ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეშიაც დაფასდა და სიკვდილის შემდეგაც, მაგრამ ყველას დარჩა განცდა, რომ არასაკმარისად.
და ეს, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ბუნებრივია.
1.
ვიღაცამ თქვა, ქართველთა ქართულად განათლების საქმეში მისი წვლილი უპირველესიაო. საოცრად ზუსტი შეფასებაა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა თაობამ შეძლება ვერც გაიაზროს ამ შეფასების ნიუანსები.
საქმე ისაა, რომ აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ტრივიალური ფაქტი, რომ მსოფლიო ლიტერატურის ქართულად თარგმნა ქართულ კულტურას ამდიდრებს. ცოტა სხვა ამბავიცაა.
საბჭოთა პერიოდში გაზრდილ თაობებს განათლების მიღება პრაქტიკულად რუსულ ენაზე გვიწევდა. ქართულად თარგმნილი ლიტერატურა რუსულს რაოდენობრივადაც ჩამოუვარდებოდა ხარისხობრივადაც. ლამის აქსიომად ითვლებოდა, რომ ქართული თარგმანი არ ვარგა და რუსული ჯობია. ამიტომ, როგორც წესი, ქართული თარგმანის წაკითხვას უმრავლესობა რუსულს ამჯობინებდა. მით უმეტეს, რომ რუსულ ენაზე დაბეჭდილი ლიტერატურა საქართველოშიც ისევე იყიდებოდა, როგორც რუსეთში.
მეორე კურსზე ვიყავი, ძველბერძნული ფილოსოფიით რომ დავინტერესდი. კერძოდ პლატონით და ჩვეულებისამებრ რუსულად ვაპირებდი ლიტერატურის მოძიებას, როდესაც ერთმა ნაცნობმა მირჩია, რად გინდა რუსული, როცა არის ბაჩანა ბრეგვაძის შესანიშნავი თარგმანები ქართულადო. მაშინ პირველად გავიგე ეს სახელი და გვარი.
მართლაც წავედი საჯარო ბიბლიოთეკაში, გამოვიწერე პლატონის “ნადიმი” და რომ იტყვიან ერთი ამოსუნთქვით გადავყლაპე. ამას მოჰყვა “ფედონი”, “იონი, დიდი ჰიპია, მენონი.” და შემდეგ იყო უკვე იმდროინდელი ქართული რეალობისთვის სრულიად უჩვეულო ამბავი - წიგნების ძებნა ქართველი მთარგმნელის მიხედვით და ასე ნაპოვნი მარკუს ავრელიუსი, პოლ ვალერი და ბლეზ პასკალი…
იქიდან მოყოლებული ბაჩანა ბრეგვაძე ჩემთვის, ისევე როგორც პრაქტიკულად მთელი მკითხველი საზოგადოებისთვის, გახდა ერთგვარი ბრენდი, თარგმნილი ლიტერატურის ხარისხის ნიშანი. ბაჩანა ბრეგვაძის ნათარგმნ ლიტერატურას ჩემი თაობა ქართულად კითხულობდა და ყოველთვის ამჯობინებდა რუსულ თარგმანს. და ამჯობინებდა იმიტომ, რომ ჯობდა.
ალბათ არც გადაჭარბებაში ჩამეთვლება და არც პათეტიკაში თუ ვიტყვი, რომ ბაჩანა ბრეგვაძე იყო არა მხოლოდ ბრწყინვალე მთარგმნელი, არამედ იგი ნამდვილად ერთ-ერთი უპირველესი იყო მათ შორის, რომლებმაც თავიანთი თარგმანებით უცხოური ლიტერატურის ქართულად კითხვა დააწყებინა ქართველებს. მან დადო თარგმნილი ლიტერატურის ხარისხის ძალიან მაღალი სტანდარტი. ის სტანდარტი, რომელიც იმდენად მისი დროის არ იყო, რამდენადაც მომავლის. თუმცა, მომავალიც რაა, თუ არა აწმყო შობილი წარსულისაგან?
ამიტომაცაა მისი ღვაწლის გაზომვა რთული და შეიძლება ამიტომაც გვეჩვენება მისი დაფასება არასაკმარისად. თუმცა, არა მხოლოდ ამიტომ.
2.
საბჭოთა პერიოდის ერთ–ერთი დამახასიათებელი თავისებურება ისიც იყო, რომ ქართველი მწერალი არ იყო მხოლოდ მწერალი. ქართული ინტელიგენცია, რომელშიაც ძირითადად მოიაზრებოდა სახელოვნებო და სამეცნიერო საზოგადოება, აღიქმებოდა ერთგვარ ელიტად, იმ სოციალურ ფენად, რომელსაც ერის ლიდერობის ფუნქცია აქვს. თავად ინტელიგენციას შორის კი ლიდერის ყვითელი მაისური უპირობოდ მწერლებს ეპყრათ. მათ სიტყვა ეთქმოდათ ყველა თემაზე, დაწყებული პოლიტიკიდან, დამთავრებული აგრონომიით და მათ სიტყვას უსმენდნენ, მათი სიტყვა ფასობდა.
ამ კონტექსტში მთარგმნელები მწერლებივით ავტორიტეტები ვერ იყვნენ, მაგრამ მათ შორისაც იყო რამდენიმე გამონაკლისი და ერთ–ერთი მათგანი გახლდათ ბაჩანა ბრეგვაძე. მისი ავტორიტეტი ინტელიგენციის წრეში არცერთ ცნობილი მწერლისას არ ჩამოუვარდებოდა. თუმცა, ამ ავტორიტეტით მას არასდროს უსარგებლია. ბაჩანა ბრეგვაძე ქართული ინტელიგენციის იმ ნაწილს მიეკუთვნებოდა, რომელიც პრინციპულად განზე იდგა ყოველგვარი პარტიულ–ნომენკლატურული აქტივობებისგან. ესეც ტიპიური მოვლენა იყო იმ პერიოდისთვის - ქართული არანომენკლატურული ინტელიგენციის ერთგვარი ნონკონფორმიზმი, რომელიც არა იმდენად დისიდენტობით და ხმამაღალი პროტესტით, რამდენადაც განზე დგომით და პროცესებში ჩაურევლობით გამოიხატებოდა, ანუ იმით, რასაც სოლჟენიცინი სიცრუეში არმონაწილეობას (неучастие во лжи) ეძახდა. ისინი არ შედიოდნენ პარტიაში, არ ხდებოდნენ ყრილობის დელეგატები, არ აღავლენდნენ ცეკას მდივნების მიმართ ხოტბას და პროფესიულ საქმიანობაშიც არ მიდოდნენ მორალურ კომპრომისზე. ისინი უბრალოდ დუმდნენ და მხოლოდ ისეთ თემებზე ლაპარაკობდნენ (ისიც ძალიან იშვიათად), რასაც არანაირი შეხება პოლიტიკურ კონიუნქტურასთან არ ჰქონდა.
განდგომისა და ჩაურევლობის ეს სტოიცისტური პოზიცია (შემთხვევით არ თარგმნა ბაჩანამ მარკუს ავრელიუსი!) ისე შეისიხლხორცა ქართული ინტელიგენციის ამ ფლანგმა, რომ პრაქტიკულად საზოგადოებრივი აქტიურობისგან გაუცხოების ჩვევაში გადაეზარდა, რამაც თავისი კვალი დააჩნია პოლიტიკური პროცესების განვითარებას ქვეყანაში. თუმცა, ეს სულ სხვა თემაა. უბრალოდ ბაჩანა ბრეგვაძის ჩრდილში ყოფნა, იმდენად ძლიერთა ამა ქვეყნისათა უყურადღებობით არ იყო გამოწვეული, რამდენადაც თავად მისი მოქალაქეობრივი პოზიციით.
ალბათ ამიტომაც გვეჩვენება მისი დაფასება არასაკმარისად. თუმცა, არა მხოლოდ ამიტომ.
3.
მე ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოვხვდი ორგანიზაციაში, რომლის სახელი იყო “საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია,” შემოკლებით მთარგმნელობით კოლეგიას რომ ეძახდნენ, ან მხოლოდ კოლეგიას.
ამ ორგანიზაციის როლი ქართული მთარგმნელობითი კულტურის და საერთოდ ქართული კულტურის განვითარებაში აშკარად იმსახურებს ცალკე პუბლიკაციას და სერიოზულ კვლევას, მაგრამ ეს ცალკე თემაა. ასევე ცალკე თემაა ის სრულიად უნიკალური, საბჭოთა პერიოდისთვის არნახულად თავისუფალი, დემოკრატიული და ლიბერალური ატმოსფერო, რომელიც ამ ორგანიზაციაში სუფევდა და რომლის შემოქმედი და ინსპირატორი იყო კოლეგიის თავმჯდომარე, ოთარ ნოდია, არაჩვეულებრივი ადამიანი და შესანიშნავი ორგანიზატორი.
ოდესღაც ალბათ აუცილებლად დავწერ ყველაფერ ამაზე, ამჯერად კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, რა უნდა ყოფილიყო იმაზე უფრო დიდი სკოლა, ვიდრე ერთ ჭერქვეშ მუშაობა ისეთ ხალხთან, როგორებიც იყვნენ ტარიელ ჭანტურია, ვახუშტი კოტეტიშვილი, გივი შაჰნაზარი, ბესიკ ხარანაული, ჯემალ აჯიაშვილი, რეზო ჭეიშვილი, მიხეილ ქვლივიძე, გიორგი (იურა) ბაქანიძე, გიორგი ნიშნიანიძე, ნაირა გელაშვილი, ნოდარ ებრალიძე, ზეზვა მედულაშვილი და, რა თქმა უნდა, ბაჩანა ბრეგვაძე. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ კოლეგიის შენობაში, დადიანის 2-ში, სადაც ამჯამად ევროპის სახლია, მესამე სართულზე ჟურნალ “ცისკრის” რედაქცია იყო განლაგებული, სადაც პრაქტიკულად მთელი ქართული მწერლობა დადიოდა ხოლმე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილ ლიტერატურულ მექაში მიწევდა ყოფნა.
კონკრეტულად ბაჩანა ბრეგვაძესთან მაინცა და მაინც ინტენსიური კომუნიკაცია არა მქონია, ისევე როგორც კოლეგიის ბევრ თანამშრომელს. როგორც წესი, ჩუმად იჯდა ხოლმე თავის ოთახში და მუშაობდა. მხოლოდ რამდენიმე შტრიხი დამამახსოვრდა: ერთი ის, რომ ვერ იტანდა ჰემინგუეის, ერთხელაც მისი ცნობილი პორტრეტი დაუკიდეს ოთახში და არაფერზე ხმა რომ ამოუღია, სერიოზულად იჩხუბა, ჩამოხსენითო. მეორედ ის, რომ კატეგორიულად არ მოუსმინა თანამშრომელს, რომელიც ყველას თავს აბეზრებდა თავის გაცილებულ ცოლზე ჭორაობით და ბოლოს, სიგარეტის მოწევის ძალიან თავისებური მანერა.
ეს მართლაც სახასიათო დეტალი იყო - ბეჭებში ოდნავ მოხრილი, სიგარეტს ორი თითით იჭერდა, მუშტში მოიმწყვდევდასავით, მიდგებოდა კუთხეში და თითქოს მალულად ეწეოდა, ვინმეს რომ არ წაესწრო. აი, დაახლოებით ისე, უფროსკლასელები სკოლის ტუალეტში რომ ეწეოდნენ ხოლმე ადრე (ახლა არ ვიცი როგორაა). შეიძლება სწორედ ყმაწვილობის გამოყოლილი ჩვევაც იყო, თუმცა, ამაშიაც ერთგვარად მჟღავნდებოდა მისი განდგომილობა და მოკრძალებულობა.
მართლაც, თუკი სოციალური აქტივობებისგან განზე დგომა სისტემასთან კონფლიქტში მყოფი ინტელიგენტის საფირმო ნიშანივით იყო, ბაჩანა ბრეგვაძე ამ საფირმო ნიშნითაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა. მას ძალიან არ უყვარდა სიტყვით გამოსვლა, ინტერვიუები, ცდილობდა არავითარ შემთხვევაში არ მოხვედრილიყო ყურადღების ცენტრში, პოლიტიკურ ამბიციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მოკრძალებულობა და შეგნებული განრიდება საჯარო აქტივობებისგან, გარდა ქართული ინტელიგენციის არანომენკლატურული თავისებურებებისა, მისი შინაგანი ბუნებით, მისივე ხასიათითაც იყო გაპირობებული. როგორც მითხრეს, ბაჩანას ბოლო ტელეინტერვიუ მისივე თხოვნით არ გაუშვიათ ეთერში. უთქვამს, ცოცხალი რომ აღარ ვიქნები, მაშინ გაუშვითო და მჯერა, რომ ასეც იქნებოდა. ის არ თამაშობდა. ის მართლა ასეთი იყო.
და შეიძლება სწორედ ამიტომაც გვეჩვენება მისი დაფასება არასაკმარისად, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადასხვა დროს მიენიჭა ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და დავით აღმაშენებლის პრემიები, ორგზის იყო საბას მფლობელი - ერთხელ როგორც მთარგმნელი და და ერთხელ როგორც ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნომინირებული, ორჯერ (1995 და 2005 წელს) დაჯილდოვდა ღირსების ორდენით და ბოლოს, მთაწმინდის პანთეონშიც დაკრძალეს. თითქოსდა მეტი რაღა უნდა იყოს გინდ სიცოცხლეში, გინდ სიცოცხლის შემდეგ?
მაგრამ ერთგვარი უკმარისობის განცდა მაინც დარჩა, და დარჩა იმიტომ, რომ თანამედროვე საზოგადოებაში პიროვნება რომ დავინახოთ, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მისი ხშირი გამოჩენა, მისი სახელის ხშირი შეხსენება ტელეეკრანებიდან, გაზეთებიდან და ინტერნეტპორტალებიდან. გვჭირდება მისი განცხადებები, ინტერვიუები, მონოლოგები და ა.შ. ერთის სიტყვით გვჭირდება რეგულარული კომუნიკაცია, რომელიც განაპირობებს ე. წ. ცნობადობას.
ბაჩანა ბრეგვაძე კი არ იყო ცნობადი სახე. არც არასდროს იქნება. ეს მისი არჩევანიც იყო და მისი ბედისწერაც. სამაგიეროდ, მას მუდმივად ექნება საზოგადოებასთან კომუნიკაცია თავისი წიგნებით, თავისი თარგმანებით, თხზულებებით და ასე იქნება მანამ, სანამდე საქართველოში ქართულად წაიკითხავენ
ეს არ არის პათეტიკა, ეს არის ფაქტი, და, სწორედ ამიტომ, ბაჩანა ბრეგვაძე ყველა თაობაში დარჩება იმ მოღვაწედ, რომელიც სიცოცხლეშიც დაფასდა და სიკვდილის შემდეგაც, მაგრამ ყველას ექნება განცდა, რომ არასაკმარისად.
მე არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ სრულიად ბუნებრივია. ბაჩანა ბრეგვაძის შემთხვევაში სხვანაირად ვერც იქნებოდა.