რთულია შენი ხმა სხვებს მიაწვდინო, როდესაც რომელიმე სისტემას ეწინააღმდეგები. რთული, თუმცა შეუძლებელი არა. ასე რომ არ იყოს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 2008 წლიდან დღემდე არ გავჩერდებოდი, ხელისუფლების ქმედებებს ამ წლების მანძილზე ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოში არ გავასაჩივრებდი და არც საკუთარი მაგალითით მოვუწოდებდი ლგბტ თემს ხილვადობისკენ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მძიმე პროცესი გავიარე. შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი, მეგობართა წრე, წარმოდგენა იმ რეალობის შესახებ რომელშიც ვცხოვრობ. მართალია ადრინდელი სოციალური კავშირები შესუსტდა და უმეტესობა გაწყდა კიდეც, მაგრამ არაფერს ვნანობ. ადამიანის ღირსებას ან აღიარებ ან არა და აქ კომპრომისი შეუძლებელია. ალბათ ამიტომაც დღეს ჩემი ფინანსური მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო არ არის. ვცხოვრობ თბილისის გარეუბანში ერთოთახიან, ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად. პოზიტიური აზროვნების მომხრე ვარ და ამ მოცემულობასაც დადებითაც ვაფასებ - არ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც მე ჩემი აზრების თავისუფლად დაფიქსირებაში ხელს შემიშლის.
დღეს მსურს ვისაუბრო ორგანიზაცია "იდენტობაში" მიმდინარე პროცესებზე, რადგან გაჩუმება არ გაჩუმებაზე უარესია.
როგორც ბევრმა უკვე იცის, 2016 წლის იანვრის თვეში, როგორც კი ჩემთვის ცნობილი გახდა ეს ინფორმაცია, სამართალდამცავი ორგანოების წინაშე "იდენტობას" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ წარვადგინე საჩივარი, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" კუთვნილი თანხების სავარაუდო მითვისების შესახებ განვაცხადე. ამას ირაკლი ვაჭარაძის დირექტორის თანამდებობიდან გადადგომა და მისი მხრიდან "იდენტობასთვის" მის საკუთრებაში არსებული, ძვირადღირებული კერძო სახლის "იდენტობასთვის" “ჩუქება” მოჰყვა. “ჩუქების” შესახებ განცხადება საჯარო რეესტრმა ვაჭარაძეს დაუხარვეზა, რადგან ის საკუთრების საჩუქრად გადაცემას 2016 წლის 30 ივლისიდან მოითხოვდა, რაც საჯარო რეესტრმა ჩუქების ნების გამოვლენის არ არსებობაში ჩაუთვალა. მარტივად რომ ვთქვათ უთხრა - “როცა გადაწყვეტ რომ ჩუქნი, მაშინ მოგვმართეო”. ბევრს ამაზე აღარ დავწერ, რადგან ეს გამოძიების საკითხია, ხოლო გამოძიება ამასთან დაკავშირებით დაწყებულია.
2016 წლის 18 იანვრიდან (როდესაც სამართალდამცავებს მივმართე) დღემდე ბევრმა ადამიანმა დამისვა კითხვა: კი მაგრამ, როგორ მოხდა, რომ თქვენ, "იდენტობაში" მომუშავე ადამიანებმა, ეს ამბავი (ორგანიზაციის თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტი) არ იცოდით? ძალიან ლოგიკური კითხვაა და ასეთივე პასუხი არსებობს ამ კითხვაზე. "იდენტობას" რიგით თანამშრომლებს არ გვქონდა ორგანიზაციის ფინანსურ საკითხებზე წვდომა და არც ეხლა გვაქვს, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად.
"იდენტობას" წესდების მიხედვით, ორგანიზაციის გამგეობა "იდენტობას" აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის კონტროლის მექანიზმია. სწორედ, "იდენტობას" გამგეობის წევრებს ევალებათ დირექტორისაგან ყოველწლიური ანგარიშის (მათ შორის ფინანსურის) ჩაბარება და ორგანიზაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა.
გარეგნულად საზოგადოებსითვის ისე ჩანდა, რომ გამგეობის წევრები, ნათია გვიანიშვილი, ეკა წერეთელი, თამთა მელაშვილი და ლევან ასათიანი უპირისპირდებოდნენ ირაკლი ვაჭარაძეს და საჯაროდ სტატიების, ბლოგების თუ პირად საუბრებში მკაცრად აკრიტიკებდნენ კიდეც. თუმცა, როგორც ეხლა ვარკვევთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ "იდენტობას" დირექტორის კონტროლის და პრობლემების გამოსწორების რეალური მექანიზმი გააჩნდათ, ისინი ამ მექანიზმს არასოდეს იყენებდნენ და მხოლოდ კრიტიკით შემოიფარგლებიდნენ, რათა თავიანთი თავი “კარგ პიროვნებებად” წარმოეჩინათ და ვაჭარაძისგან დისტანცირება მოეხდინათ (პასუხისმგებლობა აერიდებინათ).
მაშინ როდესაც ურემი გადაბრუნდა და გზაც გამოჩნდა, "იდენტობას" იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სამართალდამცავებს მივმართეთ, იმედი გაგვიჩნდა, რომ იდენტობას გამგეობა ახლა მაინც შეასრულებდა თავის მოვალეობას ლგბტ თემის წინაშე: ორგანიზაციის მართვის ორგანოების ასარჩევად გამჭვირვალე და კანონიერ მეთოდებს გამოიყენებდა. სამწუხაროდ ჩვენი იმედები გაცრუვდა: ორგანიზაციაში მიმდინარე გაუმჭვირვალე პროცესებს იდენტობას იმ თანამშრომლების დევნა დაემატა, ვინც სამართალდამცავებს მიმართა, ხოლო ამ თანამშრომლების მხარდამჭერი სხვა თანამშრომლებიც ზეწოლის ობიექტები გახდნენ.
18 იანვრიდან დღემდე "იდენტობას" გამგეობამ კანონისა და "იდენტობას" წესდების სრული დარღვევით ჩაატარა არაერთი კრება, არაუფლებამოსილი პირების მიერ მოხდა "იდენტობას" დროებითი დირექტორის დანიშვნა, გარიცხეს "იდენტობას" ნამდვილი წევრობიდან "იდენტობას" გამგეობის თავმჯდომარე ელინა გლახაშვილი, გამგეობის ერთადერთი წევრი, რომელმაც ორგანიზაციის მართვის პროცესში კანონის დაცვა მოსთხოვა ნათია გვიანიშვილს, ეკა წერეთელს, თამთა მელაშვილსა და ლევან ასათიანს. პასუხად გამგეობამ ღამის 22:00 საათზე ჩატარებული კრების სხდომაზე მისი ორგანიზაციიდან ჩამოშორების შესახებ გამგეობის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის გამო, ელინა გლახაშვილი დღეს სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
კვირის ბოლომდე მეც ვაპირებ მივმართო სასამართლოს ჩემი შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით, ვინაიდან გამგეობის მიერ დანიშნულმა დროებითმა დირექტორმა, მარია დარჩიევმა “აღმოაჩინა”, რომ ჩემი კუთვნილი ხელფასის გადახდისათვის "იდენტობას" საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია. გამგეობის წევრმა, ლევან ასათიანმა კი გამაფრთხილა, რომ სამსახურს დავკარგავდი თუ ამ პრობლემებზე საჯაროდ ვისაუბრებდი, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩემ მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს უკვე გამომუშავებული ხელფასის ანაზღაურების გარდა სამსახურში აღდგენის მოთხოვნაც დაემატება.
ახლო მომავალში, "იდენტობას" თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ოფისების შვიდი თანამშრომელი ვაპირებთ ვისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული გაფიცვის უფლებით, რადგან ვაპროტესტებთ "იდენტობას" ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს და ორგანიზაციის მართვას კანონიერი მეთოდების გამოყენებით ვითხოვთ.
პასუხად “ჭრელო პეპელას” გვიმღერიან: ირაკლი ვაჭარაძის ქმედებებზე რატომ უფრო ადრე არ ამოიღეთ ხმაო? - გვეკითხებიან. როდესაც ამოვიღეთ, რა მივიღეთ რომ? ისევ ჩვენ გვდევნიან და მიმდინარე ისევ კანონსაწინააღმდეგო მოვლენების გასაჯაროების გამო ორგანიზაციისა და საქართველოში მცხოვრები ლგბტ თემის ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაში გვადანაშაულებენ.
მე, როგორც საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი ქალი, სამთავრობო და არასამთავრობო გაერთიანებებისაგან მოვითხოვ შეწყდეს ჩემი და ჩემ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ექსპლუატაცია. მე არ ვარ თქვენი მიზნების მისაღწევად საჭირო ნივთი, რომელსაც დროდადრო დაარბევთ ან წინასაარჩვნოდ ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად გამოიყენებთ. არც იმის შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ფარით ამოფარულებმა ფეხქვეშ გათელოთ ჩემი პატივი და ღირსება.
თუ "იდენტობას" ემუქრება ლიკვიდაცია, ეს სწორედ რომ "იდენტობას" ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო ემუქრება და არა ჩემი კანონიერი მოთხოვნების თუნდაც საჯაროდ გაჟღერების მიზეზით. “ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ორგანიზაცია” ამბობთ თქვენ. “ვისთვის?” - გეკითხებით მე.
ვინაიდან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით რაიმე სასარგებლო შედეგის მიღება გამორიცხულია ამიტომ მივმართავ სასამართლოს, რომლის ფარგლებში დავის დეტალები ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება, რადგან სასამართლო სხდომები საჯაროა.
მოცემული ბლოგის დაწერა კი იმიტომ დამჭირდა, რომ რამენაირად შემეჩერებინა ის პროცესი, რომელსაც გამგეობა მიმდინარე მომენტისათვის ახორციელებს: მიუხედავად ლგბტ თემისთვის მიცემული დაპირებებისა, რომ "იდენტობას" უმაღლესი მართვის ორგანოში, საერთო კრებაში ნამდვილი წევრების მიღების პროცედურა გამჭვირვალე ინქებოდა და ღიად დაიდებოდა ამის შესახებ ინფორმაცია, საპირისპიროდ მოქმედებენ და ნამდვილ წევრებს უკვე არეგისტრირებენ. იმისათვის რომ ეს პროცესი გარედან შეუმჩნეველი იყოს გამგეობამ ის მუხლიც კი ამოიღო "იდენტობას" წესდებიდან, სადაც ადრე ნამდვილ წევრთა სია იყო გამოქვეყნებული.
ცალკე აღსანიშნავია, რომ ნათია გვიანიშვილი, თამთა მელაშვილი და ეკა წერეთელმა 2015 წლის ნოემბრის თვეში გავიდნენ "იდენტობას" ნამდვილი წევრობიდან საკუთარი სურვილის მიხედვით, ვინაიდან აცხადებდნენ რომ არ უნდოდათ არანაირი ურთიერთობა "იდენტობასთან", რის თაობაზე არაერთხელ მოგვწერეს წერილობით. მათ ასევე წერილობით განაცხადეს მოგვიანებით რომ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იძულებულები არიან, როგორც გამგეობის წევრები ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში.
ამ ფონზე ისინი საგანგებოდ და სასწრაფოდ, 2016 წლის 8 თებერვალს, "იდენტობას" ნამდვილი წევრებად თავიდან მიღების ითხოვენ, რაც ლევან ასათიანის მიერ ერთპიროვნულად იქნა დაკმაყოფილებული, მოთხოვნიდან 10 წუთში, ისევ "იდენტობას" წესდებით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების სრული დარღვევით.
აღნიშნულის პარალელურად გამგეობის წევრები "იდენტობაში" მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ პირებს უმტკიცებენ რომ ნინო ბოლქვაძე არაადეკვატურად იქცევა, არ აცლის მათ მოქმედებას, შეთქმულების თეორიებს თხზავს და საბოტაჟს უწყობს ორგანიზაციას, სადაც ბოლო ოთხი წელი მუშაობდა. ამის პარალელურად ირაკლი ვაჭარაძე მე ხელისუფლებასთან ალიანსში მადანაშაულებს და ფულზე გაყიდულ ადამიანს მეძახის. იგივეს აკეთებს ნათია გვიანიშვილი.
აი, ეს იყო რისი თქმაც მინდოდა და დანარჩენი თქვენ თავად განსაჯეთ.