Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დათუნას

08 თებერვალი 2016

სულ მიკვირს, რატომ ზეიმობენ ადამიანები ვიღაცების გარდაცვალების დღეს. მაგრამ მერე მახსენდება, რომ საქართველოში ვცხოვრობ. წეღან, სამსახურიდან რომ გამოვედი, ქუჩაში ხალხი იდგა და შენს ფოტოებს არიგებდა. ალბათ, ბევრს იცინებ, როცა გაიგებ, რომ მაგ ფოტოებში თავზე შარავანდედი გადგას და, საერთოდ, წმინდანი ხარ. 

გამოგიტყდები და ძალიან ხშირად მეფიქრება შენზე. განსაკუთრებით, მაშინ, როცა საქმე ქართველობისა და სარწმუნოების დაცვას ეხება. შენც შეამჩნევდი, რომ პარადოქსული ხალხი ვართ ქართველები: ქრისტეს სახელით ხალხის ჩასაქოლად დავრბივართ, გადაბრუნებულს საპატრიარქოზე არავის არაფერს ვპატიობთ, 27 მილიონს ვუხდით ჩვენი ჯიბიდან და მზად ვართ, ცოცხლად გავგლიჯოთ ადამიანი, რომელიც დაინტერესდება, რაში იხარჯება ჩვენი სიმწრით ნაშოვნი ფული. ამავდროულად, გაღმერთებთ შენ, როგორც საუკეთესო მმართველს საქართველოს ისტორიაში და რუის-ურბნისი გვავიწყდება, აი, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ქვეყნისათვის საშიში და გაზულუქებული სასულიერო პირები რომ შეყარე და წოდებები აართვი. 

ასეთები ახლაც გვყავს. ბევრი და არანაკლებ საშიშები.

შენი კავშირები ჯვაროსნებთან დღემდე სალაპარაკოდ გვაქვს. სიამაყით ვამბობთ, რომ ქართველები იბრძოდნენ ჯვაროსნულ ომში და "ფრანგები" კი - საქართველოში. ასეთ საერთაშორისო მისიაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, დღესაც არიან ჩვენი მეომრები. მაშინაც ბევრს არ ესმოდა, რატომ უშვებდი ქართველებს “სხვის ომში” როცა შენი მოსაგები გქონდა? ჩვენთან ამბობენ, რომ მთავრობა ქართველ ბიჭებს ხოცავს არაფრის გულისთვისო, რა გვინდა ერაყსა და ავღანეთშიო. მივხედოთ ჩვენს ქვეყანასო. აი, ვერაფრით დააჯერებ, რომ ისინი იქ, ჩვენს ქვეყანას იცავენ. არადა, შენც ხომ იცი, რომ ასეთ დროს “სხვისი ომი” არ არსებობს და იმ უცხო მიწაზე ქართველი ჯარისკაცები ქვეყანას სჭირდება.

ჰომოფობია და ქსენოფობია დღესაც აქტუალურია ჩვენთვის. იცი რა ამბები იყო ინდოელი და ირანელი ფერმერების ჩამოსვლისას? აქ მიწები მიტოვებული იყო, ქართველებს დამუშავება ეზარებოდათ, უცხოელები ჩამოვიდნენ და ამათ იუკადრისეს, უცხოტომელმა რატომ უნდა იმუშაოს ჩვენს მიწაზეო?!. თუმცა რას გიყვები, ვინ იცის, რა დღეში იყავი 40 ათასი ყივჩაღი რომ ჩამოასახლე, რამდენ ქვასა და ტალახს გესროდნენ. 

ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, ლიბერალიც იყავი. ტოლერანტობაო, უცხოელებისათვის დაბალი გადასახადების დაწესებაო, რელიგიური უმცირესობების დაცვაო... ასეთ ხალხს ახლაც უჭირს საქართველოში და მაშინ რა იქნებოდა.. 

სანაძლეოს დაგიდებ, ასეთი ორმაგი სტანდარტების მქონე გადაგვარებული ქართველობა არასოდეს გინახავს. რომ ჰკითხო, ღვინის სმა ამათ არ იციან, ტრადიციები უკუღმა ესმით, ადამიანების გაფეტიშება უყვართ, ხელის განძრევა და მუშაობა - არა, სხედან და მესიას ელიან, რომელიც ქვეყანას აუყვავებს. თან ჰგონიათ, რომ ევროპა და დასავლეთი იმ ქართველობას ართმევენ, ისტორიულად მათი რომ არასოდეს ყოფილა.

ჰოდა, რა ვიცი, დათუნა, აბა?!. ხალხი ხანდახან ამბობს, სტალინი სჭირდება ამ ქვეყანასო (ასეთი გორელი ბიჭი იყო, შენზე ცნობილია მსოფლიოში, მაგრამ საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია), მაგრამ მე თუ მკითხავ, აღმაშენებელი უფრო სჭირდება.  თავისი იდეებით, სახელმწიფოებრივი ხედვით, განათლების სისტემაზე ზრუნვით და რა ვიცი, ყველაფრით. განა მარტო რუის-ურბნისია?! ყველაფერში გვიჭირს, დათუნა, ძალიან გვიჭირს, განსაკუთრებით, ტვინებში. 

P.S. წერილმა, შესაძლოა, ცოტა დააგვიანოს. არ ვიცი, ინტერნეტი როგორ მუშაობს ზეციურ საქართველოში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^