Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ევროპა?

18 დეკემბერი 2015

არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ ნაცნობთან პოლიტიკაზე მომიწია კამათი. ის გარკვეული პერიოდით მოსკოვში ცხოვრობდა და მიაჩნია, რომ ევროპას რუსეთი სჯობს. მას შემდეგ, რაც ტრაფარეტული არგუმენტები გავცვალეთ, მითხრა, რუსეთი იმიტომ არის კარგი, რომ შემიძლია, თუნდაც, წითელ მოედანზე, კრემლთან მოვისაქმო და კაციშვილი ხმას არ გამცემს, ევროპაში კი ხიდის ქვეშაც ვერ გავაკეთებ იმავეს - დამაჯარიმებენო.

ქუჩაში ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ალბათ, ადამიანების ნაწილისათვის ის საოცნებო თავისუფლებაა, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს. გვთავაზობს თავისი 37 მანეთით, მითებით რუსის ქალების, ქართველებისა და საქართველოს სიყვარულისა თუ მეორე რუსეთის შესახებ. ამ თავისუფლებას წინა თაობიდან ზოგიერთი ისეა მიჩვეული, რომ 25 წელია, საბჭოთა კავშირს, იაფ საჭმელ-სასმელსა თუ უფასო ბინებს მისტირის და დაუსრულებლად ჰყვება იმ სიკეთეების შესახებ, რომელიც „კეთილმეზობლური ურთიერთობის“ დროს გვქონდა. მაგალითად, იმას, თუ როგორი ადვილი იყო რუსეთის ბაზრზე დაძმარებული ღვინისა თუ ბორჯომის ნაცვლად, სოდიანი წყლის გასაღება და რა რთულია ის რეგულაციები, რომლებიც ევროპაში პროდუქტის გასატანად უნდა გავიაროთ. წუწუნსა და პროტესტის გამოთქმაში კი ავიწყდებათ რომ წესების დაცვით საკუთარ თავსაც იცავენ. იცავენ იმ ტყუილისაგან, რასაც გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეკოლოგიურად სუფთას სახელით ყიდვა ან რძის ფხვნილისგან დამზადებულ ნაწარმზე ნატურალურის წარწერა ჰქვია.

ევროპაზე საუბრისას, ჩვენ ბევრი რამ გვგონია. მაგალითად ის, რომ მასთან დაახლოება ტრადიციებს, სარწმუნოებას, ქართველობას წაგვართმევს და ამიტომ ერთმორწმუნე რუსეთი გვიჯობს, თუმცა გვავიწყდება, რომ არაერთი ქართული ტაძარი, არქიტექტურის ნიმუში თუ რელიკვია, სწორედ ევროპული ფულით შეკეთდა და რესტავრირდა მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი მთელი ძალით ცდილობს ქართული კვალის წაშლას - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თავზე რუსულ გუმბათებს ადგამს, უძველეს ფრესკებს ღებავს და ანადგურებს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპა გარყვნილების ბუდეა, სადაც ოჯახს პატივს არ სცემენ, ერთმანეთი არ უყვართ და შვილებს სახლებიდან 18 წლის ასაკში უშვებენ. ჩვენთან კი 40-50 წლის ხალხი ისევ დედასთან ცხოვრობს და თავი პატარა ჰგონია. ამასთან, თუ კაცს, ოჯახის პარალელურად, საყვარელი არ ჰყავს, მის მამაკაცურობაში ეჭვი გვეპარება. მიგვაჩნია, რომ ევროპასთან დაახლოება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გვაიძულებს, ამ თემის წამოჭრისას, ცდუნებასაც ვერ ვუძლებთ და ქართველობის დასაცავად, რელიგიას ამოფარებულები, ქუჩაში არარასებული გეიების დასახოცად გამოვრბივართ. ვეწინააღმდეგებით ანტიდისკრიმინაციულ კანონს ისე, რომ შიგნით ჩახედვაც არ გვინდა და გვგონია, რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებში „მხეცის ნიშანი“ ზის, რომელიც ევროპამ გადასაგვარებლად გამოგვიგზავნა.

ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმაციის სკოლებში შეტანას, ჩუმად ვახტებით ადამიანის გამრავლების შესახებ თავებს ბიოლოგიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში ისე, თითქოს სექსი არ არსებობს, ამრეზით ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც ქორწინების გარეშე ცხოვრობენ ერთად. პარალელურად, სიხარულით ვათხოვებთ 14-16 წლის არასრულწლოვანებს და რუსეთში აღვირახსნილ ცხოვრებაზე ვოცნებობთ.

სინამდვილეში ევროპაც თავისუფლებაა, ოღონდ განსხვავებულ ღირებულებებზე დაფუძნებული. აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა მაშინ, როდესაც რუსეთში განსხვავებული აზრის მქონენი ტერორსა და შეზღუდვებში ცხოვრობენ, ევროპა დემოკრატიულ ღირებულებებზე დგას, რაც რუსეთისათვის უცხოა, ევროპაში მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია მაშინ, როდესაც რუსეთში ჟურნალისტურ საქმიანობას სპეციალური სამინისტრო არეგულირებს. ევროპა ადამიანის უფლებების იმ მორალურ საფუძვლებზე დგას, რაზეც ადამიანები ერთხმად შეთანხმდნენ და არ არღვევენ.

გინახავთ, როგორი ამაყია ევროპელი, რომელიც უცხოელს საკუთარ ქვეყანას აცნობს?. როგორ ჰყვება, თუ როგორ სისხლის ფასად დაიცვეს მისმა წინაპრებმა ქალაქის მთავარ მოედანზე გამოხატვის თავისუფლება, კონსტიტუცია თუ ადამიანური ღირებულებები.. მოგისმენიათ დებატები პარლამენტში, რომელიც მერკანტილიზმისა თუ წინა ხელისუფლების უსასრულო ლანძღვისგან შორს დგას და მხოლოდ წმინდა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს?.

ევროპული კულტურა გვასწავლის, როგორ ავაშენოთ და როგორ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო, როგორ ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების უფლებას არ მისცემს. ის გვასწავლის, როგორ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ შევქმნათ საკუთარი და არ გავიქცეთ სხვაგან ისე, როგორც ახლა გავრბივართ, როგორც ახლა ვოცნებობთ, სხვის აშენებულში კომფორტულად ცხოვრებაზე და საკუთარის განვითარებაში წვლილის შეტანასაც კი არ ვივლებთ გულში. 

რატომ გვინდა ვიზის ლიბერალიზაცია? იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლა მოგვცემს საშუალებას, ბოლოსდაბოლოს ვნახოთ რა არის ევროპა. ვნახოთ, როგორია გამწვანებული ქალაქები, მოწესრიგებული მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უსაფრთხო პროდუქტი, კეთილგანწყობილი ხალხი.. ვნახოთ, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგ არ მთავრდება, რომ შეიძლება, მოხუცს ფერადი ტანსაცმელი ეცვას და საღამოობით სალსას ცეკვავდეს. ვნახოთ იმიტომ, რომ უკან დაბრუნებულებს ჩვენც მოგვინდეს, მსგავსი გარემოს შექმნა და გვქონდეს არა ბიოლოგიურ, არამედ, მენტალურ საწყისებზე დაფუძნებული თავისუფლების ქონის სურვილი.

აი, რატომ ევროპა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^