უკვე ბანალურ ძალისხმევად იქცა მტკიცება, რომ გამოხატვის თავისუფლება ისეთ იდეებსა და შეხედულებებსაც იცავს, რომელიც ,,შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან შემაშფოთებელია’’. თუმცა, ეს მის არააქტუალურობაზე არ მიუთითებს. მაგალითად, გუშინ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, მართალია უკიდურესად შეზღუდული, მაგრამ საკმარისი კვორუმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც დამატებები შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 166 პრიმა მუხლში. თუ საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული დოკუმენტი ნორმატიულ აქტად აქცია, მაშინ ქვეყანაში ე.წ. ,,რელიგიური გრძნოებების შეურაცხყოფის’’ ამკრძალველი კანონი გვექნება.
შემოთავაზებული რედაქციით ,,რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.’’ აღნიშნულ მუხლს კიდევ რამდენიმე პუნქტი მოსდევს, თუმცა მათ განხილვას არსებითი მნიშვნელობა ახლა აქ არ აქვს.
ნორმის ავტორებს, თითქოს სურთ სიძულვილის ენის აკრძალვა, მაგრამ სინამდვილეში ეს შესწორება ამ მიზნისგან შორსაა. უპირველესი არგუმენტი აქ ის არის, რომ სიძულვილის ენის ამკრძალავი ნორმები მხოლოდ უმცირესობებს იცავს და არა ნებისმიერ რელიგიურ ჯგუფს. ამასთან ის სიტყვიერი თავდასხმისგან იცავს არა მხოლოდ რელიგიურ ჯგუფებს, არამედ სექსუალურ, ეთნიკურ, რასობრივ და სხვა უმცირესობებს. სიძულვილის ენის ამკრძალავი ნორმები თავის მხრივ ასევე იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ ახლა აქ არ შევჩერდები.
ამდენად საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ,,რელიგიური გრძნობების შერაცხყოფის’’ კანონთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლებასთან თავსებადობის თვალსაზრისით პრობლემურია. ოდესღაც ასეთი აკრძალვები ფართოდ იყო გავრცელებული ევროპაში და ის შუა საუკუნეების მიწურულიდან იღებს სათავეს. ოღონდ, როგორც წესი, თავისთავად კავშირი რელიგიური რწმენის დაცვასთან არ აქვს. უმთავრესი რის გამოც ამგვარი რეგულირება არსებობდა, გახლდათ საფრთხე, რომელიც პირისპირ შეურაცხყოფის შედეგად წარმოიშობოდა და რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხესთან მივყავართ. საქმე ის არის, რომ ამგვარი შეურაცხყოფის შემდეგ შესაძლოა ადამიანები ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზრდებოდა ხოლმე ქუჩის მასობრივ არეულობაში.
დღეს სხვა ვითარებაა, ადამიანთა შორის კომუნიკაციისთვის აღარ არის აუცილებელი ფიზიკური თანადასწრება, არსებობს ტელევიზია და ინტერნეტი, რომელიც გამომხატველსა და მას შორის ვინც შესაძლოა გამოხატვა შეურაცხყოფად მიიღოს არ მოითხოვს პირისპირ ყოფნას, ამდენად არ არსებობს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე. მაგრამ თუ ასეთი რამე მაინც მოხდა, მიუხედავად იმისა რისკენ არის მიმართული შეურაცხყოფა, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისთვის, ეს ნორმა სახდელს ითვალისწინებს ყველა იმ პირისთვის, რომელიც თავისი ქმედებით ,,არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.’’ სხვა ნებისმიერი აკრძალვა სახიფათოდ უპირისირდება გამოხატვის თავისუფლებას.
ამგვარად, იმისათვის რომ ჩვენს კონტექტსში გამოხატვა შეიზღუდოს, ერთდროულად ორ კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო.. პირველი -, როგორც აღვნიშნე, ის უნდა წარმოშობდეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხეს და მეორე - არ უნდა გააჩნდეს პოლიტიკურ-სოციალური ღირებულება (მაგალითად, გინებას, თავისთავად, ასეთი ღირებულება არ გააჩნია. ის არ ემსახურება კომუნიკაციას, მაშინ როდესაც შოკისმომგვრელი გამოხატვა საზოგადოებასთან ურთერთობის დამყარებისკენ არის მიმართული). შემოთავაზებული კანონპროექტის პრობლემა კი ის არის, რომ ახშობს იმ აზრსაც, რომელიც თავისი არსით ღირებულია პოლიტიკური სივრცისთვის.
აქვე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი მთავარ არგუმენტს, რომელიც დღეს ისმოდა და რომლის მიხედვით ,,რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა'' ბუნდოვანი ცნებაა და ბევრ რამეს შეიძლება მოიცვავდეს, ის ერთისთვის ერთ ნიშნავს, მეორესთვის მეორეს - სწორედ ამიტომ მისი ამკრძალველი კანონის შემოტანა დაუშვებელია. ეს პოზიცია საკუთარ თავში უშვებს შესაძლებლობას, თითქოს მკაფიო ფორმულირების შემთხვევაში ამგვარი რეგულირება მისაღებია, ამდენად არსებითად მიუღებელი ხედვაა. ამგვარი კანონის მიღებას მკვეთრად უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ უფლება გვაქვს გამოვხატოთ ნებისმიერი ისეთი რამ რაც შესაძლოა სხვებისთვის შეურაცხმყოფელი იყოს, ერთადერთი რეგულირება შეიძლება მაშინ გაჩნდეს, როდესაც არსებობს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე და როდესაც ჩვენს გამოხატვას სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია, რაც უკვე რეგულირებულია და თანაბრად ეხება ყველა შემთხვევას, რელიგიასთან კავშირის მიუხედავად.