Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გავიტანოთ ნაკლები დოლარი საქართველოდან

25 იანვარი 2016

პატა დამიგვიანდა ბლოგპოსტი ამ ბოლოს. ცხვრები გავაგზავნე ყატარში, ჩავიდნენ, დარეკეს, კარგად მოვეწყვეთო. ხოდა ახლა ფეხი მოვირთხი, ლეპტოპზე თითები გავაღუვე და მომინდა წერა აქვე თბილისთან ახლოს მცხოვრებ კარგ და მეტად საჭირო ხალხზე სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.

ამ რამდენიმე წლის წინ მომინდა, რომ გამეკეთებინა პირუტყვის საკვების საწარმო. აი კორმის ქარხანას რომ ეძახდნენ ძველ საბჭოეთში და ფიდ მილს დასავლეთში. პრობლემა ის იყო, რომ ასეთი დანადგარები თურქეთში ან ჩინეთში (იაფი გზა), ან ევროპაში (ცეცხლის ფასი ადევთ, მაგრამ ხარისხიანია და მუშა) უნდა მეძებნა. დავდექი და ინტერნეტს მოვედე, ვკითხულობდი, ვეძებდი, ფასებს ვარკვევდი, მაშინ ხო მისი მუშაობის პრინციპიც არ ვიცოდი და ისიც არ ვიცოდი, ზუსტად რა მინდოდა, ეს კიდე მირთულებდა საქმეს.

ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა, რომელსაც ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ზურა ფიროსმანაშვილმა მირჩია, რად გინდა ინტერნეტში რომ ეძებ თურქებსო და ჩინელებსაო, აგერ ჩვენი ქარხანა ვინც გააკეთა, აქაური კაცია, კუმისელი, შნეკებს აკეთებს ისეთს, იტალიელები გადარიაო. აგაშენა ღმერთმა, მომცა ნომერი, დავურეკე ვანოს, აპუაშვილს და შევხვდი. მას მერე თითქმის 2 წელი გავიდა და შარშან ზამთრის ბოლოს უკვე მქონდა საკუთარი საწარმო 5 ტონა საათში წარმადობით. ამ ყველაფერში მთავარი ისაა, რომ არცერთი დეტალი არსაიდან შემოგვიტანია, ეს ყველაფერი ორმა კაცმა ააწყო, საკმაოდ მყარად, კომფორტულად მუშაობს მთლიანად ქარხანა. ყველაფერი სამისდღემშოდ მყარად და ხარისხიანად არის აწყობილი.

აკი ჩემი პირველი პოსტი აქ “ლიბერალში” ზუსტად იმაზე დავწერე, რომ მინდოდა თქვენთვის (ვისაც აინტერესებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგომარეობა) გამეცნო საინტერესო ხალხი, ვის მხრებზეც დგას ან დადგება ჩვენი აგრარული წინსვლა. სწორედ ამიტომ მოგაწვდით რეგულარულად ამ და სხვა მსგავს ხალხზედ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მეტი შააძლებინოთ და გააძლებინოთ.

ვანო მთელ ამ ჯადოქრობებს საკუთარი სახლის ეზოში ამზადებს, მასალებს ელიავაზე ყიდულობს და, რაც მთავარია, ერთი მთავარი დაზგა-დანადგარი აქვს/ყავს: ენდო მგალობლიშვილი, იგივე “ძიას ფოცხვერი”, რატო ქვია ეს სახელი რო გაიცნობთ, გაიგებთ. შემდუღებელია, რომელიც აბსოლუტურად ყველა დეტალს ისე ადუღებს, “როგორც წიგნში სწერია”. რაც მთავარია, ის საწარმო, რაც მე მივიღე 3-4 ჯერ იაფი დაჯდა, ვიდრე მსგავსი წარმადობის საწარმოს შემოთავაზება მქონდა თურქეთიდან.

ვანო ინჟინერია, მაგრამ მერძევეობაშიც მოუწია ყოფნა არეულობის დროს. მინი ინკუბატორების მწარმოებელიც ყოფილა, მაგრამ ერთ დროსაც, რო დაინტერესდა საკვების საწარმოებით ადგა თურმე და წავიდა თურქეთში, ერთ-ერთ მსგავს საწარმოში დამლაგებლად/მუშად დაიწყო მუშაობა და სხვების ყურებით შეისწავლა ბევრი რამე. დაბრუნებულმა თავად დაიწყო კეთება. ამზადებს მინი დანადგარებსაც და ასევე 10 ტონა/საათში წარმადობის დანადგარებსაც, მიქსერებსაც, ბუნკერებსაც, შნეკებსაც და ასევე სოიოსგან რძის მისაღებ დანადგარს, რაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს მერძეული მიმართულების ფერმერებისთვის.

2-3 დღის წინ თელეთში ერთ-ერთ მის ბოლო პროექტს და ნახელავს გავეცანი. როსტომი და ჯაბა პაპიძეების (ამათზე ცალკე დავწერ კიდე მომოვალში). ინკუბატორში ვიყავი ასული, სადაც ვანო და ენდო აწყობენ, ჩემი აზრით, კაი სერიოზულ გინესის სარეკორდე საწარმოს, 10 ტონა/საათში წარმადობის საწარმო, ელექტროდოზატორებით, შემრევებით, ორდონიანი მიქსერით და კომპიუტერით, სადაც პროგრამაში თვითოეული ინგრედიენტის გამოყენების ოდენობის მითითებით პროგრამა თითონ დაგიმზადებს საკვებს და გამოგიტანს გარეთ, ტომრებში ჩაყრილს.  გაიოლდა გლეხის შრომა, მააშ!  და ეს ყველაფერი ხდება 25-30 კვადრატულ მეტრში, სიმაღლე მაქსიმუმ 5 მეტრი, ვინც ამ სფეროსთან ოდნავ მაინც ახლოა, მიხვდება რა სასწაულზე ვლაპარაკობ.  უსარგებლო ნემსის ოდენა დეტალსაც ვერ ნახავთ და კაი ხევსურული წინდების მქსოველსაც შეშურდებოდა ისეა ამოდონა კრინის მასა ერთმანეთში ჩაქსოვილ-ჩაკინძული. მე ძალიან მინდა, რომ ვანო და მისი საქმიანობა გაიცნოს საქართველომ, ფერმერებმა, მეწარმეებმა და მიმართონ მას.

ჩვენ ამით ხელს შევუწყობთ ლარის სიმყარეს, რადგან უფრო ნაკლები ვალუტა გავა ქვეყნიდან. ხელს შევუწყობთ თავად ვანოს დახვეწას, რადგან ის ყველა ახალ ქმნილებაში აუმჯობესებს წინას, (მე და ვანომ ჩვენს ერთ ეგვიპტელ მეგობართან ერთად საცდელად ჰიდროპონიკაც ავაწყვეთ და 1 კილო ქერიდან 6.5 კილო მწვანე მასა მივიღეთ), იგონებს ახალს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ვიყიდო ის, რაც  ადგილობრივი წარმოების შექმნილია. მე მგონია, რომ სამომავლოდ ის კიდე უფრო დაიხვეწება და იქნება კარგი, არც შენიშვნების მიცემა უნდა დაგვენანოს და არც ამ შენიშვნების გაგება, გააზრება. ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო უნდა ეძებდეს ისეთ ხალხს როგორიც ვანოა და კითხავდეს მათ, რა აქვთ სუსტი მხარეები და როგორ დაეხმარონ გაძლიერებაში, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, პოპულარიზაციაში და მათ გაცნობაში უნდა მონაწილეობდეს მთელი სახელმწიფო აპარატი და მედია.

ეს ჩემი ჰაზრია. და იმედი მაქვს ასეც იქნება, მაგრამ ყველამ წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი ეროვნული წარმოების პოპულარიზაციაში და დახვეწაში, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სახლიდან ნაკლები ფული გავიდა რაღაცის საყიდლად, რაც ჩვენც შეგვეძლო, რომ თუნდაც ეზოში მოგვეყვანა.

წარმატებები ყველა შიდა მეწარმეს და მეტი კრეატივი დინგი დუნიაზე გასავრცელებლად, თორე ხო ხედავთ ნავთობზე მიბმული დოლარის კურსი რას უშვრება რეგიონის ეკონომიკას? 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^