ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ფატი ხალვაში, მერაბ კაჭახიძე და ვლადიმერ აჩბა - ეს იმ პირთა ჩამონათვალია, რომელთაც 2016 წლის 2 თებერვალს სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას დაუჭირეს მხარი. ეს კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო მე-20 საუკუნიდან დღემდე ეტაპობრივი პრაქტიკით აუქმებდა ღვთისმგმობლობის, მკრეხელობის შესახებ კანონებს (Blasphemy Laws) და ახლა ორმოცდაათიდან მხოლოდ ექვს შტატშია შემორჩენილი აქტები, რომლებიც ღვთისგმობას შეეხება. ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს ეს პრაქტიკა განპირობებულია ამგვარი აქტების ამერიკის კონსტიტუციასთან შეუსაბამობით, სახელდობრ კონსტიტუციის პირველი შესწორებით აღიარებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ცნებებთან შეუსაბამობით.
დიდ ბრიტანეთში 2008 წლის “კრიმინალური მართლმსაჯულებისა და იმიგრაციის აქტის“ 79-ე მუხლით გაუქმდა ყველა კანონი ღვთისმგმობლობის შესახებ.
საგულისხმოა, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას 2013 წლამდე ადმინისტრაციულ კანონდარღვევად განიხილავდა, დღეს კი მისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
გაეროს 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტი - „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს სიცოცხლის უფლების, სიტყვის თავისუფლების, სინდისის თავისუფლებისა და ა.შ. საყოველთაო, თანდაყოლილი და განუყოფელი უფლებების აღიარება-დაცვას ავალდებულებს. საქართველო აღნიშნულ პაქტს 1994 წელს შეუერთდა. ეს დოკუმენტი პირდაპირ კავშირშია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ მომზადებულ ნებისმიერ კანონპროექტთან, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ რომელიმე ქვეყანაში შეიმუშავებენ. საქართველო 1992 წლიდან გაეროს სრულუფლებიანი წევრია.
2011 წლის ივლისში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა 52 მუხლისგან შემდგარი „საყოველთაო განმარტება №34”, რომელიც ღვთისმგმობლობის შესახებ კანონებს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ პაქტთან შეუსაბამოდ აცხადებს იშვიათი გამონაკლისების გათვალისწინებით. კერძოდ, 48-ე მუხლის თანახმად აკრძალვები, რომლებიც მიმართულია რელიგიის ან სხვა რწმენითი სისტემის უპატივცემულობის გამოვლინების წინააღმდეგ, მათ შორის ღვთისმგმობლობის შესახებ კანონები შეუთავსებელია პაქტთან, გარდა ამ პაქტის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა. ამგვარი შეზღუდვები ასევე უნდა შეესაბამებოდეს მე-19 მუხლის მე-3 ნაწილით გავალისწინებულ მკაცრ მოთხოვნებს, ისევე როგორც მე-2, მე-5, მე-17,მე-18 და 26-ე მუხლებს. ამგვარად, მაგალითად, დაუშვებელი იქნება რომელიმე ასეთი კანონით ერთი რელიგიის ან რწმენის სისტემის მეორის სასარგებლოდ ან საზიანოდ დისკრიმინირება/გამორჩევა, ან მათი მიმდევრების სხვა მიმდევართაგან, ან რელიგიურ მორწმუნეთა ურწმუნოთაგან გამორჩევა. ასევე, დაუშვებელი იქნება მსგავსი აკრძალვების გამოყენება რელიგიურ ლიდერთა კრიტიკის, ან რელიგიურ დოქტრინასა და სარწმუნოებრივ დოგმებზე საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის აღმოფხვრისა და დასჯის მიზნით.
პაქტის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილში ნათქვამია: ყოველგვარი ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივებისაკენ მიმართული გამოსვლა, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობის წაქეზებას, უნდა აიკრძალოს კანონით.
პაქტის ამ მუხლის მიზანი ცალსახა და ნათელია, იგი დისკრიმინაციის, მტრობისა და ძალადობის პრევენციას ემსახურება. 2015 წელს საქართველის სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა 239-ე პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე.
როგორც ვხედავთ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის, როგორც ცალკე დანაშაულის გამოყოფა სამართლებრივად გაუმართლებელი, მიზანშეუწონელი და დისკრიმინაციულია. იგი შეუთავსებელია „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ გაეროს პაქტთან! ამასთან, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. იგი, ასევე, შესაძლოა იქცეს იმის მიზეზად, რომ თეოკრატიული წნეხის ქვეშ მოჰყვეს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებული საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და 23-ე მუხლით გათვალისწინებული ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება.
ამრიგად, თუკი საქართველოს პარლამენტი მიიღებს აღნიშნულ კანონონპროექტს, ეს იქნება პროევროპული პოლიტიკური კურსის რადიკალური შემობრუნება და რუსული საკანონმდებლო პრაქტიკის დანერგვა ქართულ სამართლებრივ სისტემაში!