Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელიტებზე მორგებული განათლების სისტემა

11 თებერვალი 2016

აბიტურიენტობისას ასეთი არჩევნის წინაშე ვიდექი: ან ავიღებდი გრანტს და ვისწავლიდი, ან მომავალ წელს ვცდიდი ბედს თავიდან. დედაჩემი მასწავლებელია. ერთ საგანში თვითონ მომამზადა, დანარჩენ საგნებში კი კოლეგიალურობის წყალობით უფასოდ მოვემზადე. საბოლოოდ, იღბალიც ჩემ მხარეს აღმოჩნდა, გრანტი ავიღე და ვსწავლობ.

ჩემი მეგობრის დედა ბაზარში ბოსტნეულს ყიდის, მამა არ ჰყავს. მასწავლებლებთან არ უვლია, ისე ჩააბარა, მაგრამ გრანტი ვერ აიღო. პირველი წლის გადასახადი დედის დანაზოგით გადაიხადა, შემდეგ კი მუშაობა დაიწყო რომელიღაც მაღაზიაში მოლარედ. მართალია, ამის გამო უნივერსიტეტის გაცდენა ხშირად უწევს, მაგრამ ასეა თუ ისე, ახლა მეოთხე კურსზეა და წელს დაამთავრებს უნივერსიტეტს. ჩემმა მეორე მეგობარმა მესამე კურსზე შეწყვიტა სწავლა, იმიტომ, რომ ფულს ვერ იხდიდა და ასე დაუსრულებლად.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ერთეული შემთხვევები არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ ვერ იღებს უმაღლეს განათლებას, რომ უბრალოდ არ გაუმართლა და ღარიბ ოჯახში დაიბადა. ჩვენს  სახელმწიფოს კი ღარიბები არ უყვარს.

სხვადასხვა ჯგუფი წლებია ითხოვს, რომ სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ყოველ ადამიანს მიეცეს განათლების მიღების შესაძლებლობა. არაერთხელ გაჟღერებულა მოთხოვნა უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი სასწავლებლები ნაწილობრივ მაინც აღარ იქნებიან დამოკიდებულნი  სტუდენტების მიერ გადახდილ გადასახადებზე, რაც თავის მხრივ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეტაპობრივად დაიწყოს სწავლის გადასახადის შემცირება.

დამეთანხმებით, რომ დღეს არსებული გადასახადი არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით ძალიან მაღალია. უმაღლესი განათლების მისაღებად თვეში 187 ლარი უნდა გადაიხადო, მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი არის 712 ლარი, ხოლო  საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმად მიჩნეულია 253 ლარი. გარდა სწავლის ქირის შემცირებისა, საბიუჯეტო დაფინანსება უნივერსიტეტებს მისცემს შესაძლებლობას მოაგვაროს სხვა შიდა პრობლემები და თვითგადარჩენაზე ზრუნვის ნაცვლად დაიწყოს ზრუნვა განვითარებასა და წინსვლაზე.

ამ ყველაფერის ფონზე კი ტრადიციულად სახელმწიფოს პასუხია, რომ დღევანდელ ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა დამატებითი თანხები გამოყოს განათლებისთვის (ეს პასუხი იყო როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების დროს). სასაცილოა, რომ ამ პასუხს ვისმენთ მაშინ, როდესაც, ჩვენ ვხედავთ ყოველწლიურად ჩინოვნიკებზე გაცემულ ასობით მილიონ პრემია-დანამატს, ვხედავთ კონცერტებსა და გასართობ ღონისძიებებზე დახარჯულ მილიონობით ლარს, ვხედავთ საპატრიარქოსთვის გამოყოფილ თანხებს, რომელიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად ერთი-ორად იზრდება, ვხედავთ ძალოვნი სტრუტურებისთვის გამოყოფილ თანხებს და ა.შ.

შესაბამისად, არგუმენტი, რომ სახელმწიფოს განათლების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა არ აქვს, არასწორია. დღეს ჩვენს სახელმწიფოს შეუძლია, რომ უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური სოციალური უფლების დაცვა და მისცეს განათლება ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. საინტერესოა, რატომ არ ხდება ასე?! პასუხი მარტივია: ხელმისაწვდომი განათლება ხომ მედიატორია მაღალ და დაბალ ფენებს შორის, რომლის საშუალებითაც ელიტების რღვევა და მათში შეღწევაა შესაძლებელი, რაც გრძელვადიანი პროცესია და რამდენიმე ათეული წელი სჭირდება.

როგორც ვიცით, ხელისუფლებაში მყოფთა მთავარი საზრუნავი არის არა ადამიანების კეთილდღეობა, არამედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივება. შესაბამისად, ისინი აკეთებენ იმას, რაც არის მომგებიანი და საერთოდ არ აინტერესებთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და მთავარი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ურჩევნიათ გამართონ კონცერტები და შექმნან ილუზია, რომ ყველაფერი კარგადაა, ან ჩამოარიგონ  20-ლარიანი სურსათის ვაუჩერები წინასაარჩევნოდ, ვინაიდან, სწორედ მათ მოაქვთ ხმები არჩევნებზე და არა განათლების რეფორმაზე დახარჯულ თანხას, რომლის შედეგსაც ქვეყანა რამდენიმე ათწლეულის მერე ნახავს.

გარდა ამისა, შესაძლოა არსებობდეს შიში, რომ მათს შვილებს აჯობებს სოფლიდან ჩამოსული, ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ბავშვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი პრივილეგირებული მდგომარეობის დაკარგვა.

დღეს კი ის ხალხი, რომლებიც ამტკიცებდა, რომ არ ჰქონდა განათლების დაფინანსებისთვის დამატებითი სახსრები და ისედაც ღარიბ სახელმწიფოს არ შეეძლო ისედაც შემცირებული ბიუჯეტის ფორმირება და ა.შ., გადაწყვიტა ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოს 265 მილიონი ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის აზრით, ფეხბურთი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა მოქალაქისთვის.

ისეთი სახელმწიფოს განათლების სისტემა კი, სადაც მხოლოდ გარკვეული სოციალური ფენის წარმომადგენელს შეუძლია განათლების მიღება,  კერძო და ელიტისტურია. ჩვენ კი ფაშისტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც პირველი და მეორე კლასის მოქალაქეები არსებობენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^