ამას წინათ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში "რელიგიურად მგრძნობიარეთ" ლაშა ბუღაძემ წაუკითხა ამონარიდები ანტონ კათალიკოსისა და ტიმოთე გაბაშვილის ნაწერებიდან რუსთველის შესახებ, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი დღევანდელი დამოკიდებულებისგან. დღეს ჩვენში უკვე საყოველთაო ნორმად არის მიჩნეული, რომ რუსთველი დიდია, რომ ვეფხისტყაოსანი ქართული მწერლობის მარგალიტი, ბრილიანტი და აუწონავი ოქროა. ამაზე აღარ ან, თითქმის, აღარ დავობენ. იმის გამო კი არა, რომ დღევანდელ ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას პოემის სიღრმე და სიდიადე ესმის, არა, კლიშედ იქცა და - იმიტომ. ჩასძახეს, კარგიაო. არცერთი ინსტიტუცია, როგორც ასეთი, მას აუგად არ მოიხსენიებს და დანარჩენებიც ემორჩილებიან. კარგია?! კარგია! არადა, რომ ჰკითხო, რატომ არის კარგი, ბარე ათიდან შვიდმა ვერ დაასაბუთოს, რატომ არის კარგი და რა მოსწონს მასში. ბოლოს და ბოლოს, ქართველთა საკმაოდ შთამბეჭდავ ნაწილს თავიდან ბოლომდე წაკითხულიც არ აქვს ვეფხისტყაოსანი.
ამით იმის თქმა მსურს, რომ საზოგადოების უმრავლესობა ბრმად მისდევს აღიარებულ ფასეულობებს და უღეჭ-უცოხნად უძახებს გონების "კუჭში". რა საჭიროა, ყველაფერზე იფიქროს და თავი აიტკიოს, მაგრამ თუ რომელიმე თემაზე ანდა ნაწარმოებზე ახმაურდნენ და რომელიმე პატივსაცემმა გვამმა ანდა ინსტიტუციამ აუტო-დაფე მოითხოვა, საზოგადოების ეს ყურმოჭრილი ნაწილი ასეთივე მორჩილებით და განუსჯელად გაჰყვება ხმაურს და სადაც მიიყვანს ეს ხმაური, იქაც მივა. ამგვარი დამოკიდებულება, ბუნებრივია, დაბალი განვითარების საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი, ანუ იმ საზოგადოებისთვის, სადაც თითოეულ ინდივიდს თავისი ხმა კი არ აქვს, არამედ სხვათა ხმების მიმდევარია. შეუძლებელია, ყველას საკუთარი აზრი ჰქონდეს, მაგრამ რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს ფიქრის და განსჯის უნარი, მით უფრო მწიფე და ჩამოყალიბებულია საზოგადოება.
მთელ ამ ორომტრიალში, რაც ჩვენში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, საზოგადოება იზრდება და მწიფდება. განსჯისა და აზროვნების გარეშე, ზემოდან თავსმოხვეული ნორმებით კი ვერავინ შეძლებს ზრდა-განვითარებას.
ზემოთ ნახსენებ გამონათქვამებს რუსთველთან დაკავშირებით, "რელიგიურად მგრძნობიარეთა" მხრიდან, ვითომდაც, ჭკვიანური აღშფოთება მოჰყვა - რატომ ახსენებთ წინა საუკუნეების შემთხვევებს, რა შუაშია ვეფხისტყაოსანიო. ეჭვი მაქვს, ამ კანონის შემოქმედების სახით იმდენად "განსაკუთრებულ" ადამიანებთან გვაქვს საქმე, მართლა ვერ ხვდებიან, რა შუაშია აქ მე-12 საუკუნის მწერალი, ამიტომ განმარტება მოგვიწევს არა მხოლოდ ასეთ დაწყებითი კლასის თემებისა, არამედ, თუ საჭირო გახდა, ბაგა-ბაღის თემებსაც არ უნდა მოვერიდოთ. რა შუაშია რუსთაველი და, იმ შუაშია, ჩემო იმანო, რომ ასეთი კანონმჭრელების ხელში არათუ ეგ პოემა, არამედ არცერთი, შედარებით კარგი ნაწარმოები არ დაიწერებოდა, ხოლო თუ დაიწერებოდა, ვაი მის დამწერს - ან აქ ჩაიქოლებოდა, ანდა უცხოეთში მოუწევდა დარჩენილი ცხოვრების გატარება. იქნებ, ამგვარი "მგრძნობიარე" არსებები ვერ ხვდებიან და უნდა მივახვედროთ, რომ პოეტის ლექსის გამო აღშფოთებულმა კვაზი-საზოგადოებამ იმდენი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამედროვე პოეტს და მის მოსარჩლეებს, რამდენიც რუსის ბარაბანს არ მოხვედრია და რომ არა გაბედულ ადამიანთა თანადგომა, ლექსის გამო გალანძღულ-ნათრევ პოეტს ვინმე სადმე ქუჩის კუთხეში ჩაუსაფრდებოდა და თავისი "მგრძნობიარე" ბუნების წყალობით ან თავს გაუტეხავდა ან სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. რომ არა ამ პრიმიტიულ-ბრიყვული დამოკიდებულების წინააღმდეგ საზოგადოების დიდი ნაწილის აქტიურობა, ასევე ნორმად დამკვიდრდებოდა აზრი, რომ ლექსი, სადაც პოეტი ბედავს და ისეთ რამეს ამბობს ვიეთთა სათაყვანებელ, ლამის ღმერთადქცეულ ადამიანზე, რომ "მგრძნობიარეთ" უფლება აქვთ, როგორც უნდათ, ისე გაუსწორდნენ ლექსის მწერალს.
მეორე ტალღა კი ლაშა ბუღაძის წინააღმდეგ აგორდა - როგორ გაბედა და დაიცვა პოეტი და, ამავე დროს, თავისი ბავშვობის მეგობარი, არადა, დაიცვა სიტყვით ანუ გამოხატვის ყველაზე უფრო ცივილიზებული ფორმით, რომელიც კი იცის ჩვენმა მოდგმამ, არავისთვის ქვა არ უსვრია და ლოდი. კი არ წააქეზა ერთი მეორის წინააღმდეგ, არამედ, დაიცვა ერთი მრავალთა აგრესიისგან.
ამ ორი, ჩვენს ამჟამინდელ რეალობაში მომხდარი ფაქტით როგორმე უნდა შეიგნოს საზოგადოების "მგრძნობიარე" ნაწილმა, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირ კავშირშია საზოგადოების განთავისუფლებასთან იმ ფარისევლური, ანტირაციონალისტური მდგომარეობისგან, რომელიც მასვე უშლის ხელს ზრდა-განვითარებაში და რომ ნებისმიერი რუსთაველი მის თანამედროვეთა შორის ერთი ჩვეულებრივი მოკალმეა, რომელიც ისეთივე მოწყვლადი შეიძლება გახდეს, როგორიც რომელიმე ამაღლობელი, ბუღაძე, დეისაძე, ბურჭულაძე, უკლება თუ გოგიბედაშვილი - გადაწყვეტს საზოგადოების მორალისტური კასტა, რომ ისინი შეურაცხჰყოფენ მათ გრძნობებს და გამოუტანენ არა 300 ლარიან განაჩენს, არამედ - თავში აგურის მოხვედრას თუ ქვის სროლას, ეს მათი მარიფათის ამბავია.
ჩვენს საზოგადოებას რომ ძალიან უჭირს განათლებული, ინტელექტუალური ადამიანების "ატანა", იქიდანაც ჩანს, როგორ უდგება ნებისმიერ ახალ, თანამედროვე საზოგადოებებისთვის უკვე კარგად აპრობირებულ მოვლენებს, როგორ რეაგირებს მასზე, რა ადვილად შეუძლია, ერთი როყიო გამოსვლით "მოსრას" და მოასუფთაოს ასპარეზი პრიმიტიული აზროვნების განსამტკიცებლად, ამიტომაც იმ ადამიანებს მაინც მართებთ უფრო მეტი დაფიქრება და, თუნდაც, მათთვის მიუღებელი შეხედულების მიმართ ტოლერანტობის გამოჩენა, ვისაც სხვაზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული და სხვაზე მეტი საშუალება მისცა ცხოვრებამ, უფრო უკეთ ეფიქრა და ეაზროვნა, უპირველესად კი, მათ შორის უნდა მოვიაზროთ საგანმანათლებლო სფეროს ადამიანები, რათა ახალგაზრდობა არ გაიწიროს სისასტიკისა და სიბნელისათვის.
P.S. არ დაგვავიწყდეს! როდესაც რუსთველს, ვაჟას, ილიას ან უკვე ე.წ. აღიარებული მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეების ხსენებისას ვინმე კონტრშეკითხვას შემოგვაგებებს - “როგორ, დეისაძეს რუსთაველს ადარებთ?” - უნდა შევახსენოთ, რომ მხოლოდ დრომ უბოძა მათ ასეთი ‘ხელშეუხებლობა”, თორემ სიცოცხლეში არცერთი ზემოხსენებული მწერალი არ ყოფილა ისე “დაფასებული”, როგორც დღეს არიან. რუსთველის ბიოგრაფია ბნელით არის მოცული, მაგრამ აგერ, ილია, ლამის ჩვენს თვალწინ მოკლეს, ვაჟა კი ჩამოხეულ-ჩამოძონძილი დადიოდა და მშიერი კუჭით თხზავდა მსოფლიო მწერლობისთვის სადაგ ნიმუშებს და მხოლოდ სიკვდილმა “გაათავისუფლა” ისინი თანამედროვე “რბილი ძალისგან”.
რასაკვირველია, ამ კონტექსტში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა დონის შემოქმედს მოვიხსენიებთ რუსთველის, ილიას თუ ვაჟას გვერდით, რადგან თუ ვინმეს არ უნდა ახასიათებდეს ადამიანების კასტებად დაყოფა, უთუოდ, ღმერთს.