კიევში ვარ, აქაურობა დათოვლილია და ძალიან ლამაზი. ხოდა, აი, რა ისტორია გამახსენდა. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ისევ კიევში ვარ, აქაურ ფსიქოლოგებთან ვმუშაობ. ის პერიოდია, რუსეთმა მალააზიური თვითმფრინავი რომ ჩამოაგდო.
ჰოდა, თბილისში გამოფრენის დრო რომ მოახლოვდა, მომეძალა უნებლიე ფიქრები - მალაიზიურ თვითმფირნავს რა უყვეს და ახლა უკრაინულზე, თანაც საქართველოში მომავალზე, თვალიც არ დაუხამხამდებათ/ხელიც არ გაუტოკდებათ-თქო.
მოკლედ, აეროპორტისკენ გზაზე, რაღა დავმალო და - ვშფოთავ. დასარეგისტრირებელ დახლს რომ მოვუახლოვდი, ორი ებრაელი რაბინი დავინახე, მაღალ-მაღალი შავი ქუდებით, შავ ანაფორებში გამოწყობილი, ხასიდების დალალებით დამშვენებული. ხოდა, ძალიან გამიხარდა: ფრთხილი ხალხია, რამე საშიშროება რომ იყოს, ამ რეისით ნამდვილად არ წამოვიდოდნენ-თქო. გულზე მომეშვა, დავმშვიდდი, რაბინებს გავუღიმე და სულ ღიმილ-ღიმილითა და ღიღინ-ღიღინით დავრეგისტრირდი.
დამშვიდებული, შევდივარ მოსაცდელ დარბაზში და... რას ვხედვ! - მთელი დარბაზი ხასიდებით არის გადაჭედილი, ნემსის ჩასაგდები ადგილი აღარ დარჩა...ზოგმა თასმა გადაიჭირა მკლავზე და ლოცულობს, ზოგიც გიტარაზე უკრავს და მღერის, ხმამაღლა და მოურიდებლად... არ მგონია რომ ცხადში ვხედავ ამას ყველაფერს. გავიკითხე-გამოვიკითხე - თურმე კიევის მახლობლად მათი სალოცავი ადგილია - უმანი, სადაც ძალიან საპატივცემულო რაბინია დასაფლავებული. ჰოდა, ყოველ ზაფხულს ჩადიან რომ პატივი მიაგონ.
ნერვიულობა გამიათმაგდა. ორი რაბინის ნახვამ თუ დამაიმედა - გადავრჩი და ეგ არის-თქო, ამდენი რაბინის ერთად დანახვამ სულ სხვა შფოთვა გამიღვიძა: ერთი-ორი შაჰიდი თუ გამოგვერია მგზავრებში, მაშინ ვნახავთ თვითმფრინავის აფეთქება როგორ უნდა-მეთქი...
თავს განწირულად ვგრძნობ, მაგრამ მაინც დავიწყე გამოსავალზე ფიქრი :). დავძაბე გონება და შევეცადე გავიხსენო რა ვიცი ტერორისტების შესახებ. და, მოვიფიქრე კიდევაც! თუ ტერორისტი ჩვენს შორისაა და აფეთქებას გვიპირებს (!), ესე იგი ადამიანებად არ აგღვიქვამს, დეჰუმანიზებულები ვყავართ. და რომ გადავაფიქრებინოთ ჩანაფიქრი, უნდა შევეცადოთ ამოვიცნოთ რომელია მოსაცდელ დარბაზში ტერორისტი, და რაღაცნარიად დავანახოთ რომ მის გარშემო ადამიანები არიან, და არა დეჰუმანიზებული (თავდასხმის) ობიექტები. დარბაზში არავის ვიცნობ, ვერავის დავიხმარ, და უმჯობესია მოქმედება ჩემით დავიწყო მეთქი.
გავიხედე-გამოვიხედე - ერთი მართლაც ვიპოვე - დიდი, შავი, ტრაგიკული თვალების მქონე შავგვრემანი ახალგზარდა. აქეთ-იქით არ იყურება, ერთ წერტილსაა მიშტერებული. აჰა, ვფიქრობ. დავუწყე დაკვირვება, და ცოტა ხანში უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ ის არის ის... ახლა ისღა დამრჩენოდა, „გამეთვალა“,როგორ უნდა მომეხსნა მისთვის გარშემომყოფთა დეჰუმანიზაცია. გონება ამაზეც დავძაბე, და...
მივედი, პირისპირ დავუდექი ისე, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონოდა, უნდა თვალები გაესწორებინა და გავუღიმე. გასჭრა! ახალგაზრდამ შემომხედა და საპასუხოდ გამიღიმა. ამან დამამშვიდა, და ცოტა ხანში მშვიდი და ვალმოხდილი ავდიოდი თვითმრინავის ტრაპზე. თან გულში ვფიქრობდი - ხასიდებო, ნუ გეშნიათ, ყველაფერი მოვაგვარე, იფრინეთ მშვიდად!
ცოტა ხანში ჩემი ტერორისტიც ამოვიდა და ხასიდების წინამძღოლს გვერდით მიუჯდა - ერთერთი მათგანი აღმოჩნდა :). ფრენის ბოლომდე კიდევ რამდენჯერმე მომიწია მისთვის გაღიმება - ახლა უკვე მის ღიმილზე საპასუხოდ.