Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნორმატიული პროზელიტიზმი, ანუ მოქცევაი ქართლისაი თანამედროვე სამართალში

03 მარტი 2016

პროზელიტიზმი, ანუ „თავის აღმსარებლობაზე სხვების მოქცევისაკენ მისწრაფება“ (უცხო სიტყვათა ლექსიკონი; თბილისი, 1964) საქართველოსთვის შესამჩნევად პრობლემური გახდა ბოლო ხანებში.

ამას მოწმობს ირიბი თუ პირდაპირი პროზელიტიზმის  თემაზე გამართული საჯარო დისკუსიებისა და ტელე–რადიო გადაცემების მზარდი რიცხვი. რელიგიური ნიშნით სტიგმატიზაცია და პროზელიტიზმი, როგორც დისკრიმინაციული პრაქტიკა, ყველაზე მეტად სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებშია აქტუალური. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით  თვალსაჩინო ახლაა, მისი ფესვები სამოცდაათწლიან საბჭოთა რეჟიმსა და მის უახლოეს მომდევნო პერიოდში უნდა ვეძებოთ. საბჭოთა სოციალისტური მმართველობისთვის დამახასიათებელი აგრესიული ანტითეიზმი მძიმედ აისახა თაობების ფსიქიკაზე. სკოლებში სჯიდნენ რელიგიური აქსესუარების  ტარების, ხელისგულზე შერჩენილი სააღდგომო კვერცხის წითელი საღებავის და, ზოგადად,  რამე რელიგიური წესის აღსრულების  გამო; ამავე მიზეზით ათავისუფლებდნენ  სამსახურებიდან. ერთი სიტყვით, რელიგია აკრძალული ხილი იყო.  

ნიუტონის მესამე კანონის თანახმად ფიზიკურ სამყაროში არცერთი ქმედება არ რჩება თანაბარი ძალის საპასუხო უკუქმედების გარეშე. „ბნელმა 90–იანებმა“ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც თითქოს იგივე ცხადყო: საბჭოური რეჟიმის გაუქმების შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში ნებადართული შეიქნა ბევრი რამ, რაც მანამდე იკრძალებოდა. ამან აღარ აკრძალულის გაუმართლებელი და გაუაზრებელი, მექანიკური მოზღვავება განაპირობა.  საგანმანათლებლო სივრცის ორთოდოქსალურ-ქრისტიანული ექსპანსიაც ასე დაიწყო. სკოლები ხატებით, ჯვრებით და სხვა მართლმადიდებლური აქსესუარებით გაივსო.   ერთი უკიდურესობიდან  მეორეში  გადავვარდით – იქამდე ტაბუირებული რელიგიის თემა პოპულისტური მეინსტრიმი გახდა, რასაც ეკონომიკურმა, სოციალურმა და კულტურულმა დეგრადაციამაც შეუწყო ხელი. არ იყო დენი, წყალი, გაზი - იყო სანთლები, მირონი და საკმეველი. 

ოცდამეერთე საუკუნეში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესდა. მაგრამ ეროვნული თვითგადარჩენის რაინდულ-მართლმადიდებლური მოტივები ჩვენს სეკულარულ სახელმწიფოს კვლავ დამაბრკოლებელ ატავიზმად აქვს შემორჩენილი. საქმე ამ მხრივ იმდენად სერიოზულადაა, რომ  ნაციონალურ კანონმდებლობაშიც კი ვხვდებით სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დაუშვებელი პროზელიტიზმის გამოვლინებებს. 

საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის მე-20 მუხლში ჩამოთვლილია უქმე ანუ დასვენების დღეები. აღნიშნულ ჩამონათვალში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „ბ“, „გ“ და „ზ“ პუნქტები, რომლებიც რელიგიურ, კერძოდ მართლმადიდებლურ დღესასწაულებს განსაზღვრავს: 

ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);  

მკითხველს შევახსნებ, რომ ნებისმიერი კანონი - ჩვეულებრივი, ორგანული თუ კონსტიტუციური - ატარებს ზოგად ხასიათს, ანუ ყველა არსობრივად რელევანტურ სამართალსუბიექტზე თანაბრად ვრცელდება. კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.

კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილით განიმარტება, რომ „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და საქართველოს სახელმწიფო რელიგია არ გააჩნია!

კონსტიტუციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ნებისმიერი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციურ დანაწესს არის ანტიკონსტიტუციური. ჩვენი სახელმწიფოს უზენაესი კანონი აღიარებს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოუკიდებლობას, რაც, ვიმეორებ, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ გააჩნია სახელმწიფო რელიგია. შესაბამისად შრომის კოდექსში, ორგანულ კანონში გაკეთებული ჩანაწერი „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“, რომელშიც „ჩვენ“ სრულიად საქართველოს მოსახლეობას აღნიშნავს არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული და თავისი არსით ანტიკონსტიტუციური ხასიათის.  სახელმწიფოში, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხთა თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის ორგანულ კანონში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება ენითაუწერელი შეუგნებლობის ნიშანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორგანული კანონის მიღება ჩვეულებრივი კანონის მიღებასთან შედარებით მეტად კომპლექსური პროცედურაა და (კონსტიტუციის 66-ე მუხლის 2-ნაწილის თანახმად) პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმას საჭიროებს. მსგავსი რამ „ერთმორწმუნე რუსეთის“ შრომით კანონმდებლობაშიც კი არ გვხდება. რუსეთის ფედერაციის შრომის კოდექსის 112-ე მუხლით დასვენების დღეა „Рождество Христого“ და არა „Рождество Госпада Нашего Иисуса Христа“, არც მეზობელი სომხეთის შრომის კოდექსის 156-ე მუხლში გვხვდება მსგავსი ჩანაწერი. ჩვენ კი კანონის ოფიციალურ ინგლისურ თარგმანშიც „Our Lord Jesus Christ“  ჩავწერეთ, რითიც ჩვენი მულტირელიგიური საზოგადოების კონსტიტუციური უფლება საქვეყნოდ უგულებელვყავით, ფეხქვეშ გავთელეთ. ამ გზიდან გადახვევას, როგორც ჩანს, არც მომავალში ვაპირებთ: საკანონმდებლო მაცნეზე ატვირთულ კანონპროექტში, რომლითაც მოცემული აქტის ჩანაცვლება იგეგმება, ზემოთ განხილული მუხლი კვალვ უცვლელი სახითაა წარმოდგენილი. 

სამართლებრივ სახლემწიფოში კანონი ყველას თანაბრად იცავს და არავის ახვევს თავს რომელიმე უმრავლესობის ინტერესებს. სწორედ ამიტომ ნორმატიული აქტის მიღებისას განსაკუთრებული სიზუსტე და წინდახედულებაა საჭირო. დაუშვებელია,  კანონი სამონასტრო ტიპიკონს ემსგავსებოდეს. კანონის ყოველი სიტყვა ობიექტური, სამართლებრივი თვალსაზრისის თანახმად უნდა დაიწეროს, რადგან სწორედ მაღალი სამართლებრივი კულტურის დაცვაა სამართლებრივი სახელმწიფოს ღირსებაც და მოვალეობაც.

არ ვიცი, მოქმედ შრომის კოდექსში არსებული ჩანაწერი უგულისყურობის ან დაბალი სამოქალაქო შეგნების შედეგია, თუ რამენაირ სულმდაბალ კონსპირაციასთან გვაქვს საქმე. ერთი კი აშკარაა, ჩანაწერი „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“ / “Our Lord Jesus Christ” ანტიკონსტიტუციურია სეკულარულ სახელმწიფოში და აუცილებლად უნდა შეიცვალოს ობიექტურ-სამართლებრივად გამართული ტექსტით: „შობა/ქრისტეშობა, ნათლისღება, აღდგომა“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^