Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1 წლის - #სახლში

21 დეკემბერი 2015

მხოლოდ ხელახლა ყიდვის შემდეგ შევძლებ აქ დაბრუნებას... ვუყურებ სახლს, რომელთანაც 23 წელი მაშორებდა.

ეს იყო პირველი და ერთადერთი შეგრძნება. მერე სხვა ემოციებმაც იწყეს მოსვლა.

- - -

2012 წლის გაზაფხული. დღეში რამდენჯერმე ვუსმენ რახმანინოვს. მანამდე უცნობი თანმიმდევრობით. ეტიუდი - სურათები ნომერი 2, 7, 6...  დიდხანს ვჩერდები იუმორესკაზე...დიდხანს,  დიდხანს... მერე რაღაც ძალიან პირადი და მტკივნეული ხდება, დანაკარგის გამო რახმანინოვთან ინტენსიური კავშირი და შექმნილი  მისტიკა  თანდათან ქრება.  

2015 წლის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა – ისევ გავერთიანდით. მოულოდნელად, უნებურად. ამჯერად მეორე კონცერტშია ჩვენი ერთობა. სექტემბრის ბოლოს ვაღიარებ, რომ მუსიკად ქცეულ ჩემს ცხოვრებას ვუსმენ.  დასაწყისი და ცვლილება 6:23 წუთზე ყოველჯერზე ერთნაირად მაღელვებს და მეხება.

ჩვენი ურთიერთობა - პირველი აკორდისთანავე მყისიერად ატანს ძვალში და გულის გავლით მკერდიდან გამოხეთქვა იცის.  შეუჩერებელია, აღზევებული, სურვილით შეპყრობილი და სადღაც, კულმინაციისას, საკუთარ თავზე გამარჯვებულიც.  ახლაც, როცა ამ ემოციის ტექსტად ქცევას ვცდილობ, კვლავ მუსიკად ქცეულ ჩემს ცხოვრებას ვუსმენ  და ვგრძნობ როგორ დარბიან ფრაგმენტები სხეულში თავით ფეხებამდე...

. . .

გაზაფხულია, კინოცენტრის კონკურსი მოვიგეთ.  

დავიწყეთ გადაღება. ხურჩაში ყოველი ჩასვლა შეკითხვების ახალ კორიანტელს ნიშნავს. ჯერ საინტერესოა, საჭირო, სასარგებლო,  ფილმისთვის სწორი, მომავალი აუდიტორიისთვის გასაგები. დროთა განმავლობაში ვხვდები, რომ გადაღების შემდეგ რამდენიმე დღე გამუდმებით რაღაცას ვეკითხები საკუთარ თავს. ვმსჯელობ, ვჩხუბობ, ვსაუბრობ, ურთიერთგამომრიცხავი პასუხები და შეგრძნებები მაქვს.  ვასამართლებ, ვამართლებ, ვტუქსავ, ვეთანხმები. მათ, ხალხს, დევნილებს, რომლის ნაწილადაც მივიჩნევ თავს. ვისთანაც მაქვს კულტურული სიახლოვე. რამდენიმეთვიანი ბრძოლის  შემდეგ საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ მათი უმეტესობა, რომელსაც საზღვარზე ვხედავ 23 წლიანმა ომმა გარდაქმნა. ზოგი დაამახინჯა, ზოგიც დაჭმუჭნა, გახადა ველური, მხოლოდ საკუთარზე ორიენტირებული, უნებურად, დაუფიქრებლად. ისე, რომ ვერც მიხვდა როდის უნდა გაეწია წინააღმდეგობა.  ვიღაცას  ახლაც ჰგონია რომ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. დღესაც გუშინაც ამაზე ვდაობთ, ვიდავებთ. არა, ტყუილია, არჩევანი არ ჰქონდათ, არსებობს მოცემულობა, როცა ის წართმეულია - ან ჰქონდათ მხოლოდ განსაკუთრებულად ძლიერებს.

ჩვენ და მათ, ყველას ერთად, საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება და უნარი  წაგვერთვა. ნელა, ჩუმად, ფრთხილად, სასტიკად. ისე როგორ ომის ყველა მსხვერპლს მთელს დედამიწაზე. ადამიანები გარდაიქმნენ ან გამოძვრნენ მდგომარეობიდან ისე, როგორც მორალი და გონება ჰკარნახობდათ, უფრო ინსტიქტი.

ადამიანისთვის მინიჭებული ყველაზე დიდი უფლება, ჩემთვის არჩევანის თავისუფლებაა. რა ცინიზმია არა?!  ჩემთვის კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი ის არის, რომელიც მე არ მაქვს. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ქმედება და არჩევანი ყოველთვის გამიჩენს და მიჩენს შეკითხვას - ძირში, საფუძველში არის ეს შენი არჩევანი?! და რომ არა ომი მერე? მაშინ?  მერე? მაშინ? ...

საზღვარს ნაბიჯ-ნაბიჯ ვკვეთ. ყოველ ჯერზე მეტად ვიწევი წინ და უფრო მეტი მინდა. შიშს არ ვცნობ, ჟინი მაწვება. სურვილი ფარავს, აქრობს ყველაფერს. შიში მერე მოდის, როცა ყველაფერს განვერიდები. დავდივარ, ვიღებ, ბარიერს რამდენჯერაც ვაქრობ იმდენჯერ თავიდან ამოიმართება. ყველა რაღაცით მიკავშირდება და მეც რაღაცით ვარ მათი ნაწილი. და მაინც სულ მეფიქრება, ნეტავ ვის ვეძებ... და რას ვეძებ ფილმისთვის და რას საკუთარი სიმშვიდისთვის?! როცა ვმუშაობ არაფერს ვგრძნობ. მუშაობის შემდეგ ერთიანად მატყდება, მასკდება. მერე მე ვასკდები გარშემომყოფებს.  

გამუდმებით ვისმენ და ვყვები საკუთარ ისტორიას. ნაფლეთებად, სხვადასხვაგვარად, სხვებისთვის. მერე ვისმენ მათსას. მერე, როცა დროს გამოვნახავ ჩემს ამბავს ვუყვები საკუთარ თავს. იმასაც კი, რაზეც ადრე არ ველაპარაკებოდი. ყოველი ასეთი კონტაქტის შემდეგ ახალი დეტალი მიტივტივდება გონებაში, ის რაც არ მახსოვდა....

შეიძლება სახლში წავიდე....

ნათქვამს მსუბუქად ვუყურებ. ადრეც ბევრჯერ შემეძლო. არ მოვინდომე, არაფერი გავაკეთე. მცირედი ბიძგიც კი არ მიმიცია იდეისთვის. ყოველთვის მეგონა და მინდოდა ჩემი სახლში დაბრუნება ყოფილიყო ისეთი, როგორიც ნებისმიერი სხვა, ცოტა ხნით  სხვა ქალაქში წასული ადამიანისთვის, დამატებითი მცდელობების, კონტაქტების გამოყენების, პრივილეგირებული სტატუსის, შედგენილი დოკუმენტების და ა.შ.  გარეშე.

ახლაც გავჩუმდი...



1 ნაწილის დასასრული
ანუნა ბუკია - ჟურნალისტი, ციფრული კომუნიკაციის და ახალი მედიის სპეციალისტი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^