Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე" - თანასწორი უფლებებისთვის

23 მარტი 2016

ბრიტანეთის საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის ("არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე") ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა კონკურსი. მოსწავლეებს უნდა დაეწერათ სტატიები ან ესეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე. კონკურსში გამოვლინდა სამი გამარჯვებული. მათ შორის საუკეთესო ესეს გთავაზობთ "ლიბერალის" ვებგვერდზე. ესეს ავტორი ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე, მეთორმეტე კლასელი სალომე სანდროშვილია. 

დღეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მსოფლიო მოსახლეობის 15%-ს შეადგენენ. მიუხედავად უამრავი საერთაშორისო დოკუმენტისა, აქციისა თუ კამპანიისა, სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრობისათვის ბრძოლის გზაზე ისინი კვლავ აწყდებიან  სერიოზულ დაბრკოლებებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას არაადაპტირებული გარემო წარმოადგენს. თუკი საქართველოს მაგალითით ვიმსჯელებთ, მდგომარეობა შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია მთავრობა აქტიურად ახორციელებს ცვლილებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ეს საკითხი კვლავაც პრობლემას წარმოადგენს. ქალაქებში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ხშირად შეხვდებით ისეთ პანდუსებს, რომლებიც არასტანდარტულია და მათი რეალურად გამოყენების საშუალება ეჭვ ქვეშ დგას.  არ არის გათვალისწინებული დახრილობის კუთხისა და ეტლის ზომა. სასიხარულოა, რომ თანდათანობით საჯარო თუ კერძო დაწესებულებები ცდილობენ ისეთი პანდუსების გაკეთებას, რომლებიც მხოლოდ ფორმალობისთვის არ იარსებებს და ეტლით მოსარგებლეს დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას მისცემს. 

ამასთანავე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობენ სხვა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებიც, რომელთათვისაც პანდუსების გაკეთება არანაირი გამოსავალი არ არის. მაგალითისთვის, ჩვენს ქვეყანაში, უსინათლო და მხედველობის პრობლემის მქონე პირებისათვის, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. საჭიროა ხმოვანი შუქნიშნების რაოდენობის გაზრდა, ლიფტებში სართულების ბრაილის შრიფტით დანომრვა და ა.შ... 

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას არახელმისაწვდომი საარჩევნო უბნები წარმოადგენს. ცესკოს მონაცემებით, 3617 საარჩევნო უბნიდან, მხოლოდ 460-ია ადაპტირებული. დამეთანხმებით, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის ნამდვილად არ წარმოადგენს მოტივაციას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

არაადაპტირებული გარემო განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კარჩაკეტილ ცხოვრებას და დაბალ საზოგადოებრივ აქტივობას. გარეთ არსებული უამრავი დაბრკოლების გამო, მათ სჭირდებათ მუდმივად სხვა ადამიანის დახმარება, რაც, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. აუცილებელია, მოხდეს გარემოს ადაპტირება, რათა  თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა დამოუკიდებლად შეძლოს სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება.

თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ ერთი პრობლემური საკითხის მოგვარება საკმარისი არ არის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა უმთავრესია. დღესდღეობით, ჩვენს წინაშე ორი პრობლემაა: ან მათი მათი დამცირება და შეურაცხყოფა, ან სიბრალულის გამოხატვა, რაც არანაკლებ შემაწუხებელია. ადამიანთა დიდი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უსარგებლოებად მიიჩნევს. მასიურია არასწორი და დამამცირებელი ტერმინოლოგიის გამოყენება, როგორებიცაა: ,,დაუნი“, ,,გონებაჩლუნგი“, ,,ინვალიდი“ და ა.შ. ხშირად, შვილების დაცვის მიზანს ამოფარებული მშობლები აგრესიის გამოხატვასაც არ ერიდებიან.

დისკრიმინაციული მოპყრობის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია 2014 წლის 24 ივნისს თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ეტლით მოსარგებლე ბავშვებისათვის განკუთვნილი საქანელის დემონტაჟი, რაც მშობლების დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვი სარგებლობდა ამ საქანელით, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ჩამოვარდა. მშობლებმა პატრული გამოიძახეს და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა მისი ჩამოხსნა.

უდავოდ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით, რის გამომწვევადაც სრულიად აბსურდული და არაადეკვატური ბრალდება სახელდება ხოლმე, სინამდვილეში კი მიზეზი ამ ქმედებათა ინიციატორების უსაფუძვლო შიში გახლავთ. ხშირად, ადამიანები ფიქრობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მათ ან მათ შვილებს საფრთხეს შეუქმნის, რაც ამ პირებთან დაკავშირებით არასაკმარისი ინფორმაციის ფლობაზე მიუთითებს. როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს მეორე უკიდურესობაც, ესაა პოზიტიური დისკრიმინაცია.

საზოგადოების მხრიდან სიბრალულის თვალით ყურება, არანაკლებ შეურაცხყოფს და აკნინებს ადამიანს. დამეთანხმებით, რომ გარშემომყოფების მიერ შეცოდების გამოხატვა ადამიანის თვითშეფასებაზე უარყოფით გავლენას ახდენს და ამიტომ ისეთივე სიმძიმის ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს, როგორიც აგრესიის გამოვლინებაა. აუცილებელია, ამგვარი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება, რასაც ვფიქრობ, ცნობიერების დონისა და სტერეოტიპული მიდგომების შეცვლა წარმოადგენს.

საჭიროა, განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც დაეხმარებათ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანასწორად აღქმაში და მათ მიღებაში. ეს ევალება კიდეც სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მერვე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას  და სხვა მსგავს აქტივობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების აღმოსაფხვრელად. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი ინიციატივები და აქტივობები, კარგ შედეგს მოგვცემს.

კიდევ ერთი დაბრკოლება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თითქმის ყოველთვის ექმნებათ, ეს დასაქმებაა. დღესდღეობით, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ დასაქმებულთა რიცხვი ძალიან მცირეა. იკვეთება ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მუშაობას ვერ იწყებენ. პირველი: ეს არის არაადაპტირებული გარემო და მეორე, დამსაქმებელთა სტერეოტიპული დამოკიდებულება. ისევე, როგორც მოსახლეობის უმეტესობა, ძალიან ბევრი დამსაქმებელიც ფიქრობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უუნაროები არიან და არაფრის კეთება არ შეუძლიათ. ამგვარი სტიგმა მართლაც რომ ხელისშემშლელი ფაქტორია სამსახურის დაწყებისას, მაგრამ თუკი როგორღაც მოხერხდება მათი დასაქმება, შემდგომ უკვე სამუშაო ადგილამდე მისვლის პრობლემა იქმნება. ამ პრობლემიდან გამოსავალს ზემოთ უკვე მოხსენიებული გადაჭრის გზები წარმოადგენს. გარდა ამისა,  აუცილებლად უნდა მოხდეს სამსახურის დაწყების მსურველ შშმ პირთა გადამზადება, რაც მათი პროფესიონალიზმის ხარისხსაც გაზრდის და დამსაქმელებსაც უკეთეს დამოკიდებულებას შეუქმნის მათ სამსახურში ასაყვანად.

საბედნიეროდ, ამ კუთხით უკვე წინსვლაც შეინიშნება. 2012 წელს შემოსავლების სამსახურმა 20 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაასაქმა. ისინი მუშაობენ პრევენციის, დავების, ადამიანური რესურსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა დეპარტამენტებში. ხოლო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ფუნქციონირებს სოციალური საწარმო, სადაც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები არიან დასაქმებულნი და ხის მასალაზე მუშაობენ. საწარმო 2013 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ის საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობის ,,დავითიანნი“-ს ორგანიზებით შეიქმნა, დაფინანსება კი  სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის მეშვეობით მოიპოვეს.

ეს და სხვა მსგავსი დადებითი ქმედებები მართლაც რომ სასიხარულოა. ჩემი აზრით, მთავარია თანაბარი გარემოს შექმნა, რათა თითოეულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება. იმ ადამიანებს, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უსარგებლოებად თვლის, მინდა შევახსენო: კურტ შუმახერი, დევიდ ბლიუნკეტი, ჰარიეტ ტაბმანი და მრავალი სხვა გამოჩენილი ადამიანი, ვინც გარკვეული შესაძლებლობის შეზღუდვის მიუხედავად მოახერხეს გაეკეთებინათ მნიშვნელოვანი რამ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ თანამოქალაქეების ცხოვრებაშიც. ვფიქრობ, ყოველ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს: მიუხედავად ჩვენს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ჩემი აზრით, სწორედ ამ თანასწორუფლებიანობის გააზრება არის უმთავრესი პირობა, იმისათვის, რომ პირველ რიგში ჩვენ თვითონ განნვითარდეთ,ხოლო შემდეგ, შევქმნათ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^