ხომ ვიცით პოეტები - მეტაფორის თუ ემოციის დიქტატორები, რომელთაც ვერ დაეხსნები, ვიდრე ლექსს ბოლომდე არ ჩაიკითხავ, ანდა, საერთოდ, ვერასოდეს ვერ დაეხსნები. ისე გიპყრობენ, ისეთ მარწუხებს შემოგარტყამენ, თავისუფლებას ვერ ეღირსები, მათი ტყვე ხარ, გატირებენ, გასევდიანებენ, გახარებენ... ძლიერები არიან ასეთი ლექსების ავტორები, ზოგჯერ მკითხველის მთელი ცხოვრება მათი "დიქტატის" ქვეშ მიედინება და იმდენად მძლავრია ეს "დაპყრობა", რომ მისი უღლიდან გამოხსნა არც კი გინდა, მონა ხარ, თუმცა, ნებაყოფლობით - გსიამოვნებს მათი მონობა, გატკბობს...
ისეთი პოეტებიც ვიცით, რომლებიც არასოდეს "იკადრებენ" დიქტატორობას, დაწერენ ლექსს, თავად კი სადმე,კუთხეში, უჩუმრად ჩამოსხდებიან. მათი კითხვისას სისხლის მოწოლას და ვნებათა ღელვას კი არა, სუფთა ჰაერის ანდა სიოს შემოჭრას იგრძნობ, თავისუფლად სუნთქავ და ამ თავისუფლებისთვის მადლიერების გრძნობა გიჩნდება. ესენი ჰაერის სტიქიის კავალრები არიან - პატიოსანი მელექსეები, თავმდაბალი ჟესტის რაინდები. შესაძლოა, მხოლოდ ერთი-ორი სტრიქონი დაგამახსოვრდეს მათი ლექსებიდან, სუფრაზე ხომ არა და არ გამოგადგება, მხოლოდ სადღაც, გულის კუნჭულში იდებენ ბინას და შენს სუნთქვას აიშვიათებენ, ხელს გიწყობენ, შენზე ზრუნავენ. ეს პოეტები სულის ეკოლოგები არიან, "განიავების" ოსტატები და არა - დაგმანვის.
ისიც ჰაერის სტიქიის პოეტია, არცერთი მისი ლექსი არ იწვევს ვნების ინსპირაციას, ყველაზე უფრო ტკივილიანი და დრამატულიც კი გიტოვებს უფლებას, ისუნთქო და არ დაიხრჩო.
ამ ესთეტიკას მისი ლექსის ფორმა ჰქმნის, ისევე, როგორც, ზოგადად, ფორმა ჰქმნის ყოველგვარ ესთეტიკას. მის ლექსს ამ მხატვრულ ელფერს სძენს იაპონური ლექსის სიყვარული და გავლენა. ამ სიტყვამ არ უნდა შეაშინოს არც ავტორი და არც მკითხველი. გავლენის, ანდა "გავლენის შიშის" გარეშე, თითქმის არ შექმნილა არავითარი ხელოვნება და, მით უფრო, პოეზია. ყველანი საიდანღაც "იზრდებიან", ვისი "სახე" ზუსტად იმეორებს "მამის ნაკვთებს", ვისი კი, სადღაც, შორეულ ხაზებში შეიმჩნევა. რადგან ხელოვნება განგრძობითობაა და არა - წყვეტილობა. როგორც სამყაროს ევოლუციაში, აქაც მუდმივად მუშაობს მემკვიდრეობითობის პრინციპი. ერთი ეგ არის, რომ ხელოვნება, გენეტიკისგან განსხვავებით, მხოლოდ ეთნოსსა და ლოკალურ სივრცეში არ იმსგავსებს შთამომავალს, მან, შესაძლოა, სრულიად დაანგრიოს სივრცითი ბარიერები და ამით დაადასტუროს, რომ რასა, ეთნოსი, ერი და სხვა მიწიერი და მყარი მოცემულობები თითქმის სრულიად უძლურია იმასთან შედარებით, რასაც სულიერი მდგომარეობა ჰქვია და რასაც ეს თუ ის ადამიანი ხელოვნებაში გამოავლენს, ანდა, ზოგადად, მოღვაწეობაში. როგორც ჩანს, ამ დროს აქტიურდება ადამიანის ოდინდელი, "პირველყოფილი" საწყისები, იმ დროის მეხსიერება, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავით ასე გახლეჩილნი და გაუცხოებულნი. სხვაგვარად ვერ ავხსნით, რატომ უნდა იყოს ამა თუ იმ კონკრეტულ სივრცესა და კულტურაში გაზრდილი ადამიანისთვის უფრო ახლობელი და ბუნებრივი, სრულიად განსხვავებული კულტურის ხელოვნება თუ ყოფა, რა უბიძგებს ქართველ პოეტს, მშობლიური ლიტერატურის გამგრძელებლად კი არ იგრძნოს თავი, არამედ, უცხო რასის და კულტურის "ნათესავად". ანდა, რა განაპირობებს, რომ პოეტის ქართული გვარ-სახელი ასე საოცრად "იკუმშება" და იაპონურად გარდაიქმნება?!
ეს წერილი იაკი კაბე/ირაკლი კაკაბაძის შემოქმედებას ეხება,
კონკრეტულად კი,მისი ლექსების კრებულს, რომლის სათაურია - სამწერტილები.
აქვე წიგნის დიზაინზეც შევაჩერებ ყურადღებას.
მოგეხსენებათ, წიგნის "გარეგნობაზე" ზრუნვა ადრევე დაიწყეს, ფიქრობდნენ, რა ფორმა მიეცათ ისეთი, რომ მისი უშუალო შინაარსიც გადმოეცა და კიდევ რაღაც ეთქვა, ტექსტისმიღმიერი, უფრო ზუსტად კი, ტექსტებს მიხმარებოდა, რათა უფრო მეტი "ამოეკითხათ". ადრინდელი საუკუნეების წიგნები უძვირფასესი მინიატურებით, ლამაზად გაფორმებული აშიებით, ძვირფასი ყდებით გამოირჩეოდა. ნელ-ნელა წიგნმა მატერიალური ფასი დაკარგა, რაკიღა მასობრივად იქცა და ყველა მსურველს უნდა შესძლებოდა მისი შეძენა. ახლა მხოლოდ სუვენირებადღა თუ წავაწყდებით ე.წ. ძვირფას წიგნებს - ლამაზად გაფორმებულს, ზოგჯერ თვლებით მოოჭვილს, ვერცხლის პერანგში და ა.შ.
ამ წიგნის ყდა ძალიან უბრალო და მინიმალისტურია, თეთრ ფონზე ადევს ლურჯი საღებავი და წითელი წარწერები, ლურჯ ფონზე კი - თეთრი წარწერა, ისიც, ხელნაწერის ეფექტით (ავტორს დიზაინერთან, თეონა ჭანიშვილთან ერთად უმუშავია). ასე რომ, ყდიდან დაწყებული, უბრალოება და სისადავე მოგხვდებათ თვალში.
ეს სამი ფერია გამოყენებული - თეთრი, ლურჯი და წითელი - წიგნის შიდა დიზაინშიც. მთელი მისი ილუსტრაციები რამდენიმე ადგილას ჩაკერებული ორი ფურცლისგან შედგება, რომლებზეც მაღალი, აშოლტილი და, ასევე, გადაჭრილი, კუნძებად ქცეული ხეებია გამოსახული. ბუნებრივია ამგვარი ილუსტრაციები, რადგან წიგნი მიძღვნილია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისადმი, ვინც იბრძვიან ჩვენი სასიცოცხლო სივრცისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის შიგთავსი ანუ ლექსები და დიზაინი აბსოლუტურად ეთანხმება ერთმანეთს იმ თვალსაზრისით, რომ მიზანი, რისთვისაც ეს ლექსები "იბრძვიან" - ადამიანის სასიცოცხლო სივრცის გაფართოებისთვის - ერთიანობაშია მოცემული. არა მხოლოდ ლექსის ესთეტიკაში, არამედ წიგნის ფურცლებზეც ბევრი ჰაერია, თითქოს ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ადამიანმა, რაც შეიძლება, ღრმად ისუნთქოს.
ეს არის ზრუნვის წიგნი, "შენ"-ის წიგნია და არა "მე"-სი, ამიტომაც განგაწყობს ავტორისადმი დიდი სიმპათიით და პატივისცემით - ის შენზე ზრუნავს და თითქოს უხილავი ძაფები იბმება შენსა და მას შორის და ეს ძაფები თოკებზე მყარია და განუწყვეტელი.
ზემონახსენები გავლენა თუ სიახლოვე იაპონური პოეზიისადმი ბუნებრივად გვთავაზობს ბუნების პეიზაჟებს, სადაც ხეც არის, ჩიტიც, ბალახიც, მზეც, მთვარეც, ქარიც, ზღვაც ანუ ის ყველაფერი, რაც "სუნთქვაში" გვეხმარება.
უფრო კონკრეტულად კი უნდა ითქვას, რომ ირაკლი კაკაბაძე თანაგრძნობის უდიდეს ველს ქმნის, სადაც ერთად არიან ტოტალიტარიზმის, ტერაქტების, სოციალური უსამართლობის თუ, უბრალოდ, ცხოვრების სასტიკი კანონების მსხვერპლნი. აქ ნახავთ თანაგრძნობას "პრაღის გაზაფხულის", ბესლანის ტრაგედიის, ანკარის "მშვიდობისა და დემოკრატიის" მარშის მონაწილეთა, შავ-ბნელი "სამართლის" მსხვერპლი ქალების - ჰადიჯა ისმაილოვას და ლეილა იუნუსის, უბრალოდ, ხელმოკლეობის და, ბოლოს, სიყვარულის მსხვერპლისადმი - წიგნის ბოლო ჰაიკუ ეძღვნება ახალგაზრდა შეყვარებულებს, რომელთაც ხიდიდან გადახტომისას თოკი გაუწყდათ და, როგორც პოეტმა "ათქმევინა" - "ჩვენ სიყვარულში გადავეშვით".
როგორია ამ თანაგრძნობის ლექსების ავტორის ცხოვრება? როგორც ჩანს, არც ისე იოლი და ია-ვარდით მოფენილი, იგი მუდამ ხელიდან უსხლტება და თავისი ნებისაებრ დადის ნერვიული ნაბიჯებით, სახიფათო წინდაუხედაობით ანუ, პოეტის წესისამებრ, "წითელზე გადადის".
და მაინც, რა შეუძლია პოეტის თანაგრძნობას, ნუთუ აქვთ ძალა პოეტურ სტრიქონებს?! წარმოიდგინეთ, რომ ამ უბრალო, უვნებელ სიტყვებს შეუძლიათ, ჩვენთვის მტკივნეულ თემებს ისე გამოეხმაურონ, ისეთ ველში გაატარონ, რომ ერთგვარი კომპენსაცია მოახდინონ დანაკარგისა - თუ ვიეთნი ხეებს ჭრიან, ანდა არ უვლიან, პოეტი ისეთ ემოციას ამოაფრქვევს, ქვის გული უნდა გქონდეს, რომ მისმა სიტყვებმა არ შეგძრას: "ლექსების გარდა რომ არაფერი არ მაბადია, რითი შეგმოსოთ, ფოთოლცვენისას განძარცვულო ხეებო ჭადრის?.." ამგვარ თანაგრძნობას არაერთ ლექსი ამოიკითხავთ, ეს წიგნის ლაიტმოტივია.
თუმცა, ეკოლოგიას "ეკალიც" უხდება, ხოდა, შეგვხვდება ერთი-ორი ლექსი მათთვის, ვისაც "ვარდის" მოკრეფვა კი არა, ვარდების გადაჯეგვა მოუნდომებია: "აქ წყალს ღვინოდ ვერ მოაქცევენ, აქ კანა არ არის, აქ დიდი ყანაა". სარკაზმია, მაგრამ - ნაღდი.
პოეტური კრებული ისე როგორ აიკინძება, სიყვარულის თემა არ გაკრთეს, ალაგ-ალაგ მაინც. აქაც ანათებს ნაზად, სათუთად, მინიმალისტურად - "ქარივით ვუყვარდი, ამინდების მიხედვით ქროდა..."
ერთი-ორი სიტყვა მშობლების თემაზე. კრებულში დედის სახეც გაკრთება, მამისაც, ბებიისაც კი. ყოველი ლექსი, მათდამი მიძღვნილი, ძალიან ემოციური და ტკივილიანია.
"ყოველ აისზე,
მეეზოვე ტაშტს რომ შემოჰკრავს,
მამაჩემი ისახავს პირჯვარს..."
ამის მეტს აღარ დავწერ, ვერცერთი წერილი და რეცენზია ვერ იტყვის პოეტზე უკეთ, ამიტომ, ვისაც "სუფთა ჰაერი" მოგენატრათ და ლექსებში ეძებთ სულის მშვიდობას, ეძიეთ ირაკლი კაკაბაძის "სამწერტილები".