაქრო
შამგლიფერებულზე - მოსაღამოვებულზე
გაღივდა - გაღვივდა (გაღივებაა მარცვლოვანი კულტურების თესლის გაღივებაც, როცა ისინი საკმარის ტენს მიიღებენ და იწყებენ აღმოცენებას)
ბექა გონაშვილი - ფერმერი